"ანომალიური პუტინი ფსიქიატრების გამოსაკვლევია" - გზაპრესი

"ანომალიური პუტინი ფსიქიატრების გამოსაკვლევია"

ბესო კალანდაძე:

- საქართველო იმდენად პოლიტიზებული ქვეყანაა, რომ შეუძლებელია, პოლიტიკურ მოვლენებს თვალყური არ ადევნო. ხშირად, ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ადებენ და ეს რამდენად მართებულია, უკვე კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გაარკვიონ.

- უახლოეს მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი აქტუალური, პუტინსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოკავშირეობის შეთანხმებაა. რას ფიქრობთ ამგვარ კავშირზე?

- ეს ანომალიაა და თავად პუტინიც ანომალიური ფიგურაა! ალბათ, ფსიქიატრების გამოსაკვლევია ამ კაცის ქმედება, რომელიც ყოველგვარ ზღვარსა და ჩარჩოებს სცილდება, ყველანაირ საერთაშორისო ხელშეკრულებას იგნორირებას უკეთებს, მისთვის ურთიერთპატივისცემა არ არსებობს, მისი განწყობა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მთელი მსოფლიოს მიმართ ასეთია. ე.წ. ქურდებსაც კი თავიანთი კანონები აქვთ და თუ ვინმე დაარღვევს, მათ თავისებურად სჯიან, პუტინს კი არანაირი კანონი არ აინტერესებს. საერთოდ, რა კატეგორიას მიეკუთვნება, ფსიქიატრებმა უნდა გაარკვიონ.

- რაც შეეხება ჩვენს შიდა პოლიტიკას: როგორია თქვენი - მოქალაქის თვალით დანახული სიტუაცია?

GzaPress- არ მომწონს, რომ მოსახლეობაც, ფაქტობრივად, კანონს არ სცემს პატივს. ყველას უნდა, კანონის გვერდის ავლით შეიქმნას კომფორტი. ვერ წარმოუდგენია, რომ მას უნდა დაემორჩილოს და ამ დროს, სხვისგან კანონიერ ქმედებას ითხოვს. ეს მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან უფრო გამძაფრებულია, კომუნისტური მენტალიტეტის ადამიანები ჭარბობენ, ახალგაზრდებიც ხომ ჩვენი გაზრდილები არიან და დროა საჭირო, რომ ერის თვითშეგნება "დაიწმინდოს" - კანონი უზენაესი გახდეს და ხელისუფლებისგანაც იგივე მოვითხოვოთ. ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ვერ მიაღწევს ეკონომიკურ შედეგს, თუ სამართლიანობა არ იქნება, თუ კანონი არ იკანონებს. არც ერთი ნორმალური ინვესტორი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც მას საფრთხე დაემუქრება, ბიზნესს წაართმევენ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ და ა.შ. მსოფლიოს ათი საუკეთესო ეკონომისტიც რომ ჩამოიყვანოთ, არანაირი პროექტი არ იმუშავებს, თუ შესაბამისი გარემო არ იქნება. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რაღაცები კი შეიცვალა, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ისევ ისეა, მაგალითად: სისხლის სამართლის კოდექსში დაზარალებული პირი მხარედ არ ითვლება, არაფერს წარმოადგენს და გამოძიების პროცესში ჩართვის უფლება არა აქვს. ეს ანომალიაა. ასევე, გამოძიებას არ გააჩნია ვადები: შეიძლება, ათი წელი გაგრძელდეს და ხშირად, საქმე სასამართლომდეც არ მიდის, პროკურატურაშივე წყდება. ამიტომ, ყოველთვის ყველაფერში სასამართლოს ნუ დავადანაშაულებთ. მთავრობა და პარლამენტი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მთელი რიგი საკითხები უფრო ღიად გადაწყდეს. კანონმდებლობაა მოსაწესრიგებელი. სიმართლის თქმა მიყვარს, ბიზნესი შედარებით დაცული ნამდვილად არის, მაგრამ შესაცვლელიც ბევრი რამაა.

- ახლა რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

- მას, ვინც საქართველოს გამოადგება, ვინც ეკონომიკას ფეხზე დააყენებს. ამის შემდეგ შეიძლება, სხვა დანარჩენზე საუბარი: ტერიტორიულ მთლიანობაზეც, კულტურაზეც და ა.შ. საერთოდ, ვერ წარმომიდგენია ტერიტორიულ მთლიანობაზე როგორ ლაპარაკობს ის ერი და ქვეყანა, რომელსაც ჯერ საკუთარი ეკონომიკა ვერ მოუგვარებია და სამართლიანობა ქვეყნის შეგნით ვერ დაუმყარებია. რომელ აფხაზსა და ოსს მოუნდება შენთან ერთად ცხოვრება, თუ ბევრი რამ მოუწესრიგებელი გაქვს?!. ამიტომაც, იმ მთავრობას დავუჭერ მხარს, რომელიც ჩემს ქვეყანას გააძლიერებს და ფეხზე დააყენებს. სამართლიანობა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე არ უნდა იყოს, ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევა შესანიშნავია, მაგრამ არ შეიძლება, ხალხს 100%-ით სახელმწიფო აზღვევდეს, კერძო სადაზღვევო კომპანიები ისეთნაირად უნდა მუშაობდნენ, რომ ბევრი რამ თვითონ უზრუნველყონ და ბიუჯეტის კისერზე არ იყვნენ. ეკონომისტი და ფინანსისტი ვარ და ბევრ რამეში ვერკვევი, თუმცა, ბევრი რამ სასწავლი მაქვს. ეკონომიკა რთული სფეროა და მარტივად ვერ მიუდგები. არ ვარ ისეთი პიროვნება, ყველაფერი რომ ვაკრიტიკო; რაღაცები, რა თქმა უნდა, კეთდება, მაგრამ ამ ორი ძირითადი სფეროს მოგვარებას ვისურვებდი - სამართლიანობა და ეკონომიკა. ეს ერთმანეთისგან განუყოფელია.

თამთა დადეშელი