"ცხოვრება ბიჭიდან" "პატიოსან მინისტრამდე" - გზაპრესი

"ცხოვრება ბიჭიდან" "პატიოსან მინისტრამდე"

როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იტყობინება, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები დასრულებული არ არის, დაკავება არ მომხდარა (ჰო, კიდევ ერთი "სამოსი", სამოსი კი არა და, დამთხვევა: ელჩი გვარ-სახელად დავით ბაქრაძეა).

ეს იყო და ეს, სამწუხაროდ, არც ელჩსა და არც საბერძნეთის პოლიციას არ აღუწერია სააკაშვილის სახის გამომეტყველება, როდესაც იახტაზე პოლიცია ავიდა და სულ ერთი წამით მაინც, გულმა რეჩხი უყო, - "ხომ არ მიჭერენ ეს ჩემისები?!"

რაო - პატარავ, რაო - ცუნცულ, შეგეშინდა?

არადა, რა კარგ ხასიათზე მიცურავდა ალბათ, მოხდილი ვალის შეგრძნებითა და ხელების ფშვნეტით: სარფში ქართველებს შეხვდა; იქვე საკონტროლო-გამშვები პუნქტის საცოდაობაზე იკაიფა; მონატრებული "ფანები" მოისიყვარულა; მთელი პოლიტ-საძმაკაცო მოინახულა და სამომავლო გეგმებიც დასახა...

აქ კი, ეს საერთაშორისო ძებნა... არ აცდიან კაცს ცხოვრებას! ცხოვრებაზე გამახსენდა: "ცხოვრება ბიჭი ხარ შენ!" - ასე მიმართა ერთმა, ადრე რომ ორ თუმნად მიტინგებზე დადიოდა, ისეთმა "რიგითმა მოქალაქემ" სააკაშვილს. მერე ვიღაც ქალები და ბავშვები მიეფარცქვალნენ. ძალიან სასაცილო ამბავი იყო: ყველა, ვინც კი სარფში "შემთხვევით" აღმოჩნდა, მიშისტი ყოფილა!

ვისაც სჯერა საქართველოში სააკაშვილისა და "ნაციონალების" ასეთი რეიტინგის, მოვიდეს და გავატარებ.

სამაგიეროდ, რისიც ნამდვილად მჯერა, ის არის, რომ ახალ მთავრობას დღითი დღე უფრო მეტი იაღლიში მოსდის და მალე მგონი, ერთადერთი არგუმენტი დარჩებათ მის უკრიტიკოდ მიმღებთ: უპატიოსნესი მინისტრები გვყავს!

კი, ბატონო, პატიოსანი ხალხია ალბათ (უმეტესობა) და ამ "პატიოსანი მთავრობის" ერთი მთავარი პატიოსანი "ფეისი" დავით სერგეენკოც ბრძანდება, მაგრამ მერე მე რა?! ანდა იმ მართლაც პატიოსან ბებოებსა და ბაბუებს რა, აფთიაქებში რომ ჩამოწყდნენ ფეხზე აგვისტოს ბოლო დღეებში?!

ნახევარ საქართველოს უნახავს თურმე, როგორ იდგა სერგეენკო თავის უბრალო მანქანასთან თბილისი-ბათუმის გზაზე - უჯიპოდ, უმძღოლოდ და უდაცვოდ. გაფუჭებია ავტომობილი და წვალობდა თურმე. გაუხარდა ხალხს ეს ამბავი, - ჩვენნაირიაო, ჯიგარიაო. მაგრამ ამით "კორინფარი" გაჩნდება აფთიაქებში თუ რომელ აფთიაქსაც დარჩა, დეფიციტის გამო, 7-ლარიან წამალს 22-ად აღარ გაყიდის? მე თვითონ ვუსმინე (და ძალიანაც მეტკინა გული), თუ როგორ წყევლიდნენ "ამ ბრძანების დამწერს" მოხუცები.

არადა, ვეუბნებოდი, - ეგრე იქნება-მეთქი და ლამის სააკაშვილის აგენტად მომნათლეს.

სამაგიეროდ, სპორტში გვაქვს წარმატებები: ძიუდოში ახალი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს, ხოლო კალათბურთელები ქვეჯგუფში პირველი ადგილით ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

კი, მაგრამ ძიუდო და კალათბურთი "ვჭამოთ"? ისე, ასფალტს კი უნდა სჯობდეს გემოთი (მაინცდამაინც ქეცბაია თუ არ "ჩაგყვა").

P.S. ქეცბაიაზე გამახსენდა: პრესკონფერენცია ჩაატარა ახალი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ (ირლანდიასთან თამაშით ვიწყებთ 7 სექტემბერს) და მორიგი "მარგალიტი" ესროლა ჟურნალისტებს:

- ჩემი მუშაობა ნაკრებში ფანტასტიკური იყო!

Aეეე, კარგი რა, თემურ, ამას ისევ შენი საფირმო - "იბიომატ" ჯობია.

P.P.S. კომპიუტერზე ტექსტის აკრეფისას, სიჩქარეში ყოველთვის მავიწყდება ე.წ. "შიფტზე" თითის დაჭერა, ხანაც პირიქით - ტყუილად დამეჭირება ხოლმე. ამის გამო ახლაც, "ჩხოვრება ბიჭი" დავწერე ზემოთ. კი გავასწორე, მაგრამ მომეწონა... ვფიქრობ, ძალიან ბევრი "ჩხოვრება ბიჭები და გოგოები" გვყავს ძველ და ახლა ხელისუფლებაში.

ჰოდა, საქმეს მიხედეთ, მარტო დანჯღრეული მანქანებით სიარული, "ჩხოვრება გოგო-ბიჭობისთვის" არ კმარა!