ვინ შეასუსტა პრემიერ-მინისტრის პოზიცია? - გზაპრესი

ვინ შეასუსტა პრემიერ-მინისტრის პოზიცია?

მათ საკმაოდ გრძელ სიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ირაკლი გვარამაძეც მიემატა, რომელიც თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს, საზოგადოების ერთი ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებად აღიქვამს, მეორე კი - მისი გადაყენების წინა პირობად. მართალია, ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან "ქართულ ოცნებაში", ირწმუნებიან, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ფაქტია, რომ მოვლენები ძალზე საინტერესოდ ვითარდება.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- ამ მაღალჩინოსნების ქმედებებიდან ჩანს, რომ მათ მიერ განცხადების დაწერა და წასვლა შემთხვევითი არ არის. აშკარაა, რომ ეს იყო გარკვეული სტრუქტურა, უფრო ზუსტად - ქსელი. ფაქტია, რომ ამ ქსელის შემადგენლობა ჩვენი "კადრებთუხუცესის" ყურადღების ქვეშაა მოქცეული და მისთვის მიუღებელია, რომელიმე სტრუქტურაში ამ რაოდენობით კადრების დანიშვნის გადაწყვეტილებას, მის გარდა სხვა ვინმე იღებდეს. შოკის მომგვრელია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) პირველი პირი, მალხაზ ჩიკვილაძე უკან მიჰყვა გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს... რატომ გადაწყვიტა გაქცევა, რისი ეშინია ასე ძალიან ან რატომ ეშინია?.. ან რატომ დასრულდა ასე სწრაფად და უშედეგოდ სამი ძმა ჩხენკელის კარიერა? რით დაიმსახურეს თავის დროზე ეს თანამდებობები ან რის გამო დატოვეს...

- ერთ-ერთი ძმა, რომან ჩხენკელი, "ქართუ ბანკის" "გაკოტრების პროექტში" მონაწილეობდა...

- დიახ, ის ამის გამო მცირე ხნით პატიმრობაშიც იყო, მაგრამ შემდეგ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშნეს და გაცილებით მეტი ეკითხებოდა, ვიდრე ამ დარგში მომუშავე მინისტრებს. საერთოდ, ქვეყანაში რომ საკადრო პოლიტიკა არ არსებობს, ეს ახალი არ არის, მაგრამ ვინმეს მაინც უნდა განემარტა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მთავრობის, პარლამენტის წევრმა ან დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა. მრავალი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი აქებს მინისტრებს და ერთ დღეში 7 მათგანს ცვლის! ამას საკადრო პოლიტიკა არ ჰქვია.

სერგო რატიანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

- ფაქტია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ღარიბაშვილს პოზიციების დათმობამ მოუწია... ეს ცვლილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში მაფიოზური მმართველობა ჩამოყალიბდა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ფორმალური მმართველობა ვის ხელშია. ფაქტია, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მეორე სტადიაში გადადის, როდესაც რეპრესიები იწყება არა მარტო პოლიტიკური მოწინააღმდეგების, არამედ გუნდის უშუალო წევრების მიმართ... სქემა, რომელიც ააწყო ივანიშვილმა ე.წ. არაფორმალური მმართველობა, ყოველთვის მოიტანს უარყოფით შედეგებს, ამიტომ მისი ცვლა მუდმივად აუცილებელი იქნება.

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

GzaPress- ჩემი აზრით, ამხელა აჟიოტაჟის ატეხა ზედმეტად მიმაჩნია. რა არის იმაში განსაკუთრებული, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა და ძმებმა ჩხენკელებმა პოსტების დატოვება გადაწყვიტეს?

- ერთდროულად წავიდნენ, ბატონო გია, ერთმანეთის მიყოლებით და მარტო ისინი კი არა, საერთო ჯამში, ათზე მეტი მაღალჩინოსანი...

- მერე რა, ზოგჯერ ასეც ხდება და ამის ერთმანეთთან დაკავშირება და რაღაც სკანდალის ძიება, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ასევე, განსაკუთრებული იარლიყის მიწებებაც, რომ ეს არის ნათესავების, მეგობრებისა და ძმაკაცებისგან შეკრული ჯგუფი, რომელსაც ვიღაც ებრძვის. ასე არ არის.

- თუ გსმენიათ იმის თაობაზე, რომ რამდენიმე მათგანმა, ბიძინა ივანიშვილის მუქარის შემდეგ, რომ დაუსჯელი არ დარჩებოდნენ, ქვეყანა დატოვა?

- არა, ამის შესახებ ინფორმაციის მიპოვება არ უნდა იყოს რთული, შესაბამისი უწყებისგან. შესაძლოა, ვინმე მართლა წავიდა, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, რომ დროებით ან პირადი საქმისთვის დატოვა ქვეყანა?

ზურაბ აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:

- ეს სახელისუფლებო კრიზისია. თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის უახლოესმა წევრებმა. ეს ხალხი უშუალოდ ღარიბაშვილთან იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებული და კიდევ ერთხელ აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი.

ვაჟა ბერიძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- მოდი, ასე შევხედოთ სიტუაციას: პრემიერი გახდა ახალგაზრდა პერსპექტიული და ნიჭიერი ადამიანი. ბუნებრივია, ის ივანიშვილის ან პეტრიაშვილის რეკომენდებული კადრით ვერ მართავს ქვეყანას. ისეთი გარემოცვა სჭირდება, რომელზე დაყრდნობითაც პროცესებს წარმართავს. მან შეარჩია ჩხენკელების, ჯანყარაშვილის ჯგუფი და ამის მონათვლა "კახურ კლანად" გადაჭარბებულია. თუ წარმოშობით ადამიანი გურიიდანაა, შეიძლება, რამდენიმე გურული დანიშნოს საკვანძო თანამდებობაზე, რადგან მათ იცნობს, ენდობა, იცის მათი შესაძლებლობები. იგივე მეგრელი თუ გახდება პირველი პირი, შეიძლება, რამდენიმე მეგრელი დანიშნოს საკვანძო თანამდებობაზე. ასე მოხდა აქაც, ადამიანმა ისინი მოიყვანა, ვისაც იცნობდა და ენდობოდა, შემდეგ მოხდა მათზე დაკვირვება. შეიძლება, ამ საქმეში რჩევები მან ივანიშვილისგანაც მიიღო, როგორც ყოფილი პრემიერისგან. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ვერ ამართლებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი:

GzaPress- ის, რომ ყველას ერთდროულად მოუნდა განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარი საუბრით არის განპირობებული. საქმე ის არის, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ძალზე რთული მდგომარეობა შეიქმნა ბიუჯეტში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე სხვადასხვა დონეზე, ჩინოვნიკ-შემსრულებელთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც იმის შიშით, რამე არ შეეშალოთ, პასუხისმგებლობას გაემიჯნენ და ინიციატივის თავის თავზე აღება კი არა, კორუფციაშიც არ მონაწილეობდნენ. იღებდნენ ხელფასებს, დანამატებსა და კეთილდღეობას და არიან თავიანთთვის ჩუმად. ამის ერთ-ერთი შედეგია, რომ ლარის კურსი კატასტროფულად დაეცა, ფული ბიუჯეტში არ შედის ანუ არ ტრიალებს. ახლა სასწრაფოდ დაიწყეს ორ-სამდღიანი ტენდერების ჩატარება, რაც სასაცილოა. ერთი სიტყვით, პარადოქსული სიტუაციაა. ივანიშვილი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ჩინოვნიკების ერთი ნაწილი სხვისი ბიზნესის შევიწროებით იყო დაკავებული. ამიტომაც, კონკრეტული პიროვნებების გაშვება მოითხოვა. როგორც წესი, მათ უკან კიდევ სხვა ჯგუფი იდგა და ამ პროცესებმა ვერც მათ აუარა გვერდი. თუმცა, ისეთებიც გაუშვეს, ვინც ამ ჯგუფთან კავშირში არ ყოფილა.

- გამოდის, ივანიშვილმა ღარიბაშვილს გუნდს "დაარტყა?"

- უფრო სწორად, ე.წ. "კახელების ჯგუფს" დაარტყა... ღარიბაშვილის გარემოცვიდან დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მათ არ შეხებია. მაგალითად, პრემიერის სანათეოსავოდან, ზედელაშვილს. არ მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასუსტეს, რადგან რამდენიმე ადამიანის გაშვებაში თავად ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს პრემიერის გადადგომა მოჰყვება...

- შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდეს მთავრობის და თავად ღარიბაშვილის გადაყენება, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ ველოდები. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერჯერობით თავის პოსტზე დარჩება.

- "განცხადებების დაწერის" ჯაჭვი გაგრძელდება?

- დიახ, ეს გარდაუვალია, ოღონდ ეს უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შეეხებათ.

ლალი პაპასკირი