"ჩემს ოჯახში ყველა თავისი საქმის პროფესიონალია..." - გზაპრესი

"ჩემს ოჯახში ყველა თავისი საქმის პროფესიონალია..."

საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებაც აქვს, პირადი ცხოვრებითაც კმაყოფილია - მომხიბვლელი და ჭკვიანი მეუღლე ჰყავს... და მაინც, არ მიაჩნია, რომ განსაკუთრებულად იღბლიანი ადამიანია.

პროფესიით მენეჯერია. დამთავრებული აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. ექიმი მშობლები და პროდიუსერი ძმა ჰყავს. მეუღლე, ქეთევან სიჭინავა ჯერ კიდევ სტუდენტია, - მენეჯმენტსა და მარკეტინგს სწავლობს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მეგობრებთან ერთად წვეულებებზე სიარული უყვარს, მაგრამ ღრეობას ვერ იტანს. ამბობს, რომ ყანწების "ტრიალი" და პირფერობად ქცეული სადღეგრძელოები ქართული ტრადიციის გამოხატულება არ არის - ეს მავნე ჩვევა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც რუსეთმა დაგვიპყრო...

მავნე ჩვევები თავად გიორგის არა აქვს, უფრო სწორად - თითქმის არა აქვს: იშვიათად სვამს, იშვიათად ეწევა, ვარჯიშობს, აზარტულობას მხოლოდ საქმიანობისას ამჟღავნებს. თავის უარყოფით თვისებად იმას მიიჩნევს, რომ ზედმეტად მიმნდობია, ამის გამო ხშირად ჩავარდნილა არასასურველ მდგომარეობაში, მაგრამ "ჭკუას მაინც ვერ სწავლობს"... კომუნიკაბელური და თავმდაბალი ადამიანია. საპირისპირო აზრის მოსმენა არ აღიზიანებს, უფრო მეტიც - საუბრის ხალისს მატებს...

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

- ბატონო გიორგი, 29 წლისა უკვე მინისტრის მოადგილე ხართ, რატომ ფიქრობთ, რომ იღბლიანი არ ხართ?

- იღბლის, ბედისწერისა და მსგავსი რაღაცების არ მჯერა. ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ მომავალს. მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე, უამრავი ბარიერის გადალახვამაც მომიწია... არაერთხელ გამცრუებია იმედი, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია,  მიზნის მისაღწევად ბოლომდე მიბრძოლია. აქ არც ახლობელს მოვუყვანივარ, არც ნათესავს. სისტემაში მუშაობა ტერიტორიული სამსახურის უფროსობიდან დავიწყე. ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ვიყავი.

- მაინც რა ბარიერების გადალახვამ მოგიწიათ?

- ძალიან რთულ პერიოდში მომიწია სტუდენტობამ - მაშინ საქართველოში ცოდნის მიღება ურთულესი იყო...

- რატომ? კარგად სწავლა ცუდ ტონად მიიჩნეოდა?

- არა, უბრალოდ, სწავლის პირობები არ იყო. ორ უნივერსიტეტში ერთდროულად ვსწავლობდი და ორივეგან კარგი სტუდენტი ვიყავი. არც ერთი გამოცდა არ "ჩამიწყვია", ყველა სემინარს პირველი ვაბარებდი, მაგრამ "დედიკოს ბიჭი" ჩემთვის არავის უწოდებია, რადგან არც ბიჭებთან ურთიერთობისას მეშლებოდა რამე. უფრო მეტსაც გეტყვით - პირველ კურსზე მხოლოდ მე ვაბარებდი სემინარებს, მეორე კურსზე კი 15 კაცი მაინც შემომიერთდა. თუ ადამიანი შინაგანად ძლიერი ხარ, სხვებისთვისაც მაგალითი ხდები. ბარიერები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც შემხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე, სამსახურის პოვნას მაინც ვერ ვახერხებდი. ძალიან ბევრჯერ გამომისტუმრეს უარით. იძულებული გავხდი, ჩემთვის სრულიად უინტერესო უწყებაში დამეწყო მუშაობა. ერთხანს ინტერპოლსა და პარლამენტშიც ვმუშაობდი. ორივე უწყება ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.

- ინტერპოლში რას აკეთებდით, ან რატომ იყო ეს უწყებები თქვენთვის მიუღებელი?

- ინტერპოლში ინსპექტორი ვიყავი. იქ ერთ თვეზე მეტხანს ვერ გავჩერდი. ამ უწყებებში ერთფეროვანი საქმის კეთება მიწევდა. დილის

10-დან საღამოს 7 საათამდე რუტინული საქმის კეთება ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელია. ისეთ სისტემაში უფრო კარგად ვგრძნობ თავს, სადაც ახალი იდეების მოფიქრებისა და განხორციელების საშუალება მეძლევა.

GzaPress- იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე თავს კარგად გრძნობთ?

- დიახ, ეს არის ადგილი, სადაც ახალი იდეების მოფიქრება და განხორციელება შემიძლია. ამ უწყებაში თვითრეალიზაციის საშუალება მეძლევა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვიცი და განვითარება აღარ მჭირდება. გამუდმებით ვსწავლობ, ვკითხულობ, ვფიქრობ...

- თქვენს მთავარ წარმატებად რას მიიჩნევთ?

- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა სამოქალაქო რეესტრის გამართული მუშაობა და ბიომეტრიული პასპორტების შემოღებაა. წლის ბოლოს გაცილებით მეტი მექნება სათქმელი: 2 დიდი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ეს არის - ახალი იუსტიციის სახლების გახსნა და ელექტრონული ბარათების შემოღება. ახალი იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს მომსახურების უპრეცედენტო სერვისს შევთავაზებთ...

- ბიომეტრიული პასპორტების შემოღებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ელექტრონულ ბარათებსაც იგივე მოჰყვება?

- ბიომეტრიული პასპორტების შემოღება ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობა იყო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა. საზოგადოება სიახლეებს ყოველთვის რთულად ეგუება. ასეთი წინააღმდეგობების არ მეშინია.

- დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევთ?

- ვერ ვიტყვი, რომ რაც მიზნად დავისახე, ყველაფერი გავაკეთე, დაბრკოლებებს დღესაც ვაწყდები, მაგრამ ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს ბრძოლის სურვილს. ჩემი აზრით, სირთულეების გარეშე ცხოვრება უინტერესო და მოსაწყენია. ასეთ დროს თითქოს დუნდები კიდეც. მოდუნება და უმოძრაოდ ყოფნა სიკეთის მომტანი არავისთვისაა. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ბოლო დროს აღმოსავლური ქვეყნები (მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი) გაცილებით სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთში გაცილებით მეტი პრობლემაა და ხალხიც ევროპელებზე მეტადაა მობილიზებული. ევროპელები ბოლო დროს ძალიან მოდუნდნენ. უბრალო მაგალითს მოვიყვან: დასავლეთში დღეს ადამიანები ბიუროკრატიის გამო თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ საქმეების მოგვარებას.

- საქართველოში არსებულ ბიუროკრატიაზე რას იტყვით?

- ჩემი აზრით, საქართველო ყველაზე ნაკლებად ბიუროკრატიული ქვეყანაა. დღეს ქვეყანას მართავენ ახალგაზრდა, ენერგიული, კონტაქტური ადამიანები, რომლებისთვისაც ბიუროკრატიზმი უცხოა. ჩემთან ანუ მინისტრის მოადგილესთან მთავარი სპეციალისტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე შემოდის. შეუძლებელია, ვერ ამჩნევდეთ, რომ კომუნიკაცია საგრძნობლად გავამარტივეთ რიგითი Mმოქალაქეებისთვისაც. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომსახურება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. მე მგონი, არც ჟურნალისტებს გექმნებათ პრობლემები ჩვენთან ურთიერთობისას.

- გეთანხმებით, მაგრამ სხვა უწყებებში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.

- ნელ-ნელა ყველა სამინისტროში გამოსწორდება ვითარება. ერთბაშად არაფერი ხდება. მაგალითისთვის გეტყვით: 2003 წელს ქვეყნის ერთობლივი ეროვნული პროდუქტი, თუ არ ვცდები, 800 თუ 900 დოლარს შეადგენდა, დღეს უკვე 2.500 თუU 2.700 დოლარს აღწევს. ასე რომ, ყველაფერს დრო, წლები სჭირდება, ერთბაშად არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ, სამინისტროებსა და თვითმმართველობებში დღეს არსებული ხარვეზები გამოსწორდება. იმედი მაქვს, უახლოეს 3-4 წელიწადში საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იქნება.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ქვეყნის ერთობლივი ეროვნული პროდუქტი იზრდება, მაგრამ რიგითი მოქალაქეების მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ბევრი მათგანი უკვე სიღარიბის ზღვარზეა.

- ქვეყანაში პრობლემები არის, მაგრამ ბოლო დროს აშკარად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ინდიკატორი, იზრდება შობადობა და მცირდება ემიგრანტების რიცხვი...

- ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დემოგრაფებსა და ექსპერტებს. მათი აზრით, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას: გარდა იმისა, რომ შემცირებულია შობადობა, ქართველ ემიგრანტთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება...

- ექსპერტები, რომლებიც ამას ირწმუნებიან, ერთხელაც არ მოსულან ჩვენთან ამ საკითხზე სასაუბროდ. ბოლო დროს შობადობა აშკარად გაიზარდა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში... დემოგრაფებს ამ მონაცემების ნახვა ჩვენს ვებგვერდებზე შეუძლიათ; თუ დეტალური ინფორმაცია დასჭირდებათ, თანამშრომლობისთვისაც მზად ვართ.

- ემიგრანტების შესახებ რას იტყვით?

- ამ მხრივ, სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. საზღვრის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველ ემიგრანტთა რიცხვი თანდათან მცირდება. არ ვამბობ, რომ საქართველოში დღეს იდეალური მდგომარეობაა და უმუშევრობის დონე დაბალია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ ჩნდება ვაკანსიები, ხალხი გვჭირდება, საქმის მცოდნე, პროფესიონალ კადრებს კი ვერ ვპოულობთ. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც მოგვარდება. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე სწრაფად აქვს გავლილი განვითარების გზა. დღეს ჩვენი პრიორიტეტებია - სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ვფიქრობ, ამ დარგების განვითარების სიკეთეს თითოეული ქართული ოჯახი იგრძნობს. ხელისუფლება ცდილობს, სწრაფად განავითაროს სოფლის მეურნეობა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან პრობლემებს აწყდება. ქართველ გლეხს რატომღაც, არ სურს, დათესოს ამერიკული სიმინდი, რომელიც შვიდჯერ მეტ მოსავალს იძლევა.

- გლეხები ამბობენ, რომ ეს სიმინდის თესლი გენმოდიფიცირებულია.

- არ არის გენმოდიფიცირებული. მედია ყოველთვის უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს, საზოგადოებაც ცუდს უფრო ადვილად იჯერებს და იმახსოვრებს. შარშან ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აჭარის მაღალმთიან რაიონში კარტოფილის ახალი ჯიში აიტანა და გლეხებს უფასოდ დაურიგა. 30-კომლიანი სოფლიდან მხოლოდ სამმა ოჯახმა აიღო ეს თესლი. როდესაც ამ ოჯახებმა ხუთჯერ მეტი მოსავალი მოიწიეს, მერე სხვებსაც გაუჩნდათ ახალი ჯიშის კარტოფილის დათესვის სურვილი... ამ პრობლემის მოგვარებასაც დრო სჭირდება. ადრე თუ გვიან, ხალხი მიხვდება, რომ პროცესი შეუქცევადია - თანამედროვე სამყარო ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. რატომ შემოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტები მეზობელი ქვეყნებიდან? იმიტომ, რომ იქ ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ და ჩვენსავით ამინდზე არ არიან დამოკიდებულნი. ქართველ გლეხებს აუჩემებიათ, მამაპაპური ქართული ტრადიციული ჯიშის კულტურების მოყვანა გვირჩევნიაო. მსოფლიოში არც ერთი კულტურა არ არის პირვანდელი სახით შემორჩენილი, ყველა გამოყვანილია. რქაწითელი გამოყვანილი ჯიშია, მაგრამ დღეს კახელ გლეხს რომ უთხრა, რქაწითელს თავი დაანებე და საფერავი დარგე, უფრო შემოსავლიანიაო, იტყვის, - რასაც ჩემი მამა-პაპა რგავდა, მეც ის უნდა დავრგოო.

- როგორ გგონიათ - რატომ არ ენდობა ხალხი ხელისუფლებას?

- იმიტომ, რომ მათ გონებაში ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაციაა დალექილი. გარდა ამისა, ადამიანებს სიახლეების ეშინიათ. სიმინდის ფქვილი, რომლისგანაც ტრადიციულ ღომს ვამზადებთ, საქართველოში XVIII საუკუნეში შემოვიდა, მანამდე მეგრელები ღომს ღომისგან (მცენარე) ამზადებდნენ: ღომი მცირემოსავლიანი და უბარაქო იყო, ამიტომაც ჩაანაცვლა ის სიმინდმა. არც კიტრი, პომიდორი და ლობიოა ქართული კულტურა. ჭოპორტის პომიდორი, რომელიც ასეთი განთქმულია, სწორედაც რომ ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს, სხვაგვარად, წინ ვერ წავალთ.

GzaPress- თქვენ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

- მეშინია, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია არ შეიქმნას.

- ხედავთ ამის წინა პირობას?

- დღეს - ვერა. ისე, ასეთ თემებზე არც ვფიქრობ: პოლიტიკოსი არა ვარ - მენეჯერი გახლავართ, რომელიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს. არასტაბილურობის მხოლოდ იმიტომ მეშინია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. პირადად მე, არც მიტინგის მეშინია და არც სხვა რამის.

- როგორ გგონიათ - ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თანამდებობას შეინარჩუნებთ?

- ჩემი საქმიანობა რომელიმე ხელისუფალზე არ არის დამოკიდებული. პროფესიონალი ვარ, ამიტომ თუ ხელისუფლებას ოდესმე აღარ დავჭირდები, ჩემი გზის პოვნა არ გამიჭირდება.

- მინისტრთან ანუ თქვენს ხელმძღვანელთან საკუთარი პოზიციის დაცვას თუ ახერხებთ?

- უწყებაში მომუშავე ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის დაცვისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. როგორც გითხარით, ჩვენი უწყება ბიუროკრატიზმისგან სრულიად თავისუფალია. ერთმანეთის მოსაზრებებს რომ ვისმენთ და ვიზიარებთ, იმიტომ ვართ წარმატებულები.

- თქვენს მოსაზრებებს მეუღლეც იზიარებს?

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად ერთად ვერ ვიქნებოდით.

- რამდენი ხანია, რაც დაქორწინდით?

- ერთი წელიც არ არის გასული.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ერთმანეთი უცხოეთში გავიცანით: მივლინებაში ვიყავი, ქეთევანი კი იქ სწავლობდა.

- როგორც ჩანს, ქეთევანი თქვენი მომავალი კოლეგაა. იუსტიციის სამინისტროში დაასაქმებთ?

- ჩემი დასასაქმებელი რა სჭირს?!. სხვათა შორის, ჩემს ძმასაც სახელმწიფო მართვის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული, მაგრამ "კინოცენტრში" მუშაობს, შესანიშნავი პროდიუსერია. ჩემს ოჯახში ყველა თავისი საქმის პროფესიონალია...

ხათუნა ბახტურიძე