დამსხვრეული სტერეოტიპები და ახალი რეალობა - გზაპრესი

დამსხვრეული სტერეოტიპები და ახალი რეალობა

- აღნიშნავს ფილოსოფოსი და სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. მისი აზრით, ლიბიის მაგალითმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული რევოლუციური ტალღა მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის...

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

როგორც უკვე ცნობილია, ლიბიელმა ამბოხებულებმა კოალიციური ჯარების დახმარებით, მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. ოპოზიციურმა ნაციონალურმა საბჭომ საფრანგეთს უკვე მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა სთხოვა. "ჩვენ თავად, საკუთარი ძალებით გავიმარჯვებთ მომდევნო ბრძოლებში,  უცხოეთის ჯარების დახმარება არც დაგვჭირდება", - ამ ფრაზით მთავრდება სამადლობელი წერილი, რომელიც ლიბიელმა ოპოზიციონერებმა პარიზში გაგზავნეს (სხვათა შორის, პარიზი პირველი ევროპული ქალაქი იყო, რომელმაც ლიბიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭო აღიარა). ევროპელი ექსპერტების ის ნაწილი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებასა და ხანგრძლივ ბრძოლებს ვარაუდობდა, ახლა ირწმუნება, რომ სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, კადაფის რეჟიმი კი დაემხობა. როგორია ქართველი ექსპერტის, კახა კაციტაძის აზრი ყოველივე ამაზე?..

- ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ - გაითვალისწინებენ კოალიციური ძალები ნაციონალური საბჭოს თხოვნას - სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, გაითვალისწინებენ, იმიტომ, რომ კონფლიქტში კოალიციური ძალების მონაწილეობა აუცილებელი აღარ არის. ამბოხებულები უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებენ ბრძოლის გაგრძელებას. ალბათ ერთ კვირაში ტრიპოლისაც (ლიბიის დედაქალაქი) აიღებენ და კადაფის რეჟიმი ამით დასრულდება.

- ერთხანს კადაფი იმუქრებოდა, რომ თუ დასავლეთი დაუპირისპირდებოდა, "ალ-ქაიდას" შეეკვრებოდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ლიბიის ლიდერმა ამ მუქარის განხორციელება?

- ჯერ ერთი, კადაფი და "ალ-ქაიდა" ერთმანეთთან ისე იყვნენ დაპირისპირებულნი, რომ საერთო ენის გამონახვას ვერ მოახერხებდნენ: ობობებს უჭირთ ხოლმე ერთად ცხოვრება... გარდა ამისა, გაირკვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში "ალ-ქაიდას" სულაც არ ჰქონია მხარდაჭერა და არც ისლამური საფრთხე ყოფილა რეალური. როგორც ირკვევა, მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და პოლიტიკოსები არაადეკვატურად აფასებდნენ სიტუაციას. რევოლუცია უკვე მოხდა იემენში, ტუნისსა და ეგვიპტეში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებაში "ალ-ქაიდას" წარმომადგენლები არ მოსულან. დარწმუნებული ვარ, რადიკალური ისლამისტები ვერც ლიბიის რევოლუციით იხეირებენ. კადაფი არ იქნება უკანასკნელი ტირანი, რომელსაც საკუთარი ხალხი გააძევებს.

- დიახ, ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ სირიელებიც... ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კი ამბობს, რომ ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების შემდეგი სამიზნე თავად იქნება. ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში მომხდარი რევოლუციებით "ალ-ქაიდას" წარმომადგენლებმა ვერ იხეირეს, იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ რევოლუციური პროცესებისთვის ბიძგის მიმცემნი მართლაც, ამერიკა და მისი მოკავშირეები იყვნენ?

- არა, ამ პროცესების დაწყების მიზეზი რეგიონში გაბატონებული უსამართლობა გახდა. გარდა იმისა, რომ მატერიალური რესურსები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების ხელში იყო თავმოყრილი, რიგით ადამიანებს განათლების მიღების საშუალებაც კი არ ჰქონდათ... თუ მიმდინარე პროცესებს კარგად დააკვირდებით, ძალიან საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ: რევოლუციურმა ტალღამ ერთიანად მოიცვა როგორც პროამერიკული, ისე ანტიამერიკული რეჟიმები ახლო აღმოსავლეთში. არაბ ხალხს დემოკრატიისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი აღმოაჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. კაცობრიობის ისტორიაში ახალი, სერიოზული გრძელვადიანი ციკლი ისე დაიწყო, რომ მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ვერაფერი შენიშნეს.

- რატომ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ექსპერტებისთვის მოულოდნელი ის ფაქტი, რომ XXI საუკუნეში ადამიანები საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას დაიწყებდნენ?

- რაც ხდება, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ ბანალურ ჭეშმარიტებაზე - რომ საკმარისი საფუძველი ყველაფერს აქვს. ეს საფუძველი იყო დასანახავი და ექსპერტებმა ვერ დაინახეს, არადა, ეს იმდენად მოულოდნელობა არ იყო, რამდენადაც - მსოფლიოს საექსპერტო თანამეგობრობის მოუმზადებლობა. სხვათა შორის, ასეთი რამ ხშირად ხდება. გავიხსენოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რამდენი რამ ვერ გათვალა მსოფლიო საექსპორტო თანამეგობრობამ, მაგალითად: კომუნისტების გამარჯვება ჩინეთში, ვიეტნამის ომი და მასში ამერიკის მარცხი, საბჭოთა კავშირის დაშლა, ჩინეთის აღზევება, ინდოეთის ასეთი მზარდი გავლენა და ა.შ. ასე რომ, შეცდომებს თავის დროზე პოლიტიკოსებმა ვერ განჭვრიტეს, რომ XIX საუკუნეში (1848 წელს) ის რევოლუციური ტალღა, რომელმაც მთელ ევროპას გადაუარა, საფრანგეთში დაიწყო და ბალკანეთის ქვეყნებამდე მიაღწია; პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა მოიცვა, გარდა ბრიტანეთისა, სადაც იმ მომენტისთვის, მეტ-ნაკლებად ლიბერალური წყობა იყო, და გარდა რუსეთისა, სადაც გარკვეული მიზეზების გამო, მსგავსი გამოსვლები ვერ იქნებოდა. ერთი სიტყვით, ამერიკელების შეთქმულება აქ არაფერ შუაშია.

- რამდენად შესაძლებელია, რევოლუციურმა ტალღამ პოსტსაბჭოთა სივრცესაც გადაუაროს და საერთოდაც, შეცვლის თუ არა მსოფლიოში დადგენილ პოლიტიკური თამაშის წესებს აღმოსავლური რევოლუციები?

- ახლო აღმოსავლეთში დაწყებული პროცესი შეუქცევადია; რევოლუციური ტალღა არც სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასრულდება. ვფიქრობ, არაბულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციები იორდანიაზე, ირანზე, შუა აზიაზე, რუსეთსა და კავკასიაზე (მათ შორის საქართველოზეც) იქონიებს გავლენას.

- გავლენას რა მხრივ იქონიებს?

- მე არ ვამბობ, რომ ირანში, შუა აზიაში, რუსეთსა და კავკასიაში აუცილებლად რევოლუცია მოხდება (თუმცა არც ეს არის გამორიცხული), მაგრამ არაბული მოვლენები მაგალითი იქნება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეგვიპტეს, ლიბიასა და სხვა არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის პარალელების გავლება აბსურდულია. იმასაც ამბობენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ძალზე დაბალია და რევოლუციის საფრთხე არ არსებობს...

- ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მსგავსად, ჩვენი ქვეყნის მთავარი მატერიალური რესურსები ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებული პირების ხელშია თავმოყრილი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი გაღატაკებულია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენშიც უკიდურესად არასამართლიანი სისტემაა, რომელიც ძალადობაზეა აგებული. სააკაშვილი, კადაფის - არა, მაგრამ მუბარაქს რატომ არ უნდა შევადაროთ?! მუბარაქს ოპოზიციიდან არავინ მოუკლავს, ოპოზიცია ფორმალურად, იქაც არსებობდა და არჩევნებში მონაწილეობის საშუალებასაც აძლევდნენ. ასე რომ, ამ ქვეყნებსა და საქართველოს შორის პარალელების გავლება არავითარი ცოდვა არ არის. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ შესაძლოა, ხმამაღლა არ აღიაროს, მაგრამ არაბულ სამყაროში დაწყებული რევოლუციებიდან გაკვეთილის გამოტანას ალბათ მაინც შეეცდება. რაც შეეხება საპროტესტო მუხტსა და რევოლუციას... ასეთი რამის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელი რომ იყოს, მუბარაქიც მიიღებდა რაიმე ზომას. თვე-ნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ეგვიპტეში ასეთი ძლიერი მუხტიაო, არავინ დაიჯერებდა. ასეთი გამოსვლები სპონტანურად იწყება. შეგახსენებთ ცნობილ ფაქტს: ლენინი 1917 წლის დასაწყისში შვეიცარიაში ხვდებოდა თავისი პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს და მათ ასეთი რამ უთხრა: ჩვენი თაობა რუსეთში რევოლუციას ვერ მოესწრება, მაგრამ თქვენ მოესწრებითო. ეს ითქვა რევოლუციამდე თვე-ნახევრით ადრე! ხედავთ, რა სერიოზული "იაღლიში" მოუვიდა ლენინს?! საქართველოში უკმაყოფილების გამოხატვის ყველანაირი წინა პირობა აშკარაა და რა სახეს მიიღებს ეს საბოლოოდ, არავინ იცის... ერთი სიტყვით, აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყველა ლიდერს აიძულებს, გადახედოს არჩეულ კურსს, როგორც საშინაო, ისე - საგარეო პოლიტიკაში. ეს კი მსოფლიო პოლიტიკას არსებითად შეცვლის.

ხათუნა ბახტურიძე