"ოპოზიციური თვალსაჩინოებები" და "ხელისუფლების ფანდები" - გზაპრესი

"ოპოზიციური თვალსაჩინოებები" და "ხელისუფლების ფანდები"

იგონებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ქორიძე და დღევანდელ ოპოზიციასაც ურჩევს, მსგავსი ორგანო ჩამოაყალიბოს... მისი თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო ოსტატურად მოატყუებს საზოგადოებას, და იმედოვნებს, რომ ხალხი ამ "ვირტუალურ სამყაროში" დიდხანს არ იცხოვრებს.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

- არსებობს ასეთი გამოთქმა, - ადამიანს გაკვირვება ამშვენებსო. მე ამქვეყნად იმდენი უბედურება მინახავს, მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა "არასდროს"... ვიცი, რომ შარშან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ახალ სახეებთან და ახალ სახელებთან დაკავშირებით იმედები ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკოსებმა მსახიობებისა და შოუმენების ადგილი დაიკავეს. მთელი წლის განმავლობაში მათი მუშაობა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით შემოიფარგლა... ეს ცუდიც იყო და კარგიც. ცუდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თავდაპირველად, მათ საზოგადოების გარკვეულ ფენებზე დემაგოგიური ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ რაც მეტი ილაპარაკეს და იმოქმედეს, უფრო მეტი სიბინძურე "დაატრიალეს". ახლა კი ყველაზე გულუბრყვილო მოქალაქემაც კი კარგად დაინახა და მიხვდა, თუ რა უსუსური და უნიათო ოპოზიცია გვყავს და რომ მისი ნდობა არ შეიძლება. სწორედ ამ თვალსაჩინოებისთვის იყო კარგი მათი აქტიურობა...

- თუმცა ამ ყველაფრის გამო, საზოგადოებაში პესიმიზმმაც კი დაისადგურა...

- დიახ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ხალხს ხანგრძლივ აპათიაში ყოფნა არ შეუძლია და ფეხზე წამოდგომის ძალას საკუთარ თავში ყოველთვის იპოვის. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს... ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციისთვის ეს იყო ფუჭი იმედების მსხვრევის წელი... რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი წარმომადგენლები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან: უზარმაზარ ხელფასებთან ერთად, იმდენივე პრემიის გამოწერასაც არ თაკილობენ და ასეთი ცხოვრება იმდენად აქვთ ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ უხერხული შეკითხვების დროს, მხოლოდ იშმუშნებიან; მერე რა? სიტყვას ხომ "კაცი არ მოუკლავს" - ერთობიან და დროს ატარებენ. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არა აქვს იმის საშუალება, რომ ოფიციალური ვიზიტის დროს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 80 მეძავთან ერთად გაერთოს... ამიტომაც ოპოზიციას ისღა დარჩენია, ხელისუფლების ქმედებები აკრიტიკოს. ისინი თან დაბოღმილ გულს იოხებენ, თან ქულებს იწერენ, ასე ჰგონიათ, ვინც მეტს ილაპარაკებს, ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი და დაუნდობელი წარმოჩნდება. მოწინააღმდეგის კრიტიკას იმდენად შეეჩვივნენ, რომ მათი მთავარი ფუნქციაც უკვე ეს ჰგონიათ... დარწმუნებული ვარ, თუ მათ ადგილებს შევუცვლიდით, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლებოდა.

GzaPress- ოპოზიციას ხშირად საყვედურობენ, - მათ ქმედებებს კონკრეტიკა აკლიაო; თქვენი აზრით, მხოლოდ ეს არის მათი პრობლემა?

- არა, ასე არ არის... ერთი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე წერდა, - ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებაში გარეწრები არ იყვნენ, თორემ ჟურნალისტები მშივრები დარჩებოდნენო... ჩვენს შემთხვევაში, ეს საქმე ოპოზიციას აქვს შეთავსებული: ისინი მხოლოდ ხელისუფლების ავკაცობაზე მოთქვამენ და ეს ღირსეულ საქმედ მიაჩნიათ... 20-იან წლებში, ქართული ფენომენისადმი ნიჰილისტურად განწყობილმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, - ქართველი კაცის ცხოვრება იმ ჭიაყელას რეაქციას ჰგავს, რომელსაც ფეხს აბიჯებენ, დამოუკიდებელი ინიციატივა მას არასდროს გამოუჩენიაო... მაშინდელზე რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ერთ ოპოზიციურ წარმომადგენელს ამდენხნიანი "თუხთუხის" პროცესში აზრადაც არ მოსვლია, რაიმე კონკრეტულ თემაზე ან პრობლემაზე ემუშავა. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დედის დაფიცებით ან დაგინებით განისაზღვრება... ჩვენც ხან ერთს ვუკრავთ ტაშს, ხან - მეორეს, გულწრფელიაო... შეიძლება, ამ ხალხს სამშობლო უყვარს, მაგრამ პატრიოტიზმი გულზე მჯიღის ცემა არ არის. თუ ადამიანი პროგრესულად ვერ აზროვნებს, მუდმივად გამოსავლის ძიებაში არ არის და რეალობას მოწყვეტილია, რაც უნდა თავდაუზოგავი იყოს, მისი სიყვარული ფუჭია... პატრიოტის ამპლუაში ხშირად გვევლინება ქართული პოლიტიკის ტრაგიკომიკური ფიგურა გუბაზ სანიკიძე, მაგრამ მისი "გენიალური" ფრაზებიდან ჩანს, რომ პოლიტიკაში მისი "მოღვაწეობა" საკუთარი თავისა და სხვების გართობას ემსახურება... ამ კაცს საერთოდ რომ არ იცნობდნენ, მისი შეფასება ამ ფრაზითაც შეიძლება: მე უკვე შესული ვარ საქართველოს ისტორიაში - დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მაქვს მოწერილი და ერთი კაცის საქმე გავაკეთეო... ილია ჭავჭავაძეს, რომლის მთელი ცხოვრება წიწამურისკენ სწრაფვა იყო, მერაბ კოსტავას, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლისას "დაილეწა", ზვიად გამსახურდიას, რომელსაც წამებით აღმოხდა სული, ერთხელაც არ დაუყვედრებიათ თავიანთი სიცოცხლე საქართველოსთვის... გუბაზ სანიკიძის სიტყვები კი, რბილად რომ ვთქვათ, ზღვარგადასული პატივმოყვარეობაა (არ მინდა, შეურაცხმყოფელი შეფასებები გავაკეთო)... დიახ, სამწუხაროდ ასეა, მას ხელი მართლა აქვს მოწერილი, მაგრამ მისი ხელმოწერის გარდა, სხვა ღვაწლი გუბაზ სანიკიძეს ქვეყნის წინაშე არა აქვს და ვერც ექნება.

- ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, "გენიალური" გამოსვლები სჩვევიათ. ეს პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია?

- არა, ასეც არ არის. მათ საუბარსა და ქმედებებს თანამიმდევრულობა და ლოგიკაც აკლია: მაგალითად, ქართული პოლიტიკის იშვიათი მოვლენა - შალვა ნათელაშვილი სოციალურ თემებზე აკეთებს აქცენტს, რაც ბაზრის ფსიქოლოგიაა... არსად ისე არ იგინებიან, როგორც ბაზარში... ხელისუფლების გმობის ხარისხიც ბაზარში ყველაზე მაღალია. იქ აზრის გამოხატვისას ხალხი თავისუფალი და გულწრფელია, ბილწსიტყვაობს კიდეც. დაახლოებით ასეთია ნათელაშვილის ოპოზიციონერობის სპეციფიკა და ამიტომაც ჰყავს მუდმივი ელექტორატი. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ამ კაცს ლოგიკაში "პატარა გარღვევები" აქვს. ლეიბორისტები პარლამენტში კიდეც არიან და არც არიან. შალვა დეპუტატის ხელფასზე უარს არ ამბობს და არგუმენტად მოჰყავს, - არ მინდა, ჩემი ფული ეკა ხერხეულიძეს დავუტოვოო... უკაცრავად, მაგრამ ამ კაცს ან ყველანი გიჟები ვგონივართ, ან სხვა რაღაცაშია საქმე. დავიჯერო, მართლა ფიქრობს, რომ როგორც კი მისი პარტიის წევრები პარლამენტიდან გამოვლენ, მათ ხელფასს ხერხეულიძე დასტაცებს ხელს და ჯიბეში ჩაიდებს?!. ხელისუფლებაზე დაბოღმილ ხალხს კი ეს სიმართლე ჰგონია და "ასეთ პრინციპულობას" უწონებს კიდეც... ისე, ცნობისათვის - ხელისუფლებასა და პარლამენტში სწორედ იმისთვის არიან ის ადამიანები, რომ ხელფასები მიიღონ და თუკი ნათელაშვილიც იმავეს აკეთებს, მაშ, რაღაზე ლანძღავს ამ "ნაციონალებს" დილიდან საღამომდე?!. ზვიად ძიძიგურს, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი აქვს, რატომ დაახევინეს მანდატი, - უღირსი საქციელიაო?!. გუბაზ სანიკიძე ხშირად სიამაყით ამბობს, - სამჯერ ვიყავი დეპუტატიო, - არადა, სამართლიანი არჩევნების შედეგად ის მხოლოდ ერთხელ - 90-იან წლებში შევიდა პარლამენტში. მაგრამ ბატონ გუბაზს ის ორი გაყალბებული არჩევნები არასდროს დაუგმია და როცა გაყალბებული არჩევნებით პარლამენტში გია თორთლაძე შევიდა, აღშფოთდა. ეტყობა, ანგელოზის ფრთები ეტკინა... მათი "წვრილფეხობა" და ორმაგი სტანდარტი ყველას თვალში რომ გამოაშკარავდა, ახალი "იდეა" მოიფიქრეს: ბოლო დროს ოპოზიცია ჯგუფ-ჯგუფად და ცალ-ცალკე, ხან ამერიკაში დადიოდა, ხანაც - ევროპაში; ჯერ თავს იქაჩლებდნენ, საქვეყნო საქმეებს ვაკეთებთო, შემდეგ კი ყველამ ერთხმად "აღმოაჩინა", - ის ხალხი ჩვენ პრობლემას ვერ მოგვიგვარებსო. უკაცრავად, მაგრამ რომელიმე მათგანს წაუკითხავს 1878 წელს დაწერილი ლექსი "ობოლი", სადაც ვახტანგ VI ამბობს, - ქართველ ერს გეოპოლიტიკური ადგილის მოსაპოვებლად, რომელიმე სახელმწიფოს მოღვაწის კი არა, თვით ქრისტე ღმერთის იმედიც კი არ უნდა გვქონდესო?.. წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, ამ საკითხში ოპოზიციის დაუხმარებლად გავერკვევით, პოლიტიკოსის ფუნქცია კი სხვა რამეა, ბატონებო, და ან ამაზე იფიქრეთ, ან - თავი დაგვანებეთ...

- ბატონო თემურ, ოპოზიციას ხშირად ურჩევენ გაერთიანებას, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერა და ვერ მოხერხდა...

- 10 პატარა კაცის ერთობით ერთ დიდ კაცს, ერთ დიდ პოლიტიკოსს ვერ მივიღებთ, ათივე პატარა კაცად დარჩება... ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში სამარისებური სიჩუმე, სარკოფაგისებური მდუმარებაა გამეფებული და მე ვისურვებდი, რომ ეს მდუმარება საუკუნო ყოფილიყოს და არასდროს შევეწუხებინეთ...

- ხელისუფლების ინიციატივებზეც გკითხავთ აზრს: წლეულს საქართველოში ბურების ჩამოსახლება იგეგმება, რათა სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ...

- ბურებს ჩვენთან ურთიერთობა კარგად აქვთ დაცდილი - ეს ისე, ხუმრობით... სერიოზულად კი გეტყვით - ჰოლანდიური ტომები არიან და როცა ევროპელები კოლონიებს აარსებდნენ, ბურებსა და ბრიტანელებს შორის დაუნდობელი ბრძოლები იყო გაჩაღებული. მაშინ ბურების მხარეს, ბაგრატიონთა შთამომავალი - ნიკო ბაგრატიონი (ბური) იბრძოდა, რომელსაც ისინი "პრინცად" მოიხსენიებდნენ. ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ: მაშინ ინგლისელთა არმიაში, როგორც ჟურნალისტი, ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილი მსახურობდა, რომელიც დაატყვევეს კიდეც... ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის. რაც შეეხება ქართული სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბურების ჩამოყვანას, ეს არის ქართველი კაცისა და ზოგადად, ჩვენი ისტორიის აბუჩად აგდება... დასავლეთის ქვეყნებში ჩვენ "გეორგიანელებად" - მიწათმოქმედებად მოვიხსენიებით; ახლა ძველი დიდებისგან მხოლოდ სახელი შეგვრჩენია და ამასაც გვართმევენ!.. ქართველი კაცი მდიდარი არასდროს ყოფილა, რადგან მიწათმოქმედება გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა. ჩვენს წინაპარს ცალ ხელში სახნისი ეჭირა, მეორეში კი - ხმალი. უცხოელი მკვლევრები წერდნენ, - ქართველი კაცი მკას ვერ ასწრებს, რადგან ამ დროს იწყება მტრის შემოსევაო... საუკუნეების განმავლობაში, ასეთ ვითარებაში - ომის ქარცეცხლში გამოიწვრთნა ქართველი კაცის ურთიერთობა მიწასთან და ახლა ბურმა უნდა გვასწავლოს ბელტის ამოტრიალება?!. ქართული მიწა ცარიელი კი არ არის, გლეხს იქ დარჩენის საშუალება არა აქვს და იმიტომაც გამორბის იქიდან. თუ ამ პრობლემის მოგვარება უნდათ, გლეხის სოფელში დაბრუნებას უნდა შეუწყონ ხელი, იქ დარჩენის სტიმული მისცენ და აღარც ბურის ჩამოსახლება გახდება საჭირო და არც - ჩინელის... ბოლო დროს კიდევ ერთი, ახალი "ინიციატივა" მოვისმინე, - დევნილები უნდა ჩავასახლოთ რაიონებშიო. პირადად მე, ამ გადაწყვეტილებას დაუნდობელს ვუწოდებდი. "კავკასიის" ეთერში მათი კომპაქტური ჩასახლებიდან გამოყრის კადრებს ვუყურებდი და უნდა ვთქვა: მაპატიეთ, მაგრამ ამაზე მეტი კაცთმოძულეობა არც გამიგონია და ვერც წარმომიდგენია... დევნილებს ხშირად აყვედრიან, - ამ ხელისუფლებას ყველაზე აქტიურად უჭერდით მხარსო; მოდი, ამ უფლებაწართმეულ, დამონებულ, დამცირებულ ადამიანებს გმირობას ნუ მოვთხოვთ.

- მათ თითქმის ერთნაირი პრობლემები აწუხებთ, მაგრამ მხარდამხარ დგომა უჭირთ...

- მე ფილოლოგი ვარ და მიყვარს ლირიკული გადახვევები. "ვეფხისტყაოსნის" გმირი, იდეალურს მიახლოებული ტარიელიც კი განსაცდელის დროს რეალობის კონტროლის უნარს კარგავს... თქვენ გგონიათ, გაჭირვება მხოლოდ მატერიალური ნაკლულობაა?.. ნიკო ლორთქიფანიძის "ტრაგედია უგმიროდ" გავიხსენოთ, სადაც მშიერი მამა მძინარე შვილებს უკანასკნელ მჭადს შეუჭამს - არადა, ქართული მენტალიტეტიYთ, მშობლის ფუნქცია განუზომლად დიდია... დევნილებმა თავიანთი ნაშრომი და ნაწვალები ერთ დღეში დაკარგეს, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით შეძლეს თავის გადარჩენა. შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში შიმშილით დახოცვას გადაურჩნენ, ცხოვრების თავიდან დაწყებამ მოუწიათ და ახლა იგივე გზა მესამედ უნდა გაიარონ, - რა ვქნათ, თქვენი ადგილი თბილისში არ არისო?!. იქნებ ვინმემ უთხრას, სად არის მათი ადგილი?.. ხელისუფლება მათ პირდაპირ ეუბნება, არ გვჭირდებითო, და ამ ხალხისგან ვითხოვთ პატრიოტიზმსა და გმირობას?!

- ბატონო თემურ, საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ერთი ნაწილის აზრით, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანია, სხვები კი ამას პრეზიდენტის "ბავშვურ ოცნებას" უწოდებენ...

- არ მეგონა, თუ ეს ხელისუფლება კიდევ რამით გამაოცებდა, მაგრამ მაინც მოახერხა, - ახალგაზრდა კადრების წინ წამოწევით ქვეყანა უკეთესობისკენ წავაო, - და ყველგან ის ლამაზთვალება ქალბატონი ვერა ქობალია დაჰყავს... კი, ბატონო, ახალგაზრდობას რა სჯობია, მაგრამ ახალგაზრდა კარგია ლოგინში; როცა საქმე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება, ჭაღარა და დაბრძენებული ადამიანები უნდა ამუშაონ... როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ლაპარაკობს, მუდმივად ვგრძნობ, რომ ქართველი კაცის ბუნებაში მოვლენათა თეატრალიზების, მსახიობობის ნიჭი დევს. ყოველთვის გვინდა, უცხო ადამიანს რაღაცით მოვაწონოთ თავი, რაც თავისუფლებისმოყვარე ერის ფსიქოლოგია არ არის... სააკაშვილის ყოველი გამოსვლა - სხვისი მოწყალე თვალის შემყურე კაცის ლაპარაკია: უცხოელი ინვესტორები ჩამოვლენ, დაგვასაქმებენ, ამისთვის კი საჭიროა, მიმზიდველი სახელმწიფო ვიყოთო... დიახ, შეიძლება, ეს გზა მომგებიანი გახდეს ხალხისთვის, შეიძლება, ტურისტები ჩამოვიდნენ (თუმცა იმ რაოდენობის, რასაც პრეზიდენტი ასახელებს, ფიზიკურად ვერ ჩამოვა), მაგრამ ამით ქვეყანა ეკონომიკურად ვერ გაძლიერდება. ისრაელში უამრავი რელიგიური და ტურისტული მნიშვნელობის ადგილია, მაგრამ ტურიზმით მაინც ვერ არსებობს, უბრალოდ, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა...

ლალი პაპასკირი