პოლიტიკურად აქტიური 2014-ის პლუსები და მინუსები - გზაპრესი

პოლიტიკურად აქტიური 2014-ის პლუსები და მინუსები

ლარის კურსი, გარღვეული ბიუჯეტი, პენსიაზე დამატებული 10 ლარი, ყბადაღებული პრემიები თუ სახელფასო დანამატები, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის რეფორმები, თავდაცვის სამინისტროს სკანდალები, ნარმანია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობები, კანონი იდენტობის შესახებ, ქართველების ინტეგრაცია უკრაინაში და ბოლოს, ეევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება - ის თემებია, რომელზეც მთელი წლის განმავლობაში აქტიური მსჯელობა არ წყდებოდა. 2014 წლის ძირითადი პოლიტიკური მოვლენების შეფასება და შესაძლო შედეგების პროგნოზირება პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ვთხოვეთ.

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის წლის მიღწევები

GzaPress- დასაწყისში, რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულებას - ხელმოწერასა და რატიფიცირებას გამოვყოფდი. საგარეო პოლიტიკის კუთხით, გარკვეულწილად მიღწევაა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული პოლიტიკით რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებების შეკავება და თავიდან აცილება დღემდე მაინც შეძლო. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიღწევად წლის ბოლოს დაანონსებულ შსს-სა და პროკურატურის რეფორმას მივიჩნევ, რომელიც, იმედია, მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება.

ქვეყნის განვითარებისთვის რეალური წინსვლაა, როცა პარლამენტი ცდილობს, დამოუკიდებელი პოლიტიკური სახე შეიძინოს. ეს მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამოიხატა და საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლები, სადაც მან საკუთარ კოალიციას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ამბავი შეახსენა. ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი პარლამენტი პირველად ვიხილეთ. რეალურად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ასე არ ხდებოდა.

პრეზიდენტის მთავარი პოზიტივი არის ის, რომ იგი პოლიტიკური სპექტრის რეალურად დამოუკიდებელი სუბიექტია და სწორედ ის მოქმედი კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოში ამდენი კრიტიკა მოჰყვა, არის გარანტია, რომ რეალურად დემოკრატიული ქვეყნის იერსახეს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ. ამ კონსტიტუციით, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი მთავარი ბერკეტია ქვეყანაში პოლიტიკურ შტოთა შორის ბალანსის არსებობისა და ამას მარგველაშვილიც ცდილობს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით. როგორც ვნახეთ, საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მთელი ხელისუფლების პოზიცია ერთიანია, მაგრამ შიდა პოლიტიკურ ფლანგზე, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ადამიანის უფლებებს ეხება, პრეზიდენტის პოზიცია განსხვავებულია, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა.

მედიის თავისუფლება და შესაძლო კონტროლის საფრთხეები

- ამ ხელისუფლების მნიშვნელოვანი მონაგარია, რომ წლის განმავლობაში ბიზნესი და მედია თავისუფლებას ინარჩუნებდნენ. თუმცა სამწუხაროა, რომ წლის ბოლოს განვითარებული პროცესები ეჭვს ბადებს - ხელისუფლება მედიის კონტროლს ხომ არ შეეცდება და თუ ეს მოხდება, ძალზე ცუდი შედეგი ექნება, რადგან მათ დასავლეთის სახით პატრონი არ ჰყავთ, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ ისეთ ფასეულობასთან, როგორიცაა მედიის თავისუფლება, თამაშს ნუ შეეცდება. ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაა, საინფორმაციო სტრატეგიის შევუშავება და იმ შეცდომებისგან დაზღვევა, რომლებიც ხელისუფლებას ბევრი აქვს. ასეთ შემთხვევაში, მედიის კონტროლის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგება. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ შესაძლო ვერსიაზე გამოვთქვამ აზრს.

წლის შეცდომები და პრობლემები

GzaPress- პრეზიდენტით დავიწყოთ. ყველაზე მძიმე ჩავარდნა რატიფიცირებაზე მისი დასწრება იყო. არ ვიცი, ეს უშუალოდ ვისი ადმინისტრაციის მინუსია - პრეზიდენტის თუ საგარეო უწყების, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ პირველ პირს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც არ მიეცა, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი იყო. თუმცა, გარკვეულწილად ამას გამართლებაც აქვს, რადგან ფაქტობრივად, ქვეყნის შიგნით ის მტრულ რეჟიმში იმყოფება. საბოლოო ჯამში, ვიზიტი ისე ვერ მომზადდა, როგორც ქვეყანას ეკადრებოდა.

პარლამენტი, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ზემოთ ნახსენები "გამონათების" გარდა, ჩვეულებრივად აღიქმება როგორც დანამატი, აღმასრულებელი ხელისუფლების მიზნებისა და მოქმედებების "გამთეთრებელი" და ეს მისი უმთავრესი ნაკლია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დეპუტატების უმეტესობას გამოცდილება და კვალიფიკაცია ძალზე მწირი აქვს და ძირითად პრობლემას ეს ქმნის. კოალიცია ერთიან გუნდად დღემდე რომ ვერ ჩამოყალიბდა, ესეც ცალკე პრობლემაა.

ბევრი შეცდომა აქვს პრემიერ-მინისტრსაც. მაგალითად, ის, რომ პირდაპირ ლანძღავს მედიას, სამოქალაქო და ექსპერტულ საზოგადოებას. ჩემი აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰყოფნის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ყველაზე მთავარში - საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ანუ, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში არსებული კვალიფიციური რესურსისა და პოტენციალის შემოკრება მოეხერხებინა, პირიქით, მის ჩაჩეხას ცდილობს, რადგან მისი ეშინია. საოცარი რამაა, ალბათ იშვიათია ასეთი ხელისუფლება. ამისივე გაგრძელებაა საკადრო პოლიტიკა. პერსონების შეცვლით არაფერი შეიცვლება. როცა შერჩევის მთავარი პრინციპი მორჩილებაა, კვალიფიციური კადრიც კი ვერასდროს იქნება შემოქმედებითი, ინიციატივიანი და კარგი რესურსი სახელმწიფოს შენების პროცესში.

- თქვენი აზრით, ვინ არის ამის თავიდათავი - ბიძინა ივანიშვილი თუ თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი?

- ალბათ ერთიც და მეორეც. ივანიშვილმა მას სრული საკადრო თავისუფლება მისცა, რომ საკუთარი რესურსი გამოემჟღავნებინა, ბოლომდე ჩამოკიდებული მარიონეტი არ ყოფილიყო და ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ მიმართულებით ივანიშვილის ნდობა ვერ გაამართლა და შედეგად, ყველა საკვანძო წერტილიდან მისი კადრების ჩამოშორება მივიღეთ. პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ქვეყანაში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ და არა იმაში, რომ მორჩილი მთავრობა ჰყავთ. ხელისუფლებაში შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები უნდა მოიყვანონ და ყველაფერი დარეგულირდება. საზოგადოება სახელმწიფოს შენებაში მოკავშირეა და არა - მტერი.

ერთიანი ჯაჭვი - საქართველო, ევროპა, რუსეთი

- საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში გამოუცდელობა ჩანს. ის, რაც პლუსია ანუ დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელმაც რუსული აგრესიისგან დაგვაზღვია, შეიძლება, ყველაზე დიდ მინუსად და სისუსტედაც კი იქცეს, რადგან ჩვენი ტიპის ქვეყნებს საგარეო ურთიერთობებში პატრონი აუცილებლად სჭირდება და თუ დასავლეთი ჩვენი პატრონი არ არის (რაც ყველა მხრიდან ჩანს, ამ ეტაპზე მას საქართველოსთვის ნაკლებად სცალია), მაშინ საქართველო რუსეთთან პირისპირ დარჩება, რაც ძალზე ცუდი პერსპექტივაა. რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა საინტერესოა - ფინანსური კრიზისი; კრახი განიცადა პუტინის იდეამაც ევრაზიული კავშირის აღორძინების თაობაზე, რომელიც კარგა ხნის წინ დააანონსა, მაგრამ მასში გაწევრებაზე ბევრი უარი მიიღო. ფაქტობრივად, რუსეთს თავზე დაემხო იდეოლოგია, რომელიც მისი ერთ-ერთი საყრდენი იყო და ამ ფონზე, ყველაზე სუსტ რგოლად საქართველო დარჩა და ბოლო "ნავსაყუდელი", სადაც ის საკუთარი მოსახლეობის თვალში ტრიუმფატორად შეიძლება წარმოჩინდეს, სწორედ ჩვენი ქვეყანაა. ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი ორი წელი საქართველოსთვის ყველაზე საშიშია, რადგან რუსეთის პირისპირ ამ ეტაპზე ფაქტობრივად, მარტოები ვართ და ვნახოთ, როგორ გაუძლებს ამ შემოტევას ხელისუფლება. როგორც კი დასავლეთი საქართველოსთვის მოიცლის, რუსეთის გავლენა ისევ "აყირავდება".

"ასტრონომიულ ციფრებში" გამოხატული პრემიები და დანამატები

GzaPress- როცა ქვეყანაში ამდენი ადამიანი შიმშილობს, ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს და აბსოლუტურად უსუსურია. ერთადერთი, რაშიც ის წარმატებულია, საკუთარი ფინანსებისა და პრემიების ასტრონომიულ ციფრებამდე აყვანაა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ალთასაა და საზოგადოება - ბალთას. 10 ლარით პენსიის გაზრდა არაფრის მომცემია, თუმცა ასეთი თემების განხილვა ჩემი პრეროგატივა არ არის. სწორედ სოციალური პრობლემების გამოა საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება, რაც ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას იწვევს. რაც შეეხება ჯანდაცვის რეფორმებს, სოციალურად არამდგრად ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევა მნიშნველოვანი საკითხია. ყველა რეფორმას შეიძლება გამოუჩნდეს თავისი ნაკლი, მაგრამ თუ მასშტაბურად შევხედავთ, სოციალური კუთხით, საყოველთაო დაზღვევა (და არა მედიკამენტების თემა) ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.

ალასანია

- ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა იმის შანსს აჩენს, რომ გაჩნდეს "ნაციონალური მოძრაობის" ჩამნაცვლებელი ოპოზიციური პარტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასავლეთშია, რადგან მათ ფავორიტად დღემდე "ნაციონალური მოძრაობა" რჩება, ქვეყნის სამომავლო სტაბილურობისთვის კი ეს ძალიან ცუდია. თუ ხელისუფლება "რესპუბლიკელებსაც" გაემიჯნება, პროდასავლური პარტიების გარეშე დარჩება და პროდასავლური ფარი მოშიშვლებული იქნება, რაც სამომავლოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ბევრ პრობლემას შეუქმნის. ხოლო თუ ის არჩევნებზე პროდასავლური ძალების გარეშე წარდგება, მთავარი კითხვა და მთავარი ინტრიგა სწორედ ეს იქნება. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში ანტიდასავლური კოალიცია მივიღოთ.

მთავრობის შეცდომა, რომელმაც ოპოზიცია გააპიარა

- ახალი თავდაცვის მინისტრის გადადგომა პრობლემას ვერ მოხსნის, მინდიას გაუშვებენ თუ ზეზვას დანიშნავენ, პრობლემა არც ამოიწურება და არც დამძიმდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამ საკითხის წამოჭრა პიარის თემა უფრო მგონია, ვიდრე საკითხის რეალური გადაწყვეტის გზა. თავდაცვის სამინისტროს ერთი მარტივი რამ ევალებოდა - დაღუპული მებრძოლისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა და ენაზე კბილის დაჭერა რომ ვერ შეძლო, ამაზეა საუბარი. შეცდომა იყო თუ რუსეთისთვის გადაგდებული ძვალი, ამ ეტაპზე თქმა გამიჭირდება. თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს იყო შეცდომა, რომელმაც წყალი დაასხა "ნაციონალების" წისქვილზე, ფაქტობრივად, მათი პიარი გააკეთა. ზუსტად რომ ვიცოდე, განცხადების მიღმა რა იმალება, უფრო გამიადვილდებოდა ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, უჭკუოდ იყო გაკეთებული.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალთა დისბალანსი და საზღვრებს გარეთ ჩასაფრებული ექსპრეზიდენტი

- თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს, დასავლეთის თვალში ნორმალური იმიჯის შექმნის სურვილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას ეს არ უნდა ან არ იცის, როგორ გააკეთოს. ფაქტია, საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს სააკაშვილი ქმნის - ერთი კაცი, რომელიც ხელისუფლებაში აღარაა. სამაგიეროდ ის, ვინც ხელისუფლებაშია და ყველანაირი რესურსი აქვს, საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესოს, ამას ვერ ახერხებს. მთავარია, რა არის ამოსავალი წერტილი - მათი არაფროფესიონალიზმი თუ რეალურად, სწრაფვა რუსეთისკენ.

თამთა დადეშელი