რეკორდსმენები - გზაპრესი

რეკორდსმენები

ალბათ ბევრს გახსოვთ მეოცე საუკუნის 1980-იანი წლების ქართული სატრფიალო-საახალწლო სიმღერა: "შენ ლამაზო, შენ ტანადო, კოხტა ნაძვის ხეო, ათასფერად გაგვინათე ახალი წლის დღეო..." ახალი წლის მთავარ საკაზმს - სიმბოლოდ ქცეულ ლამაზად მორთულ-მოკაზმულ, მოციმციმე ნაძვის ხეს მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უმღეროდნენ და უმღერიან, გარს უვლიან და ლექსებს ეუბნებიან, ფოტომოდელად აქცევენ და ეს კეკლუცი ნაძვის ხე ისე იფერებს მსოფლიოს ყურადღებას, თვით თოვლის ბაბუა-სანტა-კლაუსსაც კი უწევს მეტოქეობას...

ადამიანების ამბავი ხომ იცით? - ჩემი ნაძვის ხე შენსას სჯობიაო და, - ხან დააგრძელებენ თავის ნაძვის ხეს, ხან დაამრგვალებენ, ხან თავდაყირა დააყენებენ, ხან ამოუცნობ მფრინავ ობიექტს დაამსგავსებენ და ასე გამოაჭენებენ საქვეყნოდ. მერე ეს ლამაზმანებიც ერთმანეთს ედარებიან, ეჯიბრებიან და ვინ გინესის რეკორდს ხსნის, ვინ - გულის კარს... ცდუნებას ვერ გავუძელით და საერთაშორისო მარათონში ჩვენც ჩავებით, ჰოდა, გზად რომელი ნაძვის ხეც განსაკუთრებულად უჩვეულო აღმოჩნდა, თქვენც წარმოგიდგინეთ.

ტივით მოცურავე ბრაზილიელი

GzaPress2014-2015 წლის მიჯნაზე მსოფლიოს უდიდეს საახალწლო ნაძვის ხედ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ნაძვის ხე აღიარეს. სხვათა შორის, ის მსოფლიოში ჯერჯერობით ერთადერთი მცურავი ნაძვის ხეცაა. ტივზე შემდგარი ამ საოცრების სიმაღლე 85 მეტრია და 27-სართულიან შენობას უტოლდება. რიოს ნაძვის ხე 2 მილიონი ნათურითა და 120-კილომეტრიანი ელექტროგირლანდით გაანათეს. ცხადია, ნაძვის ხე სულაც არ არის ნაძვი და მხოლოდ კომპიუტერით მართული მეტალის კონსტრუქციაა, რომლის შიგნითაც დამონტაჟებულია საშობაო სიმღერის "შემსრულებელი" ელექტროზარი. ეს გახლავთ მანათობელი შოუ წყალზე, რომლის შექმნასაც ბრაზილიელმა დიზაინერებმა თვე-ნახევარი მოანდომეს.

აზიის ეგზოტიკა

ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დადგეს. იქაურმა დიზაინერებმა ეგზოტიკური "მზეთუნახავი" აბუ-დაბის Emirates Palace Hotel-ში მოათავსეს. 13-მეტრიანი ნაძვის ხე ძვირფასი ქვებით მოოჭვილი 180 ოქროს სათამაშოთია მორთული და ეს საახალწლო სათამაშოები თერთმეტ-ნახევარი მილიონი დოლარი ღირს.

ნაძვის ხე "სვაროვსკის" სტილში

ეს უჩვეულო საახალწლო ნაძვის ხე ევროპის შუაგულში - შვეიცარიის უდიდეს და ამავე დროს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქ ციურიხშია აღმართული. იგი რკინიგზის სადგურის შენობაში, ევროპის უდიდესი დახურული საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე - Christkindli-Markt-ში დადგეს. მას აქ 1998 წლიდან დგამენ ხოლმე და "სვაროვსკის" 7 ათასი თვლით აფორმებენ.

იაპონიის ოქროს ნაძვის ხე

GzaPressეს ნაძვის ხე საახალწლო ნაძვის ხეებს შორის გინესის რეკორდსმენი აღმოჩნდა. იაპონიის იუველირებმა არცთუ დიდი, მაგრამ უძვირესი საახალწლო ნაძვის ხე 24 კილოგრამი სუფთა ოქროთი დააპროექტეს და დაამზადეს. იგი მორთულია 240 წახნაგოვანი ძვირფასი ქვით და ბრილიანტითა და მარგალიტით მბრწყინავი გირლანდებით, მის შესაქმნელად კი 150 მილიონი იენი ანუ თითქმის 4,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სხვათა შორის, ამ ნაძვის ხის ავტორი ყოველწლიურად 250 ათას დოლარად შეფასებულ 6-კილოგრამიან ოქროს საახალწლო კალენდარსაც უშვებს.

წელს იაპონელმა იუველირებმა ახალი შედევრიც წარმოგვიდგინეს: 2,6 მეტრი სიმაღლის 31-კილოგრამიანი პლატინის საახალწლო ნაძვის ხე საყვარელი მულტფილმების გმირების გამოსახულებით, რაც 2,6 მილიონი დოლარი ღირს.

Ferrero Rocher-ის ნუგბარი - საახალწლო ნაძვის ხე

სინგაპურში, Orchard Road-ზე ტკბილეულის მოყვარულებისთვის შოკოლადის კანფეტებისგან ეს საოცრება საკონდიტრო კომპანია Ferrero Rocher-იმ შექმნა. საღამოობით ის ათასობით მანათობლით ბდღვრიალებს და კარგა ხნის დამდნარი იქნება, ნამდვილი შოკოლადისა რომ იყოს. ამიტომაც აღიარეს მისმა შემოქმედებმა, რომ ერთი შეხედვით შოკოლადის ბურთები მეტალისგან დამზადდა და მისი ჭამა არ შეიძლება! ალბათ სინგაპურელებს ძალიან დასწყდათ გული: კრეატიული, პრაქტიკული და ლამაზი ნაძვის ხე სულაც არ აღმოჩნდა ისეთი გემრიელი, როგორადაც მოჩანდა.

Lego-ს ნაძვის ხე

ლონდონის მთავარი სარკინიგზო სადგურის შენობაში კონსტრუქტორების ორთვიანი მუშაობის შედეგად, საბავშვო კონსტრუქტორ Lego-სგან შექმნილი უჩვეულო ნაძვის ხე დადგეს. მართალია, მისი სიმაღლე სულ რაღაც 12,2 მეტრია, მაგრამ იგი 600 ათასი წვრილი დეტალისგან შედგება. 172-ტოტიანი ნაძვის ხე ათასზე მეტი სათამაშოთია მორთული. ამ საახალწლო სიმბოლოს ღირებულებით თუ დაინტერესდებით, გეტყვით, რომ თითოეული დეტალი 1 დოლარად ფასობს, თვით ნაძვის ხე კი მსგავსი დეტალებისგან შექმნილი ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში.

"წყალქვეშა" ნაძვის ხე

GzaPressეს გადათეთრებული ნაძვის ხე მართლა თოვლიანი ზამთრის სილამაზით სავსე გეგონება, არადა, სინამდვილეში მარჯნისაა. ამ ბუნებრივ საოცრებას წლების განმავლობაში ქმნიდნენ: გვერდიგვერდ, მიჯრით აწყობდნენ, რათა ერთმანეთს შეზრდოდნენ, და ამგვარად მიიღეს მარჯნის საახალწლო რიფი - ნაძვის ხე, რომელიც აოცებს და ახალისებს მალდივის კუნძულების კურორტ Aნანტარა Kიჰავაჰ Vილლას-ზე წლის ნებისმიერ პერიოდში მოხვედრილ ტურისტებს. იგი კარგად ჩანს წყალქვეშა რესტორნის ილუმინატორიდან თუ ჩვეულებრივი ფანჯრიდანაც. უჩვეულო და ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-მოკაზმვა იქვე მოცურავე ფერადმა თევზებმა და ინდოეთის ოკეანის სხვა ცოცხალმა ორგანიზმებმა "იტვირთეს".

მოდერნისტული ნაძვის ხე

მუსლიმანური სამყაროს საამებლად უცნაური მოდერნისტული კონსტრუქციის - Xმას-3-ის შექმნით ბრიუსელის პოლიტკორექტულობამ მთელი მსოფლიო გააოგნა. 25-მეტრიანი კუბის ფორმის ნაძვის ხე დღისით მოედნის სანახაობაა, ღამით კი - ათასფრად მოციმციმე ფიგურა. არაორდინარულმა ნაძვის ხემ ბელგიელებიც განარისხა - მართალია, ე.წ. ნაძვის ხე ტრადიციულ ხისაზე იაფფასიანია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მათ მსგავსი არაქრისტიანული ნაძვის ხეების დადგმა არასდროს ახასიათებდათ.

ექსტრავაგანტური ნაძვის ხე

2015 წლის ყველაზე სკანდალურ ნაძვის ხედ ექსპერტები სავარაუდოდ, პარიზის ნაძვის ხეს დაასახელებენ. ადგილობრივებმა უკვე შეადარეს ეს ექსტრავაგანტური კონსტრუქცია სექსშოპის სათამაშოს. გასაბერი ნაძვის ხე 24 მეტრი სიმაღლისაა. პარიზელები მიიჩნევენ, რომ მისი დადგმით თითოეული მათგანი დაამცირეს და შეურაცხყვეს.

ირმა ხარშილაძე