პროგრამა, რომლის წყალობით გასულ წელს გლეხობაში 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა - გზაპრესი

პროგრამა, რომლის წყალობით გასულ წელს გლეხობაში 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

იმ პროექტებს შორის, რომლებიც განხორციელდა, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამაც უნდა დასახელდეს, რომელიც სულ ახლახან დასრულდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა წარმატებული გამოდგა, რადგან მისი წყალობით ფერმერებმა 43376.6 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განახორციელა. 89 დღის განმავლობაში ქარხნები ასობით ტონა არასტანდარტულ ვაშლს იბარებდნენ. პროგრამაში შიდა ქართლის ხუთი საწარმო მონაწილეობდა: შპს "გეოფრუტი!, შპს "ნატურალ 7", შპს "ბიოჯუსი", შპს "სამეგობრო" და შპს "ჯეოკონცენტრატი", ხოლო რაჭაში - შპს GEO-FLOჭEღ.

ხილის გადამმუშავებელი კომპანიები მეხილეობის სფეროში დასაქმებული პირებისაგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრად შეისყიდდნენ, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა. ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად 4 355 416 ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სააგენტოს სუბსიდიამ 3 470 133,6 ლარი შეადგინა. ჩვენ ამ პროგრამის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დავუკავშირდით, რომლებიც მიღებული შედეგებით საკმაოდ კამყოფილნი არიან:

ვახტანგ გენგიური - სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე:

GzaPress- მე ამ პროგრამის ხელმძღვანელობა დამავალეს, იმ ჯგუფის უფროსი ვიყავი, რომელიც აღნიშნულ პროცესს წარმართავდა. არასტანდარტული ვაშლის მიღება 10 სექტემბერს დაიწყო. პროგრამაში ჩართული იყო 5 ქარხანა შიდა ქართლში და ერთი - რაჭაში. ექვსივე ქარხანამ ჯამში მიიღო 43 376 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რაზეც 3 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი სუბსიდია გაიცა. სახელმწიფომ გადაწყვიტა გლეხს დახმარებოდა, ვინაიდან წელს ვაშლის კონცენტრატს, რომელიც ჩვენგან ევროპის ბაზარზე გადის, ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, იყო საფრთხე, რომ ქარხნები არასტანდარტულ პროდუქციას საერთოდ არ მიიღებდნენ. ამიტომ, ხალხს ეს ვაშლი დასაბინავებელი დარჩებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ კონცენტრატს დაბალი ფასი ჰქონდა, თანაც, კლიმატური პირობების გამო მოსავლის ნაწილი გაფუჭდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, დარგის სტიმულირება მოეხდინა და ამ მიზნით წამოიწყო პროექტი, რომელშიც 15 ათასამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. 10 სექტემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ქარხნებმა 43 ათას ტონაზე მეტი ვაშლი მიიღეს და გადაამუშავეს. ქარხანა იხდიდა 10 თეთრს, მერე აკეთებდა აღრიცხვას და რამდენ კილოგრამ ვაშლსაც შეიძენდა, იმდენ 8 თეთრს ვუხდიდით ჩვენ. ამ ქარხნებისთვის ვაშლის ვიზუალურ მხარეს მნიშვნელობა არა აქვს. საერთოდ, არასტანდარტული ვაშლი მოსავლის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ რადგან წელს ბაღები დაისეტყვა, ასეთი ვაშლი ბევრს ჰქონდა. სავარაუდოდ, გლეხები ამ გაფუჭებულ მოსავალს ვერ დააბინავებდნენ და ვერც მის რეალიზაციას შეძლებდნენ. არასტანდარტული ვაშლის გადამმუშავებელი ქარხანა შიდა ქართლში სულ ექვსია, მეექვსემ პროგრამაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სახელმწიფო რომ არ დახმარებოდა, ეს ხუთი ქარხანაც ვერ იმუშავებდა იმიტომ, რომ კონცენტრატს ვერ გაყიდდა და თუ გაყიდდა, სერიოზულ ზარალს ნახავდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ დროულად მოახერხა და ამ პრობლემის წინააღმდეგ მობილიზება დაიწყო. ეს იყო ერთგვარი, ირიბი დახმარება გლეხებისა - მართალია, გლეხს პირდაპირი გზით არ მიუღია სუბსიდია, მაგრამ მიიღო ქვეყნის ეკონომიკის გავლით. საერთო ჯამში პროგრამაში 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 10 სექტემბრიდან მოყოლებული ბოლო დღემდე - ანუ 9 დეკემბრამდე. მთავარია, რომ ამ პროექტით უკმაყოფილო არც ქარხნები დარჩენილან და არც - გლეხები. მთელი ეს პროცესი მოწესრიგებული და გამჭვირვალე იყო, გვიხარია, რომ ყველაფერი წარმატებით ჩატარდა.

კახა ბიჭიკაშვილი - კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს მკვიდრი:

- არასტანდარტული ვაშლი ჩემს ნაცნობებს შორის თითქმის ყველამ ჩააბარა. ეს არის დაბეჟილი, შეუხედავი ან ისეთი ვაშლი, რომელსაც ფერმერი თუ გლეხი ბაზარზე ვერ გაყიდის. წელს ასეთი ვაშლი ჩაუბარებელი არავის დარჩენია. ქარხნებმა ჩაიბარეს და მსგავსი ვაშლისაგან წვენებსა და კონცენტრატებს ხდიან. ისინი ერთ კილოგრამ ვაშლში 10 თეთრს გვიხდიდნენ, აქედან 8 თეთრი სახელმწიფოს სუბსიდია იყო, გამოდის, რომ ქარხანა 2 თეთრად იბარებდა, დანარჩენ 8 თეთრს კი - სახელმწიფო აფინანსებდა. ბაზრობაზე ამ ვაშლს ვერ გაყიდი, ზოგი ჭიანია და ზოგიც - დაბეჟილი, რა თქმა უნდა, გაფუჭებას და გადაყრას ასე ჯობია. უნდა ვაღიარო, რომ რაც მოხდა, ჩვენთვის სერიოზული შეღავათია. ასეთი ვაშლის რეალიზაცია გვიჭირს, თორემ კარგი ხარისხის ვაშლს გადამყიდველებს ვაბარებთ, ზოგიერთი მათგანი აქვე, ადგილზე მოდის და ერთიანად, საბითუმო ფასში ყიდულობს. კარგი ვაშლი 1-1,5 ლარი ღირს. მერე ამ გადამყიდველს სხვა გადამყიდველთან მიაქვს, ან მაღაზია ყიდულობს და ყველა თავის მოგებას ამატებს. რაც შეეხება რუსეთს, ამ ეტაპზე ვაშლის იქ გატანას აზრი არა აქვს იმიტომ, რომ დღეს ვაშლი ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს. როგორც უკვე გითხარით, საღი ვაშლის რეალიზაცია არ გვიჭირს, არც არასტანდარტული ვაშლით ვიზარალეთ და ეს ძალიან კარგია.

მერაბ ქუჩუკაშვილი - შპს "ნატურალ7"-ის მფლობელი:

- შპს "ნატურალ7" სოფელ ტყვიავში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს. სახელმწიფო სუბსიდია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ ვაშლის მიღებას არ ვაპირებდით და ხალხი ისე დარჩებოდა. მით უმეტეს, წელს დაზიანებული ვაშლი ბევრი იყო. ხალხს ვაშლი რუსეთში ვერ გააქვს იმიტომ, რომ რუსული ფული გაუფასურდა, აქედან მანქანას დოლარები უნდა გადაუხადონ, განბაჟებაც დოლარით ხდება, ამიტომ იქ გატანას აზრი აღარ აქვს. ჩვენმა ქარხანამ არასტანდარტული ვაშლი დიდი რაოდენობით მიიღო, საბოლოოდ კი, გლეხიც კმაყოფილი დარჩა და მეწარმეც. თქვენ ხომ არ შეიძენთ ჭიან, დაბეჟილ ვაშლს და თქვენს შვილებს, დისშვილებს, ან ძმისშვილებს ხომ არ მიუტანთ? ამიტომ, ერთადერთი გზა მისი გადამუშავება და კონცენტრატის სახით გამოშვებაა, მერე კი მისი ევროპაში გატანა. ეს კონცენტრატი ძალიან სასარგებლოა, მისი დამზადებისას ვაშლი ვაკუუმში იხარშება და თაფლის მსგავს მასას ვიღებთ, რომელსაც მერე ბევრ რამეში იყენებენ. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან გაუჭირდებოდა, ხალხი ისე იყო დაძაბული, რომ ალბათ ბევრი ჩამოიტანდა ვაშლს და გამგეობის შენობის წინ დაყრიდა. აღნიშნული პროგრამის დახმარებით, 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა გლეხობაში, რაც მათთვის დიდი ფულია. ეს ფული ყველა ოჯახს ძალიან დაეხმარა. საერთოდ, გლეხმა მაინც უნდა გაათავისუფლოს თავისი ბაღი ძირნაყარი ვაშლისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ თაგვი ჩნდება და ვაშლს ფესვებს უფუჭებს, წელს გლეხის შრომა როგორღაც მაინც დაფასდა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ცოტათი ამოისუნთქა, თუმცა, აქაურებს მაინც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან.

ზაურ საგანელიძე - შპს "სამეგობროს" დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი:

GzaPress- ჩვენმა ფირმამ წელს 14 ათას ტონამდე ვაშლი შეისყიდა. არასტანდარტული ხილისაგან კონცენტრატებს ვამზადებთ, რომელიც მერე ევროპაში იგზავნება, ძირითადად - გერმანიაში. გამოგიტყდებით, რომ ამ პროგრამით ყველა კმაყოფილია იმიტომ, რომ წელს კონცენტრატების სარეალიზაციო ფასი ძალიან დაბალი იყო. ევროპის ბაზარზე კონცენტრატების ფასი ძალიან დაეცა, ამიტომ, ყველა ქარხანას გადაწყვეტილი ჰქონდა, წელს ხილი საერთოდ აღარ მიეღო. ვერაფრით ვერ ვეტეოდით თვითღირებულებაში, მაგრამ სახელმწიფომ სუბსიდია გამოყო და არასტანდარტული ვაშლის მიღება სწორედ ამის გამო დავიწყეთ. მართალია, ჩვენს წარმოებას მოგება არ დარჩენია, მაგრამ გლეხებმა, რომელთა ერთადერთი შემოსავალი ვაშლის მოსავალი იყო, აღარ იზარალეს, ქარხნის მუშებსაც ხელფასი გადავუხადეთ და სახელმწიფომაც ისარგებლა - ჩვენი პროდუქცია რომ გაიყიდება, გარკვეული რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოვა ქვეყანაში.

- რატომ დაეცა კონცენტრატების ფასი ასე ძალიან?

- რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროპაში დიდი რაოდენობით ვაშლი შევიდა მოლდავეთიდან და პოლონეთიდან, იქ ჭარბი რაოდენობის ვაშლი დაგროვდა, რამაც კონცენტრატების ფასი ძალიან დააგდო. ამიტომაც გახდა საჭირო ჩვენი სახელმწიფოს მიერ ამ დარგის სუბსიდირება. რომ არა ეს სუბსიდია, ჩვენ არასტანდარტულ ვაშლს არ შევისყიდდით: ცხადია, 2 თეთრად ვაშლს არავინ მოგვიტანდა, უფრო მეტს კი, ვერ გადავიხდიდით. ამიტომ, წარმოება უნდა შეგვეჩერებინა. სასიხარულო ფაქტია, რომ წელს კონცენტრატების წარმოება აღარ შეჩერდა, ხელფასებიც დავარიგეთ და პროდუქციის თვითღირებულებაც ავანაზღაურეთ. გლეხებმაც მოიგეს იმიტომ, რომ დაზიანებული ვაშლი დიდი რაოდენობით ჰქონდათ, ასეთი ვაშლი კი, ბაზარზე არ იყიდება.

ხათუნა ჩიგოგიძე