თუშეთის იმედად ქცეული თუში და თიბათვის თოვლივით გამქრალი დაპირებები - გზაპრესი

თუშეთის იმედად ქცეული თუში და თიბათვის თოვლივით გამქრალი დაპირებები

ის "იმედის გმირებში" მონაწილეობდა, მეორე ადგილზე გავიდა და შინ - მშობლიურ თუშეთში მიეჩქარებოდა, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე.

- ბატონო ირაკლი, როგორ ცხოვრობთ ასეთ სიმაღლეზე, მარტოდმარტო?

- ვძლებ იმიტომ, რომ მთაში, თუშეთში დავიბადე, გავიზარდე და დავბერდი. ჩემთვის თუშეთი ის გარემოა, სადაც ყველაზე მეტად მიმიწევს გული.. თანაც, ისეთი პროფესია მაქვს, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მოვემსახურო და ისედაც, გაჭირვების დროს, თუკი დავჭირდი, ფიზიკურადაც დავეხმარო. ხშირად ხევში ვიღაც გადაიჩეხება ხოლმე და საკაცით უნდა წავიყვანოთ სოფლამდე, ცენტრამდე ან ისეთ ადგილამდე, სადაც ვერტმფრენი შეძლებს დაჯდომას, დაზარალებული კატასტროფის ცენტრში რომ გადავიყვანოთ; სადღაც შეიძლება, უმძიმესი ავადმყოფი იყოს და დავჭირდე. თუშეთი საინფორმაციო ვაკუუმშია, მე კი იქ ის მაძლებინებს, რომ სხვებს ვჭირდები. იშვიათ ადგილებზე, თუნდაც - ცენტრ-სოფელ ომალოში აქა-იქ იჭერს რადიოგადაცემებს. ჩემს სოფელში მხოლოდ რადიო "იმედს" და "მაესტროს" ვუსმენ ხოლმე. არადა, როგორც ვიცი, საქართველოში 15-16 რადიოსადგურია. ნუთუ, არ შეიძლება, მთავრობამ (ყოველთვის ამას ვჩივი) მოახერხოს, რომ ადამიანებს საინფორმაციო წყარო მაინც მიეწოდებოდეს ნორმალურად? მობილური ოპერატორების გადამცემებიც ისე არის განლაგებული, თუშეთის ხეობებში აქა-იქ თუ იჭერს სიგნალს. მოგეხსენებათ, ჩვენში ხანგრძლივი და დიდთოვლიანი ზამთარი იცის. თუშეთში ადამიანები გასართობად ხომ არ არიან? - აუცილებლად საქონელი უნდა ჰყავდეთ. ჰოდა, ასეთ პირობებში რომ ვეღარ ჩერდებიან, ზამთარში იცლება იქაურობა.

- და თქვენ მარტო რჩებით, არა?

GzaPress- ვრჩები, აბა, რა ვქნა? ჩემი მეუღლე ავადმყოფი ქალია, მთაში, თუშეთში ვერ გამოიზამთრებს, ამიტომ ქვემო ალვანის სახლში რჩება ხოლმე. შვილები თბილისში ცხოვრობენ, მე - ბოჭორნას ვერ ველევი.

- არც მგლის გეშინიათ, არც - დათვის?

- უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ იქ მყოფს არაფრის უნდა ეშინოდეს. შეიძლება ისიც თქვათ, მოხუცია და ტრაბახობსო - მერწმუნეთ, ასე არ არის. ისეთი პროფესია მაქვს, შეიძლება, დღე-ღამისა და სეზონის ნებისმიერ მონაკვეთში დავჭირდე ვინმეს და თუკი შემეშინდება, ვის რაში დავეხმარები? გაზაფხულობით მწყემსები ამოდიან ხოლმე. ამ პერიოდში საავტომობილო გზა ჩაკეტილია და თუკი რაიმე გაუჭირდებათ, მხოლოდ ჩემი იმედი აქვთ... გომეწრის ხეობაში ერთ ადამიანსაც ვერსად წააწყდები. იმის იქით, წოვათას ხეობაში რჩება ერთადერთი კაცი, თავის მწყემსთან ერთად. მაგასაც ცხვარი ჰყავს და ალბათ, იმიტომ. თუმცა, სისხლის ყივილიცაა, თორემ XIX საუკუნიდან მოყოლებული, ეგ ადგილები თუშებისგან დაიცალა. როგორც ვიცი, ზამთრობით იქ აღარავინ რჩებოდა და მხოლოდ ზაფხულობით თუ ამოდიოდნენ ან ამოდიან საზაფხულო საძოვრებზე, ამიტომაა ის კაცი განსაკუთრებული. მე და სხვა კი არა, პირველი "იმედის გმირი" ეგაა; ბავშვობა რომ არ გაუტარებია იქ და მაინც ვერ ელევა ამ ადგილს, ეს რაღაც საოცრებაა!..

პირიქითა თუშეთის ხეობაში, გარდა მესაზღვრეებისა, მხოლოდ ორად ორ სოფელში - კვავლოსა და ჩიღოში ცხოვრობს ორ-ორი კაცი, ჩაღმის მხარეს კი, შენაქოში - სამი ოჯახი ოთხი ადამიანით (ცოლ-ქმარი და ცალ-ცალკე თითო კაცი). ძირითადად, მაცხოვრებელი ჰყავს ომალოს... სატირალია დღევანდელი თუშეთის ყოფა, განსაკუთრებით - ზამთარში. წეღან მგელი და დათვი ახსენეთ, მაგრამ ყველაზე საზარელი იცით, რა არის? - ღამით უპატრონო სოფელში გავლა. კიდევ უფრო შემზარავია ზამთრისა და შემოდგომის მთვარიანი ღამით დათოვლილ მთაში დღესავით განათებული, გამოყრუებული სოფელი. ჰოდა, ნურავინ იტყვის, ისეთი გულადი ვარ, რაღაც არ მზარავსო... თუმცა, რაც ცოტა საზარელია, ის იმავდროულად, ლამაზიც არის (იცინის)...

- დღის განმავლობაში რას აკეთებთ?

GzaPress- სხვათა შორის, მაგას ბევრი მეკითხება. ცუდად ნუ გამიგებთ და უმოძრაოდ, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. ამიტომ, დღისით ფიზიკურად ვმუშაობ, ღამით კი ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს ვკითხულობ. კროსვორდებიც მაქვს, სუდოკუები და იმას ვხსნი. აბა, რაღაცით ხომ უნდა შევიქციო თავი? ასაკში უძილობაც დამჩემდა, გვიანობამდე ფხიზლად ვარ და მხოლოდ 3-4 საათს მძინავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამალი მჭირდება.

- შვილები არ გთხოვენ, ქალაქში წამოდიო?

- არ მთხოვენ, რადგან იციან, არ წავალ! ალვანში კიდევ - ჰო, მაგრამ მე საქალაქე კაცი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.

- ახალ წელს სად ხვდებით?

- ამჯერად - ალვანში, სანათესავოში, შვილებიც ჩამოვლენ, მივუსხდებით სუფრას, თუშურად დავილოცებით...

- თუშეთშიც მომისმენია თქვენებური დალოცვა და თბილისშიც - ჩემი მეგობარი თუშებისგან. საოცარი დალოცვა იცით: ერთდროულად გითბობს და გიჩუყებს კიდეც გულს.

- ჩვენ განსაკუთრებული ტრადიციები გვაქვს, მაგრამ პირველად, როგორც მთელ საქართველოში, უფალს და მთა-ბარის სალოცავებს ვადიდებთ; მეორე სადღეგრძელოდ ყოველთვის შესანდობარს ვსვამთ, აუცილებლად ვამბობთ ცოდვილა-უპატრონოების სადღეგრძელოსაც - ვისაც ან ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, ან ბედისწერამ ვერ გაათხოვა-დააქორწინა, ცოდვილას ვეძახით, უპატრონოს კი - შეიძლება, დიდი გვარიც იყო, მაგრამ კაცი რომ აღარ დარჩათ, იმას... მართლა გულთან ახლოს მისატანია ეს სადღეგრძელოები.

- ახალ წელს ბოჭორნაში, მარტო არასდროს შეხვედრიხართ?

- როგორ არა! შობასა და ძველით ახალ წელს ტრადიციულად, ბოჭორნაში შევხვდები.

- ნაძვის ხე გექნებათ?

- აბა, მთაში, თუშეთში ხომ ნაძვები არ არის (იცინის)! არა, საყვარელო, ნაძვის ხის მორთვის დრო სად მაქვს! აი, შვილიშვილები რომ მეყოლება, მაშინ - კი. ჩვენთან ხატობის ზანზალაკებს გამოაბრძანებენ ხოლმე დღესასწაულებზე, ამიტომ საშობაო-საახალწლოდ მეც ასე მოვიქცევი. დავილოცები, ცოტას დავლევ (თითო ჭიქა ჩემს გამოხდილ 40-გრადუსიან არაყს ისედაც ყოველთვის ვსვამ, პურისჭამის დროს. დილაობით ხატსაც ვადიდებ, ცოცხალსაც და მკვდარსაც, ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია), გავალ-გამოვალ და დაღამდება კიდეც. შეიძლება, სხვა სოფელშიც გავიდე, თუნდაც - ომალოში, რომელიც ყველაზე ახლოს, 12 კილომეტრშია ბოჭორნიდან. წელს არ ვიცი, რას იზამენ, მაგრამ ხანდახან ახალი წლის შესახვედრად ჩემი ვაჟებიც ამოდიან ხოლმე სოფელში. რა ვქნა, დამიბერდნენ უცოლშვილოდ - ერთი 33 წლისაა, მეორე - 35-ის. ამხელა კაცი ვარ და შვილიშვილი ვერ ამიყვანია ხელში (დასევდიანდა). მე და ჩემი მეუღლე ყველაზე მეტად ამას განვიცდით.

- თქვენ რამდენი წლისამ შეირთეთ ცოლი?

- ასაკიანი ვიყავი, 37 წლისა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა სულ სხვა იყო. ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე. დედა ავადმყოფი მყავდა, ხუთი შვილი ვყავდით და უფროსი მე გახლდით. 1952 წელს ოთხი კლასი დავამთავრე ჩემს სოფელში და მას შემდეგ ბოჭორნაში სკოლა აღარც ყოფილა. მერე ღამის სკოლაში ვისწავლე. ალვანში ვსწავლობდი. უმაღლესში გვიან ჩავაბარე, მეშვიდე წელს. "სამედიცინოზე" ხომ იცით, როგორც ხდებოდა? მერე კათედრაზე დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ იქ რომ დავრჩენილიყავი, ოჯახს ვეღარ შევქმნიდი - ასისტენტს 100 მანეთს უხდიდნენ და ამით როგორ ვარჩენდი ცოლ-შვილს? ამიტომ ოჯახი ვარჩიე და დავქორწინდი. ახლა რა გამოვიდა? - მე გვიან დავქორწინდი, ბალღები ასე არიან, უცოლშვილოდ, დრო კი გაიპარა - სამ თვეში 74 წელი შემისრულდება... შეიძლება, ვიღაცას შექანებულიც ვეგონო, - ამ სიმაღლეზე რა აჩერებს მარტოო? თან, თუ სადმე, მთა-თუშეთში "დაკარგული თოვლია", პირველად ჩემს სოფელში უნდა მოვიდეს. წელს ოქტომბერში გაყინა - მინუს 17 გრადუსი იყო, მაგრამ მაინც იქ მირჩევნია. რაფიელ ერისთავის "სამშობლო ხევსურისა" ხომ გახსოვთ, - "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ..."? ეს სულ სხვა გრძნობაა. შეშა მომარაგებული მაქვს. აგვისტოშიც კი "ფეჩს" ვანთებ ხოლმე. სტუმრები რომ მომივლენ, დღისით კიდევ რა უშავს და ღამით იმათაც რომ შესცივდებათ, ვანთებ ხოლმე.

- ძირითადად, ვინ გსტუმრობთ ხოლმე?

GzaPress- ხან ნათესავები ამოდიან, ხან ვიღაც გამვლელი ითხოვს ღამის გასათევს, მაგრამ ასე ძირითადად, ზაფხულში ხდება, თორემ ზამთარში გამვლელს ვნატრობ. ხანდახან სხვა სოფლიდან მეწვევიან ხოლმე. ამბულატორია ომალოშია და იქაც ჩავდივარ შიგადაშიგ, მით უფრო, თუ ვინმე ავად გახდება. იქ დასარჩენი პირობები არ არის: შეშა მაქვს, მაგრამ არც სინათლეა, არც ჰელიოგამათბობელი, წყალიც ძლივს გავაყვანინე შარშან. ტრავმის გამო გასაკერი თუ არის ვინმე, სანთლის შუქზე ვმუშაობ, მაგრამ სერიოზულ ოპერაციას ხომ ვერ გავაკეთებ ასეთ პირობებში? თუმცა, ზოგჯერ სხვა გზა არ არის. როცა ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რას ვიზამ? ორსულიც კი მიმშობიარებია... ამოდიან სამთავრობოებიც და არასამთავრობოებიც, კანფეტს გადმოაგდებენ, ასე ტკბილად დამიბერდიო და რა? - მიდიან უკან და როგორც თიბათვის თოვლი, ასე იკარგება მათი დაპირება. ისე, ამ მხრივ ბოჭორნაში უკეთესი პირობები მაქვს და სხვა სოფლებში წასასვლელად და ავადმყოფის დასახმარებლად ჩემიდან უფრო იოლია წასვლა. თანაც, ზამთარში ფეხით უნდა იარო, ცხენით ვერ იმოძრავებ. არც მიჭირს ფეხით სიარული. ცხენი კი მყავს, ლურჯას ვეძახი, 3 წლის წინ მაჩუქა ერთმა კაცმა. - რად მინდა შენი ფული, ერთ კაცსაც რომ აჩუქო სიცოცხლე, რად ღირსო, - მითხრა. თუ თოვლი არაა, ცხენით დავდივარ, დრო რომ არ დაიკარგოს.

- ბატონო ირაკლი, ევროპის ყველაზე მაღალი სოფლიდან როგორ მიულოცავთ სრულიად საქართველოს ახალ, 2015 წელს?

- ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას, სიყვარულს და რაც მთავარია, ბერსა და ერს, საქართველოში მცხოვრებს, ვუსურვებ საქართველოს გამთლიანებას. ეს ხომ ყველას ტკივილია! საახალწლოდ ჩემი ჩასაფიქრებელიც ეგაა: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახის, შვილების ბედნიერება, მერე - ერისა და ქვეყნის გაერთიანება-გამთლიანება.

ირმა ხარშილაძე