ვნებათაღელვა 2014 წლის ბიუჯეტის გამო - გზაპრესი

ვნებათაღელვა 2014 წლის ბიუჯეტის გამო

2014 წლის ბიუჯეტის შესრულება კარგა ხანს იყო ქართველი ექსპერტებისა და ოპოზიციის განსჯის საგანი. წლის ბოლოს გაცხარებული დებატები იმართებოდა ამ თემის გამო, იმ დღეებში ყველაზე მეტი კრიტიკა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდა, თუმცა, ოპონენტების ვარაუდს, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდებოდა, მთავრობამ ცივი წყალი გადაასხა: ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, შესრულებულია ბიუჯეტის ორივე პარამეტრი, თუმცა, ოპონენტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი მხოლოდ ქაღალდზე შესრულდა. ხადურის უწყების მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის 16 მილიონის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 100,2%-ია, საგადასახადო შემოსავლები კი, გეგმას 27 მილიონი ლარით აღემატება. ყველაზე პრობლემური, ხარჯვითი ნაწილი კი, ოფიციალური მონაცემებით, 98,8%-ით შესრულდა. ამ თემის ირგვლივ ექსპერტთა მოსაზრებებიც განსხვავებულია:

რამაზ გერლიანი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი:

GzaPress- ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში შესრულდა, მაგრამ დეფიციტი დარჩა ხარჯვით ნაწილში, რომელიც მხოლოდ 98,8 პროცენტით შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხა დაიხარჯა: 100 მილიონ ლარზე მეტი ავანსად ჩაერიცხა მხარჯველ ორგანიზაციებს, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ამ თანხებს 2015 წელს გამოიყენებენ. აქ საუბარია არა იმაზე, ბიუჯეტი ქაღალდზე შესრულდა თუ რეალურად, არამედ იმაზე, რამდენად ეფექტიანად გამოვიყენეთ შარშანდელი წელი. როდესაც მთელი წლის განმავლობაში გეგმიდან ჩამორჩენა გაქვს და ბოლო 2-3 თვეში ყველაფერს ერთბაშად დახარჯავ, ეს მოსაწონი სულაც არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, მთელი წლის განმავლობაში გამოიზოგო შაქარი, დღეში 1-2 კოვზის მეტი არ დახარჯო და წლის ბოლო დღეებში ერთბაშად ჩაიყარო ჭიქაში. ეს ადამიანს ან დიაბეტს დამართებს, ან სხვა დაავადებას. ანალოგიურად ხდება ამ შემთხვევაშიც, რადგან საბიუჯეტო თანხა არაეფექტიანად გამოიყენეს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ჩამორჩენა გვაქვს დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე, თუმცა, რეალურად ეს ციფრი უფრო მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ შარშანდელი ბიუჯეტი რეალურად ჩავარდნილია. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს ისედაც იზრდება ყველაფრის ფასი, დამატებითი თანხის გაშვება მიმოქცევაში კიდევ უფრო აძლიერებს ამ პროცესს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდებოდა და ასეც მოხდა. სამაგიეროდ, გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლების ნაწილი, მაგრამ ესეც ბოლო დღეებში მოხერხდა. ამაზე მეტყველებს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბიუჯეტი კორექციისა და შესწორების გარეშე იყო, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, არ ყოფილიყო გეგმიდან გადახრა ან ჩამორჩენა და ბოლო დღეებში თანხა არაეფექტიანად არ გაფანტულიყო სხვადასხვა მიმართულებით. ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი ორ დღეში შესრულდა. გამოდის, რომ ის, რაც 2014 წელს უნდა დახარჯულიყო, წელს დაიხარჯება. ეს კი, ინფლაციასა და ფასების ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს: როდესაც მიმოქცევაში ერთბაშად დიდი რაოდენობით თანხა გამოიტყორცნება, ეს ყოველთვის იწვევს ფასების ზრდას. მართალია, პროდუქტის გაძვირებას სეზონურობითა და საახალწლო პერიოდითაც ხსნიან, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ფაქტორია. ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა, თანხების მობილიზება და სწორი ხარჯვა ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა, საერთო ჯამში ეკონომიკაზე მთლიანად მთავრობაა პასუხისმგებელი. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს იმ არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ატარებენ დღემდე. ინფლაციის მაჩვენებელი არ იზრდება, რადგან საწვავის ფასი ეცემა, მაგრამ ინფლაციის მაჩვენებელში პროდუქტების წილი საკმაოდ მაღალია.

ვაჟა კაპანაძე, მაკროეკონომიკის სპეციალისტი:

- ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ბიუჯეტი მხოლოდ ქაღალდზე შესრულდა. ბიუჯეტი ქაღალდზე სრულდებოდა ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ქვეყანაში ფული არ ბრუნავდა და არაფერი კეთდებოდა, ახლა კი, ფულიც ბრუნავს და კიდეც იხარჯება. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი პროპორციულად ხდებოდეს და ყოველ თვეში 1/12 შემოდიოდეს, მაგრამ როგორც წესი, ასე არ ხდება. საკუთარ ოჯახში რომ გეგმავთ რამეს, ყველაფერს ზუსტად ასრულებთ? მეტი თანხა რომ დაეხარჯა ფინანსთა სამინისტროს, მაშინ იტყოდნენ - კანონი დაარღვიესო. არის თვეები, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ისედაც აქტიურია. ჩემი დაკვირვებით, წლის ბოლოს ეკონომიკური აქტივობა ყოველთვის იზრდება ხოლმე და ამ დროს იზრდება ბიუჯეტის შემოსავლებიც, მაგრამ უმეტესობას პრეტენზია ჰქონდა ხარჯვით ნაწილზე, რომელიც ვერ სრულდებოდა და ამის ძალიან ცუდ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ. ხარჯვითი ნაწილი შეიძლება არ შესრულდეს, ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია. ვფიქრობ, რომ ყოველივე ამას უბრალოდ, პოლიტიკური სარჩული აქვს: მოსახლეობას აჩვენებენ - ფინანსთა სამინისტროს ეს ფული რომ დაეხარჯა, უკეთესად იცხოვრებდით და ქვეყანაც უფრო წელგამართული იქნებოდაო. ეს ოპოზიციის ლოგიკაა, რომელსაც სურს, ყველაფერში კატასტროფა დაინახოს. წინა ხელისუფლების დროს ვინ გვახედებდა ბიუჯეტში? ახლა კი, ყველამ ყველაფერი იცის და ყველა ფინანსთა სამინისტროს ასწავლის ჭკუას. ლაპარაკს ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციაა.

რაც შეეხება ტენდერების ხელოვნურ ჩაშლას, საკითხავია, ვინ ვერ შეასრულა დაკისრებული სამუშაოები და რატომ, ეს არაპროფესიონალიზმითაა გამოწვეული თუ სხვა რამით. ასეთ კომპანიებს ჯარიმები უნდა გადაეხადათ. ვფიქრობ, საკამათო არ არის, ეს წელი საკმაოდ ნორმალური იყო ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით და თუ რაიმე ნაკლოვანება იყო, ეს იყო ძირითადად საგარეო დაფინანსების ნაწილში. რის საფუძველზე ამტკიცებებნ ქაღალდზე შესრულდაო? ან ხომ შეიძლება, რაღაც ვერ შესრულდეს და მომავალი წლისათვის გადავიდეს? ეს კატასტროფა არ არის, თუმცა, ოპოზიცია ამას იყენებს, რომ ხალხს უთხრას - ფინანსთა სამინისტრომ ფული რომ ვერ დახარჯა, იმიტომ ხართ ღარიბებიო. ნებისმიერი ორგანიზაცია ბიუჯეტს რომ დაგეგმავს, შეიძლება ყველაფერი ზუსტად ვერ შეასრულოს ან რაღაც ეკონომიაც გააკეთოს - რა არის ამაში ცუდი? ეს ცხოვრებაა, ყველაფერი დოგმებად ხომ ვერ იქნება გაწერილი?

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

- სამწუხაროდ, ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დროულად ვერ სრულდება და თანხა ბოლო დღეებში იხარჯება, საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის და არც უკანასკნელია, ეს კარგი ცხოვრების ბრალი არ არის. მე ამ კომპანიებს, რომლებიც ბოლო დღეებში ცდილობდნენ თანხის დახარჯვას, ზარმაც სტუდენტებს ვადარებ, რომლებიც გამოცდების წინა დღეებში ცდილობენ ყველაფერი ისწავლონ და ხშირად დღე-ღამეში 18 საათის განმავლობაში მეცადინეობენ, როცა მანამდე სწავლით თავს არ იკლავდნენ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ვფიქრობ, რომ ფინანსთა მინისტრი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებაა ქვეყანაში და თუ მის ნათქვამში ეჭვს შევიტანთ, ისეთი პიროვნება, რომელიც გვატყუებს, არ უნდა იყოს მინისტრი. ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ და ვენდოთ - რადგან თქვა, რომ ბიუჯეტი შესრულდა, ესე იგი, მისგან მოწოდებული ინფორმაცია უნდა დავიჯეროთ. ფინანსთა მინისტრი უბრალოდ ახმოვანებს იმას, რაც ხდება, ბიუჯეტის შესრულებაზე კი, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და მთავრობაა პასუხისმგებელი, თუმცა, ამ სიტუაციაში უფრო მაღალ დონეზე ვერავის შესწვდნენ და როგორც იტყვიან, ჯოხი ფინანსთა მინისტრზე გადატყდა. სამწუხაროა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ბოლო დღეებამდე არ იყო შესრულებული, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვეულებრივ დღეებსა და წლის ბოლო პერიოდს შორის ამ მხრივ განსხვავება მცირე იყოს. არათანაბარზომიერი დატვირთვა მოვიდა წლის ბოლო დღეებზე. სასურველი იქნებოდა, დატვირთვა თანაბრად გადანაწილებულიყო ყველა სეზონზე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: რამდენად სწორად ხდება დაგეგმვა, რამდენად დროულად სრულდება ტენდერები და მათი პირობები ან რამდენად სწორად მუშაობს ბიუროკრატიული აპარატი... მე მგონი, ეს საკმარისი გამოცდილება იქნება საიმისოდ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი მაინც გადანაწილდეს ზომიერად და გონივრულად.

ხათუნა ჩიგოგიძე