გარიგება, რომელიც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს - გზაპრესი

გარიგება, რომელიც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს

გასული წლის ხმაურიან ბიზნესგარიგებებს შორის ყველაზე დიდი კამათი ფოთის პორტის წილის გასხვისებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადადის, რადგან რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" კომპანია "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს ყიდულობს. ეს კომპანია ქართველ ბიზნესმენს - დავით იაკობაშვილს ეკუთვნის, ცნობილია ისიც, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება.

"როსნეფტი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ნავთობისა და გაზის სფეროში, ამავე დროს, ის რუსეთის სტრატეგიული კომპანიების ნუსხაშია შესული. ბიზნესგარიგების მხარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საქმიანობას ამიერკავკასიაში. ფოთის ნავთობტერმინალის წილის გასხვისებაზე ჩვენს ხელისუფლებაში ბევრს არ ლაპარაკობენ, მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი ბერკეტი არა აქვთ მსგავსი გარიგებების ჩასაშლელად, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი, საზოგადოებას შეახსენა, რომ "პეტროკასი" თავის დროზე წინა ხელისუფლების წევრების საკუთრება იყო. თავის დროზე, "პეტროკას ენერჯი გრუპი", ისევე როგორც მისი შვილობილი "გალფი", საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კეზერაშვილმა განაცხადა, - ჩემი წილი "გალფში" რუსეთში მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს მივყიდეო. მიუხედავად ამისა, ბევრი ეჭვობს, დათმო თუ არა კეზერაშვილმა თავისი წილები ამ ბიზნესში იაკობაშვილის სასარგებლოდ. ამ საყურადღებო ფაქტების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ეკონომიკის ექსპერტს, ლევან კალანდაძეს:

- ბატონო ლევან, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის აქციების გადასვლამ "როსნეფტის" მფლობელობაში სერიოზული კამათი გამოიწვია.

- ბუნებრივია, ჩვენს საზოგადოებაში ეს გარიგება გარკვეულ ეჭვს გამოიწვევდა, რადგან კითხვები, რაც "პეტროკას ენერჯის" ირგვლივ არსებობდა წარსულში, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. როდესაც ქვეყანაში "როსნეფტი" შემოდის და თავის სტრატეგიულ ინტერესებს აფიქსირებს, ბუნებრივია, კვლავ ჩნდება შეკითხვები. ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა ერთგვარი უკმაყოფილება კეზერაშვილის საქმიანობის გამო. შემდეგ ეს კომპანია დავით იაკობაშვილმა იყიდა, თუმცა, კითხვებზე, რაც კეზერაშვილის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, პასუხი არ გაცემულა. იაკობაშივილი ძალიან გავლენიანი მილიარდერია, ის რუსეთში მოღვაწეობს და ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად "როსნეფტი" რუსული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელია მეზობელ ქვეყნებში და აქედან გამომდინარე, "როსნეფტის" განცხადებები, რომ მას სურს საქართველოში ალტერნატიული ენერგეტიკული მაგისტრალის გაძლიერება და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ ეს არის რუსული სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის მცდელობა საქართველოში.

- რისი გაკეთება შეეძლო ამ გარიგების შესაჩერებლად ქართულ სახელმწიფოს?

- დღეს ძალიან ბევრს კამათობენ, უნდა შეგვეშალა ხელი ამ გარიგებისათვის, თუ არა, ან რისი გაკეთება შეეძლო სახელმწიფოს, რომელიც ნაკლებად უნდა ერეოდეს ბიზნესის ან მისი წილების გაყიდვაში. რეალურად, სახელმწიფო მართლაც ვერ ჩაერეოდა ამ საკითხში, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როლი ამ ტიპის საკითხების დარეგულირებაში არის ის, რომ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ენერგეტიკულ მაგისტრალებთან და საერთოდ, ენერგეტიკასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას არა აქვს. საქართველოს არა აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა, რომლითაც თავის ენერგოდამოუკიდებლობას დაიცავს. როცა ასეთ პრეტენზიებს სახელმწიფოს წავუყენებთ ხოლმე, მათი არგუმენტი მარტივია: ბიზნესის საქმეში ხომ არ ჩავერეოდით და კომპანიებს ხომ არ შევზღუდავდითო?

- ბატონო ლევან, ეს საკმაოდ მყარი არგუმენტია...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების კითხვებზე უფრო გამჭვირვალე და მკაფიო პასუხები რომ გაეცა, დღეს ჩვენ აღარ ვისაუბრებდით ამ გარიგების ავკარგიანობაზე და იმაზე, უნდა მიეყიდა თუ არა თავისი წილი "პეტროკასს" "როსნეფტისათვის". აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ბრალეულობა ის კი არ არის, რატომ არ შეუშალა ხელი "როსნეფტს" შეეძინა "პეტროკასის" აქციების 49%, არამედ ის, რომ, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, როგორ უნდა დააღწიოს თავი საქართველომ რუსეთის ან თუნდაცAაზერბაიჯანის გავლენას. ეს არის მათი პოლიტიკის ნაკლოვანება, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი კეთდება და სწორედ ამიტომაა "პეტროკასისა" და "როსნეფტის" გარიგება პრობლემური. ის, რომ რუსეთს საქართველოში სტრატეგიული ინტერესები აქვს, ყველამ კარგად ვიცით, დღესავით ნათელია ისიც, რომ რუსეთი შეეცდება, ქართულ ენერგეტიკაში დომინანტის პოზიცია დაიკავოს. პრობლემა ის არის, თუ რას უპირისპირებს ხელისუფლება რუსული "დერჟავული" პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში.

- ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველ ეკონომისტთა ერთ ნაწილს ამ გარიგებაში განსაკუთრებული საფრთხე არ დაუნახავს.

GzaPress- როცა ვამბობთ, რომ რუსული კაპიტალი საშიში არ არის, ეს სწორია, მაგრამ როდესაც რუსული კაპიტალის უკან კრემლის პოლიტიკური ინტერესები იმალება, მსგავსი გარიგებები უკვე მაღალი რისკის მატარებელია. თუმცა, სხვა ქვეყნებზეც იგივე უნდა ვთქვათ: ის, რომ "სოკარი" გაზის ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოსთვის და პრაქტიკულად, მონოპოლისტია ამ ბაზარზე, საკმაოდ მაღალი რისკისა და საფრთხის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ ქვეყანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ გვინდა, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს და წარმატებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, აქ სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო უნდა შევქმნათ. რაც უფრო მეტად ვიქნებით რუსეთზე ან სხვა ქვეყნებზე ჩამოკიდებული, მით უფრო გაუჭირდება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და სიძლიერის მიღწევა. ამავე დროს, მით უფრო ნაკლებ მიმზიდევლი იქნება საქართველო ინვესტორებისთვისაც.

- ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ფოთის პორტის ხელში ჩაგდება საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სცენარის ნაწილია და საკმაოდ ვერაგ გეგმებზეა მიბმული. როგორ ფიქრობთ, ეს ვარაუდია, თუ რეალური პერსპექტივა?

- იმისათვის, რომ გარკვეულ დასკვნებამდე მივიდეთ, კვლევა უნდა ჩატარდეს, ჩვენ კი, მხოლოდ ექსპერტულ შეფასებებს ვაკეთებთ - მეც, ბატონი რომანიც და სხვებიც. ვახდენთ იმ რისკ-ფაქტორების ანალიზს, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ვეთანხმები ბატონი რომანის პათოსს, რომ ფოთის ნავთობტერმინალის გასხვისება სერიოზული რისკისა და ნაღმის მატარებელია, რადგან რეალურად არა გვაქვს ინფორმაცია გარიგების დეტალების შესახებ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ეს კონვერტაციაა თუ ინვესტიცია. სავსებით ლოგიკურია, რომ რისკები არსებობდეს. თანამედროვე მსოფლიოში ტანკებით ქვეყნების დაპყრობა მოდაში აღარ არის. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, ეს პოლიტიკა მთელ თავის სამეზობლოში განახორციელოს და მშვიდობიანი გზებით მოიპოვოს მათზე გავლენა. ეს მცდელობა სწორედ ახლა ხორციელდება საქართველოში - ეკონომიკური ბერკეტებისა და ეკონომიკური ექსპანიის გზით. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს და ქართველი ექსპერტების ეჭვები და შიში უსაფუძვლო სულაც არ არის. ამიტომ, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მაღალჩინოსნების განცხადებები - ჩვენ ბიზნესში არ ვერევით და ხელები დაგვიბანიაო. ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არაკომპეტენტური და არასახელმწიფოებრივი განცხადებებია, რომლებსაც მინისტრი ან სახელმწიფო მოხელე არ უნდა აკეთებდეს.

- დაბოლოს, რა შეიძლება დაუპირისპიროს პატარა საქართველომ ამ რისკს?

- ევროპაზე, დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს. ის, რომ რუსეთი ნომერ პირველ პარტნიორად და პრიორიტეტად ვაღიაროთ, არასწორია. რუსული ეკონომიკა ზედმეტად მყიფეა და პოლიტიზებული, ეს არის ოლიგარქიულ ბიზნესსა და კაპიტალზე დამოკიდებული ეკონომიკა. ამიტომ, მასთან ქართული სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. საქართველომ ყველა გზა უნდა გამოიყენოს, რომ არ იყოს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული. ეს საშუალებას მოგვცემს, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ველაპარაკოთ როგორც თანასწორ და თანაბარ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ოღონდ, არა როგორც მაჩანჩალა სახელმწიფო, არამედ - ძლიერი და წელში გამართული. ამისათვის კი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

ხათუნა ჩიგოგიძე