რატომ შერცხვა სოფლის მეურნეობის მინისტრს და რის პირობას დებს იგი - გზაპრესი

რატომ შერცხვა სოფლის მეურნეობის მინისტრს და რის პირობას დებს იგი

როგორი იყო განვლილი 2014 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალში? ბუნებრივია, ამ კითხვებზე ყველაზე კომპეტენტური პასუხები მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას აქვს.

- ბატონო ოთარ, 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად რა მიგაჩნიათ?

- გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება. უნდა აღვნიშნოთ რთველი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. 2014 წლის რთველს შეგვიძლია დავარქვათ უპრეცედენტო როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე - სტატისტიკური მონაცემებით. ალბათ საქართველოში ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი წარმატება მოიპოვა ქართულმა ღვინომ. ასევე, წელს პირველად მოხერხდა 44 ათასი ტონა სამრეწველო ვაშლის სუბსიდირება, კილოგრამზე 8 თეთრით, რამაც შეძლო მოტივაციისა და სოციალური მხარის უზრუნველყოფა ამ დარგში. მანდარინის სუბსიდირებაც შევძელით 8 თეთრით. ქართული მანდარინი გაიყიდა ევროპის ბაზარზე და წელს პირველი შემთხვევაა, როცა ხალხს არა აქვს ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა. 21 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, ხოლო ადგილზე გადამუშავებულია 10 ათას ტონამდე. ჩვენი შტაბი მუშაობდა ოპერატიულად ამ საკითხზე და ამის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეიძლება ონლაინრეჟიმში. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ სამრეწველო დანიშნულების ციტრუსის სუბსიდირებაც მოვახდინეთ. დაბალი ხარისხის მანდარინი, რომელსაც ადრე ყრიდნენ, ახლა გადამუშავდა. წარმატებებზე ლაპარაკს აგროდაზღვევით დავასრულებ. მართალია, კიდევ გვაქვს სხვა მიღწევებიც, მაგრამ აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. 150 მილიონის ღირებულების პოტენციური რისკი არის დაზღვეული. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია - 20 ათასზე მეტი პოლისია გაცემული.

- სახელმწიფო ერევა აგროდაზღვევის საკითხში?

GzaPress- ჩვენ არ ვერევით კერძო სექტორის საქმიანობაში. დამზღვევსა და დაზღვეულს შორის ურთიერთობა რეგულირდება ჩვენგან დამოუკიდებლად. თუ რომელიმე მხარემ პრეტენზია გამოთქვა, არსებობს სიტუაციის გამოსასწორებელი მექანიზმები.

- ადრე არსებობდა ე.წ. მიწის კადასტრი, რომელიც გულისხმობდა ყოველმხრივ სანდო ინფორმაციის ბაზას. კიდევ არსებობს ასეთი ბაზა საქართველოში?

- ყოველმხრივ სანდო ინფორმაციის ბაზის შექმნაზე ვმუშაობთ. უკვე შექმნილია შაბლონი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რომელიც გვიჩვენებს რაიონის მდებარეობას, რესურსულ ბაზას, მეტეოსტატისტიკას, ჯიშებსა და კულტურებს, რომელიც ყაზბეგშია წარმოდგენილი, ასევე წარმოდგენილია საინვესტიციო გარემო, ინფრასტრუქტურა. ასეთი სახის დოკუმენტი ჯერ არ გვქონია და საჯარო გახდება სამ ენაზე (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), რათა ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს პოტენციური ინვესტორებისთვის და ეს იქნება აღმოჩენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობით. საინფორმაციო ბაზის შექმნაში ჩავრთავთ სტუდენტებსაც, რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული ზრდა და მოტივირება.

- დიდი ხნის წინ წერდა ნიკო ნიკოლაძე, რომ ქვეყნის ეკონომიკას მანამდე არ ექნება პროგრესი, ვიდრე გასატანი არ გვექნება მეტი, ვიდრე შემოსატანი...

- გვაქვს იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა. იმპორტის შემცირებას, თავისთავად ცხადია, მივესალმებით. ექსპორტირებული საქონლის რაოდენობით საქართველო ვერ გაუწევს კონკურენციას ჩინეთსა თუ თურქეთს, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს ხარისხზე აქცენტი გაკეთებული. საქართველოს შეუძლია, ბიომიმართულებით განავითაროს სოფლის მეურნეობა. ბიოპროდუქციის წარმოების რესურსებიც დათვლილი გვაქვს და შესწავლილი გვაქვს ბაზარიც. აგროპროდუქციის იმპორტს სეზონური ხასიათი რომ არ ჰქონდეს, საჭიროა ორი მიმართულებით მუშაობა: სასათბურე და სასაწყობო-სამაცივრე წარმოების განვითარება. თუ გვექნება სათანადო სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობები, მნიშვნელოვნად შევამცირებთ იმპორტს.

- საქართველოში უმეტესად არსებობს ვიწროფერმერული მეურნეობები, რომლებიც თვითკმარობაზეა ორიენტირებული. გამოსავალი ალბათ კოოპერირებაშია.

- ჩვენში, გარდა მცირემიწიანობისა, პრობლემაა დანაწევრებული ნაკვეთები და არადეკლარირებული მიწებია. სწორედ არადეკლარირებული მიწის ფაქტობრივი მფლობელები ხშირად ხელს უშლიან ინვესტორს, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელს არანაირი იურიდიული უფლება არა აქვს მიწაზე. ვგეგმავთ სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას, რომელიც იქნება მიწის რეგისტრაციისთვის მასტიმულირებელი. საქართველოში დასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ მაღალია - 53%. ისინი ყველანი ვერ გაერთიანდებიან კოოპერატივებში, მაგრამ ექნებათ შესაძლებლობა, წარმოებული პროდუქცია გაყიდონ. ასეთი იქნება თუნდაც რძის წარმოება და მიმღებ პუნქტებში ჩაბარება. იდეალურია ე.წ. ,,სოფელი-კოოპერატივი", რომელიც ერთ ან ორ პროდუქციას აწარმოებს. ამას თავისთავად მოჰყვება ლოჯისტიკური და სხვა სამუშაო ადგილები, რაც საბოლოოდ, ჯანსაღ ეკონომიკურ ჯაჭვს შექმნის. ახლა მთავარია, ფრთხილად მივუდგეთ კოოპერირების საკითხს. მას არ უნდა შეელახოს იმიჯი და მიმზიდველი უნდა გახდეს შემოსავლიანობის თვალსაზრისით ადამიანებისთვის. ნატურალური მეურნეობა, რომლის მარტივად წარმოდგენა ასე ხდება: "ვთესავ სიმინდს, რომ მივიღო მისგან ჩალა, რომელსაც ძროხას შევაჭმევ და რძისგან მივიღებ ყველს, რომლითაც გამოვიკვებები", არის მოძველებული და არარენტაბელური.

- როგორ აპირებთ ინფორმაციის მიტანას აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებამდე?

- იმისათვის, რომ ყველა გლეხამდე დროულად მივიტანოთ ინფორმაცია, გამოვიყენებთ ყველანაირ საშუალებას, რაც კი არსებობს - საინფორმაციო ბუკლეტები, ადგილობრივი და ინტერნეტ ელევიზიები, სოციალური ქსელები, სამეცნიერო-პოპულარული ფილმები (თარგმნილია დაახლოებით 300 ფილმი, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობას) დაეხმარება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს და გვექნება აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვაღიარებ, რომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ამისთვის ვგეგმავთ თუნდაც "ფეისბუკის", როგორც საინფორმაციო ინსტრუმენტის, მიზნობრივად გამოყენებას.

- საქართველოში ხშირად პოპულარიზაციას უწევენ ისეთ ჯიშებს, რომლებიც არ არის რენტაბელური. ადგილობრივი ჯიშების უგულებელყოფამ, მოგეხსენებათ, მრავალი აბორიგენული ჯიში შეამცირა და გადაშენების პირამდე მიიყვანა.

- გვერდს ვერ ავუვლით მაღალპროდუქტიული ჯიშების უცხოეთიდან შემოტანას. თუმცა, იმ ჯიშმა, რომელიც მაღალპროდუქტიულია საზღვარგარეთ, შესაძლოა, ჩვენს პირობებში ისეთი მოსავალი ვერ მოგვცეს. ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

- რას იტყვით ქართული ფუტკრის შესახებ? მეფუტკრეობა ალბათ ერთ-ერთი წამყვანი დარგი უნდა გახდეს.

GzaPress- დაგეგმილია მუხურაში მეფუტკრეობის მეურნეობის ჩამოყალიბება, რომელიც ქართული ფუტკრის წმინდა ხაზის შენარჩუნებაზე იმუშავებს. მოგეხსენებათ, რომ ქართული რუხი ფუტკარი თავისი პოპულაციებით ყველაზე პროდუქტიულია და მას მოფრთხილება სჭირდება.

- საქართველომ საერთაშორისო ვალდებულება აიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. თუ იგეგმება რაიმე შშმ პირებისთვის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ?

- მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სოციალური წარმოების განვითარებასთან ერთად, გვექნება მასტიმულირებელი პროექტები. ხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ჯერჯერობით არ აქვს ადაპტირებული გარემო. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით გეუბნებით, რომ ძალიან შემრცხვა, როცა ერთხელ ჩემთან მიღებაზე იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირი და ის კაბინეტამდე ხელით ამოიყვანეს. მალე სამინისტროს შენობა იქნება აღჭურვილი პანდუსებითა და ლიფტით. ეს მცირე ნაწილი იქნება, რასაც მოკლე ხანში ამ კატეგორიის ადამიანებს შევთავაზებთ. თუ ადამიანებს შევუქმნით იმ გარემოს, სადაც მათ ექნებათ პოტენციალის გამოვლინების შესაძლებლობა, ეს იქნება საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი. თუმცა, ამ წუთისთვის ამ მიმართულებით მზა რეცეპტი არ გამაჩნია. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ქმნის ღირებულს და არ უნდა იყოს შეცოდების მომენტი, რომელიც დამთრგუნველია. ვფიქრობ, რომ მალე გვექნება პროგრამები, რომლებიც ამ მიმართულებით პოზიტივს შექმნის.

როლანდ ხოჯანაშვილი