მზია ჯუღელი - მშობლებწართმეული "ბედნიერი საბჭოთა ბავშვი" - გზაპრესი

მზია ჯუღელი - მშობლებწართმეული "ბედნიერი საბჭოთა ბავშვი"

უდედმამოდ გაიზარდა, მათი ლოცვა-კურთხევის გარეშე გათხოვდა და ცხოვრებაშიც ბევრი რამ დაკარგა. გზა მაინც გაიკვლია, იმ საშინელ ეპოქაში არ დაიკარგა და სპორტში უმაღლეს მწვერვალს - ოლიმპიურ ჩემპიონობას მიაღწია.

გურჯაანში იზრდებოდა. მშობლები ექიმები იყვნენ და სახლშიც არაფერი აკლდათ. ცეროდენა მზია ნამდვილი ახტაჯანა ყოფილა - ცხენზეც ჯირითობდა, ხეებზეც დაძვრებოდა და ლახტსაც თამაშობდა. ყველაზე მეტად კი რატომღაც, ტანვარჯიშის რგოლებზე ქანაობა მოსწონდა. სკოლის ეზოში ფიზკულტურის მასწავლებელს სადღაც ნაშოვნი რგოლები ჩამოუკიდებია. ვერცხლისწყალივით გოგონას ხომ მოძრაობას ვერავინ დაუშლიდა და ისიც გაუთავებლად ამ რგოლებზე ქანაობდა. მაშინ 8 წლის იყო და აბა, ვინ წარმოიდგენდა, თუ ეს ქალაბიჭა სახელოვანი სპორტსმენი გამოვიდოდა?! თუმცა, როგორც ჩანს, იმ მასწავლებელმა მაინც იფიქრა და პრაქტიკულად, სწორედ მის გამო, გურჯაანში ტანვარჯიშის დარბაზი მოაწყო.

GzaPressმალე მზიამ საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა თანატოლებს შორის და სპეციალისტებსაც მოაწონა თავი. მაგრამ სამწუხაროდ, ასევე მალე დადგა ის ავბედითი დღე, როდესაც მათი ოჯახის კარზე "მაკინტოშიანმა ძიებმა" დააკაკუნეს. 1938 წლის 23 თებერვალი თენდებოდა... გავიდა 2 კვირა და კაკუნი კარზე ისევ გამეორდა. ამჯერად, ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი იყო, მზიას დედა რომ წაიყვანეს.

ახლა ვნახოთ, ყოველივე ამის შემდეგ რას წერდა 15 წლის გოგონა საბჭოთა პრესაში:

"საბჭოთა კავშირის ბავშვები უბედნიერესი ბავშვები ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენზე ზრუნავს ლენინ-სტალინის პარტია. ჩვენზე ზრუნავს ჩვენი საუკეთესო მეგობარი, დიდი სტალინი. ჩვენ გვიქმნიან ყოველგვარ პირობას სწავლისათვის, ბედნიერი ცხოვრებისათვის. პირობას ვიძლევი, გავამართლო ეს მზრუნველობა და ყურადღება".

...1940 წლის საკავშირო ჩემპიონატი უფროსი ასაკის გოგონებში ლენინგრადში ტარდებოდა. მზია ასაკით პატარა იყო და შეჯიბრების წესების თანახმად, უფროსებში ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის წარმატებას მიაღწევდა, ამიტომ დაბადების მოწმობაში თარიღი გადაუკეთეს - ერთი წელი მიუმატეს. სხვათა შორის, ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ქალბატონი მზიას იუბილეს გადახდას აპირებდნენ. სწორედ მაშინ გაამჟღავნა თავად განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მაშინდელი ხელმძღვანელის, გიორგი მერკვილაძისა და პირადი მწვრთნელის, არჩილ ბაქრაძის ეს "ცოდვა"... ლენინგრადში კი მზია მართლაც კარგად გამოვიდა: ბჯენით ხტომებსა და ორძელზე ვარჯიშში გაიმარჯვა. რაც მთავარია, იმდენად შთამბეჭდავად გაიმარჯვა, რომ მეორე დღეს საბჭოთა კავშირის უმთავრესმა გაზეთმა - "პრავდამ" მისი ფოტოსურათიც დაბეჭდა. მის ფურცლებზე ვინმეს შექება, ღმერთის - არა, მაგრამ კრემლის რჩეულობას კი ნიშნავდა. ესეც ბედის ირონიაა ალბათ: ამ გაზეთმა თავისი არსებობის განმავლობაში შეიძლება, ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა - მზიას დედა აპოვნინა, რომლის ადგილსამყოფელიც მანამდე არ იცოდა... მზიამ უფროსების რჩევით, საბჭოთა კავშირის პროკურორის, ვიშინსკის სახელზე განცხადება დაწერა. მასთან შეხვედრას ითხოვდა. მაგრამ პროკურატურის მისაღებში მორიგემ განცხადებას ზედაც არ დახედა, ისე გადადო გვერდზე. არჩილ ბაქრაძემ კი "პრავდას" დაავლო ხელი და მზიას ფოტოსურათი უჩვენა. ოფიცერი მოულოდნელობისგან ცოტა კი დაიბნა, მაგრამ "ზევით" მაინც დარეკა. საშვი დაუშვეს და ვიშინსკისაც შეახვედრეს. იქიდან კი უსაზღვროდ ბედნიერი გამოვიდა: დედის მისამართი გაიგო და მიმოწერის უფლებაც მისცეს...

ქალბატონ მზიას 1-ელ აგვისტოს 85 წელი შეუსრულდა. წესით, იუბილარი ოლიმპიური ჩემპიონის სპორტული მიღწევების შესახებ უნდა მომეყოლა, მაგრამ ყელში ბურთი მებჯინება, როდესაც წარმოვიდგენ 14 წლის გოგონას თვალებს გენპროკურორის კაბინეტიდან გამოსვლისას, მის გულს ალბათ ბაგაბუგი გაჰქონდა, დედისთვის წერილი კი უკვე დაწერილიც ექნებოდა. ეს გამარჯვება მან თავისი სპორტული მიღწევებით მოიპოვა. კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას მზია ჯუღელმა რამდენიმე წლის შემდეგ მიაღწია. საფეხბურთო ენით რომ ვთქვა, მან საბჭოთა გენერალიტეტს "ცხრიანში" გაუტანა აუღებელი პენალტი.

GzaPressსაბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი სპორტსაზოგადოება იმხანად, "დინამო" იყო. სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიას პატრონაჟით, "დინამოელები" "ხალხის მტრებთან" ბრძოლაშიც გამორჩეულები უნდა ყოფილიყვნენ და სპორტულ არენებზეც. მზია ჯუღელიც ამ საზოგადოების წევრი გახლდათ. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში "დინამოელ" ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატი მოეწყო. მაშინ ამ შეჯიბრებას ხშირად ესწრებოდნენ უმაღლესი ეშელონის პატივმოყვარე ჩინოვნიკები. მათ უყვარდათ გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება, ზოგჯერ კი "დიდსულოვნებას" იჩენდნენ და პირადი პრობლემების მოგვარებაც შეეძლოთ. "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობაზე მზიამ ჩინებულად იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა, დაჯილდოების დროს კი იმ "ლმობიერ" გენერალს როგორღაც გაუბედა და სთხოვა: დედას შემახვედრეთო.

არ ვიცი, რამდენი ვარსკვლავი ეკერა იმ გენერალს სამხრეებზე. არც ის ვიცი, გაუკვირდა თუ არა მზიას სითამამე. შეიძლება იფიქრა, - ამ ჩემს "დინამოელს" ნამდვილი ჩემპიონის ხასიათი ჰქონია და ღირსია, თხოვნა ავუსრულოო... მან მზიას ნატვრა მართლაც აუსრულა, გამცილებელიც მიუჩინა და შემდგომი წარმატებებიც უსურვა.

ვოლოგდა პატიმართა გადასახლების ჩრდილოური მხარე იყო. იქამდე რამდენიმე დღე მოუხდათ მგზავრობა, ჯერ - მატარებლით, მერე - "კუკუშკით", ბოლოს - მარხილებით. არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ შეხვედრა ცრემლიანი იყო. კიდევ უფრო ცრემლიანი გახლდათ განშორება. მაგრამ მთავარი იყო, რომ დედა ცოცხალი დახვდა და ამაში თავად დარწმუნდა (მამა დაპატიმრებისთანავე, 1938 წელს დაუხვრეტიათ; ამის შესახებ ქალბატონმა მზიამ ათწლეულების შემდეგ შეიტყო). ახლა უფრო დაწყნარდა და ვარჯიშსაც გულიანად შეუდგა.

1946 წელს მზია ჯუღელმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. ამასთან, ბჯენით ხტომებში ოთხივე ცდაში უმაღლესი შეფასება - 10-10 ქულა მოიპოვა. მეორედ ჩემპიონის ტიტულს იგი მომდევნო წელსაც დაეუფლა; იმ წელსვე გათხოვდა. მეუღლე - არკადი არხანგელსკი, პროფესიით ინჟინერი - ჩინებული ადამიანი აღმოჩნდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ახალშექმნილ ოჯახს ერთბაშად ორი ბედნიერება ეწვია: ჯერ პატარა ირინა შეეძინა, ორ კვირაში კი - დედაც დაუბრუნდა ოჯახს.

მზია საკავშირო ჩემპიონატებსა და სხვა საშინაო ტურნირებში კვლავ წარმატებით ასპარეზობდა, მაგრამ ისევე, როგორც სხვა საბჭოთა ტანმოვარჯიშეებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილება პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამიტომაც ჰელსინკის ოლიმპიადისწინა - 1951 წელს ისინი ბერლინში, სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე გაამგზავრეს. ქართველი ტანმოვარჯიშე იქაც საუკეთესო იყო ბჯენით ხტომებში, ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ ჩათვლაშიც. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მზია ჯუღელმა ბჯენით ხტომებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეოთხე ოქროს ჯილდო მოიპოვა. ამ დროისთვის უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სხვათა შორის, ამის გამო, ოლიმპიადაზე დაზარალდა კიდეც, მაგრამ ამის შესახებ თავად ქალბატონი მზია გვიამბობს:

- ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. საჭირო იყო პროგრამის შერჩევა და დახვეწა. ბოლო 2 თვე ჯერ სოჭში ვემზადებოდით, ხოლო შემდეგ, ლენინგრადის მახლობლად - ვიბორგში. იქაური კლიმატი ფინეთისას ჰგავს, ამიტომაც აირჩიეს მწვრთნელებმა. მთელი დღე ვვარჯიშობდით, ძალიან დაძაბული გრაფიკი გვქონდა. იმავე შენობაში ვცხოვრობდით, სადაც დარბაზი იყო. დილის 6 საათზე ვდგებოდით. პირის დასაბანად მთელი დარბაზი უნდა გაგვევლო, მწვრთნელებმა კი შესასვლელთან რამდენიმე დვირი დაალაგეს მიჯრით და იძულებული ვიყავით, ამ იარაღზე გვევლო. ასე რომ, ვარჯიშს, პრაქტიკულად, ადგომისთანავე ვიწყებდით. მწვრთნელებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ "მესუხალის" კომპლექსში, სადაც ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიური ტურნირი უნდა ჩატარებულიყო, ტრიბუნების ხმაური იქნებოდა, ამიტომ მზადებისას თითქმის ისეთივე ხმაურში ვვარჯიშობდით.

იმხანად ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებებში 4 სახეობა შედიოდა: ბჯენით ხტომები, ნაირსიმაღლიანი ორძელი, დვირი და თავისუფალი ვარჯიში. მაშინდელი წესებით, ასპარეზობები ბჯენითი ხტომებით იწყებოდა. ამ სახეობაში მე ყველას ვჯობნიდი და მწვრთნელებმაც პირველ ნომრად დამაყენეს. საბჭოთა ნაკრები პირველი გამოდიოდა ფიცარნაგზე. ასე რომ, ტანმოვარჯიშე ქალთა ოლიმპიური ტურნირი მე უნდა გამეხსნა, ვინაიდან მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ მსაჯები თავიდანვე მაღალ ქულებს დამიწერდნენ. შესაბამისად, მომდევნო გამომსვლელებს უფრო მაღალ შეფასებას მისცემდნენ და საბჭოთა ნაკრებიც გუნდურ პირველობაში გაიმარჯვებდა. ჩვეულებრივ, ტანმოვარჯიშეები პირიქით იწყებდნენ ასპარეზობებს: ჯერ სუსტები გამოდიოდნენ, ხოლო შემდეგ - გუნდის ლიდერები და უმაღლეს შეფასებებსაც ისინი იმსახურებდნენ. ამჯერად ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჩემი გამოსვლით მსაჯები გაეკვირვებინა; მათ უფიქრიათ, - თუ ჯუღელი ასეთი ძლიერია, დანარჩენები უკეთესები იქნებიანო. მე მართლაც კარგი შეფასება დავიმსახურე - 9,7 ქულა, მაგრამ დანარჩენებს კიდევ უფრო მაღალი ქულები დაუწერეს. აი, აქ კი დავიჩაგრე. მართალია, მწვრთნელების ჩანაფიქრმა გაამართლა და გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლები მოვიპოვეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ბჯენით ხტომებში პირად პირველობაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დავიკავე. იცით, მაშინ სულ სხვა დრო იყო: ჩვენ ერთმანეთზე უფრო ვფიქრობდით, ვიდრე საკუთარ თავზე.

GzaPressჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში მზია ჯუღელმა, გუნდური ოქროს მედლის გარდა, კიდევ ერთი, ვერცხლის ჯილდოც მოიპოვა, ამჯერად - უკვე საგნით ჯგუფურ ვარჯიშში. ეს ასპარეზობა ცალკეულ იარაღებზე შეჯიბრებებზე უფრო რთული იყო, ვინაიდან ხალიჩაზე ერთდროულად 8 ტანმოვარჯიშე გამოდიოდა და, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი სინქრონულად უნდა შეესრულებინათ. ეს პირველი ოლიმპიადა იყო ქართველი ათლეტებისათვის და მზიაც ჩვენი პირველი სპორტსმენი გახდა, ვინც 2 ოლიმპიური ჯილდო დაიმსახურა. საბჭოთა ტანმოვარჯიშეების გამარჯვება კი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ "ოქროს გოგონები" უწოდეს და ეს სახელი მათ კარიერის ბოლომდე შერჩათ. ისინი თამაშების დასრულებამდე დატოვეს ჰელსინკიში და საზეიმო დახურვის ცერემონიაშიც მონაწილეობდნენ.

მზია ჯუღელთან ერთად, ფინეთის დედაქალაქიდან ოქროს მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძემ და ძალოსანმა რაფაელ ჩიმიშკიანმაც ჩამოიტანეს. წესით, ჩვენს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონებს ზარ-ზეიმით უნდა დახვედროდნენ, მაგრამ არც მოსკოვში და არც თბილისში ამაზე არავის უფიქრია. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თითქოს რიგითი შეჯიბრება მოიგეს... როგორც შემდეგ გაირკვა, კრემლის მაღალ ეშელონებში უკმაყოფილოები ყოფილან - ამერიკელებს საერთო გუნდურ ჩათვლაში რატომ ვერ აჯობეთო?! არადა, როგორ უნდა ეჯობნათ?!. აშშ-ის ათლეტებმა ჰელსინკიში 76 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 40 - ოქროსი, ხოლო საბჭოელები შესაბამისად, 71 და 22 ჯილდოს დაეუფლნენ.

გოგი ფრანგიშვილი

"გზა", 2012 წელი