მომავლის შიში და დაუცველობის განცდა - გრძნობები, რომელსაც ლარის გაუფასურება იწვევს... - გზაპრესი

მომავლის შიში და დაუცველობის განცდა - გრძნობები, რომელსაც ლარის გაუფასურება იწვევს...

ქართული ვალუტა ჩვენ თვალწინ, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა უფასურდება: თუ შარშან, ამ დროს 1 დოლარის ღირებულება 1,75 ლარი იყო, დღეს ეს ციფრი უკვე 1,94-ს გადასცდა. მართალია, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთხმად გვანუგეშებენ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორც ეკონომიკა განსაზღვრავსო, მაგრამ ამგვარი "ნუგეში" ვერაფერს შველის ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი შეუმცირდათ, რადგან ხელფასს ლარში იღებენ, ან - ვისაც ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი და ლარის დევალვაციის გამო ცხოვრება კიდევ უფრო დაუმძიმდა. ფაქტია, რომ 2010 წლის 10 ივნისის შემდეგ ქართული ლარი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა - მაშინ დოლარის ღირებულებამ 1,88 ლარს გადააბიჯა. 2010 წლის შემდეგ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო და დღემდე მას 1,8-ის ნიშნული არ გადაულახავს. მომავლის შიში, დაძაბულობა და დაუცველობის განცდა - ეს ის გრძნობებია, რომელსაც მოსახლეობაში ლარის გაუფასურება იწვევს.

GzaPressქართველი ეკონომისტები ამ უსიამოვნო მოვლენას სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან, თუმცა, უმეტესობა აღიარებს, რომ ის, რაც ხდება, ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია.

ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე:

- ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა ლარის კურსთან დაკავშირებით საზოგადოება, მედია, ექსპერტები საკმარისზე მეტად აალაპარაკა. თავისუფალი, მცურავი გაცვლითი კურსი აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, თუმცა, კურსის ცვლილება არ უნდა იყოს ნახტომისებური და მოულოდნელი, როგორც ეს ჩვენთან დეკემბერში მოხდა. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით, დოლართან შედარებით ყველა განვითარებადი ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა დაახლოებით 12-20%-ით. ამ გათვლებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ლარის გაცვლითი კურსი საქართველოში 1,98-2,18 ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსი იქნება და შესაბამისად, ბაზარი განაპირობებს გაცვლით კურსს. თუმცა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით მოხდა 2014 წლის ბოლოს ლარის ერთბაშად გაუფასურება ან რატომ შეიქმნა დოლარის დეფიციტი ადგილობრივ ბაზარზე და იყო თუ არა აღნიშნული მოვლენა გაურკვეველი სპეკულაციის მიზეზი.

პაატა შეშელიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

- საერთოდ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სერიოზულ გავლენას ახდენს. ახლა ახსნას არ დავიწყებ, თუ როგორ, რა არასწორი მექანიზმით დგინდება ჩვენში ეს კურსი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ლარის გაცვლით კურსს სწორედ ეროვნული ბანკი ადგენს. ამის დასტურად შეგახსენებთ 2008 წელს, როცა ქართული ქალაქები იბომბებოდა, გზები გადაკეტილი იყო და ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოხდა, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლარის კურსი სტაბილური უნდა ყოფილიყო და მართლაც, იმ უმძიმეს დღეებში სავალუტო ბაზარზე არანაირი პანიკა ან საბანკო კრიზისი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ საქართველო იყო უმძიმეს მდგომარეობაში და არა - მისი მეზობელი ქვეყნები. რა ახდენს გავლენას ლარზე მოთხოვნის თვალსაზრისით? - რა თქმა უნდა, სავალუტო პროცესები, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია მთავრობის ჩარევა, რადგან სწორედ მთავრობა და ეროვნული ბანკი არეგულირებს ფულის მიმოქცევის საკითხს. საბოლოოდ კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ლარის ახლანდელი დევალვაცია სწორედ მთავრობის არასწორი პოლიტიკის ბრალია.

GzaPress

პაატა შეშელიძის თქმით, მთავრობა ამას არ აღიარებს, თუმცა, ესეც არაკომპეტენტურობის ბრალია. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა:

- დეკემბერში მიმოქცევაში 240 მილიონამდე დამატებითი ფულის ერთეული გამოვიდა, როცა მოთხოვნა დოლარზე იყო და არა - ლარზე. ამიტომ, აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება - რაში დაიხარჯა ეს ფული ან ვინ მიიღო საერთოდ?! ეჭვი მაქვს, რომ ესეც მთავრობის უხეირო პოლიტიკით იყო გამოწვეული, რადგან სწორედ დეკემბერში გამოვიდა ბაზარზე ეს თანხა და ბიუჯეტიც სწორედ დეკემბერში შესრულდა. ჩემი აზრით, მთავრობას ჩაფიქრებული აქვს, რომ ლარის დევალვაცია კიდევ გააგრძელოს. მათი არასწორი მიდგომა და უმოქმედობა სხვაგვარად ვერ აიხსნება. ალბათ, რაღაც ამოცანების გადასაწყვეტად სჭირდებათ ლარის კურსის რყევა. ამიტომ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუ მათი პოლიტიკა დღესვე არ შეიცვალა: ეროვნულმა ბანკმა უნდა განაცხადოს, რომ აღარ აპირებს დევალვაციის გაგრძელებას და მზად არის თავისი რეზერვებით გაამყაროს ლარი. ჩემი აზრით, უნდა გადაიხედოს მთავრობის შემადგენლობაც. განსაკუთრებით, ეკონომიკური გუნდისა, რომელიც არაკომპეტენტურია და მათგან ხეირს არ უნდა ველოდოთ. თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, დევალვაციის პროცესიც ვერ შეჩერდება. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, დაუბრუნდება თუ არა ლარი ძველ ნიშნულს - ჩემი აზრით, არანაირი იმედი ამისა არ არსებობს, რადგან დღევანდელი პოლიტიკა ამას ხელს არ უწყობს. თუ მთავრობის პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ საბაზრო პროცესებს უფრო მეტი გასაქანი მიეცემა და შეიძლება კურსიც შეიცვალოს. მთავარი კი, ახლა ლარის კურსის სტაბილურობაა, რადგან ვალუტის ხელოვნურ გამყარებასაც ვერ მივესალმები. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხელოვნურად იწვევენ დევალვაციას: ფულს ბეჭდავენ, ვალებს იღებენ და ა.შ... მე არც იმ არგუმენტისა მესმის, როდესაც ლარის გაუფასურებას დოლარის გამყარებით ხსნიან: ლარი მიბმულია დოლარზე და თუ დოლარი გამყარდა, ლარიც არ უნდა გაუფასურებულიყო. მოდი ვთქვათ, რომ არასწორი პოლიტიკის მქონე ქვეყნების ვალუტა გაუფასურდა.

- თუ არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ფინანსთა მინისტრი. უფრო მეტიც, ის გუშინ და გუშინწინაც უნდა შეცვლილიყო. თუმცა, "ახალი ხადურის" მოსვლა უკეთეს შედეგს არ მოგვცემს. არ იფიქროთ, რომ მას პიროვნულად ვერჩი - მე მხოლოდ მის მიდგომებსა და მის პოლიტიკას ვერჩი. მით უმეტეს, ეს კაცი არ აპირებს თავისი ხედვის შეცვლას და გამუდმებით იმეორებს, რომ ყველაფერი კარგადაა. სინამდვილეში არაფერი არ მიდის კარგად - ლარის გაუფასურება არ არის სტიქიური მოვლენა - ეს არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი მმართველობის შედეგი. აბსოლუტური ტყუილია, რომ ეროვნულ ბანკს არ შეუძლია ამ პროცესზე გავლენის მოხდენა. პირიქით, ეს ამ ბანკის მოვალეობაა. აქვე უნდა შევეხო კიდევ ერთ ნიუანსს: მათ შეუძლიათ ლარის კურსის რყევით უზარმაზარი ფული იშოვონ. ეს კორუფციის უზარმაზარი წყაროა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

- ვერ ვიტყოდი, რომ ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი პოლიტიკის ბრალია", - თქვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ:

GzaPress- დევალვაცია არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში ცხოვრობს. კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში და ამ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გავლენა მოახდინა სავალუტო შემოსავლებზე. ადამიანები, რომლებიც ადრე თავიანთ ოჯახებს სოლიდურ თანხას უგზავნიდნენ, ახლა უკვე ვეღარ უგზავნიან, რის გამოც ამ ქვეყნებთან ეკონომიკური აქტივობა შემცირდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ტენდერი ვერ შესრულდა, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთად გახდა მიზეზი ლარის კურსის ცვალებადობისა. მე მგონი, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ფაქტორი გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ. რაც მთავარია, ბიუჯეტი შესრულდა. პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა. მით უმეტეს, ამ ქვეყნების ეკონომიკის გავლენა ჩვენზე ძალიან დიდია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მომავალში გადავდგამთ. საერთოდ, ლარის კურსზე აისახება ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაშია, თუმცა, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საიმისო რეზერვები, რომ ლარის კურსი სტაბილური გახდეს.