ქართველი "კინგ-კონგის" "ორივე ხელით მოპოვებული" გამარჯვება - გზაპრესი

ქართველი "კინგ-კონგის" "ორივე ხელით მოპოვებული" გამარჯვება

2014 წელს ლიტვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გამარჯვებული 26 წლის მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი გახდა, რომელმაც თურქი სპორტსმენი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. ლევანი ორივე ხელით ასპარეზობს, რაც ამ სპორტის ისტორიაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. გასულ წელს კი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებები "ორივე ხელით მოიპოვა". უდიდესი ძალისა და აგებულების გამო, მეგობრები მას, მოფერებით "კინგ-კონგს", ზოგი კი, "ჰალკს" ეძახის.

ლევან საგინაშვილი:

GzaPress- 7 წელია, ვვარჯიშობ. თავდაპირველად სპორტულ დარბაზში უბრალოდ სავარჯიშოდ მივედი, გარკვეული დროის შემდეგ, მკლავჭიდის მწვრთნელმა, ლადო ხუციშვილმა, რომელიც ეტყობა, ჩემს ვარჯიშს აკვირდებოდა, მითხრა, - კარგი მონაცემები გაქვს და თუ სწორად გამოიყენებ, გამარჯვებების მიღწევა შეგიძლია, მოინდომე და მეტი ივარჯიშეო. დავუჯერე და უფრო სერიოზულად, უფრო სწორად, პროფესიონალურად დავიწყე ვარჯიში. მერე კი, ვეღარ გავჩერდი.

- ორივე ხელით შეგიძლიათ ბრძოლა, ხომ?

- დიახ, ორივე ხელით ბრძოლა, როგორც წესი იშვიათობაა, რადგან ცაცია ცაციას ხვდება და ჩვეულებრივ, მარჯვენა ხელით ვინც იბრძვის, ის - მისნაირს.

- თქვენ ცაცია ხართ?

GzaPress- არა, ჩვეულებრივად მემარჯვენე ვარ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მარცხენა მკლავშიც მაქვს საკმაო ძალა და ცაციებსაც ვხვდები... წელს პირველად, ორივე ხელით ბრძოლა გავრისკე და მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი. მანამდე, ქართველი პოლიციელი სპორტსმენები მსოფლიო პოლიციის სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდით, საიდანაც სხვადასხვა სახეობაში, სულ 12 ოქროს მედალი წამოვიღეთ. ეს ოლიმპიადა, ორ წელიწადში ერთხელ, ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში იმართება. მაშინ საქართველოდან 16 მონაწილე ვიყავით წასული და ჩვენი გამარჯვება სამშობლოსა და ომში დაღუპულ ქართველ გმირებს მივუძღვენით... შემდეგ კი, წონითი კატეგორია შევიცვალე, მძიმეში გადავედი და ევროპის ჩემპიონატშიც ვიასპარეზე, რომელიც ბაქოში ტარდებოდა. მაშინ, პირველივე ორთაბრძოლის დროს მარცხენა ხელის ტრავმა მივიღე და მარჯვენა ხელით გავაგრძელე ბრძოლა. მეორე ადგილზე გავედი, აზერბაიჯენელმა მომიგო.

- მსოფლიო ჩემპიონატისთვის როგორ ემზადებოდით?

GzaPress- მთელი ზაფხული ვემზადებოდით ნაკრები. დარბაზში ცხელოდა, მაგრამ მოტივირებული ვიყავით და კარგი შედეგიც მივიღეთ... ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართა, 50-ზე მეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. საქართველოდან მძიმე წონაში მე ვიყავი და მკლავჭიდში ხუთგზის თურქ მსოფლიო ჩემპიონს, ფელიდ ოსმანლის შევხვდი და მარცხენა ხელით დავამარცხე. მარჯვენა ხელით ბულგარელ ჩემპიონს, გიორგი ცვეტკოვს შევხვდი, რომელსაც აქამდე სულ საპრიზო ადგილები ჰქონდა... ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვერ იმარჯვებენ. ფეხბურთის ან სპორტის სხვა სახეობის მსგავსად, აქ შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი დრო არ გვაქვს, წამებში, მაქსიმუმ - წუთ-ნახევარში წყდება ყველაფერი. ჩემთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტი იყო ის თურქი, რომელსაც ბოლო ჩემიონატზე შევხვდი. მისი სახელი სპორტის ამ სახეობაში "ქუხს", ყველა იცნობს და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საბედნიეროდ, გავიმარჯვე.

- მეგობრები "კინგ-კონგს" გეძახიან?

- კინგ-კონგსაც და "ჰალკსაც"... ყოველთვის ძლიერი ვიყავი, მაგრამ ეს სახელი მას შემდეგ შემარქვეს, რაც სპორტის ამ სახეობაში წარმატებებს მივაღწიე.

ლალი პაპასკირი