მასწავლებლებისთვის ახალი წელი მორიგი ცვლილებებით დაიწყო - გზაპრესი

მასწავლებლებისთვის ახალი წელი მორიგი ცვლილებებით დაიწყო

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს უწყება წინასწარ შედგენილ, ხანგრძლივ სტრატეგიას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველი ახალი მინისტრი მორიგ ცვლილებებთან ასოცირდება, რაც სისტემის მუშაობაზე მკვეთრად აისახება. მართალია, განხორციელებული ცვლილების შედეგი ჯერ არ დაგვინახავს, მაგრამ განათლების მესვეურები მორიგ სიახლეს გვთავაზობენ.

ცხადია, გამუდმებით ცვლილებების განხორციელება შესაბამისად, დიდ დაბნეულობას იწვევს. ასე მოხდა პედაგოგთა წრეებშიც. ჯერ იყო ლომაიას, შემდეგ შაშკინის ექსპერიმენტები, ახლა კი - სანიკიძის თაოსნობით წამოწყებული სიახლეები. არავინ დაობს, რომ წინა ხელისუფლების დროს პედაგოგები კაბალურ პირობებში, პრაქტიკულად შიშის ქვეშ მუშაობდნენ. ხშირად მათი განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც გამხდარა. ამიტომ, პედაგოგები სამინისტროს ახალ ინიციატივებს უკვე აღშფოთებით ხვდებიან. თუმცა, სამინისტროში მათ შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

დისციპლინური გადაცდომის ახალი წესი და პედაგოგთა სერტიფიცირების ახალი სქემის შემუშავება - ამ ორი სიახლით დაიწყო პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი. მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედის მიერ მიღებული სერტიფიცირების გამოცდა გააუქმა (სამწუხაროდ, ამ გამოცდის ჩაბარება პედაგოგთა ძალზე მცირე ნაწილმა შეძლო), სამინისტრომ ახალი სქემა შეიმუშავა, რომელიც ძველისგან თვისებრივად განსხვავდება.

რა შესაძლო საფრთხეებია დამალული ახალი დისციპლინური წესის მიღმა, როდის ამუშავდება და რა კრიტერიუმებია ახალ სქემაში, ამის გაგებას შევეცადეთ.

დავიწყოთ ახალი წესით, რომელმაც პედაგოგთა წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განათლების მინისტრმა დისციპლინური გადაცდომის წესი 2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში ვკითხულობთ: "მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; დისციპლინური წარმოების შედეგად, თუკი მასწავლებელს დაუმტკიცდება დისციპლინური გადაცდომა, მას შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.

GzaPressეს სახდელებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი კი შეიძლება იყოს მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს; მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. მასწავლებელს უფლება აქვს, დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა, დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისგან".

დავით ლაგვილავა, "საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის" დირექტორი:

- ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე დისციპლინური დევნის დაწყება გაუმართლებელი და საფრთხის შემცველია. ასეთი რამ დემოკრატიულ სისტემებში არ ხდება. დიდი რისკი არსებობს, რომ ეს ინფორმაცია არაობიექტური ხასიათის იყოს. ინფორმაციის მიმწოდებელი პასუხს არ აგებს ინფორმაციის სიზუსტეზე. შესაბამისად, ზეპირი ინფორმაცია, ე.წ. ჩაშვების მექანიზმი შეიძლება, პირად ანგარიშსწორებად გამოიყენონ და ამ გზით სკოლიდან ჩამოიცილონ არასასურველი კადრები. უკეთეს შემთხვევაში, დააშინონ და გააჩუმონ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ისედაც არეგულირებს დისციპლინურ საკითხებს. ჩემი აზრით, პროკურატურის მექანიზმების გადმოტანა მიზნად ისახავს მასწავლებლების დაშინებას. წინა ხელისუფლების დროს ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ განათლების სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ ეს შეცდომები გამოასწოროს, უფრო მეტად აკანონებს იმას, რასაც წინა ხელისუფლება რიგ შემთხვევაში შეფარვით აკეთებდა.

ნინო კვიტაიშვილი, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ზოგადი განათლების შესახებ კანონში 2010 წლიდან არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს დისციპლინური წარმოების წესი. ნაკისრი ვალდებულება შესრულდა და აღნიშნული წესი სამინისტროს მიერ შემუშავდა. რაც შეეხება მასწავლებელთა პროტესტს, ვფიქრობ, ამ წესს საზოგადოება კარგად არ გაეცნო. წესში ახალი არაფერია. სამართლებრივად გამართული დოკუმენტია, რომელიც მასწავლებლის დამცავ მექანიზმადაც შეიძლება განვიხილოთ. მთელი პასუხისმგებლობა სკოლაზეა დელეგირებული. სადისციპლინო კომიტეტი მოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორს მიაწვდის, რომელიც გაიზიარებს და კანონთან შესაბამისად იმოქმედებს ან არ გაიზიარებს და კომიტეტს არგუმენტირებულ უარს მიაწვდის. დაუშვებელია პედაგოგის მიმართ ისეთი დევნის განხორციელება, რომელიც მის ღირსებას შეურაცხყოფს ან ჩრდილს მიაყენებს.

მაია კობახიძე, პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი, სამთავრობო კომისიის წევრი:

- აქამდე, უმეტეს შემთხვევაში, დირექტორები უკიდურეს ფორმას - მასწავლებლის გათავისუფლებას მიმართავდნენ. იმ ეტაპებს (შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური), რაც შინაგანაწესში იყო გათვალისწინებული, არ გადიოდნენ. აქედან გამომდინარე, ახალი წესი მეტად არეგულირებს და იცავს მასწავლებლის შრომით უფლებებს. დირექტორს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება ეზღუდება. როცა ძველი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტი მოქმედებდა, დირექტორები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებდნენ პედაგოგებს. ამიტომ, სასამართლოში მათი დაცვა რთული იყო, რადგან სარჩელის მომზადებისას სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნებს ვეყრდნობოდით, რაც სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს არ წარმოადგენდა. ახალი წესი მასწავლებელს მეტად იცავს და ჩვენც მეტ მექანიზმს გვაძლევს მის დასაცავად. ახალი შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, დაასაბუთოს გათავისუფლების მიზეზი. ის, რომ პედაგოგი სკოლის ტერიტორიაზე სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს, გაკვეთილზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა შევიდეს, კარგად იციან. ერთი-ორი შემთხვევაც დაფიქსირდა, როცა მასწავლებელი გაკვეთილზე მთვრალი შევიდა.

ეს რაც შეეხება დისციპლინური დევნის წესს, რაც კარგა ხანს იქნება განხილვის საგანი სკოლის დერეფნებსა თუ სასამართლოში. კიდევ ერთი თავის ტკივილი პედაგოგთა სერტიფიცირების ახალი სქემაა. შაშკინისეული სერტიფიცირების გამოცდები წარსულს ჩაჰბარდა. სანიკიძის უწყებამ ახალი სქემა უნდა დაამტკიცოს. როგორც იქნა, სამთავრობო კომისია უკვე დაკომპლექტდა და ამ კვირიდან მუშაობასაც შეუდგება.

ლია გიგაური, განათლების მინისტრის მოადგილე:

- თემები ძალიან დეტალურად არის გაწერილი დებულებებში. ამ კვირაში სახელმწიფო კომისია თითოეულ დოკუმენტს განიხილავს. არის საკითხები, რომელსაც წინასწარ ვერ გამოვამზეურებ.

- რა ბედი ელით სერტიფიცირებულ პედაგოგებს? ისარგებლებენ თუ არა გარკვეული პრივილეგიებით?

- მათ ეს სტატუსი არ ჩამოერთმევათ. პროექტში გათვალისწინებულია მათი მდგომარეობა. არც ერთი კატეგორია არ დაზარალდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა როგორ მოხდება?

- ამასთან დაკავშირებით კომისიაზე შევჯერდებით და კვირის ბოლოს ვერსია გვექნება.

მაია კობახიძე:

- კომისია შეიკრიბება და განსაზღვრავს კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლის მექანიზმებს, კრედიტების მინიჭების სისტემას, პედაგოგთა აქტივობებს, შეფასების მექანიზმებს. რაც შეეხება ახალ სქემას, პრინციპულ საკითხებში ვეთანხმები, მაგრამ დეტალები კომისიამ უნდა განსაზღვროს.

- რადგან კომისიაში წარმოდგენილი ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა ინტერესებს დაიცავთ, არა?

- ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ისეთი დოკუმენტები უნდა შემუშავდეს, რომელიც პედაგოგებისთვის ხელშეწყობის გარანტიებს მოგვცემს. წინა სერტიფიცირების გამოცდები სადამსჯელო ღონისძიება იყო. ახალი სქემა ანალოგიურ ღონისძიებად არ უნდა გარდაიქმნას, პროფკავშირებიც ამისთვის ვართ ჩართულები.

სალომე გოგოხია