სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები დაისჯებიან - გზაპრესი

სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები დაისჯებიან

პრესაში სულ იწერება, რომ ქართველი მუსლიმები გადასაბირებლად და მოსამზადებლად რელიგიურ ორგანიზაციებს თურქეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ, იქ წვრთნას გადიან და სხვის ომში ებმებიან. სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ამის სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. ბევრმა ოჯახმა თურმე არც კი იცის, მისი შვილი სირიაში რომ იბრძვის. მათ ჰგონიათ, ის სამუშაოდ თურქეთში გაუშვეს, სინამდვილეში, სირიაში ომობს. საგანგაშო ისაა, რომ იქ წასულები სხვადასხვა გზით ცდილობენ, სხვებიც აიყოლიონ და საომრად წაიყვანონ. აშკარად იგრძნობა იქ წასულ ახალგაზრდებზე რელიგიური ექსტრემიზმის გავლენა. ამაზე პანკისის მოსახლეობა ღიად საუბრობს.

GzaPressმოსახლეობა ხეობიდან ახალგაზრდების გადინებას იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონსაც უკავშირებს. მათი თქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ თურქეთში სამუშაოდ წასული პანკისელი ახალგაზრდებიც აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, რომ გარკვეულმა წრეებმა მოახერხონ მათი გადაბირება და სირიაში წაყვანა. სამწუხაროდ, იქიდან რამდენიმე ახალგაზრდა პანკისში უკვე ჩამოასვენეს. მოსახლეობაც დიდი ხანია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ანალოგიური ვითარებაა აჭარის მაღალმთიან რეგიონებში: იქიდან და ბათუმიდანაც არაერთი ახალგაზრდა წავიდა საომრად სირიაში.

ამას ისიც დაემატა, რომ სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე იქიდან ტერორისტული აქტებითაც გვემუქრება. ამ დღეებში ბათუმელი მუსლიმის, თამაზ ჭაღალიძის განცხადებები სოციალური ქსელით გავრცელდა: "ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში, ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა "კაგებეშნიკი", ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორემ ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით, დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ", - წერს თამაზ ჭაღალიძე და იმუქრება, - ჩვენ წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, ვერავინ გადარჩებაო.

მისი ოჯახის წევრები გურიის ერთ-ერთ სოფელში, სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ძმა ამბობს, რომ თამაზი პერიოდულად ურეკავს სირიიდან. სოფლის ახალგაზრდები არ უარყოფენ, რომ ჭაღალიძე მათ სირიაში ჩასვლისკენ მოუწოდებს და იქ კარგ პირობებს ჰპირდება. ერთი რამ აშკარაა, ჭაღალიძის მუქარა საყურადღებოა. ამ საშიშროებას ექსპერტებიც ხედავენ.

სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლისთვის სასწრაფო ზომები მიიღოს: "ჭაღალიძის მუქარა შეიძლება დავაკავშიროთ "კარფურის" წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმასთან. იქ იყო ახლო აღმოსავლეთის კიბერარმია. საქართველო უკვე მოხვდა ისლამური ხალიფატის დარტყმის ქვეშ. კიბერშეტევა, რომელიც "კარფურის" მაღაზიათა ქსელზე განხორციელდა, გლობალური მასშტაბის იყო. საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. კარგად დავაკვირდი ადგილმდებარეობას იმ სურათების მიხედვით, რომელიც გავრცელდა ჭაღალიძის მუქარასთან ერთად. აშკარად ჩანს, რომ ჭაღალიძე კონსპირაციულ ბინაშია. საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული ახალი "კალაშნიკოვის" ტიპის რუსული ავტომატით. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჭაღალიძე ჩრდილო კავკასიაში, რომელიღაც კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდეს. ასეთი დონის კონსპირაციულ ბინებში ძირითადად, დაღესტნის ჯამაათის მებრძოლები არიან, რომლებიც დღეს ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ".

ვახტანგ მაისაიას თქმით, ჭაღალიძე საქართველოში ეთნორელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობს: "უნდა შეიქმნას უწყებათშორისი კომისია და დაიწყოს მუშაობა ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე. უნდა შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო სფეროში. მისაღებია ინიციატივათა პაკეტი, რომელიც მიზნად დაისახავს ექსტრემისტთა იმპორტის მცდელობისგან აღკვეთას. აუცილებელია შემუშავდეს ის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონი, რომელიც საქართველოს ტრანზიტისთვის გამოყენებას შეზღუდავს, რომ საქართველო თუნდაც ისლამური ხალიფატის საბრძოლო ჯგუფების მიმართულების აღკვეთის კუთხით სატრანზიტო ქვეყანა არ გახდეს. საქართველო აუცილებლად უნდა მიუერთდეს ევროკავშირის ანტიტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც 2005 წელს შემუშავდა. ასევე აუცილებელია, რომ სამხედრო სტრატეგიაში ცვლილებები შევიდეს. საჭიროა პრემიერ-მინისტრთან იყოს სპეციალური თანაშემწის თანამდებობა, რომლის ფუნქცია ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინაცია იქნება. ასევე უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ოპერაციების მართვის ცენტრი".

ტერორიზმის საშიშროებაზე უკვე იუსტიციის მინისტრიც ალაპარაკდა. ისიც ნათელია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდება. თუ ჭაღალიძე საქართველოში შემოვა, სამართალდამცავებმა ის უნდა დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ.

GzaPressმთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა და მასზე მუშაობა ამ დღეებში დაიწყება. იუსტიციის მინისტრის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი პრობლემაა: "სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი მუხლი, თუ პარლამენტი მთავრობის ინიციატივას მიიღებს. ეს არის 312-ე პრიმა მუხლი: საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა, ან მოწოდება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით. თუ ის არის უკანონო ფორმირება და ჩვენი მოქალაქე ან აქ გაიწვრთნება, ან მოწოდებას გააჟღერებს, გადაიბირებს, ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება და პირს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არ შეიძლება, ამ ტიპის ქმედებისადმი სახელმწიფო იყოს ტოლერანტული... როდესაც პანკისის ხეობაში ვიყავი, იქ უხუცესებს შევხვდი, გამოთქვეს წუხილი, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას წამოეგება, რადგან აქ საქმე არ აქვთ, აინტერესებთ სხვა რამე და ეს ინტერესი არის ვთქვათ, ტერორიზმი და შეიძლება, თავიდან ვერც აცნობიერებენ, რატომ მიდიან სხვა ქვეყანაში, ან აცნობიერებენ არასრულად. ვაცხადებ, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება".

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს მოსწონს ცვლილება, თუმცა, თვლის, რომ აუცილებელია, პარლამენტმა ზუსტად განსაზღვროს, ვისზე გავრცელდება კანონი, რათა ის მოქალაქეები არ დაზარალდნენ, რომელთაც საბრძოლო ზრახვები არ ამოძრავებთ და ისინი ეჭვმიტანილთა სიაში არ მოხვდნენ.

312-ე მუხლის ამოქმედება შეეხება თუ არა უკრაინაში საბრძოლველად წასულ საქართველოს მოქალაქეებს და დაისჯებიან თუ არა ისინიც? - ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის შემთხვევაში კანონი მათზეც გავრცელდება.

ცნობილია, რომ ქართველი მებრძოლები როგორც უკრაინის, ასევე რუსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან. როგორც ჩანს, კანონი შეეხება მათ, ვინც რუსი სეპარატისტების მხარეს არიან. ექსპერტების თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვიან, ეს კანონი არ უნდა შეეხოთ: ქართველი მებრძოლები იმყოფებიან უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში ან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, "საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ უცხო ქვეყნის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აკრძალულია. უკრაინას საკუთარი კანონმდებლობა ისე უნდა ჰქონდეს მორგებული, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უკეთ დაიცვას... სირიაში მებრძოლი ჯგუფები კი არანაირ ქვეყანას, არანაირ ოფიციალურ ფორმირებას არ წარმოადგენენ და ამ შემთხვევაში სირიაში მყოფი ეს ჯგუფები ვერანაირად გაიმართლებენ თავს. უკრაინა კი იცავს საკუთარ ქვეყანას აგრესიისგან, ოკუპაციისგან, მისი ეს უფლება აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ და ნათელია, ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ - ბოროტების. თუ საჭიროა, უკრაინამ უნდა მოახდინოს საკუთარი სამართლებრივი სივრცის რეგულირება. შეიძლება, "ქართული ლეგიონის" სახელით არსებული ჯგუფის ინტეგრაცია გახდეს საჭირო თავის სამხედრო ძალებში ან რაიმე სტატუსის მინიჭება. ეს ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ვფიქრობ, უკრაინაში მებრძოლებს პრობლემა არ შეექმნებათ".

ირაკლი სესიაშვილს მოსწონს კანონში შესატანი ცვლილებები. მიაჩნია, რომ აქამდე დაურეგულირებელი სფერო კანონის ფარგლებში მოექცევა. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას მთავრობამ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა.

ირაკლი სესიაშვილი:

- გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ თუკი ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციებს რაიმე ფორმით დაეხმარებიან, ფინანსურად თუ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვით, ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ამისთვის დაისჯებიან, რაც აქამდე არ ხდებოდა საქართველოში. აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან. როცა სირიის პრობლემა წარმოიშვა და დაიწყო ადამიანების გადინება რელიგიურ ორგანიზაციებში, მათ შორის - საქართველოდანაც, გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, გავეცანით მათ გამოცდილებასა და საკანონმდებლო რეგულაციებს. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი არ აღმოჩნდნენ რაიმე სახის ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმულნი და მეორე მხრივ, დაიცვას მოქალაქეები მათგან, ვინც მონაწილობდა ასეთ მოძრაობებში. იმ ბრძოლიდან სამშობლოში დაბრუნებული ადამიანი საფრთხის მატარებელია არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ - ქვეყნისთვის: ხომ შეიძლება, დავალებაც მიიღოს ექსტრემისტული საქმიანობის გაღვივების თაობაზე ქვეყნის შიგნით?! ტერორიზმს არ აქვს ეროვნება, არც - რელიგია. ეს კანონპროექტიც არის პრევენცია, რომ ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში უკანონოდ საბრძოლველად, რადგან თუ წავლენ, უკან ვერ დაბრუნდებიან და თუ მაინც დაბრუნდებიან, დაისჯებიან.

ბუნებრივია, ისმის კითხვა - როგორ დაუმტკიცებენ ადამიანებს, რომ ისინი სირიაში იბრძოდნენ? ფაქტია, დღემდე არ ვრცელდება არანაირი სტატისტიკა, თუ საქართველოდან წასული რამდენი მოქალაქე იბრძვის იქ. სესიაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, პირს დაუმტკიცოს ბრალეულობა და ამისთვის სადაზვერვო სამსახურები მუშაობენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაზვერვას აქვს ინფორმაცია მაღალი სიზუსტით, იქ მეომარ ადამიანებზე, კონკრეტული პირები როგორ მოხვდნენ იქ, რატომ წავიდნენ და ისიც, თუ ვინ გადაიბირა ისინი. "ვფიქრობ, კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ შემცირდება იქ წამსვლელთა რიცხვი. ასევე გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები წამყვან პარტნიორ ქვეყნებთან და ისინიც მოგვაწვდიან ინფორმაციას, რაც ნივთმტკიცება იქნება. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ტერორისტთა და ტერორიზმის მხარდამჭერთა სია. ვცდილობთ, თანხვედრაში მოვიყვანოთ ჩვენი კანონები", - ამბობს სესიაშვილი.

თეა ხურცილავა