"დომინოს ეფექტი" და მისი გავლენა საქართველოზე - გზაპრესი

"დომინოს ეფექტი" და მისი გავლენა საქართველოზე

რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა კარგა ხანია, სერიოზული კრიზისის სახე მიიღო. დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვია, რუსული რუბლი კი, 1998 წლიდან მოყოლებული, ასეთ დაბალ მაჩვენებელზე ჯერ არ ყოფილა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისი გავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც ახდენს და უარყოფითად აისახება იმ კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც რუსეთში ექსპორტს ახორციელებენ. შემცირდა თანხა, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები თავიანთ ოჯახებში გზავნიდნენ. გზავნილები შემცირდა უკრაინიდანაც, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. უცხოელი ანალიტიკოსები ბევრს ლაპარაკობენ ე.წ. "დომინოს ეფექტზე", რომლის გამოც, კრიზისი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც გამძაფრდება. ბუნებრივია, ჩვენთვისაც და ჩვენი მკითხველისთვისაც ორმაგად საყურადღებოა, როგორ აფასებენ ამ პრობლემას ქართველი ეკონომისტები:

GzaPress

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

- რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ კრიზისი მძვინვარებს რუსეთშიც და უკრაინაშიც. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვინმე სანქციებით შეაშინებს. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთი ამ კრიზისს მეტ-ნაკლებად წარმატებით გაუძლებს, მაგრამ ჩემი აზრით, დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციის ხარისხიდან გამომდინარე, ეს სანქციები ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან მის ავტორებს. დასავლური სამყარო უფრო მეტად არის მიდრეკილი კომფორტისა და კეთილდღეობისკენ. ამიტომ, ამ კეთილდღეობის ოდნავი დაზიანებაც კი დასავლეთში ბევრად უფრო დიდ რყევებს იწვევს, ვიდრე - რუსეთში. რუსული ბაზარი დიდია, ბევრი კომპანიის მარკეტინგული განვითარების გეგმა სწორედ რუსულ ბაზართან არის მჭიდრო კავშირში. იმავე გერმანიაში ძალიან ბევრი კომპანიისთვის რუსეთის ბაზარს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ვარდნა ბევრად უფრო მკაფიოდ აისახება დასავლეთზე, ვიდრე - რუსეთზე. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს რყევები ძალიან სარისკო გახდება დასავლური კომპანიებისთვისაც. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთისგან ქართული ეკონომიკის ერთგვარი დისტანცირება მოხდა. აქედან გამომდინარე, რუსეთში მიმდინარე პროცესების გავლენა აქ ისეთი დრამატული არ იქნება, თუმცა, გარკვეული რყევები გამოიწვია და მომავალშიც გამოიწვევს. გასაგებია, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, მაგრამ ეს იმდენად კატასტროფულად არ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რამდენადაც მოსალოდნელი იყო. რუსეთის კრიზისი მთელ პოსტსაბჭოთა სივცრეზე ახდენს უარყოფით გავლენას, მაგრამ ყველაზე ნაკლებად - საქართველოზე. ამიტომ, მომავალში ჩვენ უნდა განვავითაროთ ეკონომიკის რეალური სექტორი, უნდა შევქმნათ კონკურენტული პროდუქტი უკვე სხვა ბაზრებისთვის, კერძოდ - დასავლეთის ბაზრებისთვის. ეს პრობლემა სწრაფად არ გადაწყდება, მაგრამ აქეთ უნდა ავიღოთ გეზი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის, უკრაინის ან საქართველოს პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა, საიდანაც მარტივი გამოსავალი არ არსებობს. აქ არ არის რეცეპტი, რომლითაც შეიძლება, სიტუაციიდან გამოვიდეთ. მაინც ვფიქრობ, რომ სანქციები და ამ გზით პრობლემების გადაწყვეტა არ იყო სწორი ტაქტიკა, თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ეს ყველაფერი ნაკლებად ეხება, ვიდრე სხვა ქვეყნებს.

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე:

GzaPress- რუსეთზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება. რუსული რუბლის დევალვაციამ, როგორც ჩანს, პიკს მიაღწია, ხოლო ეკონომიკური ზრდის დაცემა რუსეთში აშკარაა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს რუსეთიდან საქართველოში ტრანსფერების სიდიდეზე, ისევე, როგორც საქონლის ექსპორტის მოცულობაზე. საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდება. იკლებს ღვინისა და მინერალური წყლების, ასევე სხვა საქონლის ექსპორტიორების შემოსავლებიც. შემცირდება რუსი ტურისტების გადახდისუნარიანობაც, რაც გავლენას მოახდენს საქართველოში მათ შემოსვლაზე. ცნობილია, რომ უკვე დაიწყო რუსი ტურისტების კლება ევროპასა და სხვა ქვეყნებში. უკრაინის მოვლენები და უკრაინული ვალუტის დევალვაციაც არანაკლებ უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ისევე, როგორც დონბასისა და ყირიმის ბაზრის დაკარგვა და უკრაინის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, რუსეთის ან უკრაინის ფაქტორი არ არის იმ მასშტაბის, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახოს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო თვეებში იკლო უცხოეთიდან გადმორიცხვების მოცულობამ 2013 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, ეს დანაკლისი სხვა მიმართულებიდან შეივსება. რუსეთზე მოდის ტრანსფერების ნახევარი, მაგრამ მეორე ნახევარი მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან ხორციელდება. ზოგიერთიდან ზრდაც კი შეიმჩნევა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, რუსეთიდან გადმორიცხული ფულის მოცულობა შემცირდება, მთლიანი ტრანსფერების ოდენობა 2015 წელს გასული წლების მაჩვენებელზე დაბალი არ უნდა იყოს. რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთში კრიზისი? ამის პროგნოზირება ძნელია. სულ მცირე, ორი წელი რომ ვარდნა იქნება, ამას საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო ორგანიზაციებიც პროგნოზირებენ. რუსეთში მდგომარეობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის - უკრაინაში აგრესიის შეწყვეტაზე, სანქციების შერბილებაზე, ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასიც.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი:

- რუსეთ-უკრაინის კრიზისმა საქართველოზე სერიოზული გავლენა მოახდინა, რადგან ეს ქვეყნები საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარნტნიორები და დონორები არიან, განსაკუთრებით, ფულადი ტრანსფერების ნაწილში. ფულადი ტრანსფერები რუსეთიდან დაახლოებით 25%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინიდან - 50%-ით. მართალია, 2014 წელს რუსეთში ექსპორტი გაზრდილია, მაგრამ წლის ბოლო პერიოდი ამ მიმართულებით საკმაოდ პასიური იყო. კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, ეს 2015 წლის მაჩვენებლებზეც აუცილებლად აისახება. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები გახდა ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ნოემბრიდან დღემდე 12,5%-ით გაუფასურდა. საბედნიეროდ, საქართველო მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე. სხვა შემთხვევაში გავლენა უფრო სერიოზული იქნებოდა. მომავალში რა გავლენას იქონიებს? - ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების ესკალაციაზე. ამ ქვეყნებში კრიზისის პიკი ალბათ წინ არის, განსაკუთრებით - რუსეთში, სადაც ნავთობის ფასის დაცემის გამო კრიზისული ვითარება კიდევ უფრო ღრმავდება. რუსული და უკრაინული ბაზრის წილი ექსპორტში 15%-ია; თუ ამას დავამატებთ აზერბაიჯანს, სადაც ახალი რეგულაციის გამო ექსპორტი შემცირდა, მოკლე ვადაში ამ ყველაფრის კომპენსირება ჩვენთვის რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ და აშშ-ის ბაზრებზე ექსპორტის ზრდა აშკარად შეიმჩნევა. ვფიქრობ, რომ აუცილებელია უფრო მეტი აქტიურობა ევროპულ და განსაკუთრებით - აზიურ ბაზარზე. მსხვილ აზიურ ბაზრებს უფრო მეტი პროდუქცია ესაჭიროებათ და ეს პერსპექტივა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე