რეგიონებსა და დედაქალაქში მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის 200-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს - გზაპრესი

რეგიონებსა და დედაქალაქში მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის 200-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს

მგზავრებს უკმაყოფილო გამომეტყველებით გადმოგვხედა და ნაგავზე დაწესებული ჯარიმა ხმამაღლა გააპროტესტა: - ამ ერთი ბანანის ქერქისთვის 50-ლარიან ჯარიმას ხომ არ ავიკიდებ! არადა, ნაგვის ურნა ვერსად ვიპოვე. ჯერ ეს საკითხი მოეწესრიგებინათ და მერე ეფიქრათ ჯარიმებზეო. აქა-იქ მგზავრების თავშეკავებული სიცილი გაისმა.

მე არ გამცინებია. დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი რომ არა, ჩვენი "გმირი" ბანანის ქერქს ისე მოისროდა ქუჩაში, სინდისიც არ შეაწუხებდა. ნაგვის ურნების საკითხში ნამდვილად ვერ მოედავები, რადგან ის მოწესრიგებული არ არის.

ისე, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, ჯარიმების დაკისრება დროულიც კი იყო: რაღაც გზით ხომ უნდა შეივსოს ქვეყნის გამოცარიელებული ხაზინა?! ხუმრობა იქით იყოს და, ქუჩაში ნაგვის დაყრაზე ჯარიმა აქამდეც უნდა დაწესებულიყო, სხვანაირად ამ პრობლემას საშველი ვერ დაადგება. ბევრ ქართველს მანქანიდან გადმოსვლასა და ორ ნაბიჯზე მდგარ ურნაში ნაგვის ჩაგდებას მისი მარტივი გზით მოცილება ურჩევნია - ფანჯრიდან გაისვრის!

GzaPressასეთი ზარმაცები კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში 120 ლარით დაჯარიმდნენ. ალბათ, კარგა ხანს მწარედ ემახსოვრებათ, სანიმუშოდ გამოწერილი ჯარიმა. ასე რომ, თუმცა ახალი კანონი ჯერ კიდევ არ "გაცივებულა", მაგრამ ნარჩენების თავიდან მოცილების დროს გამოჭერილ-დაჯარიმებულთა სტატისტიკა უკვე არსებობს.

როგორც შევიტყვეთ, ნაგვის გადაყრისთვის ავტომანქანის მძღოლები როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში დააჯარიმეს. უფრო ვრცლად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მოგვითხრობს.

- ალბათ იცით, რომ საპატრულოს გარდა, საჯარიმო სანქციების დაკისრება შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

- საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმების სტატისტიკა როგორია?

- გასულ პარასკევს დავინტერესდი სტატისტიკით. რეგიონებში 121 მძღოლი დააჯარიმეს. მათ მანქანების ფანჯრებიდან ნარჩენები გადაყარეს. რაც შეეხება თბილისს - 100-მდე მძღოლი დააჯარიმეს.

- მძღოლების უმეტესობა მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდებაშია შემჩნეული. ალაბთ მეტი წილი სწორედ ამისთვის დაჯარიმდებოდა, ხომ?

- არა, რატომ მხოლოდ სიგარეტის ნამწვი? ცელოფანის პარკები, კვების პროდუქტის ნარჩენები, ცარიელი ბოთლები და ა.შ.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ნაგვის გადაყრისთვის მგზავრიც ხომ არ დაუჯარიმებიათ?

- მოგეხსენებათ, კანონი სულ ახლახან ამოქმედდა. უმეტესად კერძო მანქანის მძღოლები დაჯარიმდნენ. საზოგადოებაში მზაობა ამ კანონის მიმართ კარგა ხანია, არსებობს. მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და როცა აჯარიმებენ, არავის ებადება შეკითხვა - რატომ? რისთვის?

GzaPress- გარეუბნებში ამ მხრივ როგორი სიტუაციაა? ალბათ, რთულია კონტროლი. რამდენიმე დღის წინ, სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდომამდე, მამაკაცმა სიგარეტი გააბოლა და ნამწვი იქვე დააგდო. ის არავის დაუჯარიმებია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის მოგვარება?

- ამას სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან. საპატრულო პოლიცია პასუხს აგებს კრიმინალურ დანაშაულთან ბრძოლაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ოჯახურ ძალადობაზე და ა.შ. ჩვენი რესურსი მიმართულია ამ საკითხებზე მუშაობისკენ. მათ შორის არის ნაგვის გადაყრისთვის დაჯარიმებაც. საპატრულო პოლიცია ყველას ვერ გააკონტროლებს. თუმცა, კანონში გაწერილია: როდესაც საპატრულო პოლიციის ოფიცერი ასეთ შემთხვევას შეესწრება, უფლება აქვს, კანონის დამრღვევი მოქალაქე დააჯარიმოს.

- ვთქვათ, მძღოლმა მანქანის ფანჯრიდან ნაგავი გადააგდო, მახლობლად მყოფმა პოლიციელმა ვერ შენიშნა, მგზავრმა შეამჩნია და შეატყობინა. ამაზე რეაგირება იქნება?

- რა თქმა უნდა, თუ ამაში მოქალაქე დაეხმარება. საზოგადოების მხრიდან თანადგომას ველოდებით. ვფიქრობ, ახალი კანონი იმოქმედებს და ჩვენი ქუჩებიც დანაგვიანებული აღარ იქნება.

სალომე გოგოხია