ოჯახური საიდუმლო, რაც მეღვინეებს და არა მხოლოდ მათ დააინტერესებთ - გზაპრესი

ოჯახური საიდუმლო, რაც მეღვინეებს და არა მხოლოდ მათ დააინტერესებთ

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იყალთოს აკადემიაში მეღვინეობას ჯერ კიდევ XI საუკუნიდან ასწავლიდნენ. წმინდა ნინოც ხომ ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა საქართველოში. გასული წლის მიწურულს ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ღვინის კლუბის" ერთობლივი ძალისხმევით, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე ხვდები, რომ სხვა გარემოში აღმოჩნდი: ვეებერთელა ქვევრი, ორშიმო, ქართული და უცხოური ღვინოების კოლექცია, არაერთი გზამკვლევი, ატლასი და ბევრი საინტერესო ლიტერატურა ღვინოზე, აქ ხელმეორედ დაბრუნების სურვილს გაგიჩენს. მალე აივანზე ვაზის დარგვასაც აპირებენ.

ბესო ბაჯელიძე, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი:

GzaPress- ვაზისა და ღვინის თემატიკაზე გამოცემული ის წიგნები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის სხვადასხვა ფონდში იყო გაბნეული, შევკრიბეთ. რამდენიმე კვირის წინ, 40-მდე წიგნი საზღვარგარეთიდან ჩამოგვივიდა. ძალიან საინტერესო ფონდი შევქმენით, უკვე ჩვენთანაა ღვინის ბიბლიად წოდებული წიგნი, რომელშიც 1200-ზე მეტი ვაზის ჯიშია განხილული. მათ შორის არის ქართული ჯიშებიც. ეს ენციკლოპედიური ტიპის გამოცემაა. ბევრი ნოვაციაა მეღვინეობისა და ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ისეთია, პრაქტიკოს მეღვინეებს რომ გამოადგებათ. ამ წიგნებიდან ძალიან ბევრი ჩვენს ქვეყანაში პირველად მოხვდა. გვინდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიზნით, მათ თარგმნას ვაპირებთ. მთლიანად თუ ვერ მოვახერხებთ, მეტად საინტერესო და პრაქტიკულ ნაწილს მაინც ვთარგმნით, რომელსაც შემდეგ ჩვენი ბიბლიოთეკის საიტზე და სოციალურ ქსელში, ჩვენს გვერდზე განვათავსებთ. ამასთან ერთად, ბევრ სხვა საინტერესო მასალასაც დავდებთ.

- ქართული ვაზის ჯიშების რაოდენობასთან დაკავშირებით მუდმივად დავაა.

- დიახ, ზუსტი ციფრის დასახელება რთულია.

- ინტერიერი საინტერესოდაა მოწყობილი. გასხვავებული გარემოა. არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ ბიბლიოთეკაში იმყოფები.

- დიზაინზე ჩვენ ვიზრუნეთ. დროთა განმავლობაში მეტად დავხვეწთ. აქვეა ორშიმო, ქვევრი, ატრიბუტების დამატებას კიდევ ვაპირებთ. დიდი დახმარება გაგვიწია გიორგი კეკელიძემ, "ღვინის კლუბმა", მალხაზ ხარბედიამ. ეს ის სფეროა, რომელიც არა მხოლოდ მეღვინეებს აინტერესებთ. ვაზისადმი ქართველ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ღვინო ხომ მხოლოდ თრობის პროცესთან არ არის დაკავშირებული. ეს ჩვენი კულტურაა, საუნჯეა. თქვენს მკითხველებს ამ ბიბლიოთეკაში ვეპატიჟებით, ველოდებით. აქ წარმოდგენილი ღვინოების უმეტესობა საზღვარგარეთიდან არის ჩამოტანილი. ადგილობრივი წარმოებაც გვაქვს. მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი და არა - სადეგუსტაციოდ. ოთახის ტემპერატურიდან გამომდინარე, ეს ღვინოები დასალევად ვარგისი რამდენიმე თვეში აღარც იქნება. ვფიქრობ, ეს კოლექციები და ატრიბუტები ბიბლიოთეკას მეტად საინტერესოს ხდის.

- პროფესიით მეღვინე ხართ?

- არა, იურისტი გახლავათ, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ძალიან მაინტერესებდა.

- ღვინის ტექნოლოგიაში ერკვევით?

- რა თქმა უნდა და ერთ ოჯახურ საიდუმლოსაც გაგანდობთ: ბაბუა ოზურგეთში, სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. მას ღვინის დაყენების თავისებური ტექნოლოგია ჰქონდა შემუშავებული. მოგეხსენებათ, ღვინის ხარისხი მის ფილტრაციაზეც არის დამოკიდებული. გურიაში არის სოფელი ასკანა, სადაც ცისფერი მიწა მოიპოვება. ამ მიწას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, მათ შორის - პარფიუმერიაშიც. ბაბუა დაახლოებით ნახევარ კილოგრამამდე მიწას აიღებდა, დოლბანდში გამოკრავდა და ჭურში (და არა ქვევრში) ჩაკიდებდა, რომელშიც დაღვინებული ღვინო ესხა. მიწას ღვინოში მთელ ზამთარს ტოვებდა, გაზაფხულზე ამოიღებდა და ღვინო გაფილტრული იყო. თან მიწა ყველანაირ მავნე ნივთიერებას იწოვდა და თავისებურ არომატსაც სძენდა. არ ვიცი, დღეს გურიაში ამ მეთოდს ვინმე კიდევ იყენებს თუ არა, მაგრამ ბაბუისგან გადმოცემით მისი უნიკალურობის შესახებ მსმენია. ბაბუა სხვაგვარი მეთოდით ისეთი კარგი ხარისხის ღვინოს ვერ იღებდა. ლიტერატურაში, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაშია დაცული, ღვინის დაყენების არაერთი მეთოდია აღწერილი, რომელიც შესაძლებელია, პრაქტიკაში გამოიყენონ. გარდა ამისა, ყველა მეღვინეს თავისებური წესი აქვს, რომელსაც ძნელად თუ გათქვამენ.

- ბიბლიოთეკის წიგნის ფონდზე რას გვეტყვით?

- როცა ამ საქმეს ვიწყებდით, გვეგონა, ქართულ ენაზე გამოცემული ბევრი ლიტერატურა იქნებოდა. არც იმდენი აღმოჩნდა, რამდენის მოლოდინიც გვქონდა.

- რამდენი ეგზემპლარი გაქვთ?

GzaPress- 500-მდე. ნაწილი დამუშავების პროცესშია. აქედან ძალიან ბევრია შრომები და დისერტაციები. მომავალი წლიდან მეღვინეებისთვის ძალიან საჭირო და საყვარელი რამდენიმე უცხოური ჟურნალის გამოწერას ვაპირებთ. ეს ნამდვილი განძი იქნება, სტატიებს ვთარგმნით და ჩვენს გვერდზე განვათავსებთ. გარდა ამისა, ელექტრონულ ბაზებს ვაკეთებთ ქართველ მეღვინეებზე, ვიკვლევთ მათ ბიოგრაფიებს. ძალიან დიდი მასალა გადმოგვცა მალხაზ ხარბედიამ. მკითხველებს ელექტრონული მასალის გაცნობა ჩვენს დარბაზში განთავსებულ კომპიუტერებშიც შეეძლებათ. პერიოდულად ჩატარდება ლექციები სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელისა და კერძების შეხამებაზე, დეგუსტაციის წესებსა და თავისებურებებზე და ა.შ. გარდა ამისა, გვაქვს კარგი ბროშურები სხვადასხვა მიკროზონების მიხედვით, ტურისტულ მარშუტებზე. სამხრეთ აფრიკაზე, ესპანეთზე, გერმანიაზე, საფრანგეთსა და ა.შ. შექმნილია ძალიან კარგი რუკა, რომელზეც დატანილია სხვადასხვა ცნობილი მარნების მდებარეობა. ჩვენთან ამ მხრივ კახეთი გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, იულონ გაგოშიძემ გაგვიმარტა, რა განსხვავებაა ჭურსა და ქვევრს შორის. ჭურს ეძახდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. VI საუკუნით დათარიღებული ექსპონატიდან ირკვევა, რომ ჭურს ეძახდნენ ისეთ ჭურჭელს, რომელშიც ადამიანი ჩადიოდა და ისე რეცხავდა. ხოლო ქვევრში ჩასვლა პატარა მოცულობის გამო შეუძლებელი იყო.

- მეღვინეები თუ გამოეხმაურნენ ამ ბიბლიოთეკის დაარსებას? თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ?

- დიახ, ინტერესი დიდია. საქართველოში ბევრი კარგი მეღვინე გვყავს. ბონდო კალანდაძემ საჩუქრად წიგნები გადმოგვცა. მიხარია, რომ ინტერესს ახალგაზრდებიც იჩენენ. უმეტესად, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები მოდიან. ჩვენ თავად სხვადასხვა ტიპის საოჯახო მარნებში, ღვინის სახლებში გასვლას ვაპირებთ. გვინდა, შევისწავლოთ და აღვწეროთ ყველა საოჯახო მარნის ტრადიცია. მომავალში კი ქართულ მარნებზე ვიდეორგოლების გადაღებსაც ვგეგმავთ.

- წარმატებებს გისურვეთ!

- გმადლობ.

თამუნა კვინიკაძე