"ვაზაგაშვილების ტრაგედია მთელი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა"
font-large font-small
"ვაზაგაშვილების ტრაგედია მთელი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა"
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ვაზაგაშვილების ტრაგედიაზე, მათი და სხვა საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებულ თემებსა და ამ მიმართულებით ხელისუფლების ნაბიჯებზე გვესაუბრება:
- ნება მომეცით, თქვენი პოპულარული ტრიბუნით ვისარგებლო და ბატონი იურის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო. ამ ტრაგედიის დროს, თბილისში არ გახლდით და ვერ მივუსამძიმრე. იური საოცარი პიროვნება იყო, გულგრილს ვერ დაგტოვებდა, თანაც ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე დაატარებდა თავის უზარმაზარ უბედურებას. მისი ამგვარი სიკვდილით მისმა ამფეთქებლებმა მამაშვილობა მოკლეს, ამ იდეას დაუპირისპირდნენ. მამა რომ შვილის ჭირისუფალი უნდა იყოს, ამის შეურაცხყოფაც იყო და სწორედ ამ შეურაცხყოფის გრძნობამ და ბატონი იურის პიროვნების ასეთმა გაწირვამ დაძრა ის მექანიზმები, რომლებიც აქამდე შედარებით შენელებულად მუშაობდა. ამ მექანიზმებში მთელ სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ვერტიკალს ვგულისხმობ. მგონია და იმედი მაქვს, რომ გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის განწყობილება იყო. რაც აღვნიშნე, ამ მოტივების მატარებელია ბიძინა ივანიშვილი, პიროვნებასაც იცნობდა და რომ აღშფოთებულიყო, გასაკვირი არაა. შესაბამისად, მისი ზეწოლა იმ სტრუქტურებზე გაძლიერდებოდა, რომლის გადასაწყვეტიც იყო ეს საქმე. ამან დადებითი შედეგი გამოიღო - სამართლიანობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგა. ეჭვი არ მეპარება, რომ რეაქცია ასევე ექნებოდა ირაკლი ღარიბაშვილსაც. ის, რომ ეს აფეთქება ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოხდა და ზურას ამბავი დაიძრა, ფაქტობრივად, ივანიშვილის გამოწვევაც იყო და ამ გამოწვევას ეს პასუხი გაეცა.

GzaPress- თქვენი აზრით, რატომ ფერხდებოდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების დასრულება და სიმართლის გამოაშკარავება? ეჭვი, რომ დამნაშავეებს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, კერძოდ, შსს-ს ყოფილი მინისტრი, შესაძლებელია, რეალური იყოს? ეს საქმე აქამდე თუ ვერ გახსნეს, ახლა ასე უცებ როგორ გამოიძიეს? გახსნილი საქმეების შენახვა და "საჭირო დროს" პიარისთვის გამოყენება საზოგადოებას სხვა ხელისუფალთა დროსაც არ მოსწონდა.

- ესე იგი, რეალურად გამოძიებული იყო. მფარველობას არ გამოვრიცხავ, რადგან ფაქტია, რომ ასეთი ბრალდება იყო დაზარალებულის - ბატონი იურის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, არ გამოვრიცხავ იმიტომაც, რომ სისტემაში ბევრი ადამიანი ისეთ თანამდებობაზე ზის, საიდანაც მფარველობა შეუძლია. ეტყობა, ერთდროულად ბევრი მუხრუჭი მუშაობდა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამ ტრაგედიამ კი ყურადღება იმაზე გადაატანინა და დაგვანახვა, რომ ქვეყანაში ასეთი მუხრუჭები არსებობს.

- როგორ ფიქრობთ, გახმაურებულ საქმეებში ეჭვმიტანილთა დაჭერები გაგრძელდება თუ ისევ გამოჩნდება ასეთი "მუხრუჭები"?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ჟვანიას საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როდემდე შეიძლება ვიძახოთ, გამოძიებულიაო? ამასთან ერთად, ბევრია ისეთი საქმეც, რომელსაც ხმაური არ მოჰყოლია, მაგრამ ტრაგედია მოხდა. სანამ ისევ რაღაც უბედურება არ მოხდება, არ დავასრულებთ? იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანის სიკვდილი მაინც გამოაფხიზლებს და აიძულებს, აქტიური პოზიცია დაიკავოს სამართლიანობის აღდგენის საკითხში, რაც, მაგალითად, ვერ მოახერხა ირინა ენუქიძემ. გირგვლიანის დედის გარდაცვალებამ საზოგადოება, მართალია, შეძრა, მაგრამ რეაქციები არ მოჰყოლია. იქნებ ვისწავლოთ ჭკუა, რომ აღნიშნული პასიურობის შემდეგ, უკვე ვაზაგაშვილის ასეთი მკვლელობა მივიღეთ. თუ ახლაც არ გააქტიურდებიან და საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, კიდევ უფრო თავხედური ნაბიჯის მომსწრენი გავხდებით ან უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდება. ეგ ის სფერო არაა, რომელიც ხელისუფლებას პასიურობას აპატიებს.

- პრემიერი აცხადებს, რომ ყველა გახმაურებული საქმე გამოიძიეს...
- სწორედ ეს განცხადება ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ საბოლოო წერტილია დასასმელი ზურა ჟვანიას საქმეზე ან თუნდაც, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. არ ვაკნინებ იმას, რაც უკვე გააკეთეს და გამოიძიეს, მაგრამ მეჩვენება, რომ საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჯერ არ იგრძნობა. რაც შეეხება სხვა საქმეებს: გახმაურებული საქმეები რომც ამოიწუროს, საზოგადოების კმაყოფილება ხელისუფლებამ შეიძლება ვერ მიიღოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაუხმარებელი ბევრია - 17 000-მდე. ამ ყველაფრის გამოძიების მოთხოვნა საზოგადოებაში სულ იქნება და ალბათ ამის გათვალისწინება საჭიროა მანამდე, სანამ ხელისუფლების მოქმედებების საბოლოო შეფასებები გაკეთდება.

- როგორ აისახება ეს ყველაფერი "ოცნების" რეიტინგზე?
- გაუხსნელი საქმეები რომ მძიმედ აისახებოდა, ფაქტია. თუმცა, საქმეების გახსნამ შესაძლოა, რეიტინგი არ მოუმატოს. სწორედ იმიტომ, რომ სამართლიანობის აღდგენის სურვილი უფრო ფართოა და ითქვა კიდეც - სანამ ტრაგედია მოხდა, მანამდე რატომ არ გამოიძიეთო?! როცა ხელისუფლება დაგვანახვებს, რომ გაუხმაურებელ საქმეებზეც შედეგიანად მუშაობს და თავის ფუნქციას ასრულებს, მერე უკვე საზოგადოება უკეთესად განეწყობა მის მიმართ.

- შსს-ს ახალი მინისტრი რამდენად შეძლებს ამ ყველაფერში დადებითი წვლილის შეტანას?
- რა მოგახსენოთ?.. ყოველ შემთხვევაში, ის პრობლემა, რაც ჭიკაიძესთან გაჩნდა, რომ ის შესაძლოა, ვინმეს მფარველობდა, მგონი, მინიმუმზე იქნება დაყვანილი. მეორე მხრივ, როგორც პროფესიონალი ან ორგანიზატორი, ამას რამდენად მოახერხებს, ცხოვრება გვიჩვენებს. ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის თავისი შესაძლებლობები, სანამ ისეთ თანამდებობაზე დაინიშნება, სადაც მისი ეს შესაძლებლობები საჭირო ხდება. შესაძლოა, ადამიანი ძალზე კარგი ორგანიზატორი იყოს, მაგრამ არ იცოდეს მანამდე, სანამ დანიშნავენ. ვნახოთ, რა შეუძლია ამ ადამიანს, იმედი ვიქონიოთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

- თქვენი ხედვით, დამოუკიდებელი მმართველი იქნება? ყველაფერს მისი დამოუკიდებლობა განაპირობებს თუ ისევ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ან კეთილ ნებას უნდა დაელოდონ, რომ საქმეები დროულად გამოიძიონ და გახსნან?

GzaPress- ეს საკითხი ახლა რომ დგას, არ მესმის, იცით, რატომ? ვაზაგაშვილის საქმე რომ გაიხსნა, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის შედეგია. საზოგადოების ნაწილის აზრს ჟურნალისტები ხშირად ახმოვანებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის გავლენის არსებობა ცუდია, მაგრამ გავლენა, რომელიც კარგ საქმეს ემსახურება, რატომ რჩებათ შეუმჩნეველი? ფაქტია, რომ ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებებმა მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.

- ამ შემთხვევაში, მისი ჩარევა უარყოფით კონტექსტში არ მიხსენიებია. ვიგულისხმე, რომ მინისტრებმა, როცა თანამდებობებზე ინიშნებიან, ხომ უნდა გააცნობიერონ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და დაკისრებული მოვალეობები? რატომ უნდა დაელოდონ ვინმეს მითითებებს?

- დიახ, ასე არ უნდა იყოს და ივანიშვილი კარგა ხანს არც ერეოდა. ხელისუფლებიდანაც ამიტომ წავიდა. ამიტომ მაღალ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები უნდა დაინიშნონ, რომლებიც საკუთარ თავს თვითონ მოუვლიან. მაგალითად, დავით სერგეენკო ხომ კარგი მინისტრია? ანალოგიურად, ზოგი იქნება ასეთი, ზოგი - ნაკლებად, ამიტომ ამ ტიპის როტაცია სრულიად ბუნებრივია. ცოლებს იცვლიან რამდენიმეჯერ, მინისტრის გამოცვლა ამ ქვეყნისთვის ტრაგედიად აღიქმება და რატომ, ვერ ვიგებ.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ სიტუაციას ქვეყანაში?
- მომხდარ ტრაგედიას თავი რომ დავანებოთ, ერთადერთი, რაც ზოგადად ჩანს, ისაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არაა და ეს სისხლიანი სურათით დავინახეთ. თუ ისეთ ადამიანებს გაწირავენ, როგორიც იური ვაზაგაშვილი იყო და თანაც იმისთვის, რომ თავისი შვილი უყვარდა, მაშინ ამ ქვეყანაში არავის დაედგომება. მე მგონი, ამ ეტაპზე, ხელისუფლებამ ეს დაინახა. ქვეყანას რომ მოვლა უნდა, თანაც - ცოტა სხვანაირად, ვიდრე აქამდე იყო, მე მგონი, ესეც უნდა გააცნობიეროს. ამ ტრაგედიამ მაქსიმალური როლი უნდა შეასრულოს ქვეყანაში. ბევრი რამ გადასახედია. ვაზაგაშვილების ტრაგედიას მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების უბედურების კვალი არა აქვს, იგი მთელი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, ამიტომ ამ ქვეყანას სხვაგვარად მოვლა სჭირდება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
10.02.2015
ტანამდებობებზე არ სეიზლება იყოს ზველი კადრები,რადგან მისამ ყველა გასვარა და არ ცდილობენ კვეყნის წინსვლას,რაც არც ისე ადვილია,ტვიტ განვიტარებულ კვეყნებსაც დიდი კრიზისი აკვს და ცვენ რა გასაკვირია
ვამეხი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რაც მთავარია, ამ სიტუაციაში ვცდილობთ, ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ
"ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება ერთგვარი "ბომბია"..."
"პანიკაში ჩავარდნილი იტალიელი არ მინახავს"
ქართველები ადრე უფრო ბევრნი ვიყავით, ახლა 5 ოჯახიღაა
"არასოდეს დამავიწყდება მისი ჩაწითლებული, არაადამიანური თვალები..."
"ჩემს შვილებში ციპისავით ნიჭიერი არც ერთი არ არის"...
"ისპანკას" ვირუსის შემდეგ კაცობრიობა ასეთი განსაცდელის წინაშე აღარ დამდგარა
შემაშფოთებელი სტატისტიკა და დამაიმედებელი ტენდენციები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი