მხატვარი, მწერალი და კარატისტი მინისტრი მეტროთი დადის - გზაპრესი

მხატვარი, მწერალი და კარატისტი მინისტრი მეტროთი დადის

ზოგს ემიგრანტის სტატუსი აქვს, ზოგი არალეგალურადაა წასული უცხო ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად, ზოგიერთი კი ძალიან წარმატებულია და უცხოეთშიც გაითქვა სახელი. ფაქტია, უცხოეთში მყოფ ქართველთა რიცხვმა მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ქვეყნის წინსვლაში ქართველი დიასპორის როლის გაზრდაზეც ბევრს საუბრობენ ხელისუფლებაში. ჩვენს დიასპორასთან მუდმივი კონტაქტი აქვს დიასპორის სამინისტროს. სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე საკმაოდ ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა. მასთან ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

- ბატონო გელა, დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით რა კეთდება და თუ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანია ქვეყნიდან წასული?

GzaPress- ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი იქნება. მათთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა უნდა იგრძნონ ჩვენი საქმიანობის სარგებელი. სხვა საკითხებთან ერთად, ორი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ: ჩვენებმა უცხოეთში უნდა შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და თვითმყოფადობა, ასევე, აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დღეს კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა, იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფლობს კომპიუტერს, ინფორმირებულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ნოსტალგია ყველას აქვს, ვერაფერი შეუცვლის ჩვენს ქვეყანას. უკრაინაში ან მოსკოვში ყოფნის დროს, როცა ცა მოიქუფრებოდა, მთელი თვე მზეს რომ ვერ ვხედავდი, მაშინ ყველაზე მძაფრად მენატრებოდა ჩემი საქართველო. სულ მონატრებაში ვიყავი ჩემი ხალხის, ახლობლების, აქაური ჰაერიც მენატრებოდა... ვითარდება კომუნიკაციის საშუალებები. გვაქვს ახალი ვებგვერდი, სპეციალური "საჩატო" პროგრამა. ვაწყობთ კონფერენციებს. გვაქვს გაფორმებული დიასპორებთან თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენი თანამონაწილეობით მოხდა თურქეთში ქართული ენის სწავლების შემოღება. გვინდა, უცხოეთში სახელგანთქმულმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაუზიარონ გამოცდილება საქართველოში მყოფ კოლეგებს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველა დააბრუნოს საქართველოში. ამის მცდელობა წინა ხელისუფლების დროს იყო. ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და აქ შეეჯახა პრობლემებს. სამწუხაროდ, ბევრი უკან ვერ დაბრუნდა, რადგან იქ სახლებიც გაყიდული ჰქონდათ და სამსახურიც - დაკარგული. ჩვენ გვინდა, მოხდეს მათი ღირსეული დაბრუნება. შეიძლება, ბევრი მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ თუნდაც ის, რომ ბიზნესზე არ ხორციელდება წნეხი, დიდი მიღწევაა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ იჩაგრება და შეშინებულია.

- თუ არის თქვენთვის ცნობილი, ჩვენს ემიგრანტებს რა პრობლემები აწუხებთ?

- ძირითადი პრობლემები თითქმის იდენტურია იმის, რაც აქ არის, ამას ემატება დიდი ნოსტალგია. ზოგიერთ მათგანს ყველაფერი აქვს, აწუხებს, რომ სამუშაო არ არის საქართველოში. იქ რაც აქვთ ხელფასი, იმის ნახევარიც რომ მისცე აქ, დარწმუნებული ვარ, დაბრუნდებოდნენ. ურთიერთობა მაქვს ფერეიდნელებთანაც. აპრილის ბოლოს ვაპირებ იქ ჩასვლას. დიასპორული მარათონი მოვაწყვეთ ცოტა ხნის წინ. მაშინ თანამშრომლებმა თანხა შევაგროვეთ და შევიძინეთ ღვთისმშობლის ხატი. ახლა ვაპირებთ, ეს ხატი გადავცეთ ქაშუეთის ეკლესიას და დავარქვათ "დიასპორის ხატი". ამ ხატთან შეგვეძლება ლოცვა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის.

- როგორც ვიცი, ბევრს პრობლემა შეექმნა სავიზო რეჟიმის გამკაცრების გამო. მათთვის რაიმე შეღავათი დაწესდა?

- გვაქვს მათთან მუდმივი კონტაქტი. სავიზო პოლიტიკამ მართლა ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამის კომპენსაციას ვახდენთ ბინადრობის მოწმობის, თანამემამულის მოწმობის გაცემით. ფერეიდნელების სავიზო პრობლემებისა და საინგილოს სტუდენტების საკითხზე ვიმუშავეთ იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად და ვფიქრობ, მოგვარდება.

- თქვენს განვლილ გზაზეც გვესაუბრეთ.

GzaPress- თბილისის 55-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ ჩემმა უმცროსმა ძმამ გადაწყვიტა, ამ პროფესიას დაუფლებოდა, ამიტომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე. ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში 1987 წლიდან დაიწყო. თანაკურსელებთან ერთად, სტუდენტურ გამოსვლებში ვმონაწილეობდი. V კურსზე ვიყავი, როცა საბავშვო ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებელი გავხსენი. ეს სტუდიის ტიპის სკოლა იყო, სადაც მოზარდებს ლექციებს ვუკითხავდით იმ დისციპლინებში, რომლებიც იმდროინდელ საგანმანათლებლო სივრცეში არ იკითხებოდა. სკოლამ 7 წელი იარსება. მერე დიპლომატიური აკადემია დავამთავრე, კლუბის პრეზიდენტი ვიყავი და მიცნობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამიტომ ამიყვანეს სტაჟიორად. 32 წლის ვიყავი, როცა "საგარეოში" სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. "პატრონი" არ მყავდა, ამიტომ რთული იყო იქ მოხვედრა. ყველა გზა გავიარე. ბოლო 16 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის. საქართველოს 4 საელჩოშიც მომიწია მუშაობამ. 2013-14 წლებში უზბეკეთში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. ძალიან მენატრებოდა ჩემი სამშობლო, ჩემი შვილი და შვილიშვილი. დაახლოებით 100 მეგობარს მივწერე: მენატრება ჩემი სამშობლო, შემომთავაზეთ რაიმე სამსახური-მეთქი. სანამ მისია დამიმთავრდებოდა, ერთი თვით ადრე დამირეკეს და მითხრეს, პრემიერ-მინისტრი გიბარებსო. გამიკვირდა. მაშინ გავიცანი ირაკლი ღარიბაშვილი. მან შემომთავაზა მინისტრის მოადგილედ მუშაობა და დავთანხმდი. შემდეგ გავხდი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

- რომელმა ქვეყანამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

- ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს. 2001 წელს ჩავედი აზერბაიჯანში. სწორედ მაშინ ჩაეყარა საძირკველი ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენს... საოცარია ისტორიული ჰერეთი. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი საინგილოში. სოფელ ალიბეგლოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში, ჩემი პიესის მიხედვით სპექტაკლიც დაიდგა და ძალიან გახარებული ვიყავი. იქაურებთან მეგობრობას დღემდე ვაგრძელებ. უკრაინაც ჩემთვის ძვირფასი გახდა. ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინელებს.

- მეუღლე ყველგან თქვენ გვერდით იყო, არა?

- რასაკვირველია. ჩემი მეუღლე, ირინა სულთანიშვილი ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და ძალიან ვაფასებ. 27 წელია, ერთად ვართ. ერთი ქალიშვილი მყავს, ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. დაოჯახებულია, ჰყავს პატარა ნიკოლოზი და ცოტა მომაკლდა მასთან დიალოგი.

- როგორც შევიტყვე, კარატეში შავი ქამრის მფლობელი ხართ. თქვენს სპორტულ მიღწევებზეც გვიამბეთ.

- კარატეში ვარჯიში 20 წლის ასაკში, ჯარის შემდეგ დავიწყე. მერე დავდიოდი აიკიდოზე. ისე მოხდა, რომ "ფუდოკა კარატეს" ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი საქართველოში. ორი შავი ქამარი მაქვს: ერთი ადგილობრივმა ფედერაციამ მომანიჭა, ხოლო მეორე - იაპონურმა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სულ ვვარჯიშობ.

- როგორც ვიცი, კარგად ხატავთ. ეს თქვენი გატაცებაა?

- ბავშვობიდან ვხატავ. ბებიაჩემის დას, დონა მამულიას მოჰქონდა ხოლმე ფურცლები და ფერადი ფანქრები. მეც ვხატავდი. "არტგალერეის" წევრი ვიყავი, იქ იყო დიდხანს გამოფენილი ჩემი ნახატები, ასევე - აეროპორტის ვიპ-დარბაზში. როცა მეკითხებიან, მხატვარი ხარო? ვპასუხობ, - არა, უბრალოდ ვხატავ. თუმცა, ექსპერტებმა საკმაოდ ძვირად შეაფასეს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ახლა ვერც ერთი ადამიანი ვერ ნახავს ჩემს ნახატებს.

- რატომ?

- რაც მინისტრი გავხდი, ყველა გამოფენიდან მოვხსენი, რომ არ თქვან, მინისტრობით ყიდის ნახატებსო. ეს უხერხულია. სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს ხელისგულზე, გამჭვირვალე სიტუაციაში. ჩემი ნახატები ყოველთვის იყიდებოდა, მაგრამ ახლა არ იყიდება. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძველი ნამუშევრები უფრო მიყვარს. სახლში რაც დარჩა, იმ ნახატებზე წარწერებს მაკეთებინებენ ჩემი მეუღლე და შვილი. ვჩუქნი მათ და მილიონი დოლარიც რომ მომცენ, არ გავყიდი. ახლა სამწუხაროდ, ხატვისთვის ვეღარ ვიცლი. ვიხსენებ უკრაინაში, რუსეთში გატარებულ გრძელ საღამოებს. მინდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში ხატვამ გადამარჩინა. ტილოზე ფუნჯის შრაშუნი რომ ისმის, ეს ძალიან მაგარია.

- ასევე წერთ ნოველებს, ხომ?

- ნოველების სამი კრებული მაქვს გამოცემული: "ყვითელი ტროლეიბუსი", "მე მორბენალი" და "მიყვარს ვაშლი". ჩემი ერთი რადიოპიესა - "შიოლა" დაიდგა პირველ არხზე და ძალიან მიხარია, როცა ვუსმენ საკუთარ ნაწარმოებს. სამ ლიტერატურულ კონკურსში გავიმარჯვე: ერთხელ - ლიტვაში, ასევე - საქართველოში და ქართულ-გერმანულ რადიოკონკურსში. ჩემი პიესები დაიდგა საინგილოში. ამას წინათ გავიგე, რომ ბაქოშიც დადგეს. ახლა ვერც ვწერ და ვერც ვხატავ. მაქსიმალური ენერგია მიაქვს ჩემს დღევანდელ საქმიანობას.

- როგორ შეიქმნა თქვენი პირველი ნაწარმოები, გახსოვთ?

GzaPress- ბავშვობაში დავწერე, მაშინ მერვე კლასში ვიყავი და "მოლოდინი" დავარქვი. გურიაში გვაქვს სოფელი და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ზაფხულობით ჩავდიოდით. ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილი ვარ. იქვე, მუზეუმთან არის ჩემი სახლი. მე და ჩემი ძმა კალასგან ვამზადებდით ჯვრებს და სხვადასხვა ნაკეთობას. კალა არ იშოვებოდა. ჩემს მამიდაშვილს ჰქონდა სანადირო თოფი და საფანტი და სულ მას ვართმევდით. თამაზ ჩიგოგიძე დღეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელია. თვითონაც წერს. მახსოვს, მასთან საუბრის დროს ჩამოვარდა საუბარი მწერლობაზე და მითხრა, - მწერლობა ასე ადვილი ნუ გგონიაო. დავენაძლევე 50 საფანტზე, რომ ორ საათში დავწერდი ორ ნაწარმოებს. მახსოვს, დავწერე "მოლოდინი", ცხონებულ დედაჩემზე. დედის მოლოდინს მივუძღვენი ეს ნაწარმოები და ჩემს მამიდაშვილს გადავეცი. წაიკითხა და ორჯერ მეტი საფანტი მომცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოეწონა. ასე დავიწყე წერა. მახსოვს, მერე უნივერსიტეტშიც ანალოგიური შემთხვევა მოხდა. სპეცკურსი გვქონდა, ორი უდიდესი ადამიანი - ოთარ ჩხეიძე და მიშა ქვლივიძე გვიკითხავდნენ ლექციებს. ოთარ ჩხეიძეს მოვუყევი ამბავი და მასზე ავაგე ნაწარმოები. მახსოვს, როგორ გულისყურით წაიკითხა, გაიღიმა და უხმოდ ჩაიდო ჩანთაში. შემდეგ ალმანახ "ლიახვში" დაიბეჭდა და ძალიან გახარებული ვიყავი. პირველი ემოცია ის იყო, რომ ბევრი გაზეთი ვიყიდე და ყველა ახლობელს დავურიგე. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა გაღიმებულ ახლობელს ხედავ.

- რა ქონებას ფლობს დიასპორის მინისტრი?

- მაქვს ბინა. ღვთის მადლით, მანამდე შევიძინე და გავარემონტე, სანამ მინისტრი გავხდებოდი და ეს ძალიან მიხარია. არ მყავს საკუთარი მანქანა. სამსახურის მანქანით ვმოძრაობ. მძღოლს შაბათ-კვირას ვასვენებ და მე და ჩემი მეუღლე დავდივართ ქალაქის ქუჩებში ფეხით, მეტროთი, ტაქსით. გაეროს "ბედნიერების ინდექსი" არსებობს, - შეფასებათა სკალა. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ შედის ბედნიერი ერების ნუსხაში. არადა, ჩვენზე მატერიალურად გაცილებით დუხჭირი ერები ითვლებიან ბედნიერებად.

- ოჯახისთვის დრო გრჩებათ? საოჯახო საქმეები თუ გეხერხებათ?

- ჩემი შვილიშვილი სამი წლისაა. დედამისს მოჰყავს ჩემთან შაბათ-კვირას და ეს ბედნიერი წუთებია ჩემთვის. საოჯახო საქმეებიც მეხერხება. მზარეულობაც კარგად გამომდის. ვამზადებ ექსკლუზიურ საჭმელს სახელდახელოდ ჩემი ქალიშვილისთვის და შვილიშვილისთვის. ვაფორმებ ძალიან ლამაზად. იმპროვიზაციულად ვამზადებ კერძებს და ვარქმევ სახელებს. უქმად ყოფნა არ მიყვარს. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა უმუშევარიც ვიყავი. ეს ის დრო იყო, როცა თბილისში არც შუქი იყო და არც გაზი. მაშინ ძალიან გამიჭირდა. მთავარია, შენში არსებული პოტენციალი გამოიყენო. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი დეფიციტი ასპარეზია, რომელიც ახალგაზრდებს სჭირდებათ. ვცდილობ, მხარში ამოვუდგე ახალგაზრდებს და დასაქმებაში დავეხმარო.

თეა ხურცილავა