"პატრიარქმა ეკლესია ბეწვის ხიდზე გამოატარა და გადაარჩინა" - გზაპრესი

"პატრიარქმა ეკლესია ბეწვის ხიდზე გამოატარა და გადაარჩინა"

იესო ქრისტეს ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოვლენაა და მორწმუნეები ამ დღისთვის შესაბამისადაც ემზადებიან.

საუკუნეების განმავლობაში, ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ რთული გზა გამოიარა და პერიოდულად, დიდი წნეხის ქვეშაც ექცეოდა. ქვაშვეთის ტაძრის მოძღვარი - დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ამ გზაზე, კათოლიკოს-პატრიარქსა და იმ წლებზე გვესაუბრება, რომელიც მასთან ერთად გამოიარა:

GzaPress- საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოვიდა და მისი მოღვაწეობა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან დაიწყო. ის უნიჭიერესი ადამიანია. ჩვენი სასწავლებელი, სასულიერო სემინარია, ფაქტობრივად, დაკეტილი იყო და პირველმა გახსნა მცხეთაში. სწორედ პატრიარქის დროს დაიწყო მოქმედება და აღორძინდა. ის არა მხოლოდ სოხუმში, არამედ ბათუმშიც მსახურობდა, მაგრამ დადგა დრო და ჟამი, როცა უფალმა მოუწოდა, ღვთისმსახურების უმაღლეს მწვერვალზე ეღვაწა და ეს იყო 1977 წელი. მისი აღსაყდრება ზუსტად 25 დეკემბერს მოხდა. მაშინდელი ხელისუფლება ილია II-ის შევიწროებას ძალიან ცდილობდა და მის წინააღმდეგ ტერაქტსაც კი ამზადებდნენ, რათა საპატრიარქოს წასაძღოლად არ მოსულიყო, და მოუწყვეს კიდეც - საპატრიარქოს ორსართულიან რეზიდენციას სიონის საკათედრო ტაძრის გვერდზე, რომელშიც ის იმყოფებოდა, ცეცხლი წაუკიდეს. ეს ის დრო იყო, როცა ადამიანები ერისა და ენის გადასარჩენად იბრძოდნენ. მოგეხსენებათ, მავანსა და მავანს უნდოდა, რომ საქართველოში რუსული ენა გაბატონებულიყო და იმ წლებში ქართული ენისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ახალგაზრდა პატრიარქს ეკლესიაში ფაქტობრივად, ხუთი მოხუცებული მღვდელმთავარი და სულ რამდენიმე ეკლესია დახვდა, მთელ საქართველოში ალბათ - 80-მდე, და 40-მდე ქართველი მღვდელი, დანარჩენი კი სხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ ღვთისმსახურებაში. ერთ დღეს მამა ღვთისომ (ქვაშვეთის ტაძრის მოძღვარმა) მითხრა, - ეკლესიაში ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, შენნაირი ახალგაზრდები გვჭირდებაო, - და პატრიარქთან მიმიყვანა. 1978 თუ 79 წელი იდგა. მისმა უწმინდესობამ კურთხევა მომცა და საპატრიარქო ტაძარში მიმიღო. ყველაფერს ვაკეთებდი, ფიზიკურადაც ვშრომობდი, ნოხებსა და სასანთლეებს ვწმენდდი, ელექტრობას ვაწესრიგებდი და ა.შ. მერე უკვე სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში ტაძრების გახსნას მავალებდა. ბევრგან ჯერ მე მივდიოდი, იქ სიტუაციას მოვაგვარებდი და მერე პატრიარქი ჩამოდიოდა. მძიმე დრო იყო: მისი უწმინდესობის სადმე ჩასვლას შესაბამისი რაიონის რაიკომის მდივანთან ვათანხმებდით. ეკლესიები დაკეტილი იყო და სანამ თანხმობა რუსეთიდან არ მოვიდოდა, ვერ ვხსნიდით. პატრიარქის წყალობით, ეკლესიებზე გადასახადები მოიხსნა, ძველი ტაძრების აღდგენა, ახლების მშენებლობა დაიწყო და ა.შ. თბილისში ახალი ტაძრების მშენებლობა გლდანის წმინდა გიორგის ტაძრით დავიწყეთ. პატარა ეკლესიებს იმიტომ ვაშენებდით, რომ ადამიანები როგორმე იქამდე მოგვეყვანა. ოდითგანვე ასე იყო: ჯერ პატარა ბაზილიკები შენდებოდა, მაგალითად - სამთავრო და მერე - დიდი ტაძრები.

საეკლესიო ლიტერატურის დეფიციტი

- წარმოიდგინეთ, ადრე ბიბლია, ახალი აღთქმა - არაფერი არ გვქონდა და ძალიან ვწვალობდით. ქეთი ქილიფთარი იყო ჩვენთან, სნეული ქალი, ის ბეჭდავდა ხოლმე, და თამარა, რომელიც მთავრობაში მუშაობდა... პატრიარქმა ეკლესია ბეწვის ხიდზე გამოატარა და გადაარჩინა. ჩვენ სახარება არ გვქონდა, იეღოველებსა და ბაპტისტებს კი უცხოეთში დაბეჭდილი, მაღალი ხარისხის წიგნები ოჯახ-ოჯახ დაჰქონდათ. მერე ზოგიერთი მოვიდოდა და მეტყოდა, - აი, იმათ ეს მაჩუქეს და, მამაო, აბა, შენ რას მაჩუქებო?.. ჩვენც ქეთოს, წმინდანების ცხოვრებას ვაბეჭდვინებდით. ახლაც რომ შევდივარ ოჯახებში, ბევრს ისევ აქვს ეს ჩვენი ხელით დაწერილი ან დაბეჭდილი წიგნები. ეკლესიას სხვა საშუალება არ ჰქონდა. მერე უკვე შევძელით, რომ წიგნები თანამედროვე ქართულით დაგვებეჭდა. მართალია, შეცდომებიც იპარებოდა, მაგრამ ადამიანი ადვილად იგებდა.

GzaPressდაბრუნებული ავტოკეფალია

- ადრე, ბორჯომის მხარეს, მავთულხლართი იყო გაბმული. წალკის მხარეც ჩაკეტილი იყო. თუ საბუთი არ გქონდა, ვერ შეხვიდოდი. როგორც ახლა უკავია ცხინვალი რუსის ჯარს, მაშინაც ასე იყო ახალქალაქი და ახალციხე. მაგრამ პატრიარქი იქ ჩასვლას მაინც ახერხებდა და ფარავნის ტბაზე ადგილიც მოვილოცეთ. იქ დედათა მონასტერი გაშენდა. წმინდა ნინოს გზა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, პირველად მე გავაკეთე, მეუფე დავითთან ერთად, რომელიც მაშინ ჯერ მორჩილი იყო. დროთა განმავლობაში უწმინდესს სულ უფრო მეტი სიყვარულითა და პატივით ხვდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში. მის გვერდით სულ რამდენიმე კაცი ვიდექით, თანდათან კი ახალგაზრდობა შემოემატა. 1986 წლიდან მასწავლებლებმაც ინტენსიურად დაიწყეს ეკლესიაში სიარული და ბევრი მათგანი მღვდელი გახდა. პატრიარქი ყველას ხელს უწყობდა, გაჭირვებულებს სულ ეხმარებოდა. ასე გაიარა დრომ და პატრიარქის წყალობით, დედა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო - ჩვენი საპატრიარქოსთვის უნდა გადმოეცათ, მაგრამ აქედან, წინა მთავრობიდან ვიღაცამ დარეკა და უარი გვითხრეს. მოძღვარმა, რომელიც იქ მსახურობს, მართალია, წირვა-ლოცვა არ ჩაგვატარებინა, მაგრამ პატრიარქმა მას ოქროს სამაჯური დაუტოვა საჩუქრად. ასეთი სიკეთეებით, თავისი გონითა და სიყვარულით დაჯილდოებული კაცი, ყოველთვის ასაჩუქრებდა ადამიანებს, თუნდაც მტერი ყოფილიყო, და მასაც ეკლესიის მხარეს მოაქცევდა. მახსოვს, მის უწმინდესობას ბაპტისტების მოქცევაც უნდოდა. დადიოდნენ კიდეც სიონში, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და ისევ განზე გადგნენ.

სასწაულებრივად გადარჩენილი მირონი

- პირველად მირონი 1980-იან წლებში მოიხარშა. როცა პატრიარქი მცხეთიდან მოდიოდა, ავტომობილი ამოტრიალდა, ქვეშ ოთხი ადამიანი და მირონით სავსე ჭურჭელი მოჰყვა, რომელიც თავღია იყო და ერთი გრამიც კი არ დაღვრილა. იქ კიდევ ორი ეპისკოპოსი იყო - შიო ავალიშვილი და ამბროს ქათამაძე, რომელსაც ეს ჭურჭელი ეჭირა. სასწაულებრივად გადარჩნენ... პატრიარქის ცხოვრების გზაზე არაერთი სასწაული მომხდარა.

აფხაზეთი

- ვლადისლავ არძინბასთან მოსალაპარაკებლად რომ ჩავედით, გვეუბნებოდა, მდინარე ფსოუზე არ გახვიდეთო. სამი დღე ელოდებოდა პატრიარქი, რომ ამის უფლება მოეცა, ის კი პასუხს არ გვეუბნებოდა. ვიჯექით და ვიცდიდით. ბოლოს, მისი უწმინდესობა გამოვიდა და თქვა, - გადაწყვეტილია, ფსოუზე მივდივარო. საშიშიაო, აფთხილებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. გაგრაში მუშაობდა ავთო იოსელიანი, ჩემი სულიერი შვილის ძმა, რომელმაც მითხრა, - იქ ხალხი ეკლესიასთან იკრიბება, ალყას არტყამენ და შიგნით დაწვას გიპირებენო. წავედი, მის უწმინდესობას ეს ამბავი ჩუმად ვუთხარი და გამოვბრუნდით. იქვე აფხაზი მილიციელი იდგა, რომელმაც ეტყობა, ჩვენი საუბარი გაიგონა და ხალხს შეატყობინა, - პატრიარქი ეკლესიაში შესვლას აღარ აპირებსო. ისინიც ადგნენ და პირდაპირ გზაზე დაგვხვდნენ. ზოგს დანა ეჭირა ხელში, ზოგს ჩანგალი, ზოგს ჯოხი და პაპუასებივით ყვიროდნენ და მოგვდევდნენ. პატრიარქი გაიტაცეს, ჩვენ კი უკან მივდევდით მანქანით. ამბროსი ქათამაძე გადმოვიდა და გზა ჩვენც გადაგვიკეტა, მაგრამ მაინც დავეწიეთ. სასტუმროში პატრიარქმა გვითხრა, - წადით და ის ხალხი დააშოშმინეთ, რომ იარაღი არ აიღონო. მამა დავითი წავიდა და დააწყნარა მაშინ, მაგრამ იმის შემდეგ, ბევრი ცუდი რამ მოხდა და ეს ყველას გვახსოვს.

სამოქალაქო ომი

GzaPress- "ბუნკერში" გამსახურდიასთან პატრიარქის წერილები ჩამქონდა ხოლმე. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა ერთმანეთისთვის არ ესროლათ და ძმათამკვლელი ომი არ მომხდარიყო. ერთ ხელში ჯვარი მეჭირა, მეორეში - წერილი და ტყვიების წვიმაში დავდიოდი. მაშინ სხვადასხვა პარტია იყო, ზოგი - რუსეთთან შეკრული, ზოგიც - სხვასთან... პატრიარქთან რომ მოდიოდნენ, ეუბნებოდნენ, - ახლა პრეზიდენტიც თქვენ ხართ, პატრიარქიც და თქვენს თავზე უნდა აიღოთ სიტუაციის დალაგება; გამსახურდია არაფერია, მისი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ან ქვეყნიდან გავაძევოთო. პირდაპირ ასე ეუბნებოდნენ. პატრიარქის შეცდომაში შეყვანა უნდოდათ, ის კი სიმშვიდისკენ, შერიგებისკენ მოუწოდებდა და ჭკუას არიგებდა, ეუბნებოდა, რომ ასე ფიქრი არ შეიძლებოდა. მაგრამ მისი ნათქვამი არ გაიგონეს. 18 დღე და ღამე საპატრიარქოში ვისხედით, რომ იქაურობა არ დაეწვათ, მთელი ღამე ტყვიების ზუზუნი ისმოდა ხოლმე. ომის შემდეგ ბევრი "ზვიადისტი" გადავარჩინეთ, პატრიარქის თხოვნით, რადგან დევნიდნენ. "ბუნკერიდან" ზოგი სიონთან გამოვიდა და პასპორტები ჩამოვართვი, რათა არ გაეგოთ, ვინ ვინ იყო და არ დაეხოცათ...

ხუთჯვრიანი დროშა

- მის უწმინდესობაზე ბევრი რამის გახსენება შეიძლება. მისი ყოველი ფეხის გადადგმა საინტერესო იყო. ყველაფერს აღწერდა, ყველაფერს იწერდა, მაგალითად - ბალახებისგან როგორ უნდა დამზადებულიყო წამალი და ა.შ. სახელმწიფო დროშა პატრიარქის შექმნილია და არა - მიხეილ სააკაშვილის. გულები რომ დაახატა, ეს კი მისია, მაგრამ ხუთჯვრიანი - არა. 2002 წელს ჯერ მთავრობა შეცვლილი არც იყო, ტაო-კლარჯეთში გახლდით, სადაც პარაკლისს ვიხდიდი, და ეს ხუთჯვრიანი დროშა მქონდა გაშლილი. ბათუმის ტელევიზიამ გააშუქა კიდეც. მაშინ მოლას ფული მივეცი და ვთხოვე, ნახევარი საათი ხელი არ შემიშალო და პარაკლისის ჩატარება გვაცადე-მეთქი... პატრიარქი მღვდლების სამოსებზეც მუშაობდა. ეკლესიაში რომ წმინდა ნინოს დროშაა და კიდევ სხვები, სულ პატრიარქმა შექმნა. ხუთჯვრიანი დროშის მოდელი ჩვენი წინაპრებისგან მოდის, ჯერ კიდევ თამარის დროინდელია.

თამთა დადეშელი

"გზის" არქივიდან