რატომ უბიძგა საკუთარი ქარხნის მუშებს გაფიცვისკენ დავით სარაჯიშვილმა - გზაპრესი

რატომ უბიძგა საკუთარი ქარხნის მუშებს გაფიცვისკენ დავით სარაჯიშვილმა

პირველად წყაროებში გიორგი სარაჯიშვილი "გამოჩენილა" - თავისუფალი მოქალაქე, თბილისელი. თურმე, სარაჯიშვილების გვარი სოფელ დიღმიდან მოდის და განშტოებები ქართლსა და კახეთში აქვს. ამ გვარის ხალხი აჭარაშიც ცხოვრობს. 1725 წელს ვახტანგ VI-ს სარაჯიშვილებისთვის "თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება უბოძებია, ოღონდ არა - შთამომავლობით, არამედ - ჩამომავლობით ანუ მხოლოდ მამრობითი სქესის პირდაპირ შტოზე გადასვლით. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სარაჯიშვილის გვარს სახელი საკუთარი ქარვასლით გაუთქვამს - ეს ყოფილა პატიოსან საქმიან ურთიერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რამდენიმე შტოს ნათესაური გაერთიანება, რომელსაც მიხეილ სარაჯიშვილი ხელმძღვანელობდა. იმავე მიხეილ სარაჯიშვილს ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონია და აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დანგრეული შენობები სწორედ მისი წყალობით აღუდგენიათ.

GzaPressკიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ქართული საქმე გაუკეთებიათ სარაჯიშვილებს. თუმცა, დღეისათვის სარაჯიშვილის გვარი უპირველესად, შესანიშნავ კონიაკსა და ასევე, შესანიშნავ სიმღერას და შესაბამისად - ორ ღირსეულ თანამემამულეს გვახსენებს: სახელგანთქმული ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელს, მრეწველსა და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს და ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, "საქართველოს ბულბულად" წოდებულ ვანო სარაჯიშვილს. ისინი ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ეპოქაში ცხოვრობდნენ და უფროს სარაჯიშვილს - დავითს მნიშვნელოვანი როლიც შეუსრულებია ახალგაზრდა ვანოს ცხოვრებაში. ორივეს საქმიანობაზე ბევრი ფაქტობრივი ინფორმაცია არსებობს წიგნებსა და ინტერნეტში, მაგრამ ჩვენი ჟურნალის მკითხველს მათ სულ სხვა კუთხით ვუჩვენებთ.

სარაჯიშვილებზე ამ გვარის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ზაალ სარაჯიშვილს ვესაუბრეთ.

- "ქართულ გულკეთილობას+ევროპული საქმიანობა=დავით სარაჯიშვილს": - ეს არის ფორმულა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სარაჯიშვილი თანამედროვე დამოუკიდებელ საქართველოში. აღმოვაჩინე, რომ ქართულ გულკეთილობას, რაც თავისი დიდი წინაპრებისგან ტრადიციულად მოსდევდა დავითს, დაემატა მისი ევროპული განათლება - ის სწავლობდა გერმანიაში, სადაც ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი, კონიაკი რომ დააგემოვნა და მოეწონა, სწავლა განაგრძო საფრანგეთში, სადაც კამიუს კონიაკის სახლის დამფუძნებელი, ჟან ბატისტ კამიუ იყო მისი პირადი მასწავლებელი და უახლოესი მეგობარიც. ამ ცოდნის თავმოყრის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და ევროპულიდან გადმოღებულ სამეწარმეო საქმიანობას (იგულისხმება ინვესტიციის, მართვისა და მენეჯმენტის, ნოვაციის ელემენტები) მოარგო ქართული ხასიათისა და ქართველი ერის დადებითი ელემენტები, როგორიც არის კეთილგანწყობა, სტუმრის პატივისცემა, ადამიანის დაფასება, სამშობლოს სიყვარული, პირადი თუ საქმიდან გამომდინარე ღირსება. გასაოცარი იყო, რომ იმ პერიოდში დავით სარაჯიშვილი არასდროს დაუყაჩაღებიათ; სოციალ-დემოკრატების ცნობილი "წითელი ბრიგადების" აღვირახსნილი თარეში, ექსპროპრიაცია, დავით სარაჯიშვილსა და მის კომპანიებს არ შეხებია არც საქართველოში, არც რუსეთის იმპერიაში...

GzaPressერთი საინტერესო ამბავს მოგიყვებით: თურმე, 1901 წელს თბილისში მოწყობილი პირველი მაისის ცნობილი დემონსტრაციისას, თბილისის ყველა ქარხანა და საწარმო გაიფიცა. ერთადერთი, დავით სარაჯიშვილის ქარხანა არ გაფიცულა. დავითი ქარხანაში რომ მივიდა და ნახა, მუშები მუშაობდნენ, გაიოცა, - თქვენ რატომ არ გაიფიცეთო? მუშებმა უპასუხეს: რასაც გაფიცულები ითხოვენ ანუ - 8-საათიან სამუშაო დღეს, შვებულების ანაზღაურებას, მუშებისა და მათი შვილებისთვის პოლიკლინიკისა და სკოლამდელი მოსამზადებელი სასწავლებლის არსებობას, ყველაფერი გვაქვს და რაღა გავაპროტესტოთო? იცით, რა უპასუხა მათ დავითმა? - რაკი ასეა, მაშინ სოლიდარობის ნიშნად მაინც გაიფიცეთო! ამით მიუთითა, რომ თითოეული მათგანი იმ ქვეყნისა და ერის შვილი იყო, ისეთივე მუშა, როგორიც სხვა დანარჩენი და დღეს თუ თვითონ კარგად იყვნენ, სხვები კი ცუდად, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო. ამიტომ უნდა გამოეჩინათ სოციალური სოლიდარობა. დავითს განსაკუთრებით უყვარდა ფრაზა: "მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა" ანუ არასდროს უნდა გაჩერდე, მუდამ უნდა ვითარდებოდეო. დავითის სიძლიერე ასევე, ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობაშია. ის ილიას ყველა წამოწყების მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო. ილიას ნაწარმოებების საფუძვლიანად შესწავლით და დავითის ცხოვრებასთან პარალელის გავლებით მივხვდი, რომ დავითი სწორედ ილიასეული "განხორციელებული ქართველი" იყო.

- ცნობილია, რომ დავითსა და მის მეუღლეს - ეკატერინე ფორაქიშვილს შვილი არ ჰყავდათ. დააკონკრეტეთ, როგორ ენათესავებით დავით სარაჯიშვილს და კიდევ ვინ არიან თქვენი ღირსეული წინაპრები?

GzaPress- რომ არა დავით სარაჯიშვილი, ჩვენი შტო საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარდებოდა; უცხოეთში გააგრძელებდა ცხოვრებას ჩემი დიდი ბაბუა, ისიც - დავითი (სარაჯიშვილებში ხშირად მხოლოდ ორი სახელი მონაცვლეობდა - დავითი და მიხეილი). ჩემი დიდი ბაბუა, დავით მიხეილის ძე სარაჯიშვილი 1844 წელს, თბილისში დაიბადა და დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით განათლება სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, შემდეგ კი - გერმანიაში მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ იმხანად თავისი სპეციალობით მუშაობის დაწყება ვერ მოახერხა და იძულებული გახდა, კვლავ რუსეთში დაბრუნებულიყო. პეტერბურგში ცხოვრობდა და რუსეთის საიმპერატორო საინჟინრო აკადემიის წევრი გახლდათ. მას ოთხი შვილი ჰყავდა. ბაბუამ ნათესავს, მეწარმე დავით სარაჯიშვილს უმცროს ვაჟზე - მიხეილზე სთხოვა: - არ მინდა გარუსდეს და იქნებ საქართველოში წაიყვანოო, - და 1894 წელს საქართველოში, მასთან გამოამგზავრა. დავითმა პირნათლად შეუსრულა ბიძაშვილს სურვილი - მიხეილს საკუთარი შვილივით უპატრონა და დააქორწინა კიდეც. დავითის საჩუქრებიდან შემოგვრჩა - კედლის საათი, რომელზეც ცნობილი ჯიხვია გამოსახული და ვერცხლში ჩასმული ფოტოალბომი, დავითის ცნობილი კავკასიური კონიაკის ეტიკეტის ესკიზი. სამწუხაროდ, სხვა ბევრი საჩუქარი და ფოტო ბოლშევიკურ-კომუნისტურ პერიოდს შეეწირა - სარაჯიშვილებს ხომ ისინი კლასობრივ მტრებად მიიჩნევდნენ!

დღესაც შემონახული გვაქვს წიგნი "დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა", რომელიც 1911 წელს არის გამოცემული და სადაც დავითისადმი მიძღვნილი, სხვადასხვა ენაზე დაწერილი პუბლიკაციაა თავმოყრილი. წიგნის ერთ-ერთ წერილში ჩემი დიდი ბაბუა, დავითის აღზრდილი, მიხეილი და მისი ორი და არიან მოხსენიებული. აქვეა დაკრძალვის ცერემონიაზე მიტანილი ვერცხლის გვირგვინების ფოტოებიც.

დავითთან არის დაკავშირებული დიღმელაშვილის მიერ 1911 წელს გადაღებული პირველი ქართული ფილმი - "დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა". იქ რამდენიმე კადრია, სადაც ცოცხალი ნიკალა - ნიკო ფიროსმანი ჩანს.

დავით სარაჯიშვილის კომპანია პირველი ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ყოველთვის თბილისში იყო. ფილიალებიდან დღესაც შემორჩენილია, მაგალითად, მოლდავეთში - კალარიშის კონიაკის ქარხანა; რუსეთში - ყიზლარის ქარხანა, რომელსაც დღეს "ბაგრატიონი" ჰქვია. დავითს ასევე, საწყობები ჰქონდა ვარშავაში, კიევში, ხარკოვში, პეტერბურგსა და კიდევ სხვადასხვა ადგილას...

- ზეპირმეტყველებით დავით სარაჯიშვილთან დაკავშირებულმა რა ამბებმა მოაღწია თქვენამდე?

- დავითის ცნობილი სახლის (დღეს - მწერალთა სახლი ივ. მაჩაბლის 13 ნომერში) მშენებელი, მისივე მეგობრის შვილი იყო. მშენებლობა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებულა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ დავითს მშენებელი შეუქია, მერე კი უკითხავს: კიდევ ხომ არაფერი გინდაო? იმ კაცს გასამრჯელო უთხოვია. დავითს გაუკვრივებია: გასამრჯელოზე შევთანხმდითო? - არაო, - დაბნეულა მშენებელი, რადგან თავის დროზე მორიდებია, გასამრჯელო ეთხოვა. მაშინ დავითს გამოუწერია ჩეკი, ოღონდ - თანხის გრაფა ცარიელი დაუტოვებია, - როგორც გიღირს შენი სამუშაო, ის თანხა თვითონ ჩაწერე. მე არ გაკადრებ, საკუთარი თანხა მოგახვიო თავსო. თან, მამაშვილურად დაურიგებია: შემდეგისთვის იცოდე, რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და განსაკუთრებულად შესაფასებელიც. ამიტომ, ჯერ საკუთარი შრომის ფასში გაერკვიე და მერე ის ფასი შესთავაზე დამქირავებელსო...

ჩვენი გვარისა და მთელი საქართველოს სიამაყეა "საქართველოს ბულბული" ვანო სარაჯიშვილი. გადმოცემით ვიცი, რომ მას, წამოწოლილსაც კი შეეძლო "მრავალჟამიერის" მღერა. სამწუხაროდ, პეტერბურგში ჩაწერილი მისი ფირფიტების უმეტესობა განადგურდა...

საზოგადოებისთვის ცნობილია პეტრე სარაჯიშვილიც - ექიმი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფარმაცევტული მედიცინის განვითარებაში. სწორედ ის გახლავთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე შექმნილი ცნობილი "სარაჯიშვილის მიქსტურის" ავტორი; უდიდეს პატივს ვცემ ალექსანდრე სარაჯიშვილს, რომელმაც ილია ჭავჭავაძის თხოვნითა და დავალებით "ვეფხისტყაოსნის" შემსწავლელი პირველი კომისია ჩამოაყალიბა და საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც მეცნიერებას. გვარში გენერალიც გვყავს: ერთხანს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ვასილ სარაჯიშვილი, რომელიც 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, დაიჭრა და სიმამაცისთვისაც დააჯილდოეს. მართალია, სხვადასხვა უნარითა და ნიჭით დაჯილდოებულ სარაჯიშვილებზე გიამბეთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენი გვარის ხალხს ერთი საერთო თვისება გვაქვს.

- ის მაინც თქვით, ამ "საერთოს" გარდა, სარაჯიშვილისეული კიდევ, რა გამოგყვათ?

GzaPress- პირველ რიგში, ჩემი წინაპრების ცხოვრებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ თუ გიყვარს შენი ერი და ქვეყანა, ადვილად მოძებნი იმ ადგილს, იმ საშუალებას, რითიც გინდა, ემსახურო სამშობლოს. თავისი უარყოფითი თუ დადებითი თვისებებით, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ამავე დროს, საინტერესოა, სამშობლოს მონატრებული ადამიანებისთვის მუშაობა. ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამჟამად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე გახლავართ, მანამდე კი ვმუშაობდი დიპლომატიურ სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ქართველი ემიგრანტებისთვის დავაფუძნე სპეციალიზებული საადვოკატო ბიურო, რომელიც დისტანციურ იურიდიულ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

მინდა გაცნობოთ იმ მნიშვნელოვანი და ნოვატორული პროექტების შესახებ, რომელსაც ახლა ვახორცილებთ: "თანამემამულეთა გლობალური ქსელი" და "ონლაინ-სკოლა ქართული დიასპორისათვის". ქსელი არის ვირტუალური სივრცე და კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, რითიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ თანამემამულეებს ვაკავშირებთ არა მარტო ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს სამინისტროსთანაც და შესაბამისად, ადვილად გავიგებთ წარმოშობილ პრობლემებზე და შეძლებისდაგვარად, მოვუგვარებთ კიდეც. ჩვენი ემიგრანტებისთვის ეს იქნება "ვირტუალური ფანჯარა სამშობლოში". რაც შეეხება ონლაინ-სკოლას - ეს იქნება ინტერაქტიულ და დისტანციურ სწავლებაზე დაფუძნებული სკოლა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, "სკოლა - სამშობლოში".

რაც შეეხება ჩემს ოჯახს: სამი ვაჟი მყავს - გიორგი, ალექსანდრე და ნიკოლოზ სარაჯიშვილები. პატარები არიან და იმედია, კარგ ქართველებად გაიზრდებიან. მაგრამ ქვეყანას რომ გამოადგნენ, ჯერ კარგი სარაჯიშვილები უნდა გახდნენ - მათი ქართველობა სარაჯიშვილობაზე გადის!

ირმა ხარშილაძე