სახარების ენით ალაპარაკებული, გაცინებული "ნაციონალები" - გზაპრესი

სახარების ენით ალაპარაკებული, გაცინებული "ნაციონალები"

მაინც, რა მოხდა 7 ნოემბერს? მაშინდელი მოვლენების გახსენება "იმედის" მაშინდელ ჟურნალისტს, გიორგი ახვლედიანსა და აქციის მონაწილეს, გოგა არსენიძეს ვთხოვეთ.

გიორგი ახვლედიანი:

- სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება მისასალმებელია, მაგრამ თან გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით მოხდა. ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მუდმივად ვითხოვდით, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებულ ყველა მოვლენაზე გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო. შესაბამისად, სანამ სააკაშვილი ქვეყანაში იყო, პროკურატურაშიც დაიბარებდნენ. თუ არ მივიდოდა, ძალით მიიყვანდნენ და ბრალს წაუყენებდნენ. ახლა, როცა ის საქართველოდანაა გაქცეული და მიზერული შანსებია იმისთვის, რომ რაიმე ფორმით საქართველოში მისი დაბრუნება მოვახერხოთ, ეს ყველაფერი გულზე მჯიღის რტყმას ჰგავს. თითქოს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ძალზე დაგვიანებით. ამით თვითონ ხელისუფლება თუ მოიფხანს გულს, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი აქ აღარ დაბრუნდება, რადგან მშიშარაა. ფაქტია, რომ აღძრული საქმე მას ბრალად დარჩება და ამის გამო პასუხს არ აგებს. ეს გულდასაწყვეტია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ რა ხდებოდა იმ დღეს "იმედში"? GzaPress- მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიაში ვიყავით. "ნაცონალური მოძრაობის" ლიდერები სხვადასხვა განცხადებას ავრცელებდნენ, ჩვენს ტელევიზიას საშინელებებში ადანაშაულებდნენ. იმ დღეს სპეცრაზმი ქალაქში იყო გამოსული და აქციებს არბევდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ველოდით, რომ "იმედშიც" შემოვიდოდნენ. საღამოს 7 საათზე, სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა. ვფიქრობდით, რომ თუ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, "იმედში" ნამდვილად შემოვიდოდნენ, მაგრამ ამ მიმართვაში მან საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა. ეს ღამის 11 საათზე, ზურა ნოღაიდელის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ იქნა გამოცხადებული. ვიფიქრეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთ სისულელეს აღარ ჩაიდენდა. ამაში კიდევ უფრო გვარწმუნებდა მაშინდელი "ნიუს კორპორეიშენის" წარმომადგენელი, ლუის რობერტსონი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ დიპლომატიური კორპუსიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ "იმედს" არ შეეხებოდნენ. დავმშვიდდით კიდეც. მთელი დღის დაძაბული მოლოდინი მოგვეხსნა. საღამოს 8 საათისთვის ყველამ თავისი საქმე გააგრძელა. 8-საათიანი "ქრონიკა" მუშაობას შეუდგა. ჩემი საქმე დავასრულე და გიორგი თარგამაძეს ვუთხარი, რომ შინ წასვლას ვაპირებდი. თან ვთხოვე, - თუ რამე მოხდება, დამირეკეთ და 5 წუთში აქ გავჩნდები-მეთქი. მაშინ დიღომში ვცხოვრობდი. ტელევიზიიდან გამოსვლიდან 5 წუთში სახლში მივედი. ქურთუკიც არ მქონდა გახდილი, რომ ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ, ლევან ჯავახიშვილმა და სოფო მოსიძემ განცხადება გააკეთეს, რომ ტელევიზიაში სპეცრაზმი შედიოდა. მაშინვე მეუღლესთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და კვლავ ტელევიზიაში დავბრუნდი, მაგრამ შიგნით ვეღარ შევაღწიე, რადგან კინოსტუდიის მხრიდან შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. მოსახლეობის შეკრება დიწყო. ყველა "იმედთან" მორბოდა. მე კი ჩემს მეგობრებსა და თანამშრომლებს ვურეკავდი, მაგრამ არც ერთი არ მპასუხობდა. წარმოიდგინეთ, გარეთ ისტერიკაა, საშინელი სიტუაცია. ტროტუარზე ვიდექი. სწორედ ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა და მათი "პიკაპი", რომელზეც ტყვიამფრქვევი იყო დამონტაჟებული, წინ გადამეღობა. ტყვიამფრქვევის გვერდით კი გოლიათი სპეცრაზმელი იდგა ნიღბით. ერთმანეთს შევხედეთ თუ არა, ტყვიამფრქვევი შემოაბრუნა და პირდაპირ დამიშვა. რასაკვირველია, რეზინის ტყვიები იყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ათეული ტყვია მომხვდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ დარბევა იწყებოდა. უცებ, ლაბადებში გამოწყობილმა პოლიციელებმა ხელკეტები იშიშვლეს და ხალხს დაერივნენ, თან რეზინის ტყვიებს ისროდნენ. თავი ბრძოლის ველზე მეგონა, რადგან საშინელი ხმები ისმოდა. სრული ისტერიკა შეიქმნა. პოლიციელები და სპეცრაზმელები იქ შეკრებილი ხალხის რაოდენობას ორჯერ მაინც აღემატებოდნენ, ალყაში ვიყავით. ჩემს მეუღლესთან ერთად მხოლოდ ის მოვახერხე, რომ ეს ალყა რაღაცნაირად გავარღვიე და გავიქეცით, მაგრამ ყველა მხრიდან სპეცრაზმელები მორბოდნენ. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა ოჯახმა მიცნო, იფიქრეს, ამას მოკლავენო, კარი გახსნეს და წამებში ვიღაცის საძინებელში აღმოვჩნდი. ამ ადამიანების წყალობით, უფრო მეტად დალილავებას გადავრჩი. მათთან დაახლოებით 4 საათი ვიყავით. პირველ საათზე, როცა სიტუაცია მთლიანად ჩაცხრა და ტელევიზიასთან მხოლოდ პოლიცია იყო დარჩენილი, ჩუმად ჩამოვიპარეთ, ტაქსი გავაჩერეთ და იმ ტერიტორიიდან გამოვიპარეთ.

- რეზინის ტყვიები მტკივნეულია?

- არანორმალურად. როცა გხვდება, მაშინ საშინელ წვას გრძნობ, მერე ეს წვა საშინელ ტკივილში გადადის. ჯერ გალურჯდა, მერე გაშავდა და ჰემატომები წარმოიქმნა. საშინელება იყო. ორი თვის განმავლობაში ზურგზე დაწოლას ვერ ვახერხებდი და მუდმივად საფენებს ვიდებდი. საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა.

სააკაშვილი ისეთი კურდღელია, რომ არავითარ შემთხვევაში მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მას არ აქვს შნო და "ერთი ადგილი" სარკოზივით, რომელიც სასამართლოსთან თანამშრომლობდა და არსად გაქცეულა.

გოგა არსენიძე:

- ქუთაისელი ვარ და ქუთაისში ვცხოვრობ. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ეს აქციები 2 ნოემბერს დაიწყო. მაშინვე ჩამოვედი თბილისში, ნათესავთან დავბინავდი და მიტინგებზე დავდიოდი. 7 ნოემბერს დილით, მიტინგზე წასვლას რომ ვაპირებდი, ტელევიზიით შევიტყვე, რომ დაურბევიათ. ჩემი ნათესავი, იქვე, ოპერასთან ცხოვრობდა, ამიტომ აქციაზე მალევე მივედი. დილის 9 საათი იქნებოდა, პოლიციამ ჩვენი დარბევა რომ დაიწყო. დაახლოებით 300 ადამიანი ვიყავით. მერე რატომღაც პოლიციამ დათმო და უკან დაიხია. ვიფიქრეთ, ეს ადგილი შევინარჩუნეთო და აქციის მონაწილეები ქაშუეთისკენ წავედით. ამ პერიოდში ხალხიც შემოგვემატა და სპეცრაზმიც გამოჩნდა. პროტესტის ნიშნად, ასფალტზე ჩამოვსხედით, მაგრამ წყლის ჭავლი მოგვიშვეს, სირენები ჩართეს და ცრემლსადენი გაზი გამოუშვეს. ამ ყველაფრის ერთად გაძლება შეუძლებელი ყოფილა. იძულებულნი გავხდით, რომ უკან დაგვეხია. ახლა ისინი კეტებით დაგვერივნენ. უცებ გარშემო ხალხი შემომეცალა და დავინახე, რომ ზუსტად ქაშუეთის ეკლესიის წინ ვიდექი, სადაც ახალგაზრდა ბიჭები დარბოდნენ, რომლებსაც ყვითელი ფორმები ეცვათ და ხელში რკინის მილები ეჭირათ. ერთ-ერთი მათგანი, 24-25 წლის ბიჭი, ჩემგან 15 მეტრში იდგა. სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო, სულ გაფითრებულიყო. ვუთხარი, - რას კადრულობ, ბიჭო-მეთქი და რკინა მომიღერა, ჩემკენ წამოვიდა, გავიქეცი და ქაშუეთის ეკლესიაში შევედი, სადაც საკმაოდ ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ცრემლსადენი ყუმბარა მაინც შემოგვიგდეს. ყუმბარა ეკლესიის თაღთან დავარდა. მამაომ თქვა, - კარი დავკეტოთო და დაკეტეს კიდეც, მაგრამ იმ ყუმბარის კვამლმა ტაძარში მაინც შემოაღწია და მოგვწამლა. მეორე კარიდან გამოვედით, სადაც წყალი მოგვაწოდეს. ვიღაცამ დაიძახა, წყალი უარესია, არ მიისხათო, მაგრამ ვერ მოვითმინეთ და მაინც მივისხით. დაახლოებით ნახევარი საათი გაბრუებულები ვიყავით. მერე კიდევ ვიღაცამ თქვა, პატრიარქთან წავიდეთო, მაგრამ სიარული აღარ შემეძლო. მოწამვლამ ძალიან იმოქმედა, დავსუსტდი. ამიტომ კვლავ ნათესავის სახლში დავბრუნდი.

- ახლა ამ ყველაფრის გამო მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს.

- რაც მან გააკეთა, იმაზე პასუხი უნდა აგოს. მისი დანაშაულებიდან, ეს ერთ-ერთი მთავარია. ჯარი გამოიყვანა თავისი ხალხის წინააღმდეგ, ამაზე უარესი რა უნდა გააკეთოს? აქციის მონაწილეებს ისეთი მოთხოვნა ნამდვილად არ გვქონია, რომ ვინმე გადამდგარიყო. ძირითადად, დემოკრატიული მოთხოვნები იყო. სიტყვის თავისუფლებას ვითხოვდით. მიუხედავად ამდენი დანაშაულისა, სააკაშვილს თავი მაინც პატრიოტად მოაქვს. ვითომ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირების მთავარი ძალაა. არადა, მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ რუსეთისთვის ჩვენი ტერიტორიები გადაეცა. მან საქართველოსთვის უფრო მეტი ცუდი გააკეთა, ვიდრე - კარგი. სხვა რომ ყოფილიყო, იმ 9 წელიწადს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერა ჰქონდა, უფრო კარგად გამოიყენებდა. მან კი ეს მხარდაჭერა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა...

ბუნებრივია, საინტერესოა იმ ადამიანების აზრიც, ვინც წინა ხელისუფლების ქმედებებს ამართლებს.

"ივანიშვილი ერთ მტერს მეორე მტრის წინააღმდეგ იყენებს"...

მიშა თავხელიძე:

- მიტინგის დარბევა და ქონების ჩამორთმევა იურიდიული ტერმინები, სისხლის სამართლის დანაშაულები არ არის და რა უნდა გიპასუხოთ? ასეთი რამ არ არსებობს. დღევანდელი მთავრობის მოქმედებები თავიდან ბოლომდე ანეკდოტია. ეკონომიკა კვდება, ფინანსთა მინისტრი კი ზის და გვეუბნება - ყველაფერი კარგადააო; შს მინისტრ ჭიკაიძეს, რომელიც ამავე დროს, ქვეყნის უშიშროების მინისტრია და პირდაპირ ევალება საქართველოს რუსეთისგან დაცვა, თალიბანი ადამიანი ჰგონია! თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ცუდ დღეში ვართ? იმათ "კაგებეს" უმაღლესი სკოლა აქვთ დამთავრებული და ჭიკაიძისნაირებს ძვლებიანად შეჭამენ. თალიბანი პიროვნება კი არ ჰგონიათ, თალიბანი მათ შექმნეს! ასეთ დროს ისეთი რამ უნდა მოიფიქრო, რომ შენს ამომრჩეველს რაღაც "აჭამო" და "აჭმევენ" იმას, რომ სააკაშვილს ვიჭერთო! მაგრამ ვერ დაიჭერენ, დაკითხვაზე არ მივა და სწორსაც იზამს. ეს ყველაფერი სრული ფარსია. უბრალოდ, მერე ილაპარაკებენ იმაზე, რომ აი, სააკაშვილი დავიბარეთ და არ მოვიდაო. რა სასაცილოა, თურმე სააკაშვილი თეა წულუკიანმა პროკურატურაში დაიბარა. წულუკიანი და ჭიკაიძე მინისტრები რომ არიან და კიდევ, ჰაკიმ ფაშა გვყავს პრემიერ-მინისტრი, სასაცილოა!

დავით დარჩიაშვილი:

- პირდაპირ ჩანს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა და პროკურატურა მის სურვილებს ასრულებს. საქართველოში დღეს პროკურატურა პოლიტიკური შეკვეთებისგან თავისუფალი არ არის. მგონია, რომ დღეს მმართველი ელიტაა, რომელიც ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს. ივანიშვილის გარეშე ხომ ესენი ხელისუფლებაში ვერ იქნებოდნენ და ბუნებრივია, მისი სურვილების შემსრულებლები არიან. ის კი ითხოვს წინამორბედის დასჯას. ამის მიზეზი ცალკე განხილვის თემაა. პროკურატურას ავიწყდება, რომ ქვეყანაში კანონიერი ქურდები შემოდიან და გადიან, ქუჩის კრიმინალი გაიზარდა და სტატისტიკა ამას მალავს. ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ, რადგან მათი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" დევნაა. ბოლოს კი პრეზიდენტამდე მივიდნენ. უბრალოდ, ეს არსებები ვერ ხვდებიან, ამ ყველაფერს რა პოლიტიკური სუნი და ფასი ადევს და ეს წვრილმანი შურისმაძიებლობა პატარა სახელმწიფოს როგორ დააზარალებს საერთაშორისო დონეზე.

- თქვენი აზრით, მიტინგზე ხალხის დარბევა და მათი უმოწყალოდ ცემა დანაშაული არ არის?

- განაცვალე, რა, მიტინგზე ხალხის დარბევა არ არის კარგი, არის ცუდი, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ გააჩნია მიტინგს, ხალხი როგორ იქცევა, უნდა დაარბიო თუ არ უნდა დაარბიო. კანონით, ამას დაშლა ჰქვია და არა - დარბევა. ეს შეიძლება დანაშაული იყოს და შეიძლება არც იყოს, მაგრამ ივანიშვილს, რომელიც ძალიან ბინძურია, ხელისუფლებაში სისხლიანი ფულითაა მოსული, ამის გარჩევის უნარი ნამდვილად არა აქვს. თუ მაინცდამაინც წარსულის გარჩევა გინდათ და მიტინგების დარბევაზეა საუბარი, იქნებ 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი გაიხსენოთ, როცა ხალხს ტყვიას ესროდნენ და ხომ არ არის დღეს ხელისუფლებაში ვინმე ისეთი, ვისაც ეს უხაროდა? ახალგაზრდობამ ბევრი რამ არ იცით.

GzaPress- კარგად გვახსოვს, როდის რა ხდებოდა.

- შოთა კვირაიამ რომ ზუგდიდში ხალხი დახვრიტა, იცით? გახსოვთ?

- 90-იანი წლების ამბები სააკაშვილის დღევანდელ ბრალდებებთან რა კავშირშია? მაშინდელ შეცდომებზე, პირველ რიგში, წინა ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა პასუხი დამნაშავეებისთვის.

- სწორედ 90-იანი წლების ელიტა დაბრუნდა დღეს ხელისუფლებაში. ვინ არის ნუკრი ქანთარია, დავით საგანელიძე, გახსოვთ?

- ეს ყველაფერი სააკაშვილის დანაშაულებს ხომ არ გამორიცხავს?

- სახარება იცით? ნათქვამია, რომ ვისაც ცოდვა არა აქვს ჩადენილი, ქვა იმან მესროლოსო. შვიდ ნოემბერს პოლიციელის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან უშუალოდ იმდროინდელი პრეზიდენტი რა შუაშია, ამიხსენით?! სად ჩანს მისი ბრალეულობა და როგორ მტკიცდება?

- სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის ან სხვა მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირების ბრძანების გარეშე ხომ ვერც ერთი პოლიციელი და რიგითი თანამშრომელი ვერ გაბედავდა მრავალრიცხოვანი მიტინგის დაშლას ან ბიზნესმენისთვის ქონების წართმევას?

- პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევამდე, ქუჩაში ხელჩართულ ჩხუბში ვინ, ვის და როგორ ურტყამდა, პრეზიდენტის დადანაშაულების რა მექანიზმი არსებობს? პოლიციელსა და უბნის ბიჭებს შორის ჩხუბის საქმე ქვეყნის პირველ პირამდე როგორ უნდა მიიყვანო? რაც შეეხება "იმედში" შევარდნას, როგორ და რატომ განხორციელდა და საერთოდ, რას აკეთებდა ეს ტელევიზია, ამის გარჩევა იმის გარეშე, თუ რა არის თვით ბადრი პატარკაციშვილის ფენომენი, რა ინტერესები ჰქონდა, როგორ აპირებდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, იდგა თუ არა ამის უკან რუსეთი - ეს ყველაფერი გამოაკლო, ვითომც არ ყოფილა და უბრალოდ სპეცნაზი შევარდა და ეს ამბავი ამით დავამთავროთ, ესეც ქვეყნის ისტორიის სრულიად თავდაყირა დაყენებაა.

- ამ საქმეების გამოძიებაში უცხოელი, ცნობილი და გამოცდილი პროკურორებიც იყვნენ ჩართული. სავარაუდოდ, ყველა ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება გამოძიების საფუძველზე წაუყენეს.

- ეს მხოლოდ ხელისუფლების პიარის ნაწილია - უცხოელ პროკურორებს სთხოვეს, ახალი ქვეყანაა, პრობლები გვაქვს, ხომ არ ჩამოხვალთ, თან კარგ ჰონორარს მოგცემთო და ისინიც ჩამოვიდნენ. თუმცა, ვინმემ ეს ადამიანები და რაიმე გამოძიება ნახა? მე არ ვიცი, თქვენ როგორი პოლიტიკური გემოვნება გაქვთ, ვის მხარეზე ხართ, მაგრამ როგორ შეიძლება შეადაროთ...

- უკაცრავად, მაგრამ ჩემი პოლიტიკური გემოვნება ამ ინტერვიუსთან რა კავშირშია? თქვენ ფიქრობთ, რომ ის პროკურორები მოქრთამეს?

- ისინი არიან პროკურორები, რომლებიც მუშაობდნენ მილოშევიჩის საქმეზე, რომელიც მსოფლიო საზოგადოების თვალში ალბანელების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის მომწყობი იყო. ასეთი პროკურორი რომ ჩამოჰყავთ, რა შუაშია აქ სააკაშვილი? ვინმეს ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოუწყო? ეს ძალიან უბადრუკი მცდელობაა პიარისა, რომელიც, მე მგონი, რუსი ექსპერტების რჩევითაა გაკეთებული, რომ გულუბრყვილო ადამიანს დააჯეროს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომ აი, ძალიან ცნობილი სახეები ჩამოვიდნენ და გამოძიებაში ისინიც მონაწილეობენ. სინამდვილეში, არაფერში მონაწილეობდნენ, შეუძლებელია, მათ ორ დღეში სერიოზულად შეესწავლათ რომელიმე საკითხი, თუნდაც 7 ნოემბრის.

- სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებაში მონაწილეობას მიიღებდნენ ისე, რომ საქმეში გარკვეულები არ იქნებოდნენ? ამხელა პასუხისმგებლობას გაუცნობიერებლად და ვიღაცის ზერელედ მონათხრობის საფუძველზე აიღებდნენ საკუთარ თავზე? ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცეოდნენ?

- თქვენ სადმე ნახეთ, რომ ბრალეულობა დაადასტურეს? მილოშევიჩის საქმეში მონაწილე პროკურორის გამოძიების საფუძველზე დაიდო 7 ნოემბრის საქმე? მე გეუბნებით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის იაფფასიანი პიარი, ეს ადამიანი თვითონაა დამნაშავე ათასგვარ ცოდვაში და ამ დანაშაულებს სხვას აბრალებს. თვითონ ივანიშვილს პატარკაციშვილი ეზიზღებოდა და მისი ეშინოდა, პატარკაციშვილმა მასზე ადრე გადაწყვიტა ამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამას დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დაპირისპირებაში, არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილიყო კანონიდან გადახვევები, მაგრამ ეს იყო ბრძოლა ერის გადარჩენისთვის. ივანიშვილი, რომელიც მაშინ მიყუჟული და მიმალული იყო და ერთი სული ჰქონდა, პატარკაციშვილი გამქრალიყო. ახლა უცებ, ერთ მტერს, მეორე მტრის - სააკაშვილის წინააღმდეგ იყენებს, ესაა რეალობა. თამთა დადეშელი, ნათია ჟივიძე, ჟურნალი "გზა"