ინსტრუქცია გაფუჭებული სალარო-აპარატის გამო დაზარალებული მგზავრებისთვის - გზაპრესი

ინსტრუქცია გაფუჭებული სალარო-აპარატის გამო დაზარალებული მგზავრებისთვის

ზოგიერთი მკითხველი იფიქრებს, ამ რეპორტაჟის დამწერს მოსცლიაო, მაგრამ თბილისის ავტობუსებში არსებული მდგომარეობა ნამდვილად პრობლემური და აქტუალურია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც 30 თეთრის დაზოგვის მიზნით, მიკროავტობუსით მგზავრობის ნაცვლად, ოფლის სუნითა და ჭუჭყით გაჟღენთილსკამებიანი ავტობუსით ამჯობინებს მგზავრობას.

მეც, როგორც რიგითი მგზავრი, არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში და როდესაც ავტობუსებში დამონტაჟებულ სალარო-აპარატს ბილეთი არ მოუცია, მძღოლთან დამონტაჟებული სალაროდან ამიღია. ავტობუსებში ეს უკვე ხშირად ხდება და "ძაღლის თავიც" სწორედ აქ არის დამარხული... მგზავრებს არა 50 თეთრის, არამედ, 1 ლარის გადახდა უწევთ.

ერთ-ერთ გაჩერებაზე ქალი ამოვიდა ავტობუსში და ხმამაღლა იკითხა, მუშაობდა თუ არა სალარო-აპარატი? მგზავრებმა მძღოლთან დამონტაჟებული აპარატისკენ მიუთითეს, ვინაიდან შუა კართან განთავსებული აპარატი არ მუშაობდა (სხვათა შორის, თავდაპირველად პლასტიკური ბარათის გამოყენება მეც იქ ვცადე და შემდეგ, წინა აპარატიდან მომიხდა ბილეთის აღება). შემომატებულმა მგზავრმა ბილეთი აიღო და ჩემ გვერდით მოკალათდა. საუბარი თავად წამოიწყო და მეც ერთი-ორი კითხვა ისე დავუსვი, არ მითქვამს, რომ ჟურნალისტი ვარ. GzaPress-ყაჩაღები არიან "თბილისის ავტობუსში". მგონი, შეგნებულად აფუჭებენ სალარო-აპარატებს, რომ ორმაგი გადავიხადოთ მგზავრობისთვის.

- ორმაგი რატომ? თქვენ ხომ ერთი ბილეთი აიღეთ?

- სანამ ამათ ვირეშმაკობას მივხვდებოდი, ბლომად ფულის გადახდამ მომიწია, რადგან როდესაც პლასტიკურ ბარათს ვადებდი აპარატს, ბილეთი არ გამოდიოდა. მერე ხელმეორედ ვადებდი, ისევ არ გამოდიოდა. ამის გამო მძღოლთან დამონტაჟებული აპარატიდან მიწევდა ბილეთის აღება. ჰოდა, გამოდიოდა, რომ გაფუჭებული აპარატიდანაც იჭრებოდა 50 თეთრი და მეორე აპარატიდანაც - საიდანაც ვიღებდი ბილეთს.

- ნამდვილად არ ვიცოდი, ასე თუ ხდებოდა. თქვენ როგორ მიხვდით?

- ორჯერ ისე შევრცხვი, ვერ წარმოიდგენთ. ყოველთვის ხომ არა მაქვს პლასტიკურ ბარათზე 5 ან 10 ლარი? ხშირად თავდება და სანამ ჩავტვირთავ, უკანასკნელ 50 თეთრს ვიტოვებ მგზავრობისთვის. ჰოდა, ერთხელ ჯერ ერთ აპარატს დავადე ბარათი, მერე მივედი მეორე აპარატთან და აღმოჩნდა, რომ ბარათზე თანხა აღარ იყო. ნამდვილად ვიცოდი, რომ 50 თეთრი მქონდა ანგარიშზე. შევწუხდი და მგზავრებს ვთხოვე ლარიანის დახურდავება. არავინ დამიხურდავა. ამოვიდა კონტროლიორი და ბილეთი რომ ვერ წარვუდგინე, ავტობუსიდანაც ჩამომიყვანა და ჯარიმაც გამომიწერა. ასე შემარცხვინეს და დამაჯარიმეს კონტროლიორებმა ორჯერ. მერე დავაკვირდი და აღმოჩნდა, რომ აპარატი ბილეთს არ მაძლევდა, პლასტიკური ბარათიდან კი თანხა იხსნებოდა.

მომდევნო გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და ბილეთების წარდგენა მოგვთხოვა მგზავრებს. ჩემთან რომ მოვიდა, გავუმხილე, ჟურნალისტი რომ ვიყავი და აღნიშნულ პრობლემაზე განმარტება ვთხოვე. კონტროლიორი წამოწითლდა და საქმის ვითარებაში გასარკვევად, შპს "თბილისის ავტობუსის" ადმინისტრაციასთან გადამამისამართა.

მგზავრები ერთბაშად ალაპარაკდნენ და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

მანანა:

- არ მეგონა, თუ ასე გვატყუებდა "თბილისის ავტობუსი". კონტროლიორები რომ ამოდიან, უჩხიკინებენ რაღაცას ამ აპარატებს, ხშირად ასწორებენ ხარვეზს, მაგრამ ამბობენ, ბილეთის ფურცელი ჩახვეულია და აპარატი იმიტომ არ მუშაობსო.

მამუკა:

- წინასაარჩევნოდ ხომ ყველა პარტიას აქვს ენა წაგდებული მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან მგზავრობაზე. ხომ უნდა შევავსოთ ბიუჯეტი ბილეთის ორმაგი საფასურით, რომ მერე რესტორნის ხარჯებში და გამოწერილ პრემიებში გადაინაწილონ.

შემდეგ გაჩერებაზე ისევ ამოვიდა კონტროლიორი და ბილეთების წარდგენა ითხოვა.

ახლა აღარ მითქვამს, ჟურნალისტი რომ ვარ და, როგორც რიგითმა მგზავრმა, ვიკითხე გაფუჭებული აპარატების შესახებ.

კონტროლიორი:

- დიახ, ხშირად შუა კართან დამონტაჟებული აპარატი "ჭედავს", რადგან უფრო მეტი დატვირთვა აქვს. მგზავრი უნდა დააკვირდეს ეკრანს. თუ დაინახავს, რომ ანგარიშიდან თანხა მოიჭრა, მძღოლთან დამონტაჟებულ აპარატს აღარ უნდა დაადოს პლასტიკური ბარათი, თორემ კიდევ 50 თეთრი მოეჭრება ანგარიშიდან.

- მერე, უბილეთო მგზავრს რომ აჯარიმებთ?

- მგზავრი თუ გვეტყვის, აპარატი არ მუშაობს და პლასტიკური ბარათიდან თანხა ჩამომეჭრაო, ამ შემთხვევაში არ ვაჯარიმებთ. ამის გამოა ხშირად კონფლიქტი კონტროლიორსა და მგზავრს შორის. ყველა ჯოხი ჩვენზე ტყდება.

GzaPressასე დასრულდა ჩემი მგზავრობა ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანთან. ავტობუსიდან ჩამოსულმა კარგად დავიმახსოვრე: თუ ერთი აპარატი ბილეთს არ მომცემს, მეორე აპარატს ბარათი აღარ უნდა დავადო და ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს განვუმარტო პრობლემის არსი.

ლევან კოპლატაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი:

- ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტობუსებში სალარო-აპარატი "ჭედავს", რის გამოც მგზავრმა ხელმეორედ და მეოცედ აღარ უნდა დაადოს ბარათი სალარო-აპარატს, რადგან თანხა ყოველ ჯერზე ჩამოეჭრება.

- ამის გამო ხშირია პრეტენზია? კონტროლიორები თუ აძლევენ რჩევას მგზავრებს, როგორ მოიქცნენ, თუ დაზიანებული სალარო-აპარატის გამო ბილეთს ვერ იღებენ?

- არის ასეთი შემთხვევები. კონტროლიორს თუ ეტყვის მგზავრი, რომ აპარატს დაადო ბარათი და ბილეთი ვერ მიიღო, შესაბამისად, კონტროლიორი შეამოწმებს აპარატს და თუ სალარო არ მუშაობს, მგზავრი აღარ დაჯარიმდება.

- მაგრამ თუ ავტობუსში კონტროლიორი არ არის და მგზავრს ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ, გაჩერებაზე ამოწმებს ის, როგორღა დაამტკიცოს თავისი სიმართლე? ავტობუსს უნდა დაედევნონ?

- ამ შემთხვევაში მგზავრი დაჯარიმდება. შემდეგ მან უნდა გაასაჩივროს ეს ჯარიმა და თუ დამტკიცდება მისი სიმართლე, საჯარიმო თანხა უკან დაუბრუნდება.

ერთი შეხედვით, გამოსავალი მარტივია, მაგრამ აბა, წარმოვიდგინოთ - რამდენი მოქალაქე შეიძლება შეეჭიდოს საკუთარი სიმართლის დამტკიცების ამ ყოვლად "უმადურ" გზას!.. გამოდის, რომ მგზავრი ყველა შემთხვევაში დაზარალებული დარჩება: თუ ხელს ჩაიქნევს გასაჩივრებაზე - მატერიალურად დაზარალდება, თუ პრინციპულობას გამოიჩენს - მისთვის ძვირფას დროს დაკარგავს. დაგვეთანხმებით, სატრანსპორტო კომპანიის მესვეურებს გაცილებით მოქნილი და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები მექანიზმის მოფიქრება მართებთ, რომელიც სულ ცოტა, ჩვენი დაჯარიმების მსგავს სანქციას დააკისრებს კომპანიას მგზავრის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის. გიორგი ბერიძე, ჟურნალი "გზა"