"ამდენი უმაღლესდამთავრებული სახელმწიფოს არ სჭირდება" - გზაპრესი

"ამდენი უმაღლესდამთავრებული სახელმწიფოს არ სჭირდება"

ამწუთას 35 000 ადამიანზე არსებობს იქ ინფორმაცია და თითოეულს არსებულ ვაკანსიაზე ოპერატიულად ეგზავნება "ესემესით" შეტყობინება. დეპარტამენტი დამსაქმებელს სასურველი კადრების მოძიებაში ეხმარება.

რა ვითარებაა ქვეყანაში დასაქმების მხრივ? - ამ პრობლემაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის უფროსს, თეა სტურუას ვესაუბრეთ.

- ქალბატონი თეა, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს და რა პროფესიის სპეციალისტებს ეძებენ ისინი?

GzaPress- ძირითადად, ვაჭრობაში, საფინანსო სფეროში მომუშავე კადრებს ეძებენ. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ოპერატორები უნდათ, ითხოვენ ფინანსურ მენეჯერებსაც. ასევე არის ვაკანსიები დამამუშავებელ მრეწველობაში; ტანსაცმლის კერვა, პროდუქტების წარმოება და ა.შ. ბოლო დროს მომრავლდა ვაკანსიები ჯანდაცვის სექტორშიც, სოფლის ექიმების და უფრო მეტად, მედდების. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კადრები ადვილი მოსაძიებელი არ არის. ბაზარზე კურსდამთავრებული მრავლადაა, მაგრამ იმ უნარების და იმ ცოდნის მქონეთა მოძიება, რაც დამსაქმებელს სჭირდება, ძნელია. მედდა ბევრია, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რაც კლინიკებს ესაჭიროებათ. დამსაქმებლები გვწერენ, რა ტიპის ვაკანსია აქვთ, რა მოთხოვნები აქვთ. ხშირად არ გვეუბნებიან ხელფასის ოდენობას. ამბობენ, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და პირადი გასაუბრებისას დგინდება, რა ხელფასს შესთავაზებენ. თუ გვიმხელენ, მაშინ ან ძალზე დაბალი გასამრჯელოა, ან - ძალიან მაღალი. ხელფასი 300-დან 4.000 ლარამდე მერყეობს. ამწუთას 45 ვაკანსია გვაქვს და ყოველდღიურად იცვლება მონაცემები. რკინიგზაში იყო 4.000-ლარიანი ვაკანსია და სასურველ კადრს 2 კვირა ვეძებდით. გვქონდა 3.000-ლარიანი, 2.000-ლარიანი ვაკანსიები. ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალკვალიფიციურ კადრს ითხოვენ, რომლის მოძიებაც ჭირს. 35 000 სამსახურის მაძიებელია ჩვენთან რეგისტრირებული და თითოეულს ოპერატიულად ეგზავნება "ესემესით" შემოსული ვაკანსიების შესახებ ცნობები. თუ მაძიებელთა შორის ვერ ვპოულობთ კადრებს, მაშინ ურთიერთობა გვაქვს კოლეჯებთან და შეიძლება, იქ მოვიძიოთ კურსდამთავრებული. გვაქვს აგრეთვე ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც. არის მთელი რიგი პროფესიებისა, კადრების პოვნა რომ გვიჭირს.

- მაინც რა სფეროს სპეციალისტები არ გვყავს?

- ვერ მოვძებნეთ ჰიდროელექტროსადგურის მომსახურე პერსონალი; "ენერგოპროჯორჯიასაც" სჭირდებოდა სპეციფიკური კადრები, მაგალითად - ჰიდროელექტროსადგურის გენერატორის ინჟინრის მოძებნა გაგვიჭირდა. ვიწრო სპეციალიზაციის კადრები ძალიან ჭირს. მარტო განათლება არ არის საკმარისი, სამუშაო გამოცდილებაც სჭირდება. გაგვიჭირდა ასევე, საერთაშორისო გადამზიდავების მოძებნა: საუბარია დიდი ტრაილერების მძღოლებზე. საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა; ხელფასზე ზუსტ ინფორმაციას არ გვაწვდიან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხელფასი დამოკიდებულია ტვირთის სახეობაზე, მის მოცულობასა და გადასაზიდ მანძილზე. თუ პროფესიონალი გინდა გამოხვიდე, 3-წლიანი სწავლება უნდა გქონდეს გავლილი, სხვანაიარად, საერთაშორისო გადამზიდავის სერტიფიკატს არ გაძლევენ, ეს სტანდარტია. ამ სერტიფიკატის მიღმა ცოდნა უნდა იყოს. უნდა იცოდე, რამდენი საათი შეგიძლია ამუშაო მანქანა, სად უნდა გაჩერდე... მთელი ე.წ. რეჟიმული მართვის ცოდნაა აუცილებელი, სხვა შემთხვევაში, ის ქვეყანა არ შეგიშვებს. არაგაბარიტულ ტვირთზე კი ცალკე სტანდარტია. მსოფლიოში საუკეთესო გადამზიდავებად ითვლებიან თურქები. მათ აქვთ ამის ბაზა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაწოდეთ კომპანიას ასეთი კადრები და ჩვენი ვარაუდით, კომპანიამ თურქი კადრები აიყვანა. სად იპოვა ალტერნატივა - ამის განმარტება კომპანიას არ ევალება.

- სამუშაო გამოცდილებას ყველა დამსაქმებელი ითხოვს, არა?

GzaPress- ძირითადად, ორ შემთხვევაში არ ითხოვენ: თუ დაბალკვალიფიციური კადრი სჭირდებათ ან - კომპანია ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან თვითონ შურს ამ ადამიანის მომზადება "თავის ჭკუაზე". დღეს ქვეყანაში დიპლომი ერთადერთი და უტყუარი დოკუმენტი არ არის, რომ სამსახურში მიგიღონ. როცა მაღალკვალიფიციური კადრი სურთ, როგორც წესი, სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. პრიორიტეტს დამსაქმებელი გამოცდილებას უფრო ანიჭებს, ვიდრე - დიპლომს და ყურადღებას აქცევს, ადრე რომელ კომპანიებში გაქვს ნამუშევარი. მაღალანაზღაურებად სამსახურში ენების ცოდნა აუცილებელია; კომპიუტერული უნარ-ჩვევები დღეს წერა-კითხვის ტოლფასია, ზოგჯერ ითხოვენ ავტომანქანის მართვის მოწმობასაც, რომ კომპანიის მანქანით შეგეძლოს გადაადგილება და ცალკე მძღოლის დაქირავება არ დასჭირდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი - კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმია. თუ გადახედავთ სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურას, დაინახავთ - უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე უმუშევრობის ყველაზე მაღალი წილი მოდის.

- ანუ გაივსო ბაზარი უმაღლესდამთავრებულებით...

- ბაზარს არ სჭირდება ამდენი უმაღლესდამთავრებული, სჭირდება სპეციალისტები, რომლებსაც კოლეჯები ამზადებენ. რეალურად, პროფესიული განათლებით უფრო მეტი სარგებელი და შემოსავალი შეიძლება ნახო ბაზარზე, მასზე უფრო დიდი მოთხოვნაა. საქართველოში არასოდეს ჩატარებულა შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა. ჩატარდება და დადგინდება, რა პროფესიებზე არის მოთხოვნა დღეს, რაზე იყო მოთხოვნა ადრე და რაზე იქნება მოთხოვნა მომავალში. ეს შედეგები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ვიმუშავებთ სამუშაოს მაძიებლებთანაც. ავუხსნით: თუ გინდა, შრომის ბაზარზე დროულად მოახდინო საკუთარი რეალიზება, ამ პროფესიებით დასაქმების მეტი შანსი გექნება. მაგრამ თუ ადამიანს მიზანმიმართულად უნდა, იურისტი გახდეს, ვერანაირად ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ვეტყვით, რომ იურისტად მუშაობის შანსი მინიმალურია. მეტისმეტად ბევრია ქვეყანაში: ჟურნალისტი, იურისტი, საერთაშორისო სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. გაივსო ეს სფეროები და აღარ არის საჭირო ახალი კადრები. გასაგებია, რომ ადამიანმა 4-5 წელი დახარჯა სწავლაში, მაგრამ მეორეა - როგორ ისწავლა. ამის შეფასებას დამსაქმებლის გარდა ვერავინ აკეთებს. ეს დიპლომი უჭირავს, ეუბნები, ეს ვაკანსია არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია, გადაგამზადო და იყო სასტუმროში დიასახლისი, - მაგრამ ეს არაფრით არ უნდა... მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დიდი დისბალანსია. სამუშაოს მაძიებელმა უნდა გაიგოს - სადაა მოთხოვნაა და იქ უნდა წავიდეს. შრომის ბაზარი არის ჩვეულებრივი ბაზარი: მყიდველია დამსაქმებელი და თუ მას ჩვენი პროდუქტი არ უნდა, არ ყიდულობს. როგორც ყველა პროდუქტს, ჩვენც "ვფუჭდებით": რაც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილი შრომის ბაზარს, მით უფრო მეტი სირთულე გვიჩნდება შრომის ბაზარზე ჩართვის თვალსაზრისით. ძველ უნარებსაც თანდათან ვკარგავთ და სრულ დისკვალიფიკაციას ვიღებთ. მერე მენტლიტეტიც გვეცვლება. პირადად მე უმუშევრობას ყოველთვის მერჩივნა მუშაობა და არ ჰქონდა მნიშვნელობა პოზიციას და სტატუსს. უმუშევართა 70% ასე არ ფიქრობს.

- რეგიონებში რა ხდება?

- რეგიონებშიც ჭირს კადრის მოძიება და არც დამსაქმებლის ვაკანსიებით ვართ განებივრებული. ეს მიბმულია ეკონომიკურ განვითარებაზე. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობაა, არის ვაკანსიებიც. თბილისის შემდეგ - ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, თელავში, სიღნაღში, გორში, კასპში არის ვაკანსიები. ყველა რეგიონშია რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი და კადრების მოძიება იმ ადამიანებისგან ხდება.

- სანამ დამსაქმებელს კანდიდატურას გაგზავნით, თქვენთან თუ გადის გასაუბრებას?

- ჩვენთან ხდება პირველადი შეფასება. ვადგენთ, რამდენად შეესაბამება ეს ადამიანი მოცემულ ვაკანსიას. 70%-იანი თანხვედრა მაინც უნდა იყოს. მარტო "სივითი" ვერ ვგზავნით. შარშან ჩავატარეთ ტრენინგი - 5 000 ადამიანს ვასწავლეთ, როგორ შეევსო განაცხადი. როდესაც ქვეყანაში ამხელა უმუშევრობაა, აუცილებელიაა სწორად შეავსო განაცხადი. ადამიანები ყველგან გზავნიან მონაცემებს და დამსაქმებელი ვერ ახერხებს ამდენი "სივის" ნახვას, რომელიც ფაქტობრივად, იყრება. ვასწავლიდით საკუთარი მოთხოვნების სწორად შეფასებას. წელსაც დაგეგმილია ჯგუფური კონსულტაციების გამართვა. ხშირად დამსაქმებლები ჩივიან, - გამოცხადებული მაქვს მცხობელის ვაკანსია და "სივიში" - როდის დაიბადა, სკოლა სად დაამთავრა, იმას წერს, ხოლო სამუშაო გამოცდილება სულ ბოლოში აქვს მიწერილიო!.. ვაკანსიიდან გამომდინარე უნდა დაიწეროს "სივი", უნდა დააკვირდეთ, რა სურს დამსაქმებელს და მას მხოლოდ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ. სამოტივაციო წერილები კი საოცარია: "მომწონს თქვენი თვალებიდან" დაწყებული, ყველაფერს წერენ, ლექსებსაც უძღვნიან დამსაქმებლებს, წერენ, თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვსო... ეს არ არის სამოტივაციო წერილი. ადამიანმა უნდა იცოდეს, ის როგორ იწერება, საერთოდ, როგორ უნდა ეძებოს სასურველი სამსახური.

- დამსაქმებელთა გაკონტროლება თუ ხდება?

- დამსაქმებელს ვადის დადგენას ვთხოვთ და ამ ვადაში ვუგზავნით კადრებს; ვეკითხებით, რომელ დღეს გაგვაგებინებს პასუხს. გაგვიგზავნია ადამიანი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მოსულან და უთქვამთ, - თავდაპირველად ერთი ხელფასი იყო მითითებული, ვთქვათ - 500 ლარი, ხოლო იქ მისულისთვის 250 შეუთავაზებია. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რაიმე ზემოქმედება მოვახდინოთ დამსაქმებელზე. ეს არის ორი სუბიექტის - დაქირავებულისა და დამქირავებლის ურთიერთობა. შესაბამისად, ნებისმიერ შრომით ვალდებულებას კანონი არეგულირებს. ჩვენ შუამავლები ვართ, ვაკანსიების და კანდიდატების მოძიება გვეკისრება, ასევე - ამ ხალხის სწავლებით, კონსულტაციით, ტრენინგებით ვართ დაკავებული.

- სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ეს ცალკე თემაა. არ უნდათ მუშაობა, არც სწავლა, ურჩევნიათ, დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან. მაინც მაქვს იმის ეჭვი, რომ ქვეყანაში არის შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აღრიცხავს, ანუ - არაფორმალური დასაქმება გვაქვს. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ გააჩნია, რა დოზით. მაგალითად, დამსაქმებელს მაღაზიაში გაფორმებული ჰყავს ერთი გამყიდველი და უხდის 2.000 ლარს, მაგრამ რეალურად 5 გამყიდველი ჰყავს და ამ თანხას მათზე ანაწილებს. ის ბიუჯეტის წინაშე პირნათელია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ის 4 ადამიანი დაუსაქმებელი მყავს, რეალურად კი ასე არ არის.

- თვეში რამდენი ადამიანის დასაქმებას ახერხებთ?

- ვერ ვიტყვით. დეკემბერსა და იანვარში ძალიან გაჭირდა დასაქმება, მაგრამ თებერვლის პირველ კვირაში საქართველოს მასშტაბით 28 ადამიანი დავასაქმეთ, აქედან 18 - სოფლის მეურნეობაში. მომცა ერთი ვაკანსია, გავუგზავნე 5 კაცი, იქიდან არჩევს სასურველს.

- ე.წ. ტვინებზე ნადირობა თუ ხდება საქართველოში?

- ასეთი ადამიანი პრაქტიკულად, ყველა მუშაობს. ე.წ. ტვინები ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, ძალიან ჭკვიანები არიან და ამ ხალხის ერთი კომპანიიდან მეორეში გადაბირება ხდება. "საქსტატის" მონაცემებით, თუ საშუალო ხელფასი არის 700 ლარი, მაღალკვალიფიციურებში ხელფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება: 5.000, 7.000, 10.000, 15.000 ლარსაც კი შეადგენს. ასე რომ, ტვინებს მოძიება არ სჭირდება, მათ ყველა იცნობს.

- ვთქვათ, ასეთი ტვინი აღმოჩნდა სტუდენტი - ის ხომ უნდა აღმოაჩინოს ვინმემ. არ აქვს გამოცდილება და ამის გარეშე გზას როგორ გაიკვალავს?

- ეს ცალკე თემაა და სერიოზული საკითხია. დამსაქმებელი ყურადღებას აქცევს გამოცდილებას. ამ მხრივ, პარადოქსული რამ ხდება შრომის ბაზარზე: ითხოვენ 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას და ამავე დროს - 5-7-წლიან სამუშაო გამოცდილებას. ეს ხომ შეუძლებელია. ასე რომ, დამსაქმებლებიც ვერ არიან ჩამოყალიბებული საკუთარ მოთხოვნებიში, ნახავენ სხვა დამსაქმებლის განცხადებას და კოპირებას ახდენენ. "ეიჩარებსაც" სჭირდებათ სწავლა. საერთოდ, "ეიჩარი" არ არის კადრების სპეციალისტი, ის ხედავს ბიზნესის სტრატეგიას, მიზანს და აქედან გამომდინარე აყალიბებს, რა სჭირდება. ბოლო დროს კომპანიები ხშირად მიდიან უნივერსიტეტებში, იქ ატარებენ ფორუმს და არჩევენ კადრებს. თუ კომპანია დაინტერესებულია განვითარებაში, ის არ უყურებს გამოცდილებას. ჩვენდა სასიხარულოდ, არის ისეთი კომპანიები, რომლებსაც აქვთ გათვლა მომავალზე, ჩამოყალიბებული მართვა და მენეჯმენტი და ამის გათვალისწინებით ირჩევენ სასურველ კადრებს.

- რას ურჩევდით ახალკურსდამთავრებულებს?

- ნუ ელოდებიან, რომ მაშინვე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნავენ. მათ უნდა გაიარონ კარიერული ზრდა. კარგი იქნება, თუ სადმე სტაჟიორებად მიაღებინებენ თავს. გაიჭირვონ რამდენიმე თვე, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები; თუ კომპანია დაბალ პოზიციას შესთავაზებს, დათანხმდნენ, რადგან ეს არის საგზური პროფესიული ზრდისთვის. რასაკვირველია, უნდა გააანალიზონ, აქვს თუ არა კომპანიას იმის შესაძლებლობა, რომ ხელი შეუწყოს კადრის განვითარებასა და ზრდას. თუ არ ხარ აქტიური და მოტივირებული, არავინ შეიწუხებს შენთვის თავს. თუმცა, მეორე საკითხია, სტაჟირებაზე მიღებაც ხშირად პრობლემაა. არც აკეთებენ განცხადებას, ხოლო როცა აკეთებენ, ისიც გასარკვევია, სტაჟირებაში რას გულისხმობენ, - მართლა სტაჟიორი სჭირდებათ გასაზრდელად თუ - გარკვეულ პერიოდით უფასო მუშახელი...

თეა ხურცილავა