სტაჟიორების ბედი საქართველოში - გზაპრესი

სტაჟიორების ბედი საქართველოში

სტაჟიორების უფასოდ მუშაობა ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ზოგ შემთხვევაში სტაჟიორობის ვადას თავად დამქირავებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი აწესებს, ისევე, როგორც შესარჩევ კრიტერიუმებს - განათლებას, პიროვნულ თვისებებს და ხშირად, გარეგნულ მონაცემებსაც კი... ამას ემატება სტაჟიორთა შრომის პირობები და მათდამი ხელმძღვანელთა დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ - ნაკლებსახარბიელოა. აქვე დავაზუსტებ: ყველა ეს გარემოება ერთნაირად იჩენს თავს კერძო სექტორსა და საჯაროშიც...

რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ.

მარი, 22 წლის:

- თსუ-ის გერმანული ენის სპეციალისტის ფაკულტეტი, სახელმწიფო "ჯიპეი" მაღალ ქულებზე დავამთავრე, რის შემდეგაც, სტაჟირებისთვის, ჩემი პროფესიული კოდის მიხედვით დავრეგისტრირდი, ანუ სტაჟირება ჩემი პროფესიით უნდა გამევლო. პირობა ასეთი იყო: 6-თვიანი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივითა და შემდგომში, 500-ლარიანი შრომის ანაზღაურებით. ასე ეწერა საჯარო სამსახურის ვებგვერდზე. როგორც გაირკვა, ბიბლიოთეკაში გამანაწილეს, სადაც ამიხსნეს, რომ ბიბლიოთეკის საქმიანობა უნდა შემესწავლა. კი ვიფიქრე, გერმანულის სპეციალისტს რაში მჭირდება ბიბლიოთეკის საქმიანობის შესწავლა, მაგრამ შემდეგ თავი დავიმშვიდე, საჭირო და საინტერესო ლიტერატურას მაინც წავიკითხავ-მეთქი. თუმცა, წიგნების კითხვის კი არა, თავის მოფხანის დრო არ გვქონდა. მეც და სხვა სტაჟიორებიც (რომლებიც სხვადასხვა სასწავლებლიდან და ფაკულტეტიდან იყვნენ მოსული) - ყველანაირ შავ სამუშაოს ვასრულებდით. ამას ემატებოდა ფლაერებისა და მოსაწვევების დარიგება. ჩვენი "სტაჟირება" არც ამით ამოწურულა: მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ფაკულტეტებისა და სპეციალობებისთვის საჭირო წიგნების შესახებ უნდა გადაგვემოწმებინა. ეს ხდებოდა უზარმაზარ გაყინულ დარბაზში, სადაც არც ერთი თანამშრომელი არ მინახავს. კარს გვიღებდნენ და გვაცილებდნენ. დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა გვიწევდა. კარგა ხნის შემდეგ, გაუბედავად ვიკითხე, - ამის გაკეთება სტაჟიორებს რატომ გვევალებოდა და ამით რა ცოდნას მივიღებდით? - მიპასუხეს, - ეს ბიბლიოთეკის საქმიანობაში შედისო. ვიკითხე, - სტაჟირების სერტიფიკატში რა ჩაგვეწერება - კატალოგიზაცია, საქმის შესწავლა თუ სხვა რამ? - წინ ბევრი დროა და შესაბამისად, ბევრი საინტერესო საქმე გელოდებათო, - გვპასუხობდნენ... ასე გავიდა თვე-ნახევარზე მეტი, მაგრამ ცოდნისა და გამოცდილების მხრივ, ვერაფერი შევიძინე და ის დრო უაზროდ დავკარგე. ამ დროს სხვა რამისთვის გამოვიყენებდი, თუნდაც, ფასიან სტაჟირებას გავივლიდი.

ქეთი, 30 წლის:

GzaPress- ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ერთთვიანი სტაჟირება გავიარე და მივხვდი, რომ საქართველოში სტაჟიორად მუშაობა მონობის ან სულაც, ნებაყოფლობითი ტრეფიკინგის ტოლფასია: ვაკეთებდით ყველაფერს, განურჩევლად სამუშაოს სიმძიმისა, - დასუფთავება იქნებოდა, დალაგება, დისტრიბუტორის მიერ შეტანილი სურსათის საწყობში ჩაზიდვა და შემდეგ დახლებზე ჩამოლაგებაც თუ სხვა, ყველაფერი ჩვენ გვევალებოდა. ჩვენს მოვალეობაში შედიოდა აგრეთვე, მაცივრებისა და დახლების დასუფთავება. ყველგან ვიდეოკამერები იყო დაყენებული და დაჯდომის უფლებაც კი არ გვქონდა. სტაჟიორს ისე უყურებდნენ, როგორც მუქთა მუშახელს. თუმცა, თუ არ მოგეწონებოდა, არავინ გაკავებდა, შეგეძლო წასულიყავი, თუ არა და, ეს დამოკიდებულება ღიმილით უნდა აგეტანა და ვიზიტორებს ბედნიერი სახით მომსახურებოდი... შტატიანმა თანამშრომლებმა მითხრეს, - ჩვენ როდესაც ღამის ცვლაში ვართ, უარესის გაკეთება გვიწევსო. ისინი 255 ლარად, დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 9 საათამდე არაადამიანურ შრომას ეწეოდნენ, მაგრამ ასე თუ ისე, გასამრჯელოს მაინც იღებდნენ. ამიტომაც, ლამის ყოველკვირა ახალ-ახალი თანამშრომლები მოდიოდნენ, რადგან ასეთ რეჟიმს ვერავინ უძლებდა.

ანა, 25 წლის:

- ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სამთვიან სტაჟირებაზე ამიყვანეს. ძალიან მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ ორ თვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ანუ, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანების "დაბოლება" უნდა შეგძლებოდა. ორგანიზაციის მანქანით დავდიოდით და მოსახლეობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით სარგელობისკენ მოვუწოდებდით: დავალება იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოგვეზიდა და "გვეცდუნებინა", რომ სესხი აეღო. ზოგთან გამოგვდიოდა, ზოგთან - ვერა... შემდეგ, როდესაც შტატში ამიყვანეს, იგივე გაგრძელდა. ახლა პირდაპირ გვთხოვენ, კვირაში 5 ათას ლარამდე სესხი გავცეთ, სხვა შემთხვევაში, ხელფასს ვერ ავიღებთ. ჩემ გარშემო ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველას ვთხოვე, სესხი ჩვენთან აეღო...

ნათია, 23 წლის:

- შარშან ზაფხულს, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ინტერნეტში "სივი" განვათავსე და დამირეკეს. გასაუბრებაზე რომ მივედი, პირობები გამაცნეს. ერთთვიანი სასწავლო კურსი უნდა გაგვევლო და აპარატურასთან მუშაობა გვესწავლა - ყავის, წვენისა და ნაყინის ჩამოსხმა, ჰამბურგერის, ჩიზბურგერისა და ასეთი ტიპის საკვების სწრაფად მომზადება, სალარო აპარატთან მუშაობა და სხვ. მანამდე იმ ობიექტში სხვა რაღაც იყო გახსნილი, თუ არ ვცდები - ტანსაცმლის მაღაზია და საკვები ობიექტის მეპატრონემ ხელახლა გაარემონტა. უფრო სწორად, თან რემონტდებოდა, თან გარემონტებულ ოთახებში ავეჯი და სხვა საჭირო ნივთები და აპარატურა შეჰქონდათ. დილიდან საღამომდე რემონტის ნარჩენებს ვასუფთავებდით და იქაურობას ვხეხავდით. შუადღეს, მხოლოდ ჭამის დროს ვისვენებდით და კვება რემონტის ნარჩენებში გვიწევდა. რაღაც ნივთიერების ფონზე, ალერგია დამეწყო, რაც მუდმივად მტვერში ყოფნის გამო გამირთულდა. მაინც ვმუშაობდი, რადგან სამსახური ძალიან მჭირდებოდა. ხელმძღვანელობა ანაზღაურებას, თვეში 450 ლარს გვპირდებოდა და გეგმებს ვაწყობდი. ამის გამო, მთელი ზაფხული არსად წავსულვარ. 10 გოგო ვიყავით და დილიდან საღამომდე "შავი მუშებივით" ვშრომობდით... როგორც იქნა, რემონტი და აპარატურის დამონტაჟება დასრულდა. სურსათის შემოსაზიდავად ერთი კვირა გვჭირდება და შემდეგ, მთელი ძალებით ვიწყებთ მუშაობასო, - გვთხრეს. ერთი კვირაც გავიდა და ორიც, მაგრამ არავინ შემხმიანებია. სხვა სტაჟიორებს დავუკავშირდი, ისინიც ჩემსავით ამაოდ ელოდნენ ზარს. მერე მივედი და თურმე, გაუხსნიათ. გაოგნებული დავრჩი. ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოვითხოვე და ვიღაც თეთრპერანგიანი ბიჭი გამოვიდა, ოფიციალური ტონითა და გაზეპირებული ფრაზებით მოგვმართა, - უფროსობა სათავო ოფისში ზის, რით შემიძლია დაგეხმაროთო?.. თუ გნებავთ, საჩივარი დაწერეთ და ხელმძღვანელობას მივაწვდიო... მოკლედ, ისევ ზღაპრები და ნერვების უაზრო შლა. გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა, სასამართლოში სირბილი და ადვოკატის აყვანა ცალკე ხარჯი იქნებოდა, ამიტომ სხვა სამუშაოს ძებნას შევუდექი.

- შეთანხმება სიტყვიერი იყო?

- დიახ... ჩვენ, ათივე, მუქთად გვამუშავეს. იქ სრულიად სხვა ადამიანები დაასაქმეს.

უამრავი ასეთი და ალბათ უარესი ამბის მოსმენა შეიძლება, თუმცა, როდის მოწესრიგდება ეს სფერო, ამაზე სპეციალისტებს პასუხი არა აქვთ... როგორც ირკვევა, ამის მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რაც დამქირავებელს სტაჟიორის უფლებების დარღვევის საშუალებას აძლევს.

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე:

- ამ საკითხზე საუბრისას, ისევ და ისევ, იმ ყბადაღებულ საკითხამდე მივდივართ, - საქართველს კანონმდებლობით, კონსტიტუციით, იძულებითი შრომა, ტრეფიკინგი და ა.შ. - აკრძალულია და ის მაგალითები, რომლებზეც თქვენ მეკითხებით, კანონით აკრძალულ შემთხვევებს ასახავს. შრომის კოდექსის X მუხლში წერია, რომ გამოსაცდელი ვადა, იგივე სტაჟირება გულისხმობს, რომ ასრულებ შენს მოვალეობას და იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობას მოეწონები, აგიყვანენ, მაგრამ ის ვადაც ანაზღაურებადია. თუმცა, ვინ უნდა დაადგინოს, რომ ამ ადამიანის უფლებები ირღვევა?.. ერთადერთი შანსია, მიმართონ პროფკავშირებს, რომელიც ატეხს ერთ ამბებს და უკაცრავად და, ბიზნესის "გაბანძებას" შეუდგება. ვარიგებთ პლაკატებს, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ არ ისარგებლონ ამ კომპანიის მომსახურებით, რადგან მონურ შრომას იყენებენ. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან არ არის მონიტორნგის მექანიმზი, რომელიც დააკვირდება, კანონმდებლობა რადენად სრულდება ამა თუ საწარმოში.

- სასამართლოს თუ აქვს რაიმე მექანიზმი ამ შემთხვევაში?

- დაზარალებულები სასამართლოს არ მიმართავენ, რადგან მას უწევს ბაჟის გადახდა და სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს სად აქვს ამის საშუალება? ასევე, ეს პროცესი წლების განმავლობაში იწელება და მოქალაქე თვლის, რომ მას არ უღირს. იძულებითი შრომით სარგებლობენ როგორც კერძო უწყებები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ისეთი სულელური კრიტერიუმები და დამამცირებელი მოთხოვნები აქვთ, ლამის 90-60-90 პარამეტრები მოსთხოვონ სტაჟიორს. ვალდებულება არსებობს, ოღონდ "ფოჩიანი კანფეტის" ფუნქცია აქვს, გპირდებიან და არ ასრულებენ. ამის შესასრულებლად, არსებობს მხოლოდ ერთი რამ - პოლიტიკური ნება. თუ ეს იქნება, შეუძლებელი და შეუსრულებელი არაფერია, შრომის ინსპექტირების გაკონტროლება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ლალი პაპასკირი