ჩასასვენებლებს თბილისის ყველა გამგეობა შეიძენს - გზაპრესი

ჩასასვენებლებს თბილისის ყველა გამგეობა შეიძენს

ახალი წლის პირველსავე დღეებში ჩვენი საზოგადოების ყურადღება უჩვეულო ინფორმაციამ მიიპყრო, რომლის თანახმად, ნაძალადევის რაიონის გამგეობა 100 კუბოს შეძენას გეგმავდა. ტენდერი რაიონის მუნიციპალიტეტმა იანვრის პირველ კვირაში გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, ჩასასვენებელი წიფლის მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული და სტანდარტული ზომა უნდა ჰქონდეს. ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: ოპონენტებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ნაძალადევის რაიონის გამგეობაც და მისი თავკაცებიც, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მსგავსი ტენდერი თბილისის ათივე რაიონში ჩატარდება, კუბოების შეძენაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამის ნაწილია. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ ისაუბრა:

- ეს კრიტიკა მოცლილი ხალხისაგან მოდიოდა, რომელსაც არა აქვს შეხება რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან. ისინი კომპიუტერების მონიტორებიდან უყურებენ ამ ყოველივეს, ჩვენ კი, ყოველდღიური შეხება გვაქვს გაჭირვებულ ადამიანებთან, რომლებსაც რეალური დახმარება სჭირდებათ. ვისაც ეცინება ასეთ საკითხებზე, იცინოს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საბიუჯეტო მუხლი, რომელიც ოფიციალურად ფინანსდება, რადგან მოსახლეობას სჭირდება. თუ ასე ვიმსჯელებთ, უფასო სასადილოებიც არ უნდა იყოს, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხელ სადილს მიირთმევენ. ყველას არა აქვს საშუალება, რომ გარდაცვლილი ახლობელი თავისი ხარჯებით დაკრძალოს. ამის დასამტკიცებლად კონკრეტულ ფაქტს დაგისახელებთ: 5 იანვარს ჩვენთან, გამგეობაში, მოვიდა სამი მოქალაქე, რომლებიც სარიტუალო მომსახურებას ითხოვდნენ. თავად განსაჯეთ, როდესაც ახალი წლის პირველივე სამუშაო დღეს სამი მოქალაქე ითხოვს ამ ტიპის დახმარებას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის. სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ წინა წელს 158-მა მოქალაქემ მიიღო ამგვარი დახმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ტენდერი გამოგვეცხადებინა. სარიტუალო მომსახურება ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება, ხოლო ტენდერი მრავალდღიანია. ამიტომ, მოქალაქე როცა მოგვმართავს, გამგეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დახმარება მაშინვე გაუწიოს. ქვეყანაში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანები რომ არ გვყავდეს, მაშინ არც ამის საჭიროება იქნებოდა. ზუსტად ასეთი ტენდერი გამოაცხადა დედაქალაქის ათივე რაიონმა. უბრალოდ, ნაძალადევის რაიონმა რატომღაც ყურადღება მიიქცია. შეგიძლიათ, ნახოთ სპეციალური მუხლი თბილისის ბიუჯეტში, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო მომსახურებას ეხება. ჩვენ ბიუჯეტის მიხედვით გვაქვს ვალდებულება, რომ ადამიანებს დავეხმაროთ ასეთ დელიკატურ საკითხებშიც კი.

დაახლოებით იგივე გვითხრა შპს "ჰერმესის" დირექტორმა - მიხეილ ძაგანიამაც. მისი თქმით, ახლობლის დაკრძალვისას მსგავსი შეღავათებით ბევრი სარგებლობს: "მერიას და ცალკეულ გამგეობებს აქვთ სპეციალური პროგრამები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და ისინიც ხშირად სარგებლობენ ამ შეღავათებით". - ამბობს ბატონი მიხეილი.

სარიტუალო ბიუროში მუშაობს ბატონი თემური, რომელმაც თავისი გვარის გამხელა არ ისურვა:

- თუ არ გამამხელთ, ყველაფერს გულახდილად გეტყვით: ხალხს ფული არა აქვს და თავისი მიცვალებული ვეღარ გაუპატიოსნებია. აბა, ეს სირცხვილი და თავის მოჭრა არ არის?! მოდიან და მთხოვენ, - ძიაჯან, ყველაზე იაფი სასახლე დაგვიმზადეო, არადა, ყველაზე იაფი კუბო 150 ლარი ღირს. ასეთი კუბო ხშირად წიფლის, ფიჭვის ან სხვა იაფი მასალისაგან მზადდება. მიცვალებულის ჩასასვენებელი მაცივრის ფასი 170-180 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის. გააჩნია, რამდენი დღით გვიკვეთენ. ბალზამირება კი - 100 ლარი. მიცვალებულს კატაფალკა, ტახტი, სუდარა და სხვა ნივთებიც ხომ უნდა, დაუმატეთ ამას საფლავის ფასი და მიხვდებით, რა დღეშია საბრალო ჭირისუფალი. თუმცა, მდიდრებიც მოდიან, 3-4 ათას ლარიან სასახლეებს გვიკვეთენ და თავიანთ მიცვალებულს პრესტიჟულ ადგილებზე ასაფლავებენ. ერთი კლიენტი არასოდეს დამავიწყდება: ამ რამდენიმე წლის წინ მოვიდა ჩემთან ღიპიანი, წარმოსადეგი კაცი და ეშმაკური ღიმილით, საიდუმლოდ მითხრა: - როგორც იქნა, სიდედრი დამეღუპა. ყველაზე ძვირფასი და საიმედო კუბო დამიმზადეთ, რომ საიქიოში ღირსეულად გავისტუმროო... აბა, რა ვიცი, შვილო, ათასნაირი ხალხი მოდის, ადამიანის გულს რას გაუგებ, მაგრამ უმეტესობას უჭირს და ჩვენი ფასებიც ძალიან ეძვირება.

როგორც შპს "თბილბიუროს" დირექტორმა, კოკა სართანიამ გვითხრა, ბოლო ხანებში განვადებით დაკრძალვის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, რადგან მიცვალებულის გაპატიოსნება ოჯახს საკმაოდ ძვირი უჯდება.

- ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დაკრძალვის ხარჯების განვადება გაგვეკეთებინა, ჩვენი კლიენტების მდგომარეობამ მიგვიყვანა, რომლებმაც მოულოდნელად დაკარგეს ახლობელი ადამიანი და დაკრძალვისათვის საკმარისი თანხა ხელზე არ ჰქონდათ. გვკითხეს, - ხომ შეიძლება, ბანკიდან სესხი ავიღოთ და დაკრძალვის ხარჯები განვადებით დავფაროთო?.. ჩვენც დავთანხმდით. რასაკვირველია, თავიდან ჩვენს გადაწყვეტილებას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ვიღაცებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ, ამას ველოდით კიდეც, უარყოფითი შეფასება და კომენტარებიც მოვისმინეთ, თუმცა, ბევრი გვემადლიერება და გვწერს, რომ ეს კარგი საქმეა, ზოგი კი ჩვენს საქციელს ამორალურს უწოდებს. ამაში ამორალურს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, გასაჭირში ჩაცვენილ ადამიანებს ვეხმარებით და რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს ვთავაზობთ - მითხარით, რა არის მაში ამორალური?

მსოფლიოში არსებული ყველაზე უცნაური დაკრძალვის წესები

უჩვეულო "ნადიმი"

ზოგიერთ კულტურაში გარდაცვლილის საუკეთესო პატივისცემად მისი სხეულით ნადიმობა ითვლებოდა. ეს წესი წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული პაპუა-ახალ გვინეასა და ბრაზილიის ტომებში. მათ გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ ამ გზით გარდაცვლილსა და ცოცხლებს შორის სამუდამო კავშირი მყარდებოდა. საბედნიეროდ, დღეს ეს პრაქტიკა აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ცნობები არა გვაქვს.

"დაკრძალვა" ტიბეტურად

ტიბეტელი ბუდისტები გარდაცვლილის სხეულს რამდენიმე ნაწილად ჭრიან და გარეულ ცხოველებს, უფრო ხშირად კი, ლეშიჭამია ფრინველებს უტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია შემზარავი ჩანს, ის არ ეწინააღმდეგება ბუდისტურ იდეოლოგიას. ტიბეტელთა დიდი ნაწილი დაკრძალვის ამ ფორმის მომხრეა, უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ხერხით ხელს უწყობენ სიცოცხლის განვითარებას და ცოცხალ არსებებს კვებავენ, ეს კი, ერთგვარი თანაგრძნობა და მოწყალებაა.

ქალი - დაკრძალვის მსხვერპლი

ამჟამად ეს ტრადიცია ინდოეთში კანონით აკრძალულია, წარსულში კი, დაქვრივებული ქალები ქმრის დაკრძალვისას თავს მსხვერპლად სწირავდნენ - მათ სამგლოვიარო კოცონზე ცოცხლად წვავდნენ. ზოგადად მიიჩნეოდა, რომ ეს ნებაყოფლობითი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხშირად ქალები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავდათ და ცეცხლში აგდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი არც პირველი იყო და არც ერთადერთი, რომელსაც ეს ტრადიცია ჰქონდა, მსგავსი წესი ჰქონდათ ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, გუთებსა და სკვითებს.

თითების ამპუტაცია

დასავლეთ პაპუა-ახალ გვინეაში მობინადრე დანის ტომს, ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების აღსანიშნავად, თითების მოჭრის ტრადიცია ჰქონდა. ამ სასტიკი რიტუალის შესრულება სავალდებულო იყო გარდაცვლილის ყველა ახლობელი ქალისთვის, ზოგჯერ - ბავშვებისთვისაც. თითების მოკვეთა იყო ტანჯვისა და გლოვის გამოხატულება. თითებს ნაჯახით აჭრიდნენ, მერე აშრობდნენ და წვავდნენ, ფერფლს კი, სპეციალურ ადგილას ინახავდნენ. ამჟამად ახალ გვინეაში ეს რიტუალი აკრძალულია.

ავსტრალიელი აბორიგენების რიტუალი

ავსტრალიელ აბორიგენებში ქონების ანდერძით დანაწილების შემდეგ, გვამი შემაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა და ტოტებითა და ფოთლებით იფარებოდა, შემდეგ კი, მის გახრწნას ელოდნენ, რასაც ზოგჯერ თვეები სჭირდებოდა. ზოგჯერ აგროვებდნენ სხეულიდან გადმოღვრილ სითხეს და ახალგაზრდა მამაკაცებს ტანზე ასხამდნენ, რათა მათ გარდაცვლილის დადებითი თვისებები გადასცემოდათ. ძვლებს აცალკევებდნენ და წითელი ჟანგმიწით ღებავდნენ, შემდეგ კი გამოქვაბულში ათავსებდნენ. ზოგიერთ ტომში გარდაცვლილის სახელის ხსენება იკრძალებოდა და მის ქონებას არავინ ეკარებოდა. მთელი ეს რიტუალი იმისთვის ტარდებოდა, რომ სული აღარ ყოფილიყო სხეულზე მიჯაჭვული და მატერიალური სამყარო სწრაფად დაეტოვებინა.

ხათუნა ჩიგოგიძე