2015 წლის სიურპრიზები: გაიაფებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება - გზაპრესი

2015 წლის სიურპრიზები: გაიაფებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან შედარებით საგრძნობლად დაეცა, ლარის გაუფასურებამ კი, ყველაზე მეტად მოსახლეობა დააზარალა. საქართველოში ხელფასი და პენსია ეროვნული ვალუტით გაიცემა, ამიტომ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც პროდუქციის გაძვირებაც დაერთო. ლარის მკვეთრი გაუფასურების შედეგად, საქართველოში მედიკამენტები, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები ლამის თვალსა და ხელს შუა გაძვირდა. "საქსტატის" მონაცემებით, იანვარში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია თებერვლის მონაცემები, თუმცა, აშკარაა, რომ ლარის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში, პრუდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება.

GzaPressიმავე "საქსტატის" ინფორმაციით, იანვარში ბოსტნეული და ბაღჩეული 7,5%-ით გაძვირდა, 4,2%-ით გაიზარდა ხილისა და ყურძნის ფასიც. წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 4,5 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასიც. ეს განპირობებულია აქციზის გაძვირებით. 1-ლი მარტიდან კი, აქციზის გადასახადი ლუდზეც იზრდება და ბუნებრივია, ლუდის მოყვარულებს საყვარელ სასმელში უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.

გაძვირებაზე საუბრობენ თბილისურ მაღაზიებშიც. ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა, თამუნამ ჩვენთან საუბრისას თქვა:

- ყველაფერი გავაძვირეთ, ბრინჯითა და ზეთით დაწყებული, ჯოხიანი კანფეტებით დამთავრებული. წიწიბურა იმდენად გაძვირდა, რომ ხალხი რომ შემოდიოდა, საყვედურებით გვავსებდა. მოგეხსენებათ, "ყაზტრანსგაზმა" პურის საცხობებსა და საწარმოებს ბუნებრივი აირის მიწოდებაც გაუძვირა, ამიტომ ამბობენ, მალე პურიც გაძვირდებაო. ბოლო ორი თვის განმავლობაში სურსათი ჩვენს სუპერმარკეტში 10-დან 20 პროცენტამდე გაძვირდა. იგივე ხდება სხვა მაღაზიებშიც. მართალია, ეს ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენი მომმარაგებლები თითქმის ყველაფერს დოლარში ყიდულობენ, ისინი ჩვენ გვიძვირებენ და ჩვენც, იძულებული ვხდებით, ყველაფერს მაღალი ფასი დავადოთ.

გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობაც:

ნინო ბერიძე, დიასახლისი:

- ამას არ უნდა დიდი ექსპერტობა - ყველაფერი გაძვირდა, შეიძლება 10-20-30 თეთრით, მაგრამ ეს ჩვენს ჯიბეს სერიოზულად აზარალებს. ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე ვისაუბროთ, რომლის გარეშეც ჩვენი რაციონი წარმოუდგენელია: გაძვირდა ზეთი, ჩაი, ყავა, რძის პროდუქტები, ტკბილეული, ჰიგიენური საშუალებები... ჩვენ "სილქნეტის" მომხმარებლები ვართ და მარტიდან ინტერნეტის ფასიც კი იზრდება. დიასახლისი ვარ და ვიცი, რამდენი სჭირდება ოჯახს, რომ ელემენტარული ხარჯები დაფაროს. ძნელია, ამ ყველაფერს გაუძლო და შვილებს ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნა. მით უმეტეს, ოჯახში მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს, მისი ხელფასი არც ადრე გვყოფნიდა, ახლა კი, მდგომარეობა უფრო გაგვირთულდა.

ელენე, პენსიონერი:

- ძალიან გთხოვთ, ჩემი ვინაობა არ დაასახელოთ და ყველაფერს გულახდილად გეტყვით: რისთვის მივეცით ხმა ამ მთავრობას? - იმისათვის, რომ პენსია 10 ლარით გაეზარდა და სამაგიეროდ, ყველაფერი გაძვირებულიყო? მიხაროდა, ნორმალურ ცხოვრებას ამ სიბერეში მაინც ვეღირსები-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო ნიშნებს ვერ ვხედავ! მაინტერესებს, თვითონ თუ ეყოფოდათ 150 ან 160 ლარი საარსებოდ? თუ ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში კომუნალური გადასახადებიც არსებობს და ზამთარში ადამიანს გათბობა ისევე სჭირდება, როგორც ჰაერი, ან საკვები?

GzaPress

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ფასების ზრდა აშკარაა, თუმცა, ეს ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელზე სათანადოდ არ ასახულა:

- ბოლო ხანებში ფასების ზრდა აშკარად შეინიშნება, ინფლაციური პროცესებიც თვალში საცემია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ზოგიერთები ამას სეზონს აბრალებენ, მაგრამ მთავარი მაინც ლარის კურსის ვარდნაა. საქართველოში პროდუქციის უდიდესი წილი უცხოეთიდან შემოდის. შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის ფასიც გაიზარდა. მედიკამენტებიც იმიტომ გაძვირდა, რომ ასეთ დროს ფარმაცევტულ კომპანიებს ხარჯები ეზრდებათ. მართალია, ნავთობის ფასმა მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც დაიკლო, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდა, რაც მძიმე დარტყმას აყენებს ნებისმიერი ოჯახის ბიუჯეტს. აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად მოიმატა თამბაქოს ფასმაც, 1-ლი მარტიდან ალკოჰოლური სასმელებიც გაძვირდება, რადგან აქციზის გადასახადი მათზეც მოიმატებს. ბუნებრივია, პირველად პროდუქციაზე ფასების ზრდა ყველა სფეროზე მოქმედებს.

- რატომ ხდება, რომ ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი საგანგაშო სულაც არ არის?

GzaPress- შეიძლება ინფლაციის მაჩვენებელი არ იყოს საგანგაშო, მაგრამ ფასების ზრდა "საქსტატის" მონაცემებშიც აშკარად ჩანს. და მაინც, რატომ არ არის ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი მაღალი? - ისეთ პროდუქტებზე შეინიშნება ფასების ზრდა, ნებისმიერი ოჯახისათვის რომ აუცილებელია. სამაგიეროდ, იაფდება ნავთობი, რომლის ფასიც სოციალურად დაუცველ ფენას ნაკლებად აინტერესებს. შეიძლება ოქრო გაიაფდეს, მაგრამ ეს არ არის ყოველდღიური, აუცილებელი ნივთი. ამიტომ, ოქროს ან ნავთობის გაიაფება სათანადოდ ვერ ასახავს ინფლაციის რეალურ ნიშნულს. პენსიონერს პირველ რიგში წამალი და პური სჭირდება და არა - ბენზინი. შეიძლება მისთვის შაქრის 20 თეთრით გაძვირება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ბენზინის გაიაფება, მაგრამ ეს ვერ აისახება ინფლაციის რეალურ მაჩვენებელზე, რადგან ინფლაციას საერთო კალათის მიხედვით ანგარიშობენ. გაძვირებას დაექვემდებარა ყოველდღიური, აუცილებელი პროდუქტები, რის გამოც ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ფენები დაზარალდნენ. მათი შემოსავალი ისედაც მწირია და ამ შემოსავლის 80-90 პროცენტი პირველ რიგში სწორედ სურსათზე, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე იხარჯება. სამწუხაროდ, "ყაზტრანსგაზმაც" გააძვირა ბუნებრივი აირის ფასი იურიდიული პირებისათვის, რაც კიდევ ერთი სტიმული იქნება პირველადი მოხმარების საგნების - პურის, საკონდრიტრო ნაწარმისა და სხვა პროდუქტების გასაძვირებლად. მარტივი ლოგიკაა: თუ პურის საცხობს გაზს გაუძვირებ, მისი მფლობელი იძულებული იქნება, პური გააძვიროს, რადგან მისი ხარჯები იზრდება. ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ ორ-სამ თვეში გაძვირების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია, ქვეყნის ეკონომიკაში კი, უმნიშვნელო რგოლი არ არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე