ბავშვთა უძილობა - ფხიზელი სტრესი?! - გზაპრესი

ბავშვთა უძილობა - ფხიზელი სტრესი?!

როგორც წესი, ყოველთვის მეუღლეს გამოჰყავს ხოლმე და პირველად მომიხდა მისვლა. ბავშვი იმდენად გაღიზიანებული იყო, მეგონა, რომელიმე ბავშვმა გააბრაზა და ყურადღება არ მივაქციე. ატობუსში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე ჩაეძინა, არადა, ტრანსპორტში დაძინება ნამდვილად არ უყვარს. ეს რომ მეუღლეს მოვუყევი, მითხრა, რომ თითქმის ყოველდღე ასე ხდება, რადგან ბავშვებს შუადღით არ აძინებენო".

ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ უძილობამ შესაძლოა, ბავშვის ფსიქიკის გარკვეული დარღვევები გამოიწვიოს.

მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი:

- სამ წლამდე ბავშვებში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვმა შუადღით დაიძინოს, მაგრამ სამიდან ეს უკვე ინდივიდუალურია. არიან ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დაძინებას, თუმცა, არის ბავშვების კატეგორია, რომელსაც არც სურს და არც საჭიროებს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ამ ასაკის ბავშვების დაძინება სავალდებულოა. თუმცა, სასურველია, რომ ბავშვის დღის განრიგში თუნდაც ერთი საათი დასვენებისთვის იყოს განკუთვნილი. ბაღებში, სადაც ჯგუფში 40 ბავშვია და ზოგჯერ უფრო მეტიც, ხმაურია ბავშვების თამაშის გამო და ბუნებრივია, ბავშვი იღლება, თუმცა, საკმაოდ ძნელია 40 ბავშვისთვის საწოლის მოწყობა, თანაც ამ 40 ბავშვიდან ყველას არა აქვს ძილის მოთხოვნა. ამიტომ კარგი იქნება, თუ საძინებელი მაინც მოეწყობა და იმ ბავშვებს, ვისაც ძილი უნდათ, ექნებათ ამის საშუალება.

- თუ ბავშვს აქვს ძილის მოთხოვნა და ვერ იძინებს, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ამან?

- წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, თუმცა, ზოგადად ძილის რეჟიმის დარღვევა იწვევს საკმაოდ ბევრ პრობლემას - აღგზნებადობას, გაღიზიანებას, უმიზეზოდ განერვიულებას და სხვ. ამის ალბათობა საკმაოდ დიდია. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, ბავშვმა უნდა დაიძინოს. ძილის უკმარისობა, რა მოტივითაც უნდა ხდებოდეს ეს, აუცილებლად ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი შიმშილი, ხოლო როდესაც ადამიანი შიმშილობს და ვერ იღებს მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიას (ამ შემთხვევაში - ძილს), ეს ზრდის აგრესიას და რაც უფრო მეტია დაუკმაყოფილებელი სურვილები, მით მეტია შანსი, რომ ბავშვი ცუდისკენ შეიცვალოს, გახდეს აგრესიული, ბუზღუნა, ნერვიული და სხვ. ძალიან რთულია იმის თქმა, ეს ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს თუ მალევე, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს.

- ევროპაში არსებული პრაქტიკის შესახებ რაიმე თუ გსმენიათ?

- დეტალურ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, მაგრამ როდესაც სისტემა ბავშვზეა ორიენტირებული, იქ ეს პრობლემა აუცილებლად გადაჭრილია.

ნინო ბურძენიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე:

GzaPress- ბაღებს ძალზე შეზღუდული ფარობი აქვს, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურადაა ათვისებული ყოველი კუთხე-კუნჭული. ბაგაში უკლებლივ ყველა ბავშვი იძინებს, მაგრამ ბაღის ჯგუფის ბავშვებში ეს პრობლემა ნადვილად დგას. უძილობა განსაკუთრებით აწუხებთ ბაგიდან ბაღის ჯგუფში ახალგადმოსულ ბავშვებს, რადგან მიჩვეულია შუადღის ძილს და აქტივობებში ჩართულს, უჭირს მთელი დღე გაძლება. თუმცა, თუ პატარას დასვენება მოუნდა, არის ამის საშუალება. შევიძინეთ პუფები და რბილი ავეჯი, სადაც შეუძლიათ, დასხდნენ.

- თუმცა, ფაქტია, რომ ამით პრობლემა სრულად ვერ გვარდება და ზოგიერთი ბავშვი მაინც ვერ იძინებს.

- არავინ იფიქროს, რომ სააგენტო ფინანსებს ზოგავს. 3-4-წლიანი ბავშვები მხოლოდ ზოგიერთ ბაღში არ იძინებენ. თბილისში არის ბაღები (ვაზისუბანში, ვარკეთილში, გლდანში), სადაც იძინებს ყველა ჯგუფი, გარდა სასკოლო ასაკისა. იქ, სადაც შესაბამისი ფართობია, შეგვაქვს ყველანაირი ინვენტარი, ბავშვებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

- სხვა ბაღებში დამატებითი ფართობის მოძიებას თუ ცდილობს სააგნეტო, პრობლემა რომ სრულად აღმოიფხვრას?

- აგვისტოდან, მას მერე, რაც შეიცვალა სააგენტოს ხელმძღვანელობა, მაქსიმალურად ავითვისეთ აბსოლუტურად ყველა ფართობი, რისი საშუალებაც გვქონდა. დაიწყო 8 ახალი ბაღის მშენებლობა, რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, სიტუაცია აუცილებლად განიმუხტება. თბილისი ყოველდღიურად იზრდება და ბუნებრივია, ესეც გარკვეულ სირთულეს წარმოშობს. საბედნიეროდ, შობადობის მატების ტენდენციაა და სწორედ ამიტომ სააგენტოს არჩეული აქვს გზა, აშენდეს ბევრი ახალი ბაღი, რათა ახალი კონტინგენტი სრულად დაკმაყოფილდეს. უმწვავესი პრობლემაა დახურული ბაღების თემა: რადგან მათი უმეტესობა უკვე გასხვისებულია და მათ ახალ მფლობელებს დაკანონებული აქვთ, შესაბამისად, ვეღარ დავიბრუნებთ. დაახლოებით 47-მდე ბაღია გასხვისებული და ჩვენ რომ ახლა ყველა ეს ბაღი გვქონდეს, დამერწმუნეთ, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.

ნინო სუთიძე, მშობელი:

- ჩემი შვილი 3 წლისაა და ბაღიდან წამოსვლის შემდეგ, თუ გზაშივე არ დაეძინა, სახლში მოსვლისთანავე იძინებს, შემდეგ უკვე იმ დროს ეღვიძება, როდესაც უკვე უნდა დაიძინოს. შესაბამისად, ერღვევა რეჟიმი. სამწუხაროდ, მის ბაღში არაა საწოლები, რომ დაიძინოს. როგორც პედაგოგმა მითხრა, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაგიდაზე ჩამოსძინებიათ პატარებს. მასწავლებელი იძულებულია, გააღვიძოს, რის გამოც პატარა ღიზიანდება, მაგრამ მასწავლებელმაც რა ქნას? თავზე რომ დაადგეს და უდარაჯოს, რომ არ გადმოვარდეს, ამ დროს სხვა ბავშვებსაც ხომ უნდათ ყურადღების მიქცევა?! კარგი იქნება, თუ რამდენიმე საწოლს მაინც დადგამენ ყველა ბაღში. ბუნებრივია, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ შეღავათი ნამდვილად იქნება.

ლადო გოგოლაძე