"კრიმინალი" ბაღში - ქურდბაცაცა დირექტორი ბავშვებს საჭმელს ჰპარავდა - გზაპრესი

"კრიმინალი" ბაღში - ქურდბაცაცა დირექტორი ბავშვებს საჭმელს ჰპარავდა

კერძოდ, სამზარეულოს საკანალიზაციო მილში გადამალული საკვები პროდუქტები, რომლებიც წესითა და რიგით, ბავშვებისათვის განკუთვნილ რაციონში უნდა ყოფილიყო, მაგრამ... პროდუქტის გადამალვაში მხილებული დირექტორი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ზეინაბ ფარეიშვილთან ტელეფონით გასაუბრება ვცადე, თუმცა, მან მხოლოდ ის მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა - ფიზიკურად აღარ შემიძლია, განცხადება დავწერე და წამოვედიო...

ბაღში აღმოჩენილ დარღვევებზე საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ანტიკორუფციული კავშირის, სკოლამდელი აღზრდის კომისიის თავმჯდომარე, ექსპერტი მზია ფაილოძე გვესაუბრება:

- ქალბატონო მზია, თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რა სახის დარღვევებზეა საუბარი თბილისის 59-ე საბავშვო ბაღში?

- უამრავი დარღვევა იყო. თბილისის ბაღების მართვის სააგენტო მონიტორინგს ეტაპობრივად ყველა ბაღში ახორციელებს. ამ ბაღში 5 თებერვალს შევიდნენ შესამოწმებლად, სადილის პერიოდი იყო და რამდენადაც ვიცი, მენიუ უკვე გაწერილი გახლდათ, მონიტორინგის სამსახურმა კი აღმოაჩინა საკანალიზაციო მილში გადამალული 8 კილოგრამი ხორცი, ერთი ტომარა კარტოფილი, ზეთი, კარაქი, შაქარი, ბურღულეული და ა.შ. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი მასშტაბის - არა, თვითონ ჯგუფის წევრებიც გაოგნებულები იყვნენ, რადგან მსგავსი პრეცედენტი მათი მუშაობის პერიოდში არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვაგვარად მუშაობა არ შეუძლიათ და "ქურდბაცაცობენ". თავის დროზე, საბავშვო ბაღის დირექტორად მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, "ავადსახსენებელი" კომუნისტების დროიდან და სულ მცირედი დანაკლისიც რომ ყოფილიყო, საბავშვო ბაღის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა და ძალიან გასაკვირია, რომ ეს ქალბატონი 5 თებერვლიდან 13 თებერვლამდე კიდევ ამ თანამდებობაზე რჩებოდა და ფაქტობრივად, 11 დღის განმავლობაში მოვალეობას ასრულებდა. მას სამართლებრივად უნდა მოეთხოვოს პასუხი. ალბათ ფინანსურ მხარესაც შეამოწმებენ და აუცილებლად მოხდება ინვენტარის მონიტორინგიც, 2007 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, მისი მუშაობის ფინანსური მხარე მთლიანად უნდა შემოწმდეს.

- როგორც ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, ზეინაბ ფარეიშვილს მსგავსი დარღვევები 154-ე სკოლაში მნედ მუშაობის პერიოდშიც აღმოუჩინეს, მაგრამ მაშინ საქმის მოგვარება მოახერხა.

GzaPress- დიახ, ერთ-ერთმა გაზეთმა 2008 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ 154-ე საჯარო სკოლიდან სამშენებლო მასალებმა და ინვენტარმა მას შემდეგ დაიწყო გაქრობა, რაც სკოლის დირექტორმა, ნანა მაჭარაშვილმა სამეურნეო ნაწილის გამგედ საკუთარი მეგობარი, ზეინაბ ფარეიშვილი მოიყვანა. სკოლიდან დაიკარგა ძვირად ღირებული აბანოს ინვენტარი, გამათბობელი მოწყობილობები, საკანალიზაციო სისტემის მილები, სანაგვე კონტეინერები, დიზელის საწვავი, ხეივნის მილები და სხვა... 2006 წლის სექტემბერში, შვებულებიდან დაბრუნებულ მასწავლებლებს აცნობეს, რომ ზაფხულში სკოლა გაიძარცვა და აბანოს სამშენებლო მასალა და ინვენტარი გაქრა. გვიან, მაგრამ სკოლის ქონების გაუჩინარებით, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციაც დაინტერესდა და 2007 წლის 5 აპრილს მოქალაქე თაბაგარის განცხადების საფუძველზე, ფინანსური თუ სხვა სახის დანაშაულების შესწავლის მიზნით, სკოლის შემოწმება განახორციელა. შემოწმების შედეგად დადგინდა მთელი რიგი ფინანსური დარღვევები და მასალები ფინანსურ პოლიციაში გადაიგზავნა. სკოლის ქონებაზე პასუხისმგებლობა სამეურნეო დარგში დირექტორის მოადგილეს ეკისრებოდა, თუმცა, მანაც და სკოლის დირექტორმაც პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა მოახერხეს და მალე საზოგადოებას ერთი მათგანი 59-ე საბავშვო ბაღის დირექტორად მოევლინა, მეორე კი - დღემდე 84-ე საბავშვო ბაღის დირექტორი გახლავთ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ზეინაბ ფარეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი იყო და მას, რა თქმა უნდა, ლობიც ჰყავდა, მისი დის შვილის ქმარი - გიორგი სანიკიძე, რომელიც მამუკა ქაცარავას (მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ყოფილი უფროსი) მოადგილე გახლდათ. "ზურგის" წყალობით, ამ ქალბატონს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად და ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებდა. შტატების საკითხიც არეულ-დარეულად ჰქონდა, ვისაც როგორ უნდოდა, იმ თანამდებობაზე აფორმებდა და ფაქტობრივად, ეს ყველაფერი თავის თავზე ჰქონდა მორგებული. ექთანმა მენიუს ფაქტურა უნდა დაწეროს და კალორაჟი გამოიყვანოს, თანხობრივადაც უნდა დაიანგარიშოს და ამას ვინ აკეთებდა, ესეც გაურკვეველია. ფაქტურას, ქალბატონი ზეინაბი, იგივე მზია წერდა და მასთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს. როცა ის პროდუქტები ამოიღეს, უფროს მზარეულს უთქვამს, შინ მხოლოდ მე ხომ არ მიმქონდაო? დირექტორმა კი განაცხადა, - საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებო. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2012-13 წლის შემდეგ, საბავშვო ბაღებში ვიდეოთვალის დამონტაჟება დაიწყო და ყველა წერტილს დირექტორი უყურებს, განსაკუთრებული ყურადღება კი საწყობს, სამზარეულოს ექცევა, მერე უკვე - პერიმეტრს და ინდივიდუალურად, ვისაც სურვილი ჰქონდა, ჯგუფებშიც დააყენებდა. ნუთუ, ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, ეს ყველაფერი არ ვიცოდიო, არ უყურებდა, ვინ რა ხორცს ამუშავებდა და რას აკეთებდა იქ? დანარჩენი ძიების საკითხია, ფინანსურმა პოლიციამ უნდა გამოიძიოს, აუდიტმა შეამოწმოს და ალბათ, ამ ქალბატონის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან ეს ფაქტი აუცილებლად ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ბევრისთვის! სამწუხარო და ძალიან ცუდი პრეცედენტია სკოლამდელ სისტემაში, ეს გამონაკლისი არ არის, მაგრამ დღეისთვის, საბავშვო ბაღებში უკვე ბევრი დირექტორი გვყავს ისეთი, რომელიც მართლაც ამ საქმისთვისაა დაბადებული, კვალიფიციური სპეციალისტები არიან და მხოლოდ შემოქმედებითი მუშაობა აინტერესებთ. სურთ, რომ კარგი ავტორიტეტი მოიპოვონ, მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ და ა.შ. ქალბატონ ზეინაბთან დაკავშირებით კი მშობლების, თანამშრომლების, იქვე მცხოვრები ხალხისგან ჩვენს ორგანიზაციაში ხშირად შემოდიოდა ზარები, რამდენიმე განცხადებაც და მის შესახებ გვიყვებოდნენ. ამაზე პრესაშიც ხშირად ვწერდით, მაგრამ სანამ თვითონ არ დარწმუნდნენ, ამ საქმეს არ მიხედეს. ფაქტობრივად, ეს ქურდობაა და მაგალითად მე, იმწამსვე პოლიციას გამოვიძახებდი და დავაკავებდი. ადრე შიში ჰქონდათ თანამშრომლებს და ახლა ყველა ალაპარაკდა. სააგენტოს დანაშაული ისაა, რომ 11 დღის განმავლობაში ეს ქალი კიდევ დატოვეს ადგილზე და მოვალეობას ასრულებდა. გარდა ამისა, მეთოდური მუშაობაც ჩავარდნილი ჰქონდა. შესანიშნავი მეთოდისტია, მაგრამ არ აინტერესებს. ფაქტობრივად, პედაგოგები ყველაფერს თავიანთი ინიციატივით აკეთებდნენ. საბავშვო ბაღს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არა აქვს. 12-ჯგუფიანი ბაღი პატარა არაა, 500-მდე ბავშვია. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებითაც დიდი დარღვევებია, სამუშაოს არ შეეფერება ის თანხები, რაც გამოყოფილია და უამრავი სხვა რამ.

- რა პოზიცია აქვთ სხვა ბაღების დირექტორებს?

- ყველა აღშფოთებულია. ნამდვილად ძალიან განიცადეს და სტრესულ სიტუაციაში არიან. როგორ შეიძლებოდა, სკოლამდელ სისტემაში ასეთი რამის კეთებაო? ამ ქალბატონმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ სისტემა. ერთი ადამიანის შეცდომა სხვებსაც გასვრის, მაგრამ ბევრი დირექტორია ისეთი, რომელიც მართლა პირნათლად აკეთებს თავის საქმეს, ავტორიტეტიც აქვს და ფარეიშვილისნაირი დირექტორების გამო, ჩირქი არ უნდა მოეცხოთ სხვებსაც. ისეთი დირექტორებიც გვყავს, ვინც რეალურად ამინდს ქმნის ამ სისტემაში და ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. სექტემბრიდან სააგენტოში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და მთლიანად მონიტორინგზე არიან გადასულები, თუ სადმე რამე ხარვეზია, სურთ აღმოაჩინონ და აღმოიფხვრას. ბევრი დირექტორი "ნაციონალების" დანიშნული იყო და "ოცნების" კადრებით უნდათ ჩანაცვლება, მაგრამ ასეც არ არის, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ასე არ უნდა მოხდეს.

- შესაძლოა, ვინმემ ამ ამბავს პოლიტიკური სარჩული დაუდოს და აჟიოტაჟი ატეხოს, - პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენო.

- არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუდოთ ამ ამბავს პოლიტიკური სარჩული. სხვათა შორის, ამ ქალბატონმა ისე კარგად შეიცვალა თავისი შეხედულებები და 2012 წლის შემდეგ, ისე ლამაზად გადაბარგდა "ოცნებაში", მისი კოლეგები ამბობდნენ, უცბად "ოცნებისტი" გახდაო. არცაა გასაკვირი, ასეთები მთავრობაშიც რამდენი გვყავს? რომელ პოლიტიკურ სარჩულზეა ლაპარაკი, როდესაც ამდენი ფაქტია სახეზე... როცა მზარეულები გაუშვა, სააგენტომ ერთი მზარეული მიუყვანა, მაგრამ მანამდე, 10 დღის განმავლობაში, იდგნენ და საჭმელებს თვითონ აკეთებდნენ. - ამ საბავშვო ბაღში ჩემი გაჩერება არ ღირს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედიო, - ამბობს, მაგრამ ეს არასწორია. სასაცილოა, როგორ გეკადრებათ, რომელ განცხადებაზეა ლაპარაკი? - გაათავისუფლეს! ეს იცით, რატომ თქვა? ამდენი დრო რომ მისცეს და თავიდანვე არ გაუშვეს, - იმიტომ. მისი დასჯა სამაგალითო უნდა ყოფილიყო ყველა დირექტორისთვის. ასეთები კიდევ გამოჩნდებიან და მათ რა დააშავეს, ვინც მართლა კარგია?

- მსგავს შემთხვევებზე წინა წლებში ვინმე თუ დაუსჯიათ? მხოლოდ თანამდებობის დატოვება ხომ არ არის გამოსავალი, შესაბამისი ზომები ხომ უნდა მიიღონ?

- ახალი სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში ასეთი დიდი მასშტაბით პროდუქტების დატაცების აღმოჩენა პირველი შემთხვევაა. იმ ბაღის ერთმა პედაგოგმა მითხრა, - საცოდავი ბავშვები, თურმე აქამდე რას ჭამდნენ; ახლა რომ აქვთ, ასეთი ცხიმიანი, დიდი რაოდენობისა და ნორმის საჭმელი ჯერ არ გვქონია, ჩვენ გვეგონა, მეტის მოხერხება არ შეიძლებოდაო. ყველაფერს ხომ თავისი ზღვარი აქვს? უნდა "გაძღე" ადამიანი და თუ ვერ გაძღები, საბოლოოდ, ამ შედეგს მიიღებ. სამართლებრივად ეს ქურდობაა. არც შურისძიება მამოძრავებს და არც რაიმე პირადული, მაინც ქალია, დედაა და ბებიაა. სხვათა შორის, საბავშვო ბაღში "ოჯახური კლანი" ჰქონდა, - რძალი და რძლის დედაც იქ მუშაობენ. როდესაც ხედავ, რომ შენი ქვეყანა ასეთი გაჭირვებულია, როდესაც საბავშვო ბაღი უფასო გახდა და ბევრი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, მით უმეტეს, ეს ის რაიონია, სადაც ასეთი ბევრია და ოჯახს იმის საშუალება არა აქვს, რომ შვილს ცხელი კერძი აჭამოს და ბევრი მათგანი საბავშვო ბაღის კვებაზეა დამოკიდებული, ასეთ მდგომარეობაში მყოფ პატარებს ლუკმას ჰპარავ?! მაგალითად მე, ასეთი ადამიანის მიმართ დაუნდობელი ვიქნებოდი. როცა ახალი დირექტორი დაინიშნება, გადაბარება უნდა მოხდეს, აუდიტი და ამას როგორ ჩაატარებენ, ცალკე თემაა. მონიტორინგის ჯგუფის გარდა, საბავშვო ბაღებს ფინანსურად და ბუღალტრულად საკრებულოს სარევიზიო კომისია ამოწმებს, რამდენიმე ბაღში არიან შესულები. ფაქტი ერთია, - ძალიან ცუდი პრეცედენტი დაფიქსირდა. სააგენტოს გადასაწყვეტია, ახალ დირექტორად ვის დანიშნავს, რა თქმა უნდა, "ოცნების" კანდიდატი იქნება, თუ ნეპოტიზმს არ ექნება ადგილი... მაგრამ ამასაც კარგად ჩავეძიები. საზოგადოება დაიღალა უვარგისი, უმეცარი და ნაცნობ-მეგობრობით დანიშნული ხალხით. სკოლამდელი აღზრდის ბევრი კვალიფიციური კადრია დარჩენილი ბაღს მიღმა და რატომ არ შეიძლება, ბევრი კარგი დირექტორის დაბრუნება, მისი წარსულის, ავტორიტეტის, კარგი დახასიათების გათვალისწინებით? სხვათა შორის, ჩვენმა ორგანიზაციამ სააგენტოს თანამშრომლობა შესთავაზა. გვინდოდა, სტრატეგია ერთად შეგვემუშავებინა, მაგრამ არ ისურვეს. სააგენტოშიც კი, არც ერთი არ არის სკოლამდელი სპეციალისტი. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციებს მივცემდით და თუ გაითვალისწინებდნენ, კარგი იქნებოდა.

თამთა დადეშელი