საჯარო სკოლაში ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები აღმოჩნდნენ - გზაპრესი

საჯარო სკოლაში ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები აღმოჩნდნენ

მშობლები და ბავშვები პანიკაში იყვნენ. ამის მიზეზი გავრცელებული ინფორმაცია იყო. ითქვა, რომ სკოლაში 16 ბავშვს ჰქონდა ტუბერკულოზი და მათ ინფექცია თანაკლასელისგან გადაედოთ, რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დღეს დადასტურებულია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, ამ სკოლის ორ მოსწავლეს მართლა აღმოაჩნდა ტუბერკულოზის გადამდები ფორმა. ხმაური მას შემდეგ ატყდა, როცა სკოლაში ჯანდაცვის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათი განმარტებით, სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაავადებული იყო ტუბერკულოზის ღია ფორმით. ის გოგონა სტაციონარში მკურნალობდა. გაირკვა, სკოლა ამაზე ინფორმირებული არ იყო. ჯანდაცვის წარმომადგენლები სკოლაში გოგონას თანაკლასელების გასასინჯად მივიდნენ, რათა გაერკვიათ, სხვებსაც ხომ არ გადაედოთ ეს დაავადება.

თბილისის 69-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თეა პაპავა:

GzaPress- ჯანდაცვის სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ტუბერკულოზით დაავადებული. აგვიხსნეს, რომ ღია ფორმის დროს ფილტვი გახსნილია და გადადების რისკი დიდია. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მოითხოვა ბავშვის კლასელებთან შეხვედრა, რათა ისინიც შემოწმებულიყვნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ ჩვენი დაავადებული მოსწავლე უკვე მკურნალობდა. შემოწმებისას 10 ბავშვი აღმოჩნდა ტუბერკულოზის ჩხირის მატარებელი. ამ ფაქტს მოჰყვა უამრავი ჭორი და საშინელი პანიკა. საკითხში ჩაუხედავი ადამიანისგან ეს პანიკა ბუნებრივია, ბევრი ბავშვი სკოლაში აღარ მოდიოდა. თავი დავიზღვიე და მშობელთა კრება ჩავატარე. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გლდანი-ნაძალადევის ეპიდემიოლოგმა მიაწოდეს მშობლებს ინფორმაცია, რომ არ იყო პანიკის საფუძველი. განუმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს დაავადება და ნებისმიერ სკოლაში რომ ჩატარდეს მსგავსი შემოწმება, იქაც აღმოჩნდებიან ჩხირის მატარებლები.

- დავადებული მოსწავლე სკოლაში რომ არ დადიოდა, მიზეზი არ მოგიკითხავთ?

- სამწუხაროდ, მისმა მშობლებმა არ გაგვაფრთხილეს. როგორც ჩანს, დაგვიანდა ბავშვის საავადმყოფოში მიყვანა. ცხადია, უცებ არ იხსნება ფილტვი. ეს ბავშვი სკოლაში მთელი თვე არ დადიოდა. მშობლები გვეუბნებოდნენ, ბავშვს ვირუსი აქვსო. დღემდე მალავენ, რომ ბავშვი დაავადებულია. არადა, დამალვის უფლება არ ჰქონდათ. ვალდებული იყვნენ, ეცნობებინათ სკოლისთვის. ისინი კი დღემდე ამბობენ, რომ ბავშვს არაფერი სჭირს. ჯანდაცვა გვეუბნება, რომ ბავშვი მკურნალობს. ამ ბავშვის მამა ამ დროს განათლების სამინისტროში მუშაობს და სხვა ბავშვების უფლებებს იცავს. სამწუხაროდ, მან ეს ფაქტი დაგვიმალა. ერთი წუთით არ უფიქრია, რომ კლასში 32 ბავშვი ზის. ამბობს, - ჩემს შვილს ჭორებს უვრცელებთო. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 16 ბავშვია დაავადებული, სიცრუეა. სხვები ჩხირის მატარებლები აღმოჩნდნენ, დაავადებული არც ერთი არაა. ამას სრული პასუხისმგებლობით გეტყვით. დაავადებული ბავშვის დედასთან პრეტენზია ჰქონდათ კლასელების მშობლებს. დღეს უკვე სიტუაცია ჩაწყნარდა. ისე, ყველამ იცის, რომ ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და შეიძლება, სამარშუტო ტაქსიშიც გადაგვედოს ნებისმიერს.

ფაქტზე მოკვლევას დაავადებათა ეროვნული ცენტრი ატარებს. სწორედ ამ სამსახურში აქვთ სრული ინფორმაცია, საქართველოში რამდენი დაავადებულია. სერიოზული პრობლემაა თურმე ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიოში საქართველო 29-ე ადგილზეა, ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით.

ეკატერინე ქავთარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე:

- აღმოჩნდა, რომ სკოლაში ორი მოსწავლე იყო დაავადებული. ერთს რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმა აქვს, მეორეს - სენსიტიური. თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ერთმანეთისგან არ გადასდებიათ დაავადება. ორივეს სხვადასხვა ადამიანისგან გადაედო. ამის ასე კატეგორიულად თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ დაავადების განსხვავებული ფორმები აქვთ. ერთი ადამიანისგან არ გადასდებიათ. თუმცა, ჩვენი ეპიდემიოლოგი აგრძელებს კვლევას, რომ დაადგინოს პირველადი წყარო, კონკრეტულად საიდან გადაედოთ. შეისწავლიან ორივე მოსწავლის ოჯახის ყველა წევრს, კლასელებს, მათ ახლო გარემოცვას, ვისთანაც უშუალო კონტაქტი აქვთ. ამ გზით დადგინდება, ვინ იყო პირველწყარო და ისიც, ვინმეს უკვე ხომ არ გადაედო მათგან. კვლევა ისევ გრძელდება. ბუნებრივია მშობლების პანიკაც ასეთ დროს. მართლა უჩვეულო მოვლენასთან გვქონდა საქმე - ერთ სკოლაში ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

- ყველა ბავშვს ჩაუტარდა კვლევა? დაავადებული ბავშვების გამოვლენა როგორ მოხდა?

- დაავადებული ბავშვები ერთმანეთის კლასელები არ არიან. მათ ვინაობას ვერ გეტყვით, კონფიდენციალურია. ერთი დაავადებული ბავშვის კლასში ჩხირის მატარებლები რომ აღმოჩნდნენ, ამან არ უნდა გამოიწვიოს პანიკა. საქართველოში არის ეს პრობლემა. თქვენც, მეც რომ გამოვიკვლიოთ, შეიძლება ტუბერკულოზის ჩხირის მატარებელი ჩვენც ვიყოთ. თუმცა, ჩხირის მატარებელი არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია ან სხვას გადასდებს. ეს ავუხსენით მშობლებს. გამოკვლევისას რამდენიმე ბავშვზე მივიტანეთ ეჭვი, მოხდა გამოკვლევა. 3 ბავშვი იყო დადებითი, მაგრამ ნახველში არ ამოვიდა კოხის ჩხირი. ისინი უბრალოდ, ჩხირის მატარებლები არიან.

- ასეთ დროს სკოლის დეზინფექცია აუცილებელია?

- არ სჭირდება არავითარი დეზინფექცია. დეზინფექცია ცუდი არაა, მაგრამ სხვა ინფექციური დაავადებებისთვის. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრევენცია ის არის, რომ საკლასო ოთახში არ იყოს ჩახუთულობა და უნდა განიავდეს ხშირად. ტუბერკულოზი რომც არ იყოს, ოთახის განიავება აუცილებელია. დახურულ ფანჯრებში არ უნდა იყვნენ ბავშვები. ჩვენგან ეს რეკომენდაცია მათ მიიღეს.

- მშობლების ნაწილი თურმე დღემდე არ უშვებს სკოლაში ბავშვებს. რას ეტყოდით მათ და საერთოდ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ტუბერკულოზისგან?

- აუცილებელია, დროულად ამ დაავადების აღმოჩენა და დაავადებული პირის მკურნალობა. მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტი საშიში არ არის სხვებისთვის და ვინც არის გადამდები ბაქტერიის გამომყოფი, ის აუცილებლად ჰოსპიტალურ მკურნალობაზეა. მას მოსახლეობასთან კონტაქტი არა აქვს. მშობლებმა ბავშვები სკოლაში უნდა გაუშვან, ნუ ჩამორჩებიან სასწავლო პროცესებს. რაიმე საშიში რომ იყოს, პირველ რიგში ჩვენ მივიღებდით ზომებს. ეს ჩვენი სამსახურის პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ არის. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც გამოკვლეულები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ხველა, სიცხე. გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთში ხველა ნაკლებად იყო. ამიტომ, ხველის დაწყებას ნუ ელოდებიან, როცა აქვს ბავშვს სიცხე, უნდა მიიყვანონ ექიმთან.

GzaPress

- მშობლები ფაქტს რომ მალავენ, ეს სწორია?

- რატომღაც ჩვენთან მიჩნეულია, რომ ეს ის დაავადებაა, რომელიც უნდა დაიმალოს, მაგრამ მიდგომა არასწორია. საერთოდ, ტუბერკულოზის გამოვლენის ყველა შემთხვევაზე ჩვენთან შეტყობინება მოდის. ამის მერე ვეკონტაქტებით დაავადებულს, ვეუბნებით, რომ უნდა მოხდეს გარემოცვის გამოკვლევა. ასეთ დროს დიდი წინააღმდეგობა გვხვდება მშობლების მხრიდან. მათ არ უნდათ, მივიდეთ სკოლაში და ეს ამბავი სხვებმა გაიგონ. არ უნდათ, გავარკვიოთ კონტაქტები. ყველა ერიდება გახმაურებას. ზოგი იმასაც ამბობს, - თუ გახმაურდება, რომ დაავადებულია, თავს მოიკლავს და საქმე სუიციდამდე მივა. ვალდებულები ვართ, კონფიდენციალობა დავიცვათ. როცა ასე დგას საქმე, მაშინ ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ. ათასნაირი ხრიკი გვაქვს იმისათვის, რომ ვთქვათ, შევიდეთ სკოლაში. ვამბობთ, რომ ვატარებთ პროფილაქტიკას და უნდა ავიღოთ სინჯები. ერთი სიტყვით, სხვადასხვა გზა არსებობს. ისე შევფუთავთ, რომ არ ხდება ვინაობის გამხელა. ანალოგიურ პრობლემებს ვაწყდებით დიდებშიც. არც მოზრდილებს უნდათ, თანამშრომლებმა გაიგონ, დაავადებული რომ არის. ეს არის გარკვეული სტიგმა, რომელსაც ვებრძვით. მოსახლეობას მინდა ვუთხრა: ნუ გეშინიათ, ტუბერკულოზი იკურნება! ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს გარშემო, რომლებსაც ეს დაავადება გადატანილი აქვთ. ეს არ არის სამარცხვინო დაავადება და შეიძლება ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს დაემართოს.

- ბავშვებს ასეთი რთული ფორმა რომ აღმოაჩნდათ, მიზეზი ექიმთან ვიზიტის დაგვიანებაა?

- მშობლები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ, გვიან მიჰყავთ ბავშვები ექიმთან. ერთ შემთხვევაში არ იყო დაგვიანებული მიყვანა, მეორე შემთხვევაში კი საკმაოდ დიდი, 2-თვიანი ანამნეზი იყო. თუ ადამიანს აქვს სისუსტე და ეს გრძელდება 6-7 კვირა, აქვს სიცხე, ოფლიანობა, ხველა, უნდა მივიტანოთ ეჭვი ტუბერკულოზზე და ჩავიტაროთ გამოკვლევა.

თეა ხურცილავა