დევნილთა პრობლემები და მინისტრის თვალით დანახული მათი გადაჭრის გზები - გზაპრესი

დევნილთა პრობლემები და მინისტრის თვალით დანახული მათი გადაჭრის გზები

როგორ მოგვარდება მათი პრობლემები, ვის მიენიჭება პრიორიტეტი - ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადასახლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს.

- ბატონო სოზარ, წლებია, დევნილები ბინის მოლოდინში არიან. ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ხშირად ისინი კრიტერიუმების გადახედვას ითხოვენ, თვლიან, რომ უსამართლოდ იჩაგრებიან. მათი მოთმინების ფიალა აივსო. რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს?

GzaPress- ბუნებრივია, ბინების საკითხი პრობლემურია. 24 წელი გავიდა მას მერე, რაც ცხინვალიდან პირველი დევნილები გაჩნდნენ და დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა დაუკმაყოფილებელია. მათი უმეტესობა მართლა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სამწუხაროდ, არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთბაშად მოხდეს ყველას დაკმაყოფილება. ამის შანსი 2008 წლის ომის შემდეგ იყო, მაგრამ არ გამოიყენეს. მაშინ ევროკავშირმა დახმარება - 4 მილიარდ-ნახევარი ევრო მისცა ჩვენს ქვეყანას, კიდევ ერთი მილიარდი - ამერიკამ. ერთი მილიარდი რომ დახარჯულიყო დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებით დაკმაყოფილებაზე, განსახლების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. არ მინდა, შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოვიყენო, იმ აშენებულ სახლებში ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ რაც აშენდა, საშინელია. არც ფართობი აქვთ საკმარისი, არც მშენებლობის ხარისხი ვარგა, სინესტეა და იატაკი ლპება. ყველაფერი უხარისხოდ და ნაჩქარევად აშენდა... რაც შეეხება განაწილებას, ამ მხრივ მკვეთრად შეიცვალა ვითარება არჩევნების შემდეგ. მანამდე მინისტრის კაბინეტში წყდებოდა, ვინ მიიღებდა ბინას, არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა, ამას ახლდა ძალადობაც - თბილისიდან გამოასახლებდნენ ხალხს და მიჰყავდათ ფოცხო ეწერში, გურჯაანში, ბაკურციხეში. ერთ ადგილას ადაპტირებულ ადამიანებს სხვაგან ასახლებდნენ. ახლა პროცესი გამჭვირვალეა, კომისიაში მონაწილეობენ სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარკვეული ცვლილებები მეც შევიტანე კრიტერიუმებში. ყველა დევნილს აქვს უფლება, სახელმწიფოსგან კუთვნილი ფართობი მიიღოს, მილიონერიც რომ იყოს. ამას ამბობს კანონი. ყოველწლიურად შენდება სახლები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, მხოლოდ დევნილთა ერთ პროცენტს აკმაყოფილებს. პირველ რიგში, ყველაზე გაჭირვებულს ვაძლევთ ბინას, ვინც ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. თბილისში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მხრივ. 200-ზე მეტი ოჯახია ამორტიზებულ სახლებში. შენობების გარკვეულ ნაწილს კი ექსპერტიზა უტარდება. ერთი-ორი ადამიანი იქნება 20-ქულიანი. ძირითადად, 10-ქულიანები არიან.

- უკმაყოფილო იყვნენ ისინიც, ვისაც ომში ოჯახის წევრი დაეღუპა. მათ ქულები დააკლდათ, რადგან სახელმწიფოსგან 500-ლარიან დახმარებას იღებდნენ. ეს პრობლემა როგორ გადაწყდა?

- უპირატესობა ენიჭებათ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს. იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახის წევრებზე გასცა დახმარება, შარშან 500 ლარს იღებდნენ, იანვრიდან 1.000 ლარს იღებენ, უცებ შემოსავალი გაუჩნდათ და ქულები დააკლდათ. არადა, ეს ქულა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო ბინის მისაღებად. ამის კონპენსირება გავაკეთეთ, გავზარდეთ გარკვეული ქულები, როგორც ომში მონაწილეებისთვის, ასევე - დაღუპულის ოჯახის წევრებისთვისაც. სამართლიანობა პირობითი მცნებაა, მაგრამ ვცდილობთ, ვიყოთ სამართლიანები. როცა ბინას აძლევ ყველაზე გაჭირვებულს, მეორე გეუბნება, - მე რომ ვშრომობ, დავაშავე? მეც მჭირდება კუთვნილი ბინაო. როცა ეტყვი, - ომში დაღუპულის ოჯახს გადავეციო, მეორე ამბობს, - მე არ დამეღუპა ოჯახის წევრი, მაგრამ ქუჩაში ვცხოვრობ და მეც მინდა ბინაო.

- დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ამოწმებთ, რამდენად სწორია მოტანილი ცნობები?

- მოდის ადამიანი და მოაქვს შშმ პირის ცნობა. შეიძლება, ინვალიდობა იყოს მეორე ხარისხის და ეწეროს პირველი ხარისხი. თუ ნაცნობი ექიმი გყავს, ჩაგიწერს. ჩვენ ამას ვერ ვამოწმებთ. თუმცა, ზოგჯერ ვავლენთ სიყალბეს. ორი კვირის წინ, ზუგდიდში ასეთი ფაქტი გამოვლინდა. ადამიანს სამი ქულა მიენიჭა იმისთვის, რომ ოჯახის წევრი ომში დაეღუპა. გაირკვა, რომ ის ადამიანი გარდაიცვალა 2006 წელს. ამ ცნობის საფუძველზე მას ბინის შანსიც ჰქონდა და 500-ლარიან დახმარებასაც იღებდა. სხვადასხვა შეღავათითაც სარგებლობდა. მან 500-ლარიანი დახმარებაც დაკარგა, ამ ეტაპზე ბინის მიღების შანსიც და საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასეთ რამეს ყოველთვის ვერ განსაზღვრავს კომისია. როგორც წესი, ყველა ერთმანეთს იცნობს და რომც ჰქონდეს ინფორმაცია გაყალბებაზე, ამას არ ამბობს. 100-პროცენტიან სამართლიანობაზე გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიდის ყველაფერი. ზუგდიდში 10 კორპუსი აშენდა, 320 ბინა იქნება და იქ შესახლდებიან სოციალური კრიტერიუმის მიხედვით.

- ითქვა, რომ ვარკეთილში, ე.წ. ჩინელების აშენებულ კორპუსებში დევნილებისთვის იყიდეთ ბინები. ეს სიმართლეა?

- წელს პირველად მოხდება დევნილების შესახლება თბილისში, ახალ ბინებში. ვარკეთილში 9 კორპუსი ვიყიდეთ, 558 ბინა გვაქვს შეძენილი. ნაწილი წელს მთავრდება, ნაწილი - მომავალი წლის დასაწყისში. მოლაპარაკებები შესყიდვაზე კიდევ გრძელდება. ბინებს შევიძენთ აგრეთვე კერძო მშენებლებისგანაც. ეს პროგრამა ორნაწილიანია: გამოვისყიდით მშენებლებისგან ბინას, მეორე ეტაპი კი გაჩერებული მშენებლობებიდან იმ ბინების ამორჩევა იქნება, რომელთა დასრულებაც შესაძლებელი იქნება. მიმდინარე წელს ამ პროექტზე 16 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ასევე კარგად ამუშავდა პროექტი - "სოფლად სახლი". სამინისტრო 20 ათასი ლარის ფარგლებში დევნილებს სთავაზობდა სოფლად სახლს საკარმიდამო ნაკვეთით, მაგრამ იქმნებოდა პრობლემა იმის გამო, რომ სამინისტროს მიერ მოძიებული სახლები დევნილებს არ აკმაყოფილებდა. ამიტომ, სამინისტრომ მიდგომა შეცვალა და ახლა უკვე დევნილი თვითონაა ჩართული სახლის მოძიების პროცესში, რომელსაც მას სამინისტრო კრიტერიუმების შესაბამისად შეუძენს. რაც მთავარია, კრიტერიუმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და თანხის რაოდენობა განისაზღვრა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე: 17.000 ლარი - ოჯახზე, რომელიც 1-2 წევრისგან შედგება, 21.000 - 3-4 წევრზე, 26.000 - 5-7-წევრიან ოჯახზე, 31.000 კი 8 და მეტ წევრზე გაიცემა. აუცილებელი პირობაა, სახლს ჰქონდეს მიწის ნაკვეთი. ცვლილებების შედეგად, ამ პროექტის მიმართ დევნილი ოჯახების ინტერესი გაიზარდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2014 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში, სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, სამინისტროში 350 განაცხადი შემოვიდა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, სამინისტრომ 270-მდე სახლი უკვე შეიძინა. ახლა დაახლოებით 500-მდე განაცხადი განხილვის სტადიაშია. ლტოლვილს შეუძლია, თვითონ მოძებნოს ისეთი სახლი, რომელიც მას მოსწონს. თუ აქვს დანაზოგი, ჩვენს მიცემულ თანხას დაამატოს და უკეთესი იყიდოს. თბილისში ბევრი ვერ ყიდულობს ბინას, ამიტომ ყიდულობენ ისეთ ადგილებში, სადაც საძოვარია, სახნავია, აქვთ ბაღი, დასამუშავებელი მიწა. ამით გარკვეული შემოსავალი უჩნდება ადამიანს, ამიტომ 98% სოფელში ყიდულობს. ეს ძალიან კარგია. უმუშევრობაა ქვეყანაში და მას უჩნდება სამუშაოც, როცა მიწა აქვს. ეზოშიც გადიხარ, ფუსფუსებ, სტრესიდან გამოდიხარ. რეაბილიტაცია გაუკეთდა ძველ კორპუსებს. 32 000 სახლის შესწავლა ხდება. პარალელურად დავიწყეთ იმ სახლების გამოსყიდვა, სადაც დევნილები ათეული წლებია, ცხოვრობენ. ჩემი სახალხო დამცველობის დროს, არაერთი რეკომენდაცია მაქვს გაგზავნილი, რომ ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრები დევნილების პრობლემა გადაეწყვიტათ. ერთ მხარეს იყვნენ დევნილები, რომლებმაც ცარიელი კარკასი ამოაშენეს, გაიყვანეს კომუნიკაცია და შესახლდნენ, მეორე მხარეს - ამ ფართობის კანონიერი მესაკუთრეები. შევისყიდეთ ეს სახლები და გადავეცით საკუთრებაში დევნილებს. იგივე მოხდა სასტუმრო "ხიბლის" შემთხვევაშიც. წყნეთშიც გარკვეული რაოდენობის სახლები გადავეცით დევნილებს.

- საპროტესტო აქციები იმართებოდა ფოთსა და სხვა ქალაქებში, ხალხი თავის დაწვითაც ხშირად იმუქრება, რადგან ზღვარზეა.

GzaPress- ის აქციები პოლიტიკურად მართული იყო. თუ ადამიანი მოვა და იტყვის - მე ვიშიმშილებ, თავზე ბენზინს გადავისხამო, მხოლოდ ეს შუქდება. იქნებ ჩაჰყვეს ჟურნალისტი ამბავს ბოლომდე - სინამდვილეში რა დგას ამის უკან, გაარკვიოს - ეკუთვნის თუ არა ამ ადამიანს დახმარება? იქნებ ვასაბუთებთ, რატომ არ ვაძლევთ მას ბინას. არ მოსწონთ, როცა ვამბობთ, - ჯერ შენზე უფრო გაჭირვებულს დავაკმაყოფილებთო.

- თუმცა, ეს არ არის შეღავათი მათთვის, ვინც 22 წელზე მეტია, ბინას ელოდება. რას ეტყოდით მათ, რა ვადაში ექნებათ საკუთრება? საერთოდ, რა ვადაში შეიძლება მოგვარდეს დევნილების პრობლემა?

- ამას თქვენ გკითხავთ, როგორ მოვიქცეთ? 9 მილიარდია წლის ბიუჯეტი და მაშინ თქვენ მითხარით, რას მოვაკლოთ? ჯანდაცვის პროგრამა შევწყვიტოთ, ოპერაციები არ დავაფინანსოთ, პედაგოგების ხელფასებს მოვაკლოთ, ინფრასტრუქტურის პროექტებს თუ თავდაცვას მოვაკლოთ დაფინანსება? დაახლოებით მილიარდი დოლარი სჭირდება ყველა დევნილის დაკმაყოფილებას. ამის პირობები არ არის. ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა მოხდეს. ინდივიდუალური გზით მივდივართ. მომწონს მენაშენეთა პროგრამის ამუშავება. მათ ეძლევათ შანსი, გაჩერებული მშენებლობა განაახლონ. ფირმას შეუძლია თავიც გადაირჩინოს და იმ ადამიანებსაც უშველოს, ვინც წლებია, ელოდება კორპუსის მშენებლობას და ფული აქვს გადახდილი. რამდენიმე ბინაც შეიძლება კორპუსში ვიყიდოთ. 21 წლის განმავლობაში იქაური მეზობლები აქაც ერთად ცხოვრობენ. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია, რადგან ისინი ვერ ივიწყებენ წარსულს. ძალიან კარგია, მათი ინტეგრაცია მოხდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყნდა დავივიწყოთ სოხუმი, აფხაზეთი, ფრონეს ხეობა, ლიახვის ან კოდორის ხეობა. სანამ აქ ვართ, უნდა ვიცხოვროთ აქ და მერე იქ დავბრუნდეთ, ჯანსაღი ფსიქიკით. 80 პროცენტი ჩვენი დროისა მიაქვს წარსული შეცდომების გამოსწორებას. არა მხოლოდ "ნაციონალების" დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, არამედ ჩვენს დროსაც რამდენიმე უპასუხისმგებლო ფირმა გაიქცა. უხარისხო მშენებლობების პრობლემა დგას. პროკურატურაში საჩივრები შეტანილია და მიდის გამოძიება.

- გორში სახლი ჩამოინგრა. ამის მიზეზი რა იყო? და მსგავს დანაშაულზე პასუხს ვინ აგებს?

- მადლობა ღმერთს, არ ვიჩქარე იმ შენობაში ხალხის შეყვანა. ხალხი ითხოვდა შენობაში შესვლას, მაგრამ ექსპერტიზას დაველოდე. ამასობაში კედლები ჩამოინგრა. რამდენიმე სართული მთლიანად ჩამოინგრა და შეიძლება, მსხვერპლი გვქონოდა. როცა ჩვენ ვაშენებინებთ ფირმებს, ექსპერტიზას ჩვენ ვატარებთ ასეთ სახლებზე. გორის კორპუსს ვინც აშენებდა, ის ფირმა გაკოტრებულია, მშენებელი - გაქცეული, მაგრამ ვცდილობთ, გარანტორი ბანკებისგან ამოვიღოთ ჩვენი თანხა.

- ეკომიგრანტების პრობლემა როგორ გადაწყდა?

- ძალიან გამოცოცხლდა ამ კუთხით მუშაობა. რთული თემაა და გლობალურად შესწავლას საჭიროებს ეს საკითხი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი, ზემო აჭარა რომ შეისწავლო, ამას დასჭირდება რამდენიმე წლის სერიოზული მუშაობა გარემოს დაცვისა და სხვა სამსახურებისა ერთად. შემდეგ გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა განსაზღვრო. თუმცა, ამ წუთში ვისაც დახმარება სჭირდება, ამას ძალიან სწრაფად ვახერხებთ. აქაც გვაქვს 20.000-ლარიანი პროგრამა, თვითონ პოულობენ სახლებს და ჩვენ ვასახლებთ. 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს წლის ბოლომდე სახლები გადაეცემა. სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლებისთვის გამოყოფილია 1 800 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც დამატებით 100-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლით. ამასთან, სამინისტრო 2015 წლის ბოლომდე 571 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართობს საკუთრებაში გადასცემს. თუმცა, ეკომიგრანტების პრობლემასთან ძალიან არის გადაჯაჭვული წალკაში ჩასახლებული მოქალაქეების საკითხი. მათი უმრავლესობა არის მთიანი აჭარიდან, მაგრამ არიან სამეგრელოდანაც ისეთი ოჯახები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ეკომიგრაციასთან. ჩადო ბანკში სახლი და დაკარგა, დარჩა ქუჩაში და შესახლდა მიტოვებულ სახლში. ესენი ბერძნების მიტოვებულ სახლებში ცხოვრობენ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ბერძნების მიმართ. 15-20 წელია, ადამიანები ცხოვრობენ მათ სახლებში, ხნავენ მათ მიწას, იყენებენ მათ საკუთრებას, თუმცა, პერიოდულად მესაკუთრეები ითხოვენ - ან იყიდეთ ჩვენგან ეს სახლები, ან დაგვიცალეთ, ან ქირა გადაიხადეთო. არის ნაწილი სახლების, სადაც ქირას იხდიან, მაგრამ უმრავლესობა ქირის გარეშე ცხოვრობს. პერიოდულად ხდება იქიდან მათი გამოსახლება, მერე ისინი სხვა თავისუფალ სახლში შედიან და ეს პრობლემა მოსაგვარებელია. 2 000-მდე ოჯახია ასეთ მდგომარეობაში და ეს საკითხიც მოითხოვს გადაჭრას. ეკომიგრანტები სადაც ცხოვრობენ, მათ დავუკანონებთ და ეს პრობლემა გადაწყდება. რამდენჯერმე ვიყავით ჩასულები, უნდა შევიმუშაოთ გარკვეული პროგრამა რა ვუშველოთ ამ ადამიანებს. მათი უმრავლესობა არ არის ეკომიგრანტი, ეს არ არის ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა, თუმცა, ეს არის სახელმწიფოებრივი ამოცანა. რადგან წალკაში ბევრი ეკომიგრანტია, გადავწყვიტეთ, რაღაცნაირად ამ პროცესის მოდერატორობა ავიღოთ და გარკვეული ხედვები შევთავაზოთ ჩვენს მთავრობას. ვფიქრობ, მოინახება გამოსავალი. ისინი არიან ძალიან მშრომელი ადამიანები, რამდენიმე ათეული სული საქონელი ჰყავთ, მიწას ამუშავებენ.

- სახელმწიფო უყიდის მათ ამ სახლებს?

- ჯერ ვერავის ვერაფერს დავპირდები. პროგრამა უნდა შემუშავდეს. ჩვენი სამინისტრო ვერ იყიდის, ამის ბიუჯეტი, ბუნებრივია, არ გვაქვს და არც არის ჩვენი პროფილი, თუმცა, ვმუშაობთ პროგრამაზე.

- საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ უკრაინელები. თქვენ დახმარებაის მზადყოფნა გამოთქვით, მაგრამ ჩვენი დევნილების ნაწილი ამას აპროტესტებს. ამბობენ, - ჯერ ჩვენ მოგვხედოსო. საერთოდ, ბევრი ეძებს თავშესაფარს საქართველოში?

- საქართველოში არა მარტო უკრაინიდან შემოდიან თავშესაფრის მაძიებლები, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. შარშან ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა, მეტი, ვიდრე 10 წლის განმავლობაში. უკრაინელები, ერაყელები, იეზიდები, სირიიდან - არაბები... მათ სტატუსს ჩვენი სამინისტრო ანიჭებს. წინასწარ შევისწავლით, განიცდის თუ არა ეს ადამიანი დევნას და რამ განაპირობა მისი წამოსვლა. მასობრივად შემოვიდნენ, ომის გამო, უკრაინიდან. ძალიან ადვილია ასეთ დროს დასაბუთება, თუმცა, გარკვეული ფორმალობები აქაც გასავლელია. გადაწყდა, გავამარტივოთ ეს პროცედურები. აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად უკრაინელები არიან, 100-ზე მეტია ქართველი, 32 - რუსი, დანარჩენი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. ზოგს ქირით ვეხმარებით, ზოგს ნათესავი ჰყავს და მასთან ცხოვრობს, ვისაც მატერიალურად არ უჭირს, თავად მოაგვარა პრობლემა.

თეა ხურცილავა