გაცივებული ურთიერთობები და საფრთხის წინაშე მდგარი სვანეთი - გზაპრესი

გაცივებული ურთიერთობები და საფრთხის წინაშე მდგარი სვანეთი

სამომხმარებლო-რენტაბელობის თვალსაზრისით, რეგიონებში გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა არაერთი უნიკალური ძეგლი მსოფლიოში და დანანებით, საუკუნეების შემდეგ აღუნიშნავთ, რომ დაიკარგა ის, რისი დაკარგვაც უპატიებელი იყო. სვანეთში, "კომუნისტურ" ეპოქაში თამარის კოშკები ფერმის ასაგებად დაუნგრევიათ, ახლაც ათეულობით კოშკი სავალალო მდგომარეობაშია. ცალკე საკითხია, ენგურზე ახალი კაშხლის აგება და ეკოლოგიური საკითხები, თუმცა, არის სხვა საშიშროებაც: სვანურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რიცხვი ძალიან შემცირებულია! სავალალო იქნება, თუ წინარე ქართულიდან ყველაზე ადრე გამოყოფილი სვანური მკვდარ ენათა რიცხვს შეემატება, რადგან ამ ენის კვლევა ლინგვისტური თვალსაზრისით, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას ემატება ისიც, რომ სუბეთნოსურად სვანი სვანური ენის გარეშე კოლორიტსაც დაკარგავს! სვანეთისა და სვანური ენის შესახებ გვესაუბრება მეცნიერი ლელა ნიჟარაძე:

- რას გვეტყოდით ე.წ. სვანეთში განხორცილებულ არქიტექტურულ განახლებებზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა?

GzaPress- ბოლო წლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა სვანეთამდეც მიაღწია. უფრო - მესტიამდე. მომრავლებული ტურისტების მოთხოვნილებაც გაიზარდა. საჭირო გახდა სასტუმროების მშენებლობა-განახლება. ბევრი შენობა არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, არც გზები იყო მოწესრიგებული და ამიტომ განახლებას საჭიროებდა. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი დადებითად შეიძლება შეფასდეს და ტურისტსაც უფრო კომფორტულ პირობებში უხდება ყოფნა. თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითიცაა. შეუძლებელი გახდა სეტის მოედნიდან კოშკების დანახვა. რაც შეეხება ახალ ნაგებობებს: პოლიციის შემინულ შენობას, იუსტიციის სახლს, ე.წ. "პიაცას" შემოგარენში ნაგებობები აშკარად თვალში საცემია. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, სეტიდან არ ჩანს თეთნულდი, დაკარგულია მთელი სივრცე. ექსპერტთა შეფასებებიც მესტიაში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე არაერთგვაროვანი იყო.

- საინტერესოა უშგული, როგორც ტოპონიმი და ტრადიციებით გამორჩეული სოფელი...

- უშგულის სანახაობის სიდიადე მართლაც განუმეორებელია. ეს ზღაპრული სილამაზე იზიდავს და ატყვევებს ბევრ მოგზაურსა და სტუმარს, განსაკუთრებით კი - ალპინისტებს. ამ სიმაღლეზე წინაპართ საუკუნეების წინ აუშენებიათ აუღებელი ციხესიმაგრეები - კოშკები. უშგულის სახელწოდება სვანურში არსებული სიტყვიდან "უშგულ" მოდის, რაც სვანურად ნიშნავს "უკუღმას" ანუ უკუღმართს. არის მოსაზრებაც, რომ უშგული ნიშნავს "უშიშარს"... სვანური არქიტექტურის ფორმები ყველაზე მეტად უშგულშია შემორჩენილი, ამიტომ უშგული განსაკუთრებულია. 2 240 მეტრზე ლამარიას კომპლექსია განლაგებული. უშგულს დიდი წვლილი მიუძღვის თავისუფალი, უბატონო სვანეთის შენარჩუნებაში. ამისათვის მას ბევრი ბრძოლისა და ქარტეხილების გამოვლა დასჭირდა როგორც ადგილობრივ ფეოდალებთან და ბატონებთან, ისე ჩრდილოეთით მოსაზღვრე ხალხებთან. რომელიმე თავადიშვილს რომ უშგულში მოსვლა ნდომებოდა, მას ცხენი 2-3 კილომეტრის სიშორეზე უნდა დაეტოვებინა. ამით უშგული აგრძნობინებდა ყველას, რომ თანასწორია და არავინ სარგებლობს რაიმე პრივილეგიით. უშგულელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სხვადასხვა დროს 7 ბატონი ჰყავთ მოკლული... ამბობენ, უშგული თამარ დედოფლის საყვარელი ადგილი ყოფილა. თამარის ეპოქას მიაწერენ ეკლესია-მონასტრებისა და კოშკების მშენებლობას (იმასაც ამბობენ, რომ თამარის დედა - ბურდუხანი ამ სოფლიდან ყოფილაო). უშგულელები დღესაც სიამოვნებით უჩვენებენ სტუმრებს თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენციებს... კოშკების უმრავლესობა უკვე სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რაკი ის იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლია, აუცილებლად მიექცევა სათანადო ყურადღება. უშგულის წარსული, მისი რელიგიური, საერო წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, რიტუალები, არქიტექტურა, ეკლესიების მხატვრობა, წარწერები, ხელნაწერები, უამრავი ხატ- ჯვარი, საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ყველაფერი დიდი განძია მომავალი საქართველოსთვის და მას სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება, წარსულის ღირებულება სულიერებამ უნდა შეინახოს, რომ არ დაიკარგოს ის, რისთვისაც აქამდე მოუღწევია.

- შესაძლოა, რომ სვანეთი კულტურული გლობალიზაციის მსხვერპლი გახდეს?

GzaPress- დიდმა დრომ განვლო და ცხადია, ჩემი ბავშვობის მერე ბევრი რამ შეიცვალა სვანეთში - ცხოვრების წესი, ადამიანებთან დამოკიდებულება. ადრე უფრო თბილი იყო ეს ურთიერთობები, ნათესაური კავშირები. ვფიქრობ, ეს არა მარტო სვანეთში, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებშიც შესამჩნევია. დიდია ტურიზმით ადგილობრივების დაინტერესება, ეს მათი შემოსავლისა და არსებობის წყაროა, ამიტომ სეზონზე სულ დაკავებულია თითქმის ყველა ოჯახი და ერთმანეთთან საურთიერთოდ ნაკლებად იცლიან. ერთი მხრივ, ეს კარგია, რომ გაუჩნდათ საარსებო წყარო, მაგრამ მეორე მხრივ, მაინც თვალში საცემია ჩემთვის. ჩემი ბავშვობის დროსაც ბევრი ტურისტი ადიოდა უშგულში, მაგრამ მაშინ უანგაროდ ვმასპინძლობდით სტუმრებს. რაც შეეხება კითხვას, მინდა ვთქვა, რომ უშგული კვლავაც უნდა განვითარდეს ისტორიული სახის პარალელურად, მაგრამ არ უნდა იქცეს ვინმეს მხრიდან არც ინვესტორის, არც სახელმწიფოსი და არც მცხოვრებლების მხრიდან უხეში ჩარევის მსხვერპლად. ტექნოლოგიურმა სიახლეებმა უკვე უშგულშიც შეაღწია. არის საკომუნიკაციო საშუალებები, აქვთ ინტერნეტიც. რაც შეეხება გლობალიზაციას, ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ამ პროცესს ადგილობრივები უნდა შეხვდნენ საკუთარი კულტურითა და საუკეთესო ტრადიციებით!

- ქალბატონო ლელა, რაც შეეხება სვანურ ენას, როგორც სუბეთნოსის მთავარ მახასიათებელს, სამი თაობის ნიჟარაძეებს გაქვთ მასზე კვლევები. რამდენიმე სიტყვით გვითხარით სვანური ენისა და მისი მკვლვრების შესახებ.

- სვანური ენა კოლხურთან (მეგრულ-ლაზურთან) და ქართულთან ერთად მიეკუთვნება სამხრეთკავკასიურ ენათა ჯგუფს. უცხოელი მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ სვანური უფრო დაშორებულია ქართულისაგან, ვიდრე - მეგრულ-ლაზური. ასეთი მცირერიცხოვნობისა და ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, სვანური ენა მდიდარია კილოებითა და კილოკავებით. დიდი იყო დაინტერესება სვანური ენისადმი, მისი მეცნიერული კვლევის საქმე დიდად წინ წასწია აკადემიკოსმა, ნიკო მარმა, ასევე, ქართველური ენების შესწავლის საქმეში ახალი ეტაპის დასაწყისი დაკავშირებულია თბილისის უნივერსიტეტის დაარსებასთან და აქ ძლიერი ქართველოლოგიური ცენტრის შექმნასთან. ამ ცენტრს სათავეში ედგნენ გიორგი ახვლედიანი და აკაკი შანიძე, მათ მხარდამხარ იდგნენ არნოლდ ჩიქობავა და ვარლამ თოფურია. სვანურის მოკლე გრამატიკა დაწერილი ქართულად, ეკუთვნის თავისუფალ სვანს - ბესარიონ ნიჟარაძეს. მასვე ეკუთვნის საკმაოდ ვრცელი ქართულ-რუსულ-სვანური ლექსიკონი, რომელიც 1888 წელს დასრულებული ყოფილა, მაგრამ ავტორის სიცოცხლეში გამოუცემელი დარჩა. შემდგომ ორივე ეს ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მოვამზადე და დავურთე წინასიტყვაობა. დღეს მკითხველს ხელთ აქვს ეს ლექსიკის თვალსაზრისითაც, მეტად საინტერესო ორივე ნაშრომი.

- ამბობენ, რომ სვანური ენა დგას საშიშროების წინაშე. შესაძლოა, რომ ეს ენა სხვა მრავალის მსგავსად მოკვდეს?

- საშიშროების წინაშე ნამდვილად დგას სვანური ენა, თუმცა, იუნესკოს უკვე შეტანილი აქვს საფრთხეში მყოფი ენების ნუსხაში. ამას ისიც განაპირობებს, რომ მიგრირებული სვანების შვილებმა ენა უკვე თითქმის აღარ იციან. რაიონებში, ლენტეხსა და მესტიაშიც, ეს შეინიშნება, აღარ საუბრობენ სვანურად ბავშვები და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენმა ენა-კილოებმა გაუძლეს წარსულის ბურუსიან გზებს და დღემდე მოაღწია, ამიტომ ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სულიერი სიმდიდრე. შევისწავლოთ და ღირსეულად დავაფასოთ, რომ არც მომავალში დაემუქროს საფრთხე...