"რედაქტირების ომი" - google maps –ზე ქართული სახელწოდებები ბრუნდება - გზაპრესი

"რედაქტირების ომი" - google maps –ზე ქართული სახელწოდებები ბრუნდება

არც ისე დიდი ხნის წინ, Google Maps-მა დასახელება "სუხუმი" "სოხუმით" შეცვალა. Agenda.ge-ს ინფორმაციით (საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელებისთვის, შექმნილი რამდენიმეენიანი საიტი), რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დედაქალაქის რუსულენოვანი სახელწოდება Google-ის ადმინისტრაციამ ქართველი ინტერნეტმომხმარებლის, გიორგი ბალახაძის მოთხოვნის შესაბამისად შეცვალა. როგორც ქართული "ვიკიპედიას" "ფეისბუკის" გვერდის ადმინისტრატორი, გიორგი ბალახაძე ამბობს, მსგავსი ვანდალური ფაქტები მრავლად ხდება, განსაკუთრებით - კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ქალაქებსა და სოფლებს სახელწოდებებს საკუთარი ნება-სურვილით, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობის გარეშე უცვლიან.

გიორგი ამბობს, რომ აქამდე თავადაც არ იცოდა, "გუგლიზე" განთავსებული ინფორმაციის რედაქტირება მომხმარებელს თუ შეეძლო, თუმცა, მაინც გარისკა Google Maps-ის ადმინისტრაციას სახელის გასწორების თხოვნით მიმართა და თავისი პოზიციის დასაცავად უძველესი ინგლისურენოვანი ენციკლოპედია - "ბრიტანიკა" მოიშველია. Google Map-მა განაცხადი მიღებიდან რამდენიმე დღეში დააკმაყოფილა.

გიორგი ბალახაძე, თსუ-ის IV კურსის სტუდენტი:

- ქართულ "ვიკიპედიაზე" 2012 წელს დავრეგისტრირდი. უცხოურთან შედარებით, ჩვენი "ვიკიპედია" შედარებით ახალია და მისი არსებობის შესახებ სოციალური ქსელით გავიგე. რამდენჯერმე "ფეისბუკის" გვერდზე მივწერე, - ამა თუ იმ ინფორმაციის, ასევე - ტექნიკური საკითხების შესახებ, - გაასწორეთ-მეთქი. ერთხელაც მომწერეს, - შენ თვითონ გაასწორეო. ასე დაიწყო ჩემი "ვიკიპედიასთან" თანამშრომლობა...

- რა სირთულეები აქვს "ვიკიპედიაში" მუშაობას?

- ძალიან ბევრი სირთულე აქვს, - როდესაც მომხმარებელი "ვიკიპედიის" გვერდზე მისთვის სასურველ და საინტერესო ამა თუ იმ ინფორმაციას ვერ ნახავს, გვერდს მთლიანად შლის ან შენიშვნას უხამსი ფორმით გამოთქვამს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა, სულ ათამდე ადმინისტრატორი ვართ და ყველა მოხალისეა. ანუ ანაზღაურება არა გვაქვს, - "ვიკიპედიას" გვერდი, შექმნილი "ვიკი ფონდის" მიერ და მოხალისე ადმინისტრატორები, თანდათან ვცდილობთ ხალხის მოზიდვას.

- რაც შეეხება ინფორმაციის მოპოვებასა და გადამოწმებას, - რითი სარგებლობთ, რომელ წყაროებს ეყრდნობით?

- ამ მხრივ საინფორმაციო წყაროს მისი ავტორიტეტულობის მიხედვით ვარჩევთ. მაგალითად, ძალზე გავრცელებულია, "ბრიტანიკას" ენციკლოპედია, რომელიც პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ექცევა. საინფორმაციო წყაროს შერჩევა ძალიან საფრთხილოა, რადგან ძნელი გასარკვევია, რამდენად ასახავს სინამდვილეს. მაგალითად, რუსულ ვიკიპედიაზე, წარმოუდგენლად ცრუ ინფორმაციები იდება, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ ვანდალი. როდესაც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე დებენ მასალას, პირდაპირ აფხაზური ან ოსური წყაროებით სარგებლობენ, სადაც როგორც წესი, ისეთი ინფორმაციები ქვეყნდება, რომელიც სიმართლესთან ახლოს არ არის. ეს ეხება როგორც ქალაქებისა და სოფლების სახელწოდებებს, ისე ისტორიულ ფაქტებსაც. მაგალითად, აფხაზები "გალი"-ს ნაცვლად წერენ "გალ"-ს, "ტყვარჩელის" მაგივრად, - "ტყუარჩალ". წებელდა ძირძველი ქართული სახელწოდებაა და ასე იყო ყოველთვის, ახლა კი, აფხაზეთის ხელმღვანელობამ მასაც შეუცვალა სახელი და "ცაბალით" მოიხსენიებს. ანუ ცდილობენ, ქართული ფუძე მთლიანად ამოაგდონ და ტოპონიმიკა შეცვალონ... ასეთი რუსული ტოპონიმიკა რუსეთის იმპერიის დროს იყო დამკვიდრებული. იმავეს აკეთებენ ახლაც, ახალდაპყრობილ მიწებზე. განვითარებულ ქვეყნებში ვიკიპედიას, თავისი არსით, სრულიად სხვა დანიშნულება აქვს და როდესაც ის პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, მის მიმართ ნდობაც იკარგება.

- გიორგი, რაც შეეხება "სოხუმს", მას შემდეგ, რაც Google -ს ადმინისტრაციას მისწერეთ, საძიებო სისტემაში ის უკვე ქართული სახელწოდებით იძებნება... ეს რთული პროცედურა იყო?

- ვაღიარებ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ "ვიკიპედიაზე" დავიწყებდი მუშაობას, როდესაც აფხაზეთის, კონკრეტულად - სოხუმის შესახებ ინფორმაციას ვეძებდი, ყოველთვის მაღიზიანებდა მისი რუსულენოვანი სახელწოდება "სუხუმ". ეს ალბათ ნიუანსია, მაგრამ მიმაჩნია, რომ - მნიშვნელოვანი... მას შემდეგ, რაც "ვიკიპედიის" "ფეისბუკგვერდის" ადმინსიტრატორი გავხდი, უცხოურ ვიკიპედიაში მუდმივად ვეძებდი ამის შესახებ ინფორმაციას. როგორც გითხარით, რამდენიმე ქვეყნის "ვიკიპედიაში" სახელწოდებებს პირდაპირ თარგმნიან. არავინ ეძიება, - საიდან მოდის ეს სახელწოდება, ავთენტურია თუ არა, რა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით ჰქვია ასე; გარდა ამისა, "ვიკიპედიაზე" დადებული მასალა, განსაკუთრებით - საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ქალაქები და სოფლები, უმეტესად რუსი ავტორების მიერ არის შედგენილი და მათი მასალების თარგმანებიც ვრცელდება. ასე გავრცელდა სახელწოდება "სუხუმი". მსოფლიომ აფხაზეთის რეგიონი და კონკრეტულად ეს ქალაქი ამ სახელწოდებით გაიცნო და ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების "ვიკიპედიებზე" ასე მოხსენიება. როდესაც მივწერე, - რა წყაროს ეყრდნობით, როდესაც ასე წერთ-მეთქი, - ადგილობრივები ასე მოიხსენიებენო, - მოგვწერეს. საბედნიეროდ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ "ვიკიპედიებში" "სოხუმი" წერია... მოკლედ, Google Maps-ის ადმინისტრაციას ქართული ქალაქის სახელწოდების რედაქტირების თხოვნით მივმართე და ჩემი პოზიციის დასტურად, უძველესი ინგლისურენოვანი ენციკლოპედია, "ბრიტანიკა" მოვიშველიე. როდესაც "სუხუმის" ისტორიის წარმომავლობით დავინტერესდი, გავარკვიე, რომ სადღაც 2013 წელს შეუცვლიათ, მანამდე "სოხუმი" ეწერა.

- რის საფუძველზე შეცვალეს სახელწოდება?

- როგორც ამიხსნეს, სომეხ მომხმარებელს მიუმართავს "სოხუმის" შეცვლის ინციატივით. ნამდვილად არ ვიცი, რა ისტორიული წყაროები მიუთითა, მაგრამ ფაქტია, რომ შეცვალეს. სამწუხაროდ, აქამდე, არ ვიცოდი, მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში თუ ხდებოდა სახელის შეცვლა, მაგრამ როდესაც ჩავეძიე, გავარკვიე, რომ შესაძლებელი ყოფილა და ძალიან გამიხარდა, რომ რუსული ტოპონიმის პოლიტიკის შესაცვლელად რაღაცის გაკეთება შევძელი, - ჩემი პოზიციის სისწორისთვის, ძალიან მყარი ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოგროვებული მასალა მივაწოდე. ჩემი თხოვნა Google Maps-მა განაცხადი მიღებიდან რამდენიმე დღეში დააკმაყოფილა და რუკაზე უკვე "სოხუმი" არის მითითებული.

- ანუ ამის გაკეთება ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია? თუნდაც აფხაზეთში მცხოვრებს რომ მოუნდეს ისევ შეცვლა, უპრობლემოდ შეცვლის?

- არა, საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს, "გუგლის" ადმინისტრაცია წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს. აფხაზეთშიც არსებობს აფხაზური ვიკიპედია, მაგრამ დასავლური ქვეყნების ვიკიპედიები მის სანდოობაას ეჭვქვეშ აყენებენ, უფრო სწორად, მას ავტორიტეტულად არ ცნობენ. ცუდი ის არის, რომ "ცენზი" არ არსებობს, ინტერნეტში ყველა თავისუფალია და ნებისმიერი რამის ატვირთვა შეუძლია, თუმცა, მისი "გამოხშირვა" ამტვირთველის წყაროს წარსულით, მისი პოსტებისა და სტატიების შეფასებით ხდება.

ჩემ მიერ მითითებულ წყაროს უფრო მეტი ძალა აქვს. როგორც "აგენდა.გე" ამბობს, მით უფრო - დასავლურ სამყაროში, ენციკლოპედია "ბრიტანიკა" ძალიან სტაჟიანი და ავტორიტეტული ენციკლოპედიაა, რომელიც პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა. რახან ამ კუთხით დავინტერესდი, ამ დღეებში გაეროს საიტებზე ვეძებდი ინფორმაციას, ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანოებში სპეციალური გეოგრაფიული კომიტეტებია შექმნილი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ ქალაქებისა და სოფლების სახელწოდებების შესწავლაზე მუშაობს. ჯერჯერობით, ამ უწყების ნუსხაში მხოლოდ თბილისის შესახებ აღმოვაჩინე ინფორმაცია. არადა, აუცილებელია რეგიონული ბაზის შექმნა, სადაც საქართველოს ყველა დიდი ქალაქის შესახებ იქნება ინფორმაცია.

- ასეთი ინფორმაციული ბაზის შექმნა სახელმწიფოს რომელი უწყების მოვალეობაა?

- რახან, ინტერნეტი ასეა თუ ისეა, ახალი რეალობაა, შესაბამისად, შესაძლოა, არც არსებობდეს კანონი, რომელიც სახელმწიფოს რომელიმე სტუქტურას ამის გაკეთებას დაავალდებულებს, თუმცა, ამის გაკეთება აუცილებელია, იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე აყალბებს საქართველოს ისტორიას. სავარაუდოდ, გეოგრაფიული კომიტეტის შექმნა იუსტიციის სახლის პრეროგატივაა.

- თქვენ არ გაგივლიათ სახელმწიფოს სტრუქტურებთან კონსულტაცია?

- იუსტიციის სახლში ვიყავი გასაუბრებაზე და როდესაც "გუგლი მაპის" შესახებ ჩამოვარდა საუბარი, - რუკაზე დატანილ სახელწოდებებზე ვუთხარი, მანამდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მანამდე რამდენჯერმე ამა თუ იმ საკითხზე მივწერე კიდეც, მაგრამ პასუხიც არ გამცეს. ის კი არა, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, საგზაო ნიშნები ახალი დადგმული იყო და მიმართულების მაჩვენებელ ბანერზე ლათინური ასოებით "სუხუმი" ეწერა.

ასე რომ, ახლა გაყალბებისა და მიზანმიმართულად რუსული ტოპონიმიკის დამკვიდრებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს - უბრალოდ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და გუგლის საძიებელში, ამა თუ იმ რეგიონში მდებარე ქალაქისა და სოფლის სახელწოდებები მუდმივად ვაკონტროლოთ.

- ბოლო დროს, კონფლიქტურ რეგიონებში კიდევ არაერთ ქალაქსა და სოფელს შეუცვალეს სახელი...

- დიახ, მუდმივად ვადევნებ თვალყურს და ვცდილობ, ყველა ცვლილება ჩავინიშნო, - ახლა ცხინვალის რეგიონის სოფლებსაც ვუცვლი სახელებს. ახლახან ჯავის რაიონის, გუდისწყლის ხეობასაც და იქ მდებარე რამდენიმე დასახელბასაც შეუცვალეს სახელწოდება, თუმცა, ისევ შევცალეთ. ჯავის რაიონსაც "ძაო" დაარქვეს. ასევე, ისტორიული სახელი დაუბრუნდა ორ ქართულ ეკლესიას, რომელთაგანც ერთ-ერთი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს. უკვე მივმართე "გუგლის" ადმინისტრაციას 50-მდე სოფლის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით და ამ დღეებში ველოდები პასუხს. თუმცა, როგორც გითხარით, ამ საქმეს მუდმივად თვალყურის დევნება სჭირდება.

ლალი პაპასკირი