"მთავარია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქალაქის მერი ზრუნავს მათზე" - გზაპრესი

"მთავარია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქალაქის მერი ზრუნავს მათზე"

მართალია, მოქალაქეებს ათიოდე დღით ადრე უწევთ მიღებაზე ჩაწერა, მაგრამ მერთან წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით შედიან. ასე რომ, მისაღებში სრული წესრიგია. მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე იმართება. გარდა მერისა, მოქალაქეებს მისი მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონის გამგებლებიც იღებენ.

დედაქალაქის მერიაში 22 სექტემბერს მივედი. ტრადიციული ორშაბათის მიღება უკვე დაწყებული იყო. მერის კართან ათასნაირ ადამიანს გაიცნობდით: იქ შევხვდი ბაბუშერას სკოლა-ინტერნატის ყოფილ დირექტორს ჯემალ პერტაიას, რომელმაც მერს თავისი ლექსების წიგნი მოუტანა საჩუქრად, ვნახე სამხატვრო აკადემიის I კურსის სტუდენტი დათო მამაგულაშვილი, რომელმაც მითხრა: "აქ ჩემი ნახატებით მოვედი, უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდა და დავით ნარმანიას უნდა ვთხოვო, როგორმე დამეხმაროს"...

თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი თბილისის მერიაში აუტანელმა პრობლემებმა მიიყვანა. მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც თავის გასაჭირს სიტყვებითა და ცრემლით გამოხატავდა, ზოგი კი უარს ამბობდა საუბარზე, რადგან არ სურდა, მისი პრობლემების შესახებ ყველას გაეგო.

მერის მისაღებთან ასაკოვან ქალბატონსაც შევხვდი, რომელიც სამ შვილიშვილს აუტანელ პირობებში ზრდის და ცდილობს, საცხოვრებელი მდგომარეობა ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს.

არუსიკ (მაყვალა) ფოლადაური:GzaPress - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე შვილი დავკარგე - კიბო ჰქონდა და 42 წლის მიწას მივაბარე. იძულებული გავხდი, მისი მკურნალობისათვის ბინა გამეყიდა, მაგრამ ვერაფერი ვუშველე! სიძეც მასზე ადრე დამეღუპა. დამრჩა სამი შვილიშვილი, რომლებსაც დიდი გაჭირვებით ვზრდი. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი - 12-ისა. სამი წლის განმავლობაში სასაფლაოზე ვცხოვრობდი, ჩემი შვილიშვილები კი ნათესავთან იზრდებოდნენ. მერე ჩვენს საქმეში ზურაბ აბაშიძე ჩაერია და ლილოს დასახლებაში, ტაქსოპარკის შენობაში შეგვასახლეს. არც შუქი გვაქვს, არც წყალი და არც კანალიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. მერი დამპირდა - 1.000 ლარით დაგეხმარებითო. ამ ფულით კანალიზაციას მაინც მოვაწესრიგებ და ოთახში შუქს შევიყვან. ზამთარი მოდის, იქნებ ბუნებრივი აირიც შევიყვანო, ბავშვები სიცივისაგან რომ არ დამიავადმყოფდნენ.

სიდუხჭირემ მიიყვანა მერიაში ქალბატონი ლეილა ხაჩიძეც:

- მრავალსულიანი ოჯახი მაქვს. ცხრა სული ვცხოვრობდით სხვენში, ერთი ციდა ოთახში. ამას ისიც დაერთო, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. მარნეულში ვმუშაობდი, კლინიკა "ჯეოსჰოსპიტალის" მთავარ მედდად. 2012 წლიდან შეტანილი მაქვს განცხადება მერიაში საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების თაობაზე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. იძულებული გავხდი, ჩემს შვილებთან ერთად შევსულიყავი სოციალურ საცხოვრებელში, რომელიც დიდ დიღომში შენდებოდა. ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი: ინვალიდების პატრონი ვარ, არანაირი ქონება არ გვაქვს და კანონით გვეკუთვნოდა ფართობი ამ სოციალურ საცხოვრებელში. კარგა ხანს არც წყალი გვქონდა, არც შუქი, არც კანალიზაცია. ინვალიდ ბავშვებთან ერთად მეტლახზე ვიწექი. მთელი ცხრა თვის განმავლობაში სანთლის შუქზე ვცხოვრობდით. ვურეკავდით, ვეხვეწებოდით მერიის სოციალური სამსახურის ყოფილ უფროსს - პეტრე მამრიკიშვილს, - ან შუქი მოგვეცით, ან კომუნიკაციები შემოიყვანეთ-თქო. არც გაზი გვქონდა და არც გამათბობელი. ჩაი რომ აგვედუღებინა, იმის საშუალებაც კი არ გვქონდა. ახლა ვითხოვთ, რომ ოჯახით დიდი დიღმის სოციალურ საცხოვრებელში დაგვარეგისტრირონ. მერისაგან დახმარება სწორედ ამ საქმეში მჭირდება.

დარეჯან მაკალათია:

- ძალიან რთული პრობლემები მაქვს: მეც უმუშევარი და უბინაო ვარ, ჩემი შვილიც უბინაო და უმუშევარია. სარდაფში ცხოვრობს, ორი ჩვილი ბავშვით და მდგომარეობის გამოსწორების იმედი არც ერთს არ გვაქვს. ახლა ბატონ დავითს უნდა მოვუყვე ჩემი მდგომარეობა და ვნახოთ, რას შემომთავაზებს, რით დამეხმარება. უგულავასთანაც მინდოდა შეხვედრა და წლების განმავლობაში არც ერთხელ არ მიმიღო. ამას წინათ, ვიდრე დაიჭერდნენ, სრულიად შემთხვევით შევხვდი. ვერ მოვითმინე, მივედი და ვუთხარი: რა კარგი და ლამაზი ბიჭი ხარ, ამ წლების განმავლობაში როგორ მიჭირდა და ერთხელაც არ მიმიღე-მეთქი. შემომხედა და თავი დახარა. ორ კვირაში დაიჭირეს. რასაკვირველია, მაინც მეწყინა - ადამიანი ვარ და მეწყინა, ახალგაზრდა კაცი ციხეში რომ ჩასვეს, მაგრამ როდესაც დედაქალაქის მერი მოქალაქეს არ იღებს, ჩემი აზრით, ესეც გულგრილობა და დანაშაულია.

ორშაბათს მერმა 30 ადამიანი მიიღო და თითოეულ მათგანს მოუსმინა. "გზისთვის" გაკეთებულ კომენტარში დავით ნარმანიამ თქვა:

- ჩემამდე ძირითადად, მძიმე პრობლემებით დატვირთული ადამიანები მოდიან. ძირითადი მაინც სოციალური თემატიკაა: სოციალურ პროგრამებში ვერ ჩასვეს, ვერ იღებენ დახმარებას და მათი ოჯახები მძიმე მდგომარეობაში არიან. ამ ადამიანებმა თავიანთი პრობლემები უფრო დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ვერ მოაგვარეს და უშუალოდ მერისგან ითხოვენ თანადგომას. უნდა ვთქვა, რომ 80% ამ პრობლემებისა გვარდება. არიან ისეთები, რომლებიც საბინაო ფონდთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან, არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვა საკითხში სჭირდებათ დახმარება. მათი პრობლემების მოსაგვარებლად პირველ რიგში გვეხმარება მერიაში არსებული ფონდი, რომლითაც შეგვიძლია, ერთჯერადი დახმარებები გავცეთ, ან მოქალაქეს სხვა სახის მხარდაჭერა გავუწიოთ, რითაც ვცდილობთ, ამ ადამაინებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ამ ფონდის განკარგვის უფლება აქვს თბილისის მერს და ამიტომ, ვისაც ძალიან სჭირდება, ერთჯერად დახმარებას ვაძლევთ. არიან ისეთები, რომლებსაც შუამდგომლობა სჭირდებათ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ჩვენც ვცდილობთ, უშუალოდ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. არის საკითხები, რომლებიც ჩვენს კომპეტენციას სცილდება, მაღალი რანგის პირისაგან შესაბამისი კონსულტაცია სჭირდებათ, მაინც ვცემთ პასუხს. დანარჩენი 20% კი ის შემთხვევებია, რომლებიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. მათ შესაბამის ახსნა-განმარტებებს ვაძლევთ და როდესაც მერისგან ამ განმარტებებს იღებენ, დამაჯერებლობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ადამიანისგანGმიღებული პასუხი. ჩემდა სასიხარულოდ, ისინი ყველაფერს გაგებით ეკიდებიან.

დავით ნარმანიას თქმით, ამ შეხვედრებს სხვა დატვირთვაც აქვს - გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს პრობლემები უგვარდებათ, ის, როგორც ქალაქის მერი, უფრო კარგად იგებს, სად რა მდგომარეობაა და რა სფეროში უჭირთ ყველაზე მეტად თბილისელებს:

- რიგით მოქალაქეებთან გასაუბრება და მათი სატკივრის მოსმენა სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრაში გვეხმარება. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ძნელია, ერთბაშად ყველას მოთხოვნა შესრულდეს, ამიტომ ჩვენ მაინც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას ვცდილობთ. ძირითადი აქცენტი სწორედ ასეთ ადამიანებზე კეთდება. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ჯანდაცვის სამინისტროსგან იღებს შესაბამის შემწეობას და ასეთი კატეგორიის ადამიანები ნაკლებად მოგვმართავენ, ჩვენთან უკიდურესად შეჭირვებული ფენა მოდის.

არის ძალიან მძიმე შემთხვევები, როდესაც მრავალსულიანი ოჯახი მომცრო ბინაში ცხოვრობს. ამას წინათ დახმარებისთვის მოგვმართა მშობელმა, რომლის შვილიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ოჯახი მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ითხოვდა და ჩვენც დავეხმარეთ იმიტომ, რომ ეს უმძიმესი შემთხვევა იყო. ასე რომ, უკიდურესად შეჭირვებული ადამიანებიც გვაკითხავენ. აქვთ ისეთი მოთხოვნებიც, რომელთა შესრულებაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, თუმცა, ვცდილობთ, მაინც დავეხმაროთ.

GzaPressმიუხედავად მძიმე შემთხვევებისა, დავით ნარმანია ამბობს, რომ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს კურიოზებიც მომხდარა: - წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხუცთა თავშესაფარში შევხვდი ამომრჩევლებს და გავიცანი ასაკოვანი წყვილი, რომელიც იქვე დაქორწინდა. მათ დავპირდი, რომ მერად არჩევის შემთხვევაში მივიღებდი და შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი. ისინი სწორედ დღეს მოვიდნენ ჩემთან: ერთ-ერთს პენსია არა აქვს და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ. ძალიან საყვარელი მოხუცები არიან, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან კარგად ხატავს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 75 წლისაა, ძალიან ბევრს აკეთებს.

ჩემი აზრით, ადამიანებს პირველ რიგში თანადგომა და იმის ცოდნა სჭირდებათ, რომ ქალაქის მერი მათზე ზრუნავს. ვიდრე თბილისის მერად ამირჩევდნენ, ბევრს კამათობდნენ, დღესაც კამათობენ და მომავალშიც იკამათებენ, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. დიდ ძალისხმევას ყოველთვის მოაქვს სასურველი შედეგი. არ ვაპირებ ვინმეს დავუმტკიცო, რა მაგარი ვარ, ან ჩემი გუნდი რა მაგარია, მაგრამ ძალიან მიზანდასახულები ვართ და გვსურს ვაჩვენოთ თბილისელებს, რომ ისინი არ მოტყუებულან თავიანთ არჩევანში. ხათუნა ჩიგოგიძე, ჟურნალი "გზა"