დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.
font-large font-small
დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.
ბებია რა შუაშია?! - ეს კითხვა საზოგადოებაში იმ მომენტიდან გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელსაც მილიონობით ლარის გაფლანგვას ედავება სახელმწიფო, პროკურატურის გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს. დაყადაღებულთა შორის მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, დედა და ბებიაც.
ბებია "იმ შუაშია", რომ: "საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მლნ 837 ათას 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, სააკაშვილმა შესაძლოა გაასხვისოს ან სხვაგვარად გადამალოს მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხული ქონება, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების - სანდრა რულოვსის, გიული ალასანიას და მზია წერეთლის უძრავ-მოძრავ ქონებას", - ასე პასუხობს ამ კითხვას პროკურატურა მის განცხადებაში.

"მე კი არა, საქართველო დააყადაღეს", - განაცხადა ამ ფაქტით აღშფოთებულმა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ქონებიდან სასამართლო განჩინებით დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები, 8 მიწის ნაკვეთი ყვარელში (20 000-მდე კვმ ფართობის) და სახლი, მანქანები, დედისა და ბებიის ქონება.
"ეს ბინაც თუ წამართვა ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ წამიყვანოს თავის ზვიგენებთან და პინგვინებთან, იქ მაცხოვროს, მეტი საცხოვრებელი მე არ მაქვს", - ამბობს ქალბატონი მზია წერეთელი ინტერვიუში. მართლაცდა, რა შუაშია ბებიის ქონება, ან სანდრა რულოვსის ბინა, რომელიც მას მამამ აჩუქა და მასში მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირებდა ბედს? ან რატომ უნდა ამტკიცონ ახლა პრეზიდენტყოფილის ნათესავების ქონების შეძენის გზების კანონიერება? თუმცა, კანონი კანონია და მის უზენაესობას ვერავინ გაექცევა. კანონის ინიციატორი კი, რომლითაც მთავარმა პროკურატურამ ისარგებლა, როგორც აღმოჩნდა, თავად სააკაშვილია და სწორედ მას უნდა "უმადლოდნენ" თურმე მისი ნათესავები, ასეთ შარში რომ აღმოჩნდნენ.
ექსპრეზიდენტის ადვოკატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ჩათვალა მართებულად, დაეყადაღებინა აღნიშნული ქონება და ამ აქტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პრიმიტიულ შურისძიებად მიიჩნევს.

ოთარ კახიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი:
- სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა იმაში მდგომარეობს, რომ: პირველი - მან არც ერთი არგუმენტი არ მოიყვანა, რომელიც დაასაბუთებდა ყადაღის მიზანშეწონილობას. მეორე - მუხლი, რომლითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა, ეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, ანუ უნდა არსებობდეს კავშირი დასაყადაღებელ ქონებასა და ჩადენილ დანაშაულს შორის. ამგვარი ურთიერთკავშირი თუ არ არსებობს, მაშინ ყადაღა უკანონოა. მესამე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ბრალდებულთან რაიმე კავშირი აქვს დასაყადაღებელ ქონებას, აბსოლუტურად გაუგებარი ხდება, რა კავშირშია ახლო ნათესავების ქონება ამ ყველაფერთან. თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ქონების მითვისება ექნებოდა წაყენებული (და არა - გაფლანგვა) და იქნებოდა ეჭვი, რომ მან საბიუჯეტო თანხებით შეიძინა ქონება, ამ ქონების დაყადაღება იქნებოდა აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმური. ვინაიდან საქმე გვაქვს გაფლანგვასთან და ყოფილ პრეზიდენტს არ ედავებიან ქონების მითვისებას (პროკურატურის მხრიდან არც კი განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის ნაკვეთი, თუ 1997-წლიანი "ჰონდა აკორდი" დანაშაულებრივი ფულით იყიდა), ამ ფონზე ყადაღის დადება არის არარელევანტური. მთლიანობაში, აქ არის დარღვევებისა და უკანონობის კასკადი. მათ შორისაა ექსპრეზიდენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ისე, რომ არ არის მითითებული და დადგენილი, რომელ ბანკში აქვს სააკაშვილს გახსნილი ანგარიში: მოცემულია კომერციული ბანკების სია და თუკი სადმე ანგარიში აქვს, დაყადაღებულია, რაც სამართლებრივად განუკითხაობის ერთ-ერთი ნიშანია. ჩემი, როგორც ადვოკატის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან, რომელიც პირდაპირ და უხეშად შეასრულა მართლმსაჯულების სისტემამ. ძალიან დასანანია, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, პროკურატურასთან ერთად, სასამართლოც გამოიყენეს.

- ვისზე მოდის იმის მტკიცების ტვირთი, რომ სააკაშვილის ახლობლები დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით არ სარგებლობდნენ?
- აქ იგულისხმება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას იყენებს არა მარტო ის პირი, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული, არამედ მასთან დაკავშირებული პირები ანუ ნათესავები.
არავინაა ვალდებული, თავი იმართლოს; მტკიცების ტვირთი აქვს პროკურატურას და სახელმწიფო ბრალდებას, შემდგომ - სასამართლოს. პროკურატურა საერთოდ არ განიხილავს და არც ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვა ქონება, თავი რომ ვინმემ იმართლოს. პროკურატურამ ახლა ის უნდა ამტკიცოს, რომ ივანიშვილის დავალებით არ აქვს ეს შუამდგომლობა დაწერილი. კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით უნდა იყოს მოპოვებული, პროკურატურა ამას ბრალდებულს არ ედავება და ქონება მაინც დააყადაღეს.

- ახლა რას აპირებთ?
- გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჩვენ განვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და სტრასბურგისთვის მიმართვას. ეს გახლავთ ხელისუფლების ანგარიშსწორება და პრიმიტიული შურისძიება. სააკაშვილის დედის 2004-წლიანი "რავ-4"-ის დაყადაღებით რისი თქმა უნდათ, არ მესმის. ჩემი აზრით, პროკურატურა და სასამართლო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც მიიღო ასეთი დავალება, რომლის სამართლებრივად გამართლება შეუძლებელია, მაგრამ მოუწიათ და მივიღეთ სამართლებრივი განუკითხაობის კასკადი და სრული ნონსენსი.

ხმაურისა და აჟიოტაჟის მიღმა, ხშირად, ობიექტური შეფასება და არგუმენტები გვავიწყდება. ასე ხდება ამ შემთხვევაშიც და საზოგადოებას ვერ გაუგია - მაშ, მართლა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ მართლმსაჯულების წარმომადგენლები თუ ექსპრეზიდენტის დევნა კანონზე დაყრდნობით ხორციელდება? მოვლენის შესაფასებლად, ადვოკატსა და "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელს ლია მუხაშავრიას მივმართეთ.

- ქალბატონო ლია, სააკაშვილის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ და სასამართლომ უკანონოდ დაუყადაღეს ბრალდებულის ოჯახის წევრებს ქონება. თქვენი აზრით, კანონიერია ეს გადაწყვეტილება?
GzaPress- როდესაც ადამიანს ქონების გაფლანგვას ედავებიან, არსებობს შესაბამისი კანონი და მოქალაქეს შეიძლება დაუყადაღონ ქონება, რათა მისი მხრიდან მოხდეს მიტაცებული ქონების უკან დაბრუნება. "უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონით", ასევე სს საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, "ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალური პასუხისმგებელი პირის, ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ, დახარჯავენ, ან ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე". ასე რომ, აქ არაჩვეულებრივი და გასაკვირი არაფერია, რადგან სს დანაშაულზე - ქონების დიდი ოდენობით მითვისებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში აყადაღებენ ქონებას.

- მაგრამ იმ ფაქტმა, რომ დააყადაღეს ექსპრეზიდენტის ბებიის, მეუღლისა და დედის ქონებაც, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და წამოჭრა კითხვა - რა შუაშია ბებიის ავტომანქანა ან საცხოვრებელი ბინა? საერთოდ, ამ კანონში გაწერილი მოთხოვნა თუა შესაბამისობაში კონსტიტუციასთან ან ევროკონვენციასთან?
- იცით, ეს კანონი, რომელიც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას გულისხმობს, სწორედ სააკაშვილის დროსაა მიღებული. ამ კანონმა განსაზღვრა, რომ ასეთი ბრალდებული პირები თვითონ აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, როცა ვალდებულნი არიან ამტკიცონ, რომ მათი ქონება და მისი შეძენის გზები კანონიერია. ანუ ჯერ ყადაღდება ყველაფერი და მერე ამ პირმა უნდა ამტკიცოს, რომ ქონება, რომელიც დაუყადაღეს, მას კანონიერი გზით აქვს შეძენილი. ეს არის სახელმწიფოს იძულებითი პრევენციული ღონისძიება პირის მიმართ, რომელზედაც არსებობს ეჭვი, რომ რაიმე ფინანსური კრიმინალური ქმედება ჩაიდინა. ეს არის კანონის ის განაწესი, რომელიც სწორედ სააკაშვილის დროს იქნა შემოღებული და მას მიეწერება ამდენი უკანონობა ქვეყანაში ქონებრივი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ახალმა ხელისუფლებამ გამოიყენა ეს კანონი და - სწორედ იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ამ ნორმისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი და შემოქმედი იყო. ამიტომ ახლა არ მგონია, რომ სააკაშვილისა და მისი ახლობლებისთვის ეს აღშფოთების საგანი უნდა იყოს იმიტომ, რომ - რა ბოროტებაც მათ შემოიტანეს, იმ ბოროტებითვე მიეზღვებათ.

- როგორც ჩანს, ამ კანონით არ არის განსაზღვრული პირთა წრე: "მასთან დაკავშირებული პირი" ხომ შეიძლება მეზობელიც იყოს, ან მეგობარიც. მასში არ არის ჩაწერილი - "ნათესავი". ხედავთ თუ არა ამ კანონში ხარვეზს?
- "დაკავშირებული პირი" გულისხმობს, რომ ეს კავშირი არათუ ნათესაობრივია, არამედ ეს კავშირი რეალურია და ქონებასთან მიმართებაში არსებობს, ანუ ბრალდებულმა სარგებლობაში გადასცა რაიმე - აჩუქა ან სარგებლობს. თუ ვერ დამტკიცდა, რომ ეს ქონება კანონიერი გზითაა შეძენილი ან - მიშას გაპრეზიდენტებამდე, მაშინ მათი ქონება აუქციონზე გაიყიდება და თანხები ბიუჯეტში შევა. სამწუხაროდ, ამ კანონით, დაკავშირებულ პირთა წრე პრაქტიკულად განუსაზღვრელია და მერე ბრალდებულის სამტკიცებელი ხდება, ეს პირი არის თუ არა მასთან დაკავშირებული. ეს კანონის ხარვეზია, მაგრამ ის ძალაშია, მოქმედებს, პარლამენტს არ გაუუქმებია ანუ არ დაუმტკიცებია, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია ან ევროკონვენციას ეწინააღმდეგება. ის მოქმედებს. ეს დრაკონული კანონი როდესაც მიიღეს, მაშინ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იყო კრიტიკა და, როგორც ხედავთ, დღესაც გრძელდება მისი მოქმედება.

- სასამართლოს განაჩენის გამოსვლამდე, "დაყადაღებულებს" ალბათ აქვთ ამ ქონებით სარგებლობის უფლება, არა?
- მათ ქონების განკარგვის უფლება აღარ აქვთ. კანონის თანახმად, შესაძლებელია, რომ დაყადაღებული ქონება პირს დაყადაღებისთანავე ჩამოერთვას ან სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ისარგებლონ მისით, უბრალოდ, არ ექნებათ მისი გასხვისების უფლება.

- პროკურატურამ საქართველოში სააკაშვილის საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა. ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთაც აქვს გახსნილი საბანკო ანგარიშები. პროკურატურას თუ ხელეწიფება მათი დაყადაღება ან იმ სახლის - მანჰეტენზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიძის სახელზე აქვს გაფორმებული? ალბათ ეს შედარებით რთული პროცედურაა და საჭიროებს სერიოზულ დასაბუთებას უცხო ქვეყნისთვის - რამდენად კანონიერია ყადაღის მოთხოვნა.
- კანონის მოთხოვნა ასეთია, რომ წესით, უნდა დაეყადაღებინათ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებიც. რაც შეეხება უცხოეთის ანგარიშებს: პროკურატურა მიმართავს იმ ქვეყნების საგამოძიებო ორგანოს და სთხოვს ამ მოქმედების შესრულებას. იმის მიხედვით, რამდენად დასაბუთებულია ბრალდება და ის სახელმწიფო თუ ჩათვლის ასე, შეუძლიათ განახორციელონ ყადაღის დადების ოპერაცია. მანჰეტენზე კი არა, სადაც უნდა იყოს, თუ პროკურატურა მოიკვლევს, რომ არსებობს ანგარიშები, უძრავი ან მოძრავი ქონება, სახელმწიფოს უფლება აქვს, იმ სახელმწიფოს მიმართოს და განუმარტოს, რომ ამა და ამ ბრალდების გამო უნდა დააყადაღონ ქონება და მერე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ის პროცედურა მოხდება, რასაც მისი რეალიზაცია ჰქვია. დღეს შეუძლებელი არაფერია. გამჭვირვალობა და კანონიერება ყველა ტერიტორიაზე მოქმედებს და ოფშორული ზონებიც კი აღარ ითვლება კრიმინალის დაფარვის გზად და ადგილად. თუ მართლა მოინდომებენ, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება ყველაფრის მოძიება, დასაბუთება და დაბრუნება. საკითხავი ისაა, ვინ მოინდომებს და რატომ.

- გინდათ თქვათ, რომ, პროკურატურა მაინცდამაინც არ არის მონდომებული, სააკაშვილს ისე აგებინოს პასუხი, როგორც იმსახურებს და ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს?
- დაველოდოთ და ყველაფერი გამოჩნდება. ისე კი, დიდი ხანია, რაც ამ ქვეყანას გამომძიებლები არ ჰყავს და გამოძიება არ ხდება. არ მაქვს ოპტიმისტური განწყობა, მაგრამ ვნახოთ... სააკაშვილის დაკავება-გადმოცემა რომ უნდოდეთ, მას პირველ რიგში, წამების მუხლს წაუყენებდნენ. წამების მუხლი ისეთია, მთელი მსოფლიოსთვის ამაზრზენია ამ დანაშაულის ჩამდენი და არც ერთი სახელმწიფო არ მისცემს თავს უფლებას, ასეთი დანაშაულისთვის ბრალდებულ პირს ხელი დააფაროს და არ დაეხმაროს გამოძიებას. მგონია, მას შეგნებულად არ წაუყენეს წამების მუხლი: ხელისუფლების ინტერესებში ალბათ არ შედის სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა.

- სააკაშვილის თანაგუნდელები კი ექსპრეზიდენტის მიმართ სამართლებრივ დევნას ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებად და პრიმიტიულ შურისძიებად აფასებენ.
GzaPress- იცით, რა, ხელისუფლების ადგილზე, პირველ რიგში, დაზარალებულების უფლებების აღდგენაზე დავიწყებდი ზრუნვას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქონება, რომელიც უკანონო პროცედურით, იძულებით ჩამოართვეს მოქალაქეებს, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არანაირი სასამართლო პროცესები არ სჭირდება იმის დამტკიცებას, ვის სახელზე იყო ეს ქონება მანამ, ვიდრე სამინისტროს ბალანსზე გადაირიცხებოდა. მათი დაბრუნება შეიძლებოდა მით უფრო, რომ ამ ადამიანებმა დიდი ხანია მიმართეს პროკურატურას და ითხოვენ საკუთარი ქონების დაბრუნებას. გასაოცარია, რომ ასე არ ხდება და ამის ნაცვლად, დასდევენ სააკაშვილის ქონებას, რომელიც შეიძლება, ნიუ-იორკშიც ჰქონდეს, მალდივის კუნძულებზეც ან ოფშორულ ზონებში. ყოველივე გაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და დრო გაიყვანოს, ხოლო ის ქონება, რომელიც რეალურად, საქართველოს ტერიტორიაზეა და დღეს თითქოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გადანაწილდეს მათ შორის, ვინც ხელისუფლების სათავეშია. საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ მოტყუვდება, იმიტომ, რომ უფლების აღდგენა უფლებადარღვეულისთვის ნიშნავს მისი კონკრეტული უფლების აღდგენას, ხოლო ზოგადად, ვინ იქნება პასუხისგებაში მიცემული ამ პოლიტიკისთვის, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმანზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ბიუჯეტი "წელში გაწყდებოდა" იმ თანხების ანაზღაურებით, რაც მოქალაქეებს ზიანის სახით მიადგათ. ასეთი არგუმენტი, ჩემი აზრით, საზოგადოების დაცინვას ნიშნავს. უპრიანი იქნებოდა, პროცესი იმით დაეწყოთ, რომ გამოძიებისა და ვინმეს პასუხისგებაში მიცემის გარეშე დაებრუნებინათ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონება, ხოლო თუ მართლა გამოძიებას აპირებდნენ, კონკრეტული დამნაშავე პირებისთვის დაეკისრებინათ იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მოქალაქეებს მიადგათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ გავიდოდა. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ ძველმა ხელისუფლებამ იმ პერიოდში მოახერხა, ახალ ხელისუფლებასთან მიეღწია შეთანხმებისთვის. მათ გაიყვეს წინა პერიოდის ნაძარცვი და ახლა, რა თქმა უნდა, არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს ნამდვილად ქონებაწართმეულისთვის და უფლებადარღვეულისთვის პირვანდელი უფლების აღდგენა.

P.S. წერილის მზადებისას დიდი სურვილი გვქონდა, პროკურატურის არგუმენტებიც მოგვესმინა, მაგრამ სამწუხაროდ, კომენტარზე უარი მივიღეთ.
ნანა ფიცხელაური, ჟურნალი "გზა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
03.04.2015
გიჯი კი იყო მარა არც ისეთი რომ მოპარული საკუთარ პლასტიკურ ბარათზე დაედო
გიგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
"მაშინ ასაფეთქებლები არ გვქონდა, თორემ ალბათ სახლს გადავწვავდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი