გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება - ველოდოთ თუ არა გაძვირების კიდევ ერთ ტალღას - გზაპრესი

გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება - ველოდოთ თუ არა გაძვირების კიდევ ერთ ტალღას

ამ ყველაფერს კი თან სდევდა ურთიერთბრალდებები მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის შენიშვნები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით და სესხის მქონე ადამიანების აღშფოთება. ეროვნული ვალუტის კურსმა შედარებით აიწია, თუმცა, ეს მოსახლეობას მშვიდად ყოფნის საფუძველს არ აძლევს...

ხელისუფლების მიერ გაკეთებული, "დამაიმედებელი" ოფიციალური განცხადებების ფონზე, უკვე გაძვირდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების სურსათი, - პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული...

მცირე მეწარმეების თქმით, მათ იმ დასახელების პროდუქცია გააძვირეს, რომელსაც დოლარშიც ყიდულობენ და ფასის მომატების გარეშე მისი რეალიზიცია წაგების ტოლფასია, - "ასურსათის ერთი ნაწილი 5-10 %ით გავაძვირეთ. 1-ელი მარტიდან, ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი გაძვირდა და მისი ფასიც მოიმატებს. ფასმა უკვე მოიმატა ჩაიზე და ყავაზეც. 10 თეთრით გაძვირდა რძის პროდუქტები და ტკბილეული. ასევე, მოიმატა ძეხვეულის ფასმა. მცირედით გავაძვირეთ ბავშვთა საკვები, რასაც მომხმარებლის მხირდან ყველაზე მეტი პრეტენზია მოჰყვა... რა ვქნათ, ჩვენც ხარჯები გვაქვს, - ფართის ქირას ვიხდი, პერსონალს ხელფასს ვაძლევ. გარდა ამისა, პირადად მე და გარშემო ძალიან ბევრს, ბანკის ვალი გვაქვს და ბიზნესს ვრ შევაჩერებთ", - ამბობენ ისინი.

GzaPressექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, ასეთ შემთხვევაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკსაც ეკისრება, მაგრამ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას - შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემებია, რასაც ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებს.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- პროდუქტის კიდევ ერთხელ გაძვირების გარკვეული რისკი მართლა არსებობს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ეროვნულ ვალუტა არასტაბილურია და მკვეთრი დევალვაცია განიცადა. გაძვირების ახალი ტალღა სავარაუდოდ, იმპორტიორებულ პროდუქტს შეეხება, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70% იმპორტირებულ პროდუქტზეა გათვლილი, მაგრამ ამ რისკების ქვეშ დგას ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც, რომელიც უცხოური ნედლეულისგან მზადდება. მართალია, ახლა ლარის ნიშნული დოლართან დაკავშირებით 2-ს გადაცილებულია, მაგრამ არსებული სიტუაცია იმედს იძლევა, რომ ლარი გამყარდება. თუ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ინფლაციის დონე შეჩერდება და უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასიც აღარ მოიმატებს.

- თუმცა, ფაქტია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები და მედიკამენტები გაძვირდა.

- დიახ, დაახლოებით 10% მოიმატა ფასმა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ლარის მიმართ სწორი პოლიტიკა ჩამოაყალიბა და მასთან დაკავშირებული პრობლემის მართვა შეძლო, ფასების გაძვირების პროცესი შეჩერდება. თუ ბიზნესმა და საზოგადოებამ გარკვეული პოზიტიური ნიშნები დაინახა, ეს იქნება პირდაპირ ნიშანი, რომ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები მეტად არ უნდა გაზარდონ. ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული.

- თქვენი პროგნოზი როგორია, რამდენად აქვს ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს ამ პროცესების შეჩერების მექანიზმი?

- თეორიული შანსი არსებობს. ხელისუფლებამ უკვე დააანონსა დიდი პრივატიზაციის პროგრამა, ასევე, ინვესტიციებზე ორიენტირებისა და "ქამრების შემოჭერის პოლიტიკა". ეს სამი კომპონენტი თუ მიზანმიმართულად და სწორად განხორციელდა, მაშინ ფასები ზრდა თითქმის გამორიცხულია.

- ბატონო ლევან, "ქამრების შემოჭერის პოლიტიკა" საზოგადოების სხვადასხვა ნაწილმა სხვადასხვანაირად აღიქვა...

GzaPress- იმედია, პირდაპირი მნიშვნელობით - არა. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. სამწუხაროდ, საზოგადოებასა და ბიზნესმენებს, ფულისა და ბიზნესის გაძვირებით უწევს პასუხისგება მთავრობის შეცდომებზე. რაც შეეხება, რეალურად ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ანუ ხარჯების ოპტიმიზაციას, ეს ხელშესახები და რეალური უნდა იყოს და ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ პრემიების თანხის შემცირება, არამედ გარკვეული სახელისუფლებო და სახელმწიფო ადმინისტრაციის ოპტიმიზაციის პოლიტიკის გატარება. მათ შორის, საკადრო ოპტიმიზაციის. ვგულისხმობ კადრების შემცირებას. ასევე უნდა შეიკვეცოს, თითქმის განულდეს სახელმწიფო სტრუქტურების კაპიტალური ხარჯები; მინიმუმამდე უნდა დავიდეს ხარჯები სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვა.

- ეროვნული ბანკის როლი როგორია მოცემულ რეალობაში?

- ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ორ კომპონენტს, ეროვნული ბანკის ეფექტიანი და სწორი აქტიურობაც უნდა დაემატოს. როგორც მისმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, - ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული "შოკები" უნდა "მოხსნან" და მონეტარული ინსტრუმენტებით, პოზიტიურად იმოქმედონ. ეს მიდგომა კონცეპტუალურად სწორია და ასეთი პოლიტიკის დაანონსება ხშირად ამართლებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რამდენად ეფექტიანად და სრულფასოვნად განხორციელდება "ქამრების შემოჭერისა" და პრივატიზაციის პროცესი. სხვა საკითხია, ეს იქნება რეალურ შედეგებზე გათვლილი პროცესი თუ მხოლოდ ფასადური განცხადება (პრივატიზაცია მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო ობიექტის გაყიდვას არ ნიშნავს). თუ ე.წ. ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულფასოვნად განხორციელდება, საფრთხე შემცირდება, მაგრამ თუ ლარი კიდევ "გაგვექცა" - სავალალო შედეგებამდე მივალთ.

ლალი პაპასკირი