ზამთარი, რომელიც აპრილის ბოლომდე გრძელდება...
font-large font-small
ზამთარი, რომელიც აპრილის ბოლომდე გრძელდება...
"ამ ლამაზი მთების მიღმა უამრავი პრობლემა იმალება"
ვისაც მთაში დასვენება, თოვლი და თხილამურებით სრიალი უყვარს, შეუძლია, საქართველოს ზამთრის კურორტებს მიაშუროს.

ალბათ გაიფიქრებთ, ზამთარი გავიდა და რა დროს თოვლიაო, მაგრამ ასე არ არის: გუდაურში ზამთარი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ეს ხელოვნური თოვლის წყალობით მოხერხდება.

სამთო ტურიზმის მოყვარულებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ეგზოტიკური ბუნება იზიდავს, თუმცა, მხოლოდ ბუნების სილამაზით შორს ვერ წავალთ. ამ სფეროს მუშაკები პირველ რიგში, მთის კურორტებზე არსებულ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ლამაზი მთების მიღმა ძალიან ბევრი პრობლემა იმალება.

ია თაბაგარი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე:

GzaPress- საქართველოს მთის კურორტები სილამაზით მართლაც გამორჩეულია, მაგრამ ყველა კურორტზე ვაწყდებით მოვლენებს, რომლებიც წესრიგსა და კომფორტს მიჩვეულ უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით არ მოსწონთ. მოუწესრიგებელია ბევრი რამ. პირველ რიგში - სათხილამურო ტრასები, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი ზიანდება და სახიჩრდება. გუდაურშიც კი, ტრასებზე მოყვარულები და პროფესიონალები ერთად სრიალებენ, ამიტომ, რაღაც მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ფიზიკური დაზიანებები გამოირიცხოს. მეორე: წელს გამოჩნდა, რომ გუდაურის მარკეტინგი სწორად არ არის განსაზღვრული, ამიტომ კურორტს ხალხი აკლია. არ ვგულისხმობ შაბათ-კვირას, მაგრამ სხვა დღეებში იქ ხალხმრავლობა ნაკლებად იგრძნობა. წელს უცხოელი ვიზიტორები და დამსვენებლებიც ძალზე მცირე რაოდენობით ჩამოვიდნენ. მე თვითონ ვიყავი გუდაურში და საკუთარი თვალით ვნახე, რომ იქაურ სასტუმროებს ძალიან უჭირდათ, რადგან დამსვენებლები ცოტა ჰყავდათ. სხვათა შორის, ჩვენს კურორტებზე კვების საკითხიც არ არის სწორად დაგეგმილი: ყველგან დაბალი ხარისხის და ერთფეროვანი საკვები იყიდება, ცოტაა გასართობი ადგილი გუდაურსა და ბაკურიანშიც კი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერზე ყურადღება უნდა გამახვილდეს.

რაც შეეხება მესტიას, იქ ბევრად სავალალო მდგომარეობაა - წელს ზამთრის სეზონი თითქმის ჩავარდა. პრობლემა იქაც უამრავია, მესტიის პოპულარიზაციაც ნაკლებად ხდება და ეს მაშინ, როცა სამთო ტურიზმი მესტიისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა. სამთო ტურიზმის განვითარება იქ ნიშნავს ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას და დიდი ფულის შედინებას რეგიონში. აჭარის მთიანეთიც ძალზე საინტერესოა სამთო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ იქ ყველაფერი ახლა იწყება, მშენებლობის პროცესიც ახალი დაწყებულია, თუმცა, ამ რეგიონის პოტენციალიც ძალიან დიდია. სამწუხაროა, მაგრამ ამდენი წელია, მხოლოდ პოტენციალზე ვსაუბრობთ, მთავარი კი - რეალური ნაბიჯებია. სწორედ ამიტომ, უცხოელი ტურისტები გუდაურით კმაყოფილები არიან, მაგრამ დანარჩენი კურორტებით - ნაკლებად. ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ელემენტარული კომფორტი, სამაშველო სამსახური, რომელმაც სტუმრების უსაფრთხოება უნდა დაიცვას, - ყველაფერი ეს მთის კურორტზე გამართული და მოწესრიგებული უნდა იყოს. როდესაც აქ ადამიანებს ვეპატიჟებით, მათ ელემენტარული პირობები მაინც უნდა შევუქმნათ...

ტურიზმის ექსპერტ ნიკა ერქომაიშვილის თქმით, საქართველოს პოტენციალი სამთო ტურიზმის სფეროში მართლაც შეუდარებელია, მაგრამ ამ პოტენციალს სათანადოდ ვერ ვიყენებთ:

ნიკა ერქომაიშვილი:

- პოტენციალი მართლაც განუზომელი გვაქვს, მაგრამ ჩვენს კურორტებზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ბევრი პრობლემაა. ცხადია, ამ მხრივ ვერც შვეიცარიას შევედრებით, ვერც იტალიას და ვერც საფრანგეთს, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. ამ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს კურორტებს ერთი უპირატესობა აქვს: ტურისტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, სურთ, საქართველო და კავკასიონი ნახონ. ისინი უფრო მოგზაურები არიან და ველური ბუნების ხილვა სურთ. თუმცა, ფასი მათთვისაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბევრს უთქვამს: თქვენთან დასვენება ძვირი გვიჯდება, ისევ გვირჩევნია, არგენტინაში, პერუში ან სხვა ქვეყანაში წავიდეთ დასასვენებლადო. ასე რომ, ჩვენი მთის კურორტების მთავარი ღირსება სწორედ ველური ბუნებაა - ისე გაივლით კილომეტრებს, შეიძლება, რამდენიმე დღის სავალზეც არავინ შეგხვდეთ. მართალია, ბოლო წლებში ამ სფეროში ყინული დაიძრა; ამის მაგალითია სვანეთი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ყურადღების ცენტრშია. იქ ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ საკურორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მაგრამ ყურადღება სჭირდება რაჭას, მთიან აჭარასა და გურიას - ეს ადგილები სილამაზით არც ერთ უცხოურ კურორტს არ ჩამოუვარდება. ბოლო დროს თუშეთსა და ხევსურეთშიც შედარებით გაუმჯობესდა ვითარება, მაგრამ ყურადღების მიღმაა დარჩენილი თრიალეთის ქედი, რომელიც უაღრესად საინტერესო ადგილია. ბევრი ისეთი ადგილი გვაქვს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში სამთო ტურიზმის ცენტრებად გადააქცევდნენ. გამოდის, რომ ამ სფეროში ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, აქ ტურისტები კი არ ჩამოდიან, არამედ ჩამოდიან მოგზაურები, რომლებსაც გამიზნულად აინტერესებთ საქართველო. უცხოეთში კი, ყველაფერი მასობრივ ტურიზმზეა გათვლილი: იქ არ გიწევს სამზარეულო მოწყობილობის თან წაღება, ადიხარ 4 200 მეტრ სიმაღლეზე და იქ გხვდება კაფე ან რესტორანი, სადაც შეგიძლია ისაუზმო და შეუკვეთო, რაც გინდა. მით უმეტეს, ფასების მხრივაც, საქართველო საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. რომ შეადაროთ, რა ჯდება დასვენება, მაგალითად, სლოვაკეთის ან პოლონეთის მთიანეთში და ჩვენთან, აშკარაა, რომ ჩვენთან უფრო მაღალი ფასებია. ევროპაშიც მიმუშავია და ვიცი, რომ ქართული კურორტები უფრო ძვირია. როდესაც ფასები მაღალია, რიგითი ტურისტი ყოველთვის თავს შეიკავებს აქ ჩამოსვლისგან. სწორედ ამის ბრალია, რომ კონკურენციას ვერ ვუწევთ მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად - თურქეთს ან სომხეთს, რომელიც აცხადებს, რომ დიდი პოტენციალი აქვს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში. არადა, საქართველოს ამ მხრივ არანაკლები პოტენციალი აქვს. მით უმეტეს, ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ძირითადად სასაზღვრო ზონებია. კავკასიონის სასაზღვრო ზოლზე, სადაც ხალხს მიზერული შემოსავალი აქვს, ტურისტების გამოჩენა შემოსავლების მიღების ერთადერთი წყაროა. ძალიან ბევრი ოჯახია ამაზე დამოკიდებული. ჩემი აზრით, სასაზღვრო ზოლში მცხოვრები მოსახლეობა გადასახადებისგან სულ უნდა გაათავისუფლონ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი გზა, რომ ხალხი გავაჩეროთ მთის სოფლებში, რომლებიც თანდათან იცლება და უკაცრიელი ხდება. ამიტომ, სამთო კურორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთ-ერთი სტიმული, რომ სასაზღვრო ზოლის მოსახლეობა საკუთარ სოფლებში გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ სულ სხვა ხალხი დასახლდება. ასე დაიცალა ბოლო ხანებში რამდენიმე სოფელი, სადაც დაღესტნელები ჩამოსახლდნენ და ცხოვრობენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა პოზიტიური ნაბიჯებიც იდგმება. ცხადია, ჯერ შორს ვართ იმისგან, რაც უნდა იყოს, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ დარგში რაღაც ძვრები აშკარად იგრძნობა.

ალექსანდრე ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი:

GzaPress- ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ წინსვლა არ გვაქვს. ბევრი რამ კეთდება და მომავალში უფრო მეტი გაკეთდება. ამის შედეგია ის, რომ წელს საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა. გუდაურში ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გავხსენით. ამის შესაძლებლობა მოგვცა ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ. ტურისტების რაოდენობა ახალი წლის დღეებშიც ძალიან მაღალი იყო. ბაკურიანსა და დიდველშიც საკმაო რაოდენობით სტუმარი ჰყავდათ, უბრალოდ, წელს ქართველი ვიზიტორები უფრო დიდი რაოდენობით იყვნენ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან არის შემცირებული რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ამ წუთებშიც გუდაურში საკმაოდ ბევრი ტურისტია. უცხოელების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ძალიან სასიხარულოა, რომ გუდაურში ქართველი დამსვენებლების რაოდენობა გაიზარდა. ისინი აქ ოჯახებით ამოდიან, ისვენებენ და ერთობიან. მართალია, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და იანვარში აქ უხვი თოვლი მოვიდა, მაგრამ თოვლი რომც არ მოვიდეს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემას ჩავრთავთ და ამის პრობლემა არ გვაქვს.

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გვაქვს. ამ წუთებშიც, სახელმწიფო ახალ კურორტს აშენებს სვანეთში, რომელსაც "თეთნულდი" ერქმევა. თეთნულდი ამა წლის დეკემბერში გაიხსნება და ამოქმედდება. ეს იქნება უდიდესი კურორტი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. მუშაობა მიმდინარეობს ბახმაროს განვითარების გეგმაზეც. საჭიროა კომპლექსური გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მთის კურორტები და ამაში უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობენ. საქართველოს მთის კურორტებს მართლაც აქვს საიმისო პოტენციალი, რომ დიდი რაოდენობით დამსვენებელი მიიღოს. დაგეგმილია ახალი, ძალზე საინტერესო პროექტები და ამის თაობაზე სულ მალე შეიტყობთ. უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი სიახლე იქნება საქართველოს მთის კურორტებზე და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ხანა დადგება ბაკურიანშიც, გუდაურშიც, სვანეთშიც, აჭარაშიც და ბახმაროშიც. ჩვენი მთის კურორტები ზაფხულშიც არანაკლებ ხალხმრავალი და ლამაზია, მათ შეუძლიათ ყველა სეზონზე მოიზიდონ დამსვენებელი. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სიმდიდრე, რომელიც ბუნებისაგან გვაქვს ნაბოძები.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ლიგია მუშკუდიანი 20 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს.
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი