ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება - გზაპრესი

ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

დღეს ის წარმატებული ნეირომეცნიერია. ჰარვარდის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მუშაობდა და თავის ტვინის დაავადებებს იკვლევდა. გასულ წელს შვედეთიდან კარგი წინადადება მიიღო და ამერიკიდან სტოკჰოლმში, კაროლინსკას ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ. იქაც თავის კიბოს დაავადებების კვლევას აგრძელებს. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოდის. ჯერ არ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

რევაზ მაჩაიძე:

- ძირითადად, თავის ტვინის სიმსივნეს (კიბოს) ვიკვლევ და ჩემი ნაშრომები სხვადასხვა გზით ონკოდაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. იმდენად პრობლემურია ეს საკითხი, რომ დღევანდელი მონაცემებით, სიმსივნის წინააღმდეგ მრავალი განსხვავებული პროფილის მეცნიერი მუშაობს. ასევე მონაწილეობენ სახელმწიფოები, კერძო ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მიმართულებით 10 წელზე მეტია, ვმუშაობ და ვაკვირდები გლობალურ სამეცნიერო ნაშრომებს.

- ეს სფერო რატომ აირჩიეთ?

GzaPress- სიმართლე გითხრათ, კონკრეტული მიზეზი არ მქონია. თავიდანNონკოლოგიური მიმართულებით დავიწყე მუშაობა და შემდეგ ინტერესის კონკრეტული სფერო გამოჩნდა. კონკრეტულად ნევრო-ონკოლოგია გავაგრძელე. საერთოდ ვფიქრობ, იმდენად რთული და მრავალფეროვანია თანამედროვე მეცნიერება, რომ დამწყები მეცნიერისთვის კონკრეტული ინტერესის სფეროს ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია ცოდნაზე, გამოცდილებასა და სრულფასოვან ინტერესზე. საერთოდ, ეს კონკრეტული სფერო დღეს საკმაოდ აქტუალურია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სიმსივნურმა დაავადებებმა ეპიდემიური სახე მიიღო. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს დაავადებულთა მატებაა. განვითარებად ქვეყნებში პირველ პოზიციაზე გამოკვეთილია გულსისხლძარღვთა და შემდეგ - სიმსივნური დაავადებები. რაც შეეხება აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს, იქ ძირითადად ვირუსული დაავადებები ჭარბობს.

- როგორ ფიქრობთ, თავის სიმსივნე განკურნებადი გახდება?

- რაც შეეხება განკურნებას, როგორც მეცნიერი, შემიძლია მოგიყვეთ, რა ეტაპზეა სამეცნიერო კვლევები. საერთოდ, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერული ნაშრომი გამოდის იმედის მომცემი სათაურებით, რასაც სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებები დიდ იმპროვიზაციას უკეთებენ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაო წინსვლაა ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ვფიქრობ, მალე განკურნებადი გახდება. სხვადასხვა სახის კიბოს დაავადებებიდან გამოვყოფდი მკერდისა და პროსტატის სიმსივნეებს, რომელიც ყველაზე ხშირია. ასეთ დროს სიცოცხლის შენარჩუნება 70-80 პროცენტამდეა შესაძლებელია. ამას ამერიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან ბევრი რამ მნიშვნელოვანია. მაგალითად, თანამედროვე ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, ახალი ტექნოლოგიები, საერთო ჯანდაცვის პრევენცია და მთავარი - პროფესიონალიზმი. თანამედროვე ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობენ ამერიკაში ძირითადად სიმსივნეს. სამწუხაროდ, ეს წამლები საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თითო ამპულა 5-6 ათასი დოლარი ჯდება. თავის ტვინში სიმსივნის არსებობა ბევრად ართულებს მკურნალობას. ძალიან მწირია მედიკამენტების რაოდენობა. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც განვითარების ეტაპზეა. ტვინის სიმსივნე მეტასტაზური არ არის და არ ხდება უჯრედების გაფანტვა სხვა ორგანოებში, მაგრამ არის ინფილტრაციული და უჯრედები ძირითადად იფანტება მთელ ტვინში. თუმცა, ყველა სახის ტვინის კიბო აგრესიული ფორმის ნამდვილად არ არის. ბევრია ისეთი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. ძალიან ნეგატიურიც არ ვიქნები. ბევრი დაავადება, რომელიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა, დღეს განკურნებადია. ვფიქრობ, თავის ტვინის სიმსივნის შემთხვევაშიც შედეგები იქნება. პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

სწორი მიდგომაა, რომ ექიმები და მეცნიერები სინქრონში მუშაობენ ამ პრობლემის დასაძლევად. რთულია, პაციენტს ესაუბრო მომავალ წარმატებებზე, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, თუ რა საშუალებები იყო 5 წლის წინ და რა შედეგებია დღეს. საკმაო საფუძველი გვაქვს, ოპტიმიზმისთვის.

- ახლა რომელ ქალაქში ცხოვრობთ და კონკრეტულად რას საქმიანობთ?

- ახლა სტოკჰოლმში ვარ. ძალიან კარგი გარემო დამხვდა. პირველი სამედიცინო უნივერსიტეტია, მთელ ევროპაში, საკმაოდ კარგად არის დაფინანსებული, დიდი შესაძლებლობები აქვთ. ასევე კარგი ხელშეწყობაა შვედეთის მთავრობისგან. ეს უნივერსიტეტი გასცემს ყველაზე მაღალ პრემიას - ნობელს, მედიცინისა და ფსიქოლოგიის დარგში. საერთოდ, შვედეთს უნივერსალური ჯანდაცვის მოდელი აქვს და ერთ-ერთი ლიდერია, მთელ მსოფლიოში. მოსახლეობის 100 პროცენტს აქვს წვდომა ხარისხიან მკურნალობაზე. არ ვგულისხმობ მხოლოდ ამბულატორიულ დაფინანსებას. აქ ხდება ადამიანის სრულფასოვანი დაზღვევა, რაც გულისხმობს ძვირად ღირებულ მკურნალობას. ამერიკაში მაღალხარისხიანია ჯანდაცვა, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. შვედეთში კი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ჯანდაცვაა. ამ ქვეყანაში პრიორიტეტი ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და შემდეგ - ყველა დანარჩენს. რაც შეეხება თავის ტვინის სიმსივნის ირგვლივ კვლევებს, კვლევები მიმდინარეობს, ახალი ექსპერიმენტებიც ტარდება და როცა საინტერესო ფაზაში გადავალთ, აუცილებლად შეგატყობინებთ.

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი მაშინ მიდის ექიმთან, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდება, რას ურჩევდით მოქალაქეებს?

GzaPress- მე მეცნიერი ვარ, ალბათ ექიმი უფრო სწორ პასუხს გასცემს ამ კითხვას, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი: ექიმთან მისვლა პროფილაქტიკის მიზნით და წელიწადში 1-2 ლაბორატორიული შემოწმება ბევრ რისკს შეამცირებს. კარგია, რომ საქართველოში არსებობს სიმსივნის სკრინინგის პროგრამა, ეს უკვე არის გარკვეული პრევენცია. საერთოდ, პრევინციული მედიცინა ბევრად იაფია, ვიდრე სერიოზული ჯანდაცვა. 12 წელია, რაც საქართველოში აღარ ვარ. 22 წლისა წავედი ამერიკაში, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მდგომარეობაა ან რა ეტაპზე ვართ ახლა.

- ჰარვარდიდან რატომ წახვედით ევროპაში?

- ევროპა საინტერესოა ახალი გამოცდილებისთვის და საერთოდ, განვითარებისთვის. შვედეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე და აქ იმიტომ გადმოვედი. თან მჭირდებოდა, წარმოდგენა შემქმნოდა ევროპული ტიპის მეცნიერებაზე. ჰარვარდის უნივერსიტეტი ძალიან დიდია თავისი შესაძლებლობებით. უნივერსიტეტის ქონება 37 მილიარდი დოლარია. მრავალფეროვანი გამოცდილება კარგი ანალიზის საშუალებას იძლევა. საკმაოდ დიდია ქართველი სამეცნიერო საზოგადოება ევროპასა თუ ამერიკაში. პირადად მე ვიცი დაახლობით 400-500 ქართველი მეცნიერი. ისე კი, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტიც იქნება მათი რიცხვი. ეს საკმაოდ ბევრია, საქართველოსნაირი, პატარა ქვეყნისთვის. ამ კადრების გამოყენება შეიძლება კონსულტაციებისა და რჩევებისთვის. ძალიან ბევრს სურს დაეხმაროს საქართველოს, თავისი სპეციალობით.

- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

- ჩვეულებრივი, ახალგაზრდული, ვერთობი და ვისვენებ შეძლებისდაგვარად. საკმაოდ მოტივირებული ვარ და მიხარია ცხოვრება. ჩემი სერიოზული დასვენება იწყება პარასკევს, სამსახურის შემდეგ. გზა ხსნილია ბევრი მიმართულებით. აქტიური ადამიანი ვარ, როგორც ახალგაზრდა თაობას შეეფერება. ახალი სანახავი და სამოგზაურო ადგილები ყოველთვის არსებობს და ეტაპობრივად ვითვისებ. ყველაფერი საინტერესოა ამ ქვეყანაში. ეს შეიძლება იყოს ახალი მეგობრები, ახალი წვეულებები ან ქალაქში სასეირნო ადგილები. მადლობა ღმერთს, ყველაფრისთვის. ძალიან კარგი ქვეყანაა შვედეთი, იმდენად ბევრი სიახლეა ჩემთვის, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ? რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?

- სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩამოვდივარ. ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდე. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. როცა ჩამოვდივარ, ნამდვილად კარგად ვისვენებ. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ეს დროც მალე მოვა. როდესაც ვიპოვი კონკრეტულ საშუალებას, რომ საქართველოში ჩემი პროფესიით საქმე წარვმართო და სხვა ადამიანებსაც მოვუმართო ხელი, აუცილებლად გავაკეთებ ამას. საერთოდ, მინდა ვურჩიო დამწყებ მეცნიერებს (ეს იმიტომ, რომ ბევრი ახალგაზრდა მიკავშირდება "ფეისბუკში" სხვადასხვა კითხვით): დღეს საკმაოდ დიდი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება შეიძლება ინტერნეტში, კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებით. ასევე ძალიან ბევრი საუნივერსიტეტო პროგრამა არის, სადაც მათ სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. ეს პროგრამები დაფინანსებულია და უზრუნველყოფენ უცხოეთში სტუდენტის ცხოვრებასაც. ეს ეხება ძირითადად საბუნებისმეტყველო პროფესიებს. ასე რომ, ბევრი საშუალებაა სამეცნიერო განათლების მისაღებად და ეს აუცილებლად გამოიყენონ. მეც ყოველთვის მზად ვარ, რჩევა მივცე მათ და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყო.

თეა ხურცილავა