აჟიოტაჟი 147 მილიონი ლარის გამო - გზაპრესი

აჟიოტაჟი 147 მილიონი ლარის გამო

ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა, თუმცა, როგორც ამ ორგანიზაციის უფროსმა მკვლევარმა, ანა დაბრუნდაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, დახარჯული 147 მილიონი ლარიდან დიდი წილი საპატრულო მანქანებზე, ასევე - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებზე მოდის:

- ყველაზე მეტი, 31,7 მილიონი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა - 2014 წელს გადახდილი 10,8 მილიონი ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6,5 მილიონი ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია. ბუნებრივია, ეს არის ახალი მარკის ავტომანქანები, რომლებიც ბოლო წლებშია გამოშვებული. აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წელს ამ მხრივ გაწეული ხარჯი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე - 2013 წელს.

გარდა ამ უწყებებისა, პროკურატურასაც აქვს დახარჯული მილიონ ლარზე მეტი ძველი მანქანების ახლით შესაცვლელად, ფინანსთა სამინისტროსაც საკმაოდ მსხვილი და მნიშვნელოვანი შესყიდვა აქვს განხორციელებული EBRD-ის ვიზიტის უზრუნველსაყოფად. ამ უწყებამ დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი დახარჯა, 67 მანქანა რომ შეეძინა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე შევაგროვეთ.

GzaPressამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მირიან წიკლაური, რომელსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

- ბატონო მირიან, რატომ მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი ზემოთ ხსნებულ ინფორმაციას?

- ვიღაც ცდილობს, ხელოვნურად წამოსწიოს ის თემები, რომ მოსახლეობა ააღელვოს და მთავრობისადმი უარყოფითი განწყობა შექმნას. ჩვენმა ოპონენტებმა ამ ინფორმაციით მშვენივრად ისარგებლეს. ვინც ამ ციფრებს არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს, ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტების წისქვილზე დაასხამს წყალს: როდესაც ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ან ფინანსთა სამინისტრომ ამდენი მილიონის მანქანა იყიდა, ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ არავის უკითხავს, რატომ, რა მიზნით შეიძინეს ეს მანქანები.

- ამის თაობაზე თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემები?

- რა თქმა უნდა, მე გადავამოწმე ეს ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 180 ავტომანქანა შეიძინა და მათი უმეტესობა სასწრაფო დახმარების მანქანებია. ასევე შეიძინეს რამდენიმე სპეცდანიშნულების მანქანა, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. ახლა რაც შეეხება პერსონალურ მანქანებს: ჩემი ინფორმაციით, პერსონალური მანქანები ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ არ შეუძენია.

- რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს...

- ფინანსთა სამინისტროში კი ასეთი რამ მითხრეს: გაზაფხულზე ტარდება დიდი ფორუმი, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ( EBRD ) მართავს. იქ არის სპეციალური სტანდარტები და ქართული მხარე ვალდებულია, ეს სტანდარტები დაიცვას. სტუმრები არა მარტო საცხოვრებელი პირობებით უნდა უზრუნველვყოთ, არამედ - ავტომანქანებითაც და ეს თანხა სწორედ ფორუმისთვის განკუთვნილი მანქანების შესაძენად დაიხარჯა. ალბათ იცით, რომ ამ ფორუმზე 3 ათასამდე ადამიანი ჩამოდის და მათ ღირსეულად უნდა ვუმასპინძლოთ. უკვე გითხარით, რომ არსებობს სტანდარტები, რომლებიც მასპინძელმა მხარემ უნდა დააკმაყოფილოს. ფინანსთა სამინისტრომაც სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით იმოქმედა და ეს მანქანებიც სწორედ EBRD-ის ფორუმის ჩასატარებლად შეიძინა. დაახლოებით იგივე უნდა გითხრათ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომელსაც სპეციალური მანქანები აქვს შეძენილი. საერთოდ, სპეცტექნიკა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტი და ამდენი თანხაც იმიტომ დაიხარჯა. თუმცა, ეს ინფორმაცია ოპონენტებმა სათავისოდ გამოიყენეს. აჟიოტაჟი ატეხეს იმის გამო, რომ სამინისტროებმა მანქანები შეიძინეს, მაგრამ რისთვის არის საჭირო ეს მანქანები, აღარ უთქვამთ. არავინ დაინტერესებულა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ხარისხიანი მანქანები შეიძინა, რომლებიც ხალხს მოემსახურება. ეს 180 მანქანა თანამედროვე დონეზეა აღჭურვილი, ზოგიერთი მათგანი დაბებისა და ქალაქებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ზოგი - მიუვალი ადგილებისთვის. მაღალმთიან, მიუვალ ადგილებში მისასვლელად სწორედ ასეთი მანქანებია საჭირო. რაც შეეხება შსს-ს, თუ დააკვირდებით, პატრული უკვე ახალი ავტომანქანებით დადის. მე მგონი, საპატრულო პოლიციას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ თავისი მოვალეობა უკეთესად შეასრულოს. თანაც, ამ სფეროშიც არის რაღაც სტანდარტები, რომლებიც უნდა დავიცვათ.

- თუმცა, ცნობილია, რომ შსს-მ პერსონალური მანქანებიც შეიძინა.

- როგორც ვიცი, პერსონალური ავტომობილები აუქციონზე გაყიდეს და შედარებით უფრო იაფი, ეკონომიური მანქანები შეიძინეს. მე პირადად, ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს შსს-დან. ძალიან ბევრი არაკეთილისმსურველი გვყავს, მაგრამ იმათაც ხომ შეეძლოთ ჩაეხედათ და ენახათ, რა მოხდა სინამდვილეში და რისთვის დაიხარჯა ეს 147 მილიონი ლარი?!

ხათუნა ჩიგოგიძე