განუკითხაობა ტრანსპორტის სფეროში - გზაპრესი

განუკითხაობა ტრანსპორტის სფეროში

ალბათ თქვენც ხშირად გაგიგონიათ ფრაზა - მძღოლმა "იფრინა" და ადგილზე სწრაფად ჩაგვიყვანაო... თუმცა, ხშირად არც ვუფიქრდებით, რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ "ფრენას". ტრაგედიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ მაგისტრალზე დატრიალდა, ამის შესახებ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა: 21 თებერვალს, თბილისი-ვალეს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. დაიღუპა 3 ადამიანი - დედა ორი მცირეწლოვანი შვილით. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა გამონაკლისი: ჩვენს ქვეყანაში ავარია საკმაოდ ხშირია, შემაშფოთებელია სტატისტიკაც, რომელიც საგზაო შემთხვევების სიმრავლეზე მეტყველებს, შემაშფოთებელია ისიც, რომ ბოლო ორ წელიწადში ავარიების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. როგორც ტრანსპორტის ექსპერტი, ვასო ურუშაძე ამბობს, ავარიების სიხშირე ამ სფეროში არსებული განუკითხაობითა და უკონტროლობით არის გამოწვეული:

GzaPress- ავტოავარიის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო 50 მილიონი - ფიზიკურ დაზიანებას იღებს. საერთოდ, ავტომობილი ერთ-ერთ სახიფათო ტრანსპორტად არის მიჩნეული, რადგან ყველაზე მეტი კატასტროფა ყოველწლიურად სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. ამას ვერც ჩვენ გავექცევით, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ალბათ, ყველას უმგზავრია თვითმფრინავით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტადაა აღიარებული. სტატისტიკურად, თვითმფრინავით მგზავრობისას ყველაზე ნაკლები ავარია ხდება, რადგან ადამიანის სიცოცხლე თვითმფრინავით მგზავრობის დროს გაცილებით მეტად არის დაცული. ვიდრე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდება, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობს მისი დათვალიერება - სპეციალისტები ამოწმებენ, რაიმე ხარვეზი ხომ არ აქვს ან რაიმე დეტალი ხომ არ არის გამოსული მწყობრიდან. საგულდაგულოდ ამოწმებენ მფრინავებსაც, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას. სრული განუკითხაობაა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში, რომელიც გაცილებით სახიფათოა.

- მაინც, რა დარღვევებია ამ სფეროში?

- ნებისმიერი ავტომობილი და მიკროავტობუსი ყველანაირად შემოწმებული უნდა იყოს და აუცილებლად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული. კანონში ეს წერია, მაგრამ არ კონტროლდება. პარლამენტში ეს საკითხი რომ დავაყენე, კანონმდებლობა მოიმიზეზეს, არადა, კანონმდებლობა გვაქვს, მთავარი - მისი აღსრულებაა. საუბედუროდ, ამ მიმართულებით გაკეთებული საქმე ჯერჯერობით არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ამ სფეროს მონიტორინგს ვუწევ.

- ამბობთ, რომ 2012 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი თითქმის 30%-ით გაიზარდა. რით არის განპირობებული ეს სავალალო სტატისტიკა?

- ფაქტია, რომ ავარიების რიცხვი მართლაც ძალიან გაიზარდა: თუ 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2 016 იყო, 2014 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2 557-მდე. შესაბამისად, გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაც. 2012 წელს დაშავებულთა რიცხვი 2 876 იყო, ხოლო 2014 წელს - 3 675 გახდა! საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა უფრო ადრე, 2008 წელს დაფიქსირდა, თუმცა, შემდგომ ავტოსაგზაო შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.

- თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

GzaPress- მიზეზი ერთი კი არა, რამდენიმეა: კერძოდ, ბოლო წლებში გამკაცრებული სანქციები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თუნდაც, ღვედების გამოყენება, ჯარიმების გამკაცრება სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ა.შ. სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ ამ ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ავტოსაგზაოDშემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ეს არის სიგნალი იმისა, რომ სისტემა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას. რას უნდა დავაბრალოთ გახშირებული ავარიები? ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზი - მძღოლის დაუდევრობაა: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და ა.შ. დიდ როლს ასრულებს გაუმართავი ინფრასტრუქტურაც - დაზიანებული გზები, შუქნიშნები და დაახლოებით 10% მოდის ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობაზე ან გარემო პირობებეზე. როგორც წესი, დაუდევარი მძღოლების შეცდომები საპატრულო პოლიციამ უნდა აღკვეთოს, მაგრამ ეტყობა, პატრულიც ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ბოლო 2 წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-ით გაზრდა შემაშფოთებელია. ჯერჯერობით არც 2014 წლის ბოლო კვარტალის მონაცემები გვაქვს და არც 2015 წლის პირველი კვარტალისა, მაგრამ ზრდის ტენდენცია აშკარაა, რასაც მედიით გავრცელებული ფაქტებიც ადასტურებს და შს სამინისტროს მონაცემებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილების რაოდენობის ზრდაც. 2012 წელს საქართველოში 800 ათასამდე ავტომობილი იყო, დღეს კი უკვე მილიონზე მეტია, რაც თავისთავად ზრდის ავარიების რაოდენობას. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს, რომ ჰყავდეთ ავტომობილები, მაგრამ მათი უსაფრთხო მგზავრობისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

- შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება დანახვა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ე.წ. "მარშრუტკებშია".

- უფრო მეტსაც გეტყვით: ამ სისტემას პატრონი არ ჰყავს, რის გამოც დღეს ამ დარგში სრული განუკითხაობაა. არ არის დაცული არანაირი უსაფრთხოების ზომები. ვიცით, რომ მძღოლები საზღვარგარეთ მიდიან და ჩამოჰყავთ მიკროავტობუსები, რომლებიც შედარებით იაფია, მაგრამ არ არის გათვლილი მგზავრთა უსაფრთხოებაზე. ეს არ არის სამგზავრო მიკროავტობუსები, როგორც წესი, მათ გადააკეთებენ ხოლმე და თვითნაკეთ, კუსტარულ სკამებს ამონტაჟებენ; ეს სკამები პირდაპირ დამაგრებულია ძარაზე, რაც ავტოავარიის დროს ფატალურ შედეგის გამომწვევია. მცირეა მანძილი სავარძლებს შორის, რის გამოც ნებისმიერი ავარიის დროს მუხლების დაზიანება და ძვლების დამსხვრევა გარდაუვალია. ასეთი მიკროავტობუსები უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. საერთოდ, მგზავრებისთვის განკუთვნილ მიკროავტობუსში 15 ადამიანზე მეტი არც უნდა იჯდეს, ჩვენი მძღოლები კი ცდილობენ, უფრო მეტი მგზავრი გადაიყვანონ და მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ორი მგზავრის საფასურის გამო საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ ათასობით მგზავრი, რომელიც ამ მიკროავტობუსით სარგებლობს.

- ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ არავინ აკონტროლებს.

GzaPress- საქართველოს კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ ავტოსადგურში აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო პუნქტი, სადაც მძღოლმა რეისში გასვლამდე უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და ფიზიკური დათვალიერება - იქნება ეს ნარკოტესტი, ალკოტესტი თუ ფსიქოტროპულ პრეპარატებზე შემოწმება: უნდა შემოწმდეს, რაიმე ისეთი ნივთიერება ხომ არ აქვს მიღებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ჩაძინება, ჰალუცინაციები ან სხვა რამ. სწორედ სამედიცინო დაწესებულება გასცემს ცნობას, რომ მძღოლი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია. აგრეთვე, ყველა სახის ტრანსპორტი რეისში გასვლამდე უნდა შემოწმდეს ისევე, როგორც ეს თვითმფრინავით მგზავრობამდე ხდება. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს.

- კონკრეტულად იმ დარღვევებზეც ვისაუბროთ, რომლებიც ე.წ. "მარშრუტკებში" გვხვდება.

- სპეციალისტები საგანგებოდ მუშაობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო მგზავრობისთვის განკუთვნილი ავტომობილი. როდესაც ავტომობილი ქარხანაში მზადდება და სპეციალურად მგზავრობისთვის არის განკუთვნილი, იქ თავისთავად, ყველა ნორმაა გათვალისწინებული - პირველ რიგში, სავარძლების რაოდენობა და სირბილე - მთელი სავარძელი დამცავი სილიკონით უნდა იყოს დამზადებული, რადგან ავარიის დროს თავის დარტყმის შემთხვევა ძალზე ხშირია. მგზავრთა გადაყვანის საერთაშორისო ნორმა ითვალისწინებს, რომ ყველაფერი, რასაც ასეთ დროს ადამიანი შეიძლება შეეჯახოს, სილიკონის ქსოვილისგან იყოს დამზადებული. სულ სხვა თემაა მგზავრების ფეხზე დგომა, რომელიც ასევე არ კონტროლდება. წესით, ხანგრძლივ "მარშრუტებზე" მგზავრების ფეხზე დგომა დაუშვებელია, რადგან დიდ საფრთხეს უქმნის ამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მე მგონი, ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს!

ხათუნა ჩიგოგიძე