როდის შეიძლება ყველაფრის გაყიდვა, გარდა სინდისისა?! - გზაპრესი

როდის შეიძლება ყველაფრის გაყიდვა, გარდა სინდისისა?!

პრივატიზაცია - ეს სიტყვა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მოარული ფრაზა - ყველაფერი იყიდება, გარდა სინდისისა - კარგა ხანს იყო ოპონენტების ქილიკის საგანი. მიუხედავად ამისა, პრივატიზაცია საქართველოში მაინც ხორციელდებოდა. ამ პროცესის მნიშვნელობაზე დღევანდელი მთავრობაც ალაპარაკდა - მის მიერ შემუშავებულ გეგმაში პირველი ადგილი სწორედ პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას უჭირავს. პრივატიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი ეკონომისტები, თუმცა, მათი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს, დაგვიანებულიც კია.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ესპერტი:

- პრივატიზების საქმეში სერიოზული შეცდომა გვაქვს დაშვებული: სამწუხარო ფაქტია, რომ 2013-2014 წლებში ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ შემავსებელ და დამბალანსებელ ფაქტორად პრივატიზაცია არ იქნა გამოყენებული. ეს შესაძლებლობა დავკარგეთ, მაგრამ იმის გამო, რომ 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში ლარის გაუფასურების საკითხი აქტუალური გახდა, პრივატიზაციის თემამაც წინა პლანზე წამოიწია. შესაბამისად, ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც ხელისუფლებამ უკვე გაგვაცნო, ოთხი მნიშვნელოვანი პუნქტი გამოიკვეთა: ესენია - "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა, აქტიური პრივატიზაცია, აქტიური საინვესტიციო საქმიანობა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი კომპონენტი აქ სწორედ აქტიური პრივატიზაციაა. ხელისუფლებას სჭირდება დამაბალანსებელი ფაქტორები, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ პრივატიზაციის პროცესია. პრივატიზაციაზე აქცენტის გაკეთება სწორია, თუმცა, მოდი ვაღიაროთ, რომ ეს დაგვიანებულია. პრივატიზაციის პროცესი 2013-2014 წლებში უფრო აქტიურად რომ განგვეხორციელებინა, შესაძლოა, ლართან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამიტომ, კონცეპტუალურად, ეს მიდგომა სწორად არის ჩამოყალიბებული. ახლა მთავარია, რამდენად სწორად წარიმართება ეს პროცესი. პრივატიზაცია და "ქამრების შემოჭერა" კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გამოსავალია. ეს ორი გზა უკვე გამოცდილი და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ნებისმიერი აქტივი, რომელიც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს, უნდა გამოიყენოს.

პაატა შეშელიძე, "თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელი:

GzaPress- პრივატიზება ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებულია. ბოლო ორი-სამი წლის ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ პრივატიზების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ დღის წესრიგში უკვე დადგა პრივატიზების აქტიურად განხორციელების თემა. ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და ფართო მასშტაბით გაგრძელდეს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ პრივატიზების შედეგად მიღებული თანხა უაზრო პროექტებსა და ჩინოვნიკების კეთილდღეობას არ უნდა მოხმარდეს. პრივატიზების მთავარი მიზანი - საქმიანი და შორსმჭვრეტელი კერძო მესაკუთრის გამოჩენაა, სხვა დანიშნულება პრივატიზების პროცესს არ აქვს. პრივატიზებულ ობიექტში ცხვირის ჩაყოფა მიუღებელია; რაც გაიყიდა, ის უკვე მესაკუთრის საკუთრება უნდა იყოს - ასეთია პრივატიზების მთავარი პრინციპი და მიდგომა. და კიდევ ერთი: ყველაფრის პრივატიზება შეიძლება, რასაც მყიდველი ჰყავს, - ამაში საკვირველი არაფერია. მართალია, თავის დროზე დიდი კამათი იყო 1 ლარად გაყიდული ქონების გამო, მაგრამ მე არ მესმის, რა იყო ამ დავის საგანი. ადამიანებმა რაღაც ქონებაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, საერთო ქონება კი, ჩემი აზრით, განიავებული ქონებაა. ასე რომ, ერთი ლარი გადაიხადა თუ მილიონი, ნუ გამოვეკიდებით, მთავარია, რომ ესა თუ ის ქონება პრივატიზებულია. შეიძლება ქონება სიმბოლურ ფასად და 1 ლარადაც კი გაიყიდოს, მაგრამ რამდენი დანახარჯი მოაკლდა ამით მთავრობას ან რამდენი შემოსავალი შემოვიდა ბიუჯეტში, ამას რატომ არავინ ითვლის? უმეტეს შემთხვევაში, ვინც ქონებას ყიდულობს, კიდეც იყენებს.

ვაჟა კაპანაძე, ანალიტიკოსი:

- 1990-ინ წლებში საქართველოში რეფორმები დაიწყო და ღია ეკონომიკის პრინციპი გამოცხადდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მესაკუთრეთა ფენა ჩამოყალიბებულიყო. ამის მიღწევას კი ვერ შევძლებდით, თუ სახელმწიფო თავის აქტივებს კერძო საკუთრებას არ გადასცემდა. სიტყვა "პრივატიზების" მნიშვნელობაც ხომ ეს არის - ამ დროს სახელმწიფო საკუთრება ხდება პრივატული ანუ კერძო მესაკუთრის ხელში გადადის. დღეს თუ რაღაცას შეიძენთ 10 ლარად და ხვალ ვინმე გადაგიხდით მასში 10 ლარსა და 10 თეთრს, ის აუცილებლად უნდა გაიყიდოს - ეს საბაზრო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი პრინციპია.

პირველი ეტაპი კერძო და საშუალო პრივატიზებისა 1996 წელს დამთავრდა. ის წარმატებულად შეაფასეს როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა. შემდეგ უკვე საჭირო გახდა უფრო მსხვილი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაც და ეს პროცესი დაახლოებით 2000 წლამდე გაგრძელდა. მართალია, ჩვენს საზოგადოებაში დიდი კამათი და დისკუსია იმართებოდა იმის თაობაზე, თუ რატომ იყიდებოდა სახელმწიფო საწარმოები, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობდა და თანდათან ხალხის დამოკიდებულება პრივატიზაციის მიმართ იცვლებოდა.

ახლა რაც შეეხება "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს: ამ დროისთვის გასასხვისებელი დარჩა მხოლოდ მიწები და უძრავი ქონება. იმ დროისთვის კანონმდებლობის დონეზე იყო აკრძალული ადმინისტრაციული შენობების გაყიდვა. მათ ეს შეზღუდვა მოხსნეს და დაიწყეს სამინისტროების, დეპარტამენტების, საავადმყოფოებისა და ყველა ადმინისტრაციული შენობის გაყიდვა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ისინი ამას აკეთებდნენ საკუთარი ინტერესებისთვის, ზოგს საჩუქრად გადასცემდნენ, ზოგს კი - სხვა გზებით, და სერიოზულ მაქინაციებსაც მიმართავდნენ. ამაზე სერიოზული ანალიზი არავის ჩაუტარებია: არც კი ვიცით, როგორ მოგვევლინენ ეს ადამიანები ამხელა ქონების მესაკუთრეებად. მართალია, პრივატიზაცია სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა, მაგრამ ეს ათასგვარი სიმახინჯისა და კორუფციული სქემების გამოყენებით ხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შეიფუთა იმით, რომ მათ ნეოლიბერალური მიდგომები ჰქონდათ, ამ იდეის მიღმა კი, ბევრი რამის დამალვა შეიძლება. ამიტომ, წინა ხელისუფლების დროს მიმდინარე პრივატიზების საფარქვეშ ძალიან ბევრი რამ არის დამალული და გაურკვეველი.

არ შემიძლია არ ვახსენო კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ამ პროცესისა: პრივატიზაციის პროცესმა ფისკალური ეფექტი შეიძინა ანუ ამ გზით ამოღებული თანხები ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ იქცა. 2012 წლის შემდეგ კი, პრივატიზების პროცესი საქართველოში აშკარად შეფერხდა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. ახლა ჩვენთვის ინვესტიციების მოზიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, აბსოლუტურად ვეთანხმები ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ თავისი სამინისტროს შენობასაც გაყიდის, თუ ამას ქვეყანაში ვალუტის შემოდინება მოჰყვება. რა არის იმაში ცუდი, თუ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები გარეუბანში გადავლენ? ბიზნესისთვის საუკეთესო ადგილები ქალაქის ცენტრში რატომ უნდა დაიკავონ ჩინოვნიკებმა? მოგეხსენებათ, ლარის კურსის დაცემას ქვეყანაში რა პროცესები მოჰყვა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, მდგომარეობის გამოსასწორებლად საქმეში პრივატიზაციის პროცესიც ჩართოს. ჩვენ აღარ გვაქვს ის ქონება, რომელიც 1995-1996 წლებში გვქონდა, მაგრამ რაც გვაქვს, ის მაინც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად, რადგან დღეს პრივატიზაციას უკვე სავალუტო სტაბილურობის ფუნქცია მიენიჭა. წინა ხელისუფლების დროს კი, პრივატიზების პროცესს თავიანთი ფარული ზრახვების დასაფარავად იყენებდნენ. ბიუჯეტში რაც შეჰქონდათ, სინამდვილეში იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ქონება აქვთ გაყიდული. სააკაშვილის მთავრობა ორდენებივით არიგებდა ქონებას, ზოგს ერთ ლარად, ზოგსაც მიზერულ ფასად აძლევდა, რაც დაუშვებელია. ერთ ლარად და საერთოდ, სიმბოლურ ფასად შეიძლება გაიცეს გაჩერებული ქონება, ოღონდ გარკვეული პირობით: მაგალითად, თუ ვინმე გაჩერებულ ჩაის ფაბრიკას შეიძენს, სიმბოლურ ფასად კი არა, შეიძლება, სახელმწიფო იქით დაეხმაროს, ოღონდ, თუ ახალი მფლობელი აამუშავებს ან პროფილს შეუცვლის ამ ობიექტს.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი:

- ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბოლო წლებში პრივატიზაციის პროცესი აშკარად შენელდა. ამაზე ციფრებიც მეტყველებს: თუ ბოლო წლების მონაცემებს გადავხედავთ და შევადარებთ, 2011 წელს პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2014 წელს ეს ციფრი 128 მილიონამდე ჩამოვიდა. შესაბამისად, თუ 2011 წელს მთლიან ბიუჯეტში შემოსავლის წილი 3,5% იყო, 2014 წელს 1,3%-მდე შემცირდა. ბოლო პერიოდში პრივატიზებისთვის კი გამოაქვთ რაღაც ობიექტები, მაგრამ ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს და გამოცოცხლებას საჭიროებს. რაც უფრო დროულად დაიძვრება პრივატიზაციის პროცესი და რაც უფრო მეტი აქტივები გადაეცემა კერძო მესაკუთრეებს, მით უფრო მეტად იხეირებს ქვეყნის ეკონომიკაც. ჯობია, ქონება მიზერულ ფასად გაიცეს, ვიდრე მესაკუთრის გარეშე დარჩეს.

GzaPress

გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია 2011-2014 წლებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის შედეგები:

ხათუნა ჩიგოგიძე