მეცხვარეობა - კერძო ბიზნესი, ეროვნული ტრადიცია და წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - გზაპრესი

მეცხვარეობა - კერძო ბიზნესი, ეროვნული ტრადიცია და წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

მანამდე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციით დაკავებული მომღერალი, იურისტი, ბანკის თანამშრომელი ბექა გონაშვილი მეცხვარეობით 2009 წელს დაინტერესდა. ოჯახიანად, პაპისეულ მხარეში, დედოფლისწყაროში გადასახლდა და პაპის დაწყებულ საქმეში მამასა და ძმასთან ერთად ჩაება. მალე ადგილზე ვეტერინარული და შხამქიმიკატების მაღაზიები და პირუტყვის საკვების საწარმო გახსნა. დღეს უკვე მის მიერვე ჩამოყალიბებულ მეცხვარეთა ასოციაციას თავმჯდომარეობს და ფერმერთა პრობლემებს სახელმწიფო სექტორის წინაშე ადვოკატირებას უწევს.

GzaPress- თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბანკში ვიმუშავე. გარდა ამისა, ქართულ ფოლკლორს ვემსახურებოდი, ანსამბლ "ჩვენებურების" მენეჯერი და წევრი ვიყავი. 2005-2009 წლებში "არტ-გენის" ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით. ამ ფესტივალის წყალობით, თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, უამრავი საინტერესო მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინდელი საქმით ქართულ ფოლკლორს პოპულარობა შევძინეთ. ახლა უკვე, ფოლკლორზე მეტად, მეცხვარეობას უჭირს. საქმე ეხება როგორც საკუთარი ბიზნესის განვითარებას, ისე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, ექსპორტს. მეცხვარეობაში აქტიურად 2009 წლიდან ჩავები, როცა არაბებს დავუკავშირდით და ცხვრის ექსპორტი დავიწყეთ. ამავე წელს საცხოვრებლად დედოფლისწყაროში გადავედი. წლის მანძილზე მამას ვეხმარებოდი, სეზონზე, ზაფხულში კი, ცხვრის ექსპორტით ვიყავი დაკავებული. მალე ადგილზე ვეტერინარული და შხამქიმიკატების მაღაზიები გავხსენი. ახლა უკვე იქვეა საკვების მწარმოებელი ქარხანაც. ამჟამად ფერმაში დაახლოებით 5 000 სული დედა ცხვარი გვყავს, ბატკნის სახით ნამატი კი ყოველწლიურად 80-85% გვაქვს. ნაწილის რეალიზაციას ვახდენთ, ნაწილით კი ბებერ ცხვრებს ახალი თაობით ვანაცვლებთ.

- ცხვრის მოვლაში უშუალოდაც მონაწილეობთ?

- ამ საქმის მხოლოდ შორიდან ყურება სასურველ შედეგს ვერასოდეს მოიტანს. ვაქცინაციას ვაკეთებ ხოლმე (თუმცა, ბოლო ორი წელია, სახელმწიფო პროგრამით ცრიან), ჭიის წამალს ვასმევ, გადარეკვაში ვმონაწილეობ. თუ ამ საქმის კეთება არ გსიამოვნებს და მასში მხოლოდ ბიზნესპერსპექტივის დანახვას ცდილობ, არაფერი გამოვა.

- თქვენთვის, როგორც ჩანს, მეცხვარეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის.

- არ შეიძლება, დღევანდელ საქართველოში ეს მხოლოდ ბიზნესი იყოს. ეს ცხოვრების წესია. თუკი ნებისმიერი ეკონომისტი ჩვენი შრომისა და შემოსავლის თანაფარდობას განსაზღვრავს, დამიჯერეთ, უბრალოდ, გაეცინება... ჩემს შემთხვევაში, ოჯახს საკუთარი საძოვრები აქვს და ეს პრობლემა ყელში არ გვიჭერს, მაგრამ ფერმერთა 70%-ზე მეტი საძოვრებში ქირას იხდის, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო დროს, არცთუ ისე დაბალია. ჩემს რაიონში ოფიციალურად, მიწის გადასახადი ჰექტარზე 7 ლარია, ქირის შემთხვევაში კი ფერმერებს 50-60 ლარის გადახდა უწევთ. ამ საძოვრებს რამდენიმე თვე ვიყენებთ, როცა ცხვარს სხვა საძოვარზე ვდენით; იქ კიდევ ცალკე გადასახადის გადახდა გვიწევს.

- რეალიზაციას ქვეყანაშიც ახდენთ თუ მხოლოდ საზღვარგარეთ?

GzaPress- მთლიანად ექსპორტზე ვმუშაობთ. ცხვარი, ძირითადად, საექსპორტო პროდუქტია. საქართველოდან ყოველწლიურად, დაახლოებით 17-18 მლნ დოლარის ღირებულების, 150-170 000 სული ცხვარი გადის ექსპორტზე. სარეალიზაციო ბაზარი ძირითადად, არაბულ ქვეყნებშია, ასევე - აზერბაიჯანსა და ირანში. ბოლო პერიოდში საექსპორტო ბაზრები შემცირდა, თუმცა, არაბული სამყარო დღემდე ინარჩუნებს ძირითადი მომხმარებლის სტატუსს.

- 2010 წელს ირანის ბაზარი ჩაიკეტა. დღეს რა მდგომარეობაა?

- დიახ, ბაზარი ირანში 2010-ში გავხსენით, მაგრამ რამდენიმე თვეში მართლაც ჩაიკეტა. 2 წლის წინ კი ექსპორტი ისევ განახლდა. ირანი, იქაური ფასებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, არ არის გამორიცხული, დოლარის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, პროდუქტის ამ ქვეყანაში გადინება ისევ მომგებიანი გახდეს.

- რა განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს ქართულ ცხვარს?

- გარდა იმისა, რომ საგემოვნო თვისებებით განსხვავდება სხვა ქვეყნებისა და სხვა ჯიშის ცხვრებისგან, მისი გამოზრდა მთლიანად საძოვრებზე ხდება, ორგანულია და არ არის გაჯერებული დამატებითი ვიტამინებით. თუნდაც მხოლოდ ამ ნიშნით, ქართული ცხვარი ევროპისა და არაბული სამყაროსთვის გამორჩეულად სასურველი პროდუქტია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი, როგორც ჯიშის მახასიათებლები, კერძოდ: ქართული და, უფრო კონკრეტულად, თუშური ცხვარი მომთაბარეა, ბევრს მოძრაობს, იოლად ეგუება ცვლილებებს. რაც შეეხება იმერულ ცხვარს, ის საკმაოდ შემოსავლიანია. ერთ-ერთი მისი უპირატესობა სწრაფი გამრავლების უნარი გახლავთ. თუ თუშური ცხვარი ერთ ან იშვიათად, ორ ბატკანს იგებს, იმერული ერთ ჯერზე მინიმუმ ორს და მაქსიმუმ - ხუთს შობს. მაგრამ ის არ არის ისეთივე მედეგი, როგორიც თუშური ცხვარი; ნესტიან ჰავასაა შეჩვეული და აღმოსავლეთში ვერ ძლებს. არც თუშური ცხვარივით ბევრი სიარული შეუძლია. თუშურს წლის მანძილზე 4-5 ათას კმ-მდე მანძილის გავლა უწევს.

- მოთხოვნა მატყლზეც არის?

- მატყლის რეალიზაციის მხრივ პრობლემა გვაქვს. მერინოსის მატყლთან შედარებით, ჩვენს მატყლს დაბალი ფასი აქვს მსოფლიო ბაზარზე, რადგან უხეშია. გარდა ამისა, პრობლემას გაპარსვის ხარისხიც ქმნის. ჩვენში ცხვარს უმეტესად, ე.წ. დუქარდით პარსავენ, ეს კი მატყლის დახარისხების საშუალებას სპობს: ზოგი მოკლეა, ზოგიც - გრძელი, მოთხოვნა კი კლასიფიცირებულ, დახარისხებულ მატყლზეა.

- ალბათ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ამ პრობლემას მოხსნიდა.

- საქართველოში ადრე არსებობდა ეს ტექნოლოგია. ასოციაცია ამ მიმართულებითაც ცდილობს ნაბიჯების გადადგმას. ზაფხულში ავსტრალიელი სპეციალისტი გვყავდა ჩამოყვანილი. განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რეპორტიც გაგვიკეთა და ვემზადებით, რომ სიახლე პროექტის სახით განვახორციელოთ. გარდა ამისა, ფერმერები თანადაფინანსებაზეც თანახმა ვიქნებით, თუკი სახელმწიფო ამ მხრივ ინტერესს გამოიჩენს.

- ყველის რეალიზაციის სფეროში რა მდგომარეობაა?

- ყველს ძირითადად, თუშები ამზადებენ. მათთვის ეს ღირსების საკითხიცაა და დამატებითი შემოსავლის წყაროც. ბოლო დროს ყველის დამზადება ბევრმა არატრადიციულად დაიწყო - გუდის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკს ან პლასტმასს იყენებენ. ეს შრომას ამცირებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველი აუცილებლად ქარხანაში უნდა დამზადდეს. ქარხნის გახსნა კი იქ, სადაც მანქანით მისასვლელი გზა და ცხვარი სამი საათითაა დაშორებული და პროდუქტის ატანა ცხენებით ხდება, რთული წარმოსადგენია. ერთი მხრივ, ელემენტარული სისუფთავის დაცვა სავალდებულო უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, ტრადიციულ საქმინობას ექმნება საფრთხე. გუდის ყველი საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური პროდუქტია და მისი წარმოების გასაგრძელებლად, რეგულაციები ამ ტიპის ყველის დამზადების წესის ადეკვატური უნდა იყოს.

- თქვენი ასოციაცია ფერმერების პრობლემებს ადვოკატირებას უწევს, სახელმწიფო სექტორთან კონკრეტულ საკითხებს სვამს და განიხილავს. რამდენად ადეკვატურია თავად სახელმწიფო?

GzaPress- დიდ ენთუზიაზმს ვერ "დავაბრალებთ", მაგრამ წინსვლა ნამდვილად გვაქვს. ახლახან, ყვავილის დაავადების თავიდან ასაცილებლად, ოპერატიულად ჩამოიტანეს ვაქცინა და პირუტყვი უფასოდ აცრეს. აქტიურად ვთანამშრომლობთ გადასარეკი ტრასების პრობლემის მოგვარებაზეც. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა საკმაოდ ადვილია - ჩვენი პრობლემები მათთვის იოლად აღსაქმელია, მაგრამ საქმე მხოლოდ ამ სამინისტროსთან როდი გვაქვს. გადასახადების საკითხი ფინანსთა სამინისტროსთანაა შესათანხმებელი. გვიჭირს მისი მესვეურების დარწმუნება იმაში, თუ რატომ არ უნდა გაიცემოდეს საძოვრები საკუთრებაში ან იჯარით ისეთ ადამიანებზე, ვისაც საქონელი არ ჰყავს. მიწის ნაკვეთები ხშირად, ელექტრონული აუქციონის წესით იყიდება. მეცხვარე ამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას: ერთი მხრივ, წვდომა არა აქვს ინტერნეტთან და მეორე მხრივ, მიწის შესაძენი თანხა არ გააჩნია. ფინანსთა სამინისტროს კი სხვა რეგულაციები და მიზნები აქვს დასახული. მიმაჩნია, რომ მიწის ყიდვასა და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული საკითხები არა ფინანსთა, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასაწყვეტი უნდა იყოს. შარშან დაიწერა სტრატეგია - როგორ უნდა განვითარდეს მეცხვარეობა საქართველოში. ამ მნიშვნელოვან საქმეში ასოციაციაც იყო ჩაბმული.

- გამოდის, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა - საძოვრებზე გადასახადია. კიდევ რა პრობლემები აფერხებს დარგის განვითარებას?

- მეცხვარეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ადამიანური რესურსის ძალზე შეზღუდული რაოდენობა გახლავთ. მწყემსობა რთული და შრომატევადი საქმეა. 2014 წელს მარტო ცხვრის გადარეკვის პერიოდში 4 ადამიანი გარდაიცვალა, ორი მათგანი გაიყინა. წელიწადის 365 დღე ღია ცის ქვეშ აწვიმთ, ათოვთ. მათი შრომა კი სათანადოდ დაფასებული არ არის. ბევრმა ფერმერმა წარსულში ეს საქმე სცადა, მაგრამ იზარალა. ძნელია მათი დარწმუნება, რომ კვლავ გარისკონ, სიახლე სცადონ. როცა საქმე სიახლეს ეხება, ძირითადად, საკუთარ თავზე ვცდი ხოლმე და მერე ვურჩევ სხვას იმავეს გაკეთებას.

- რას ურჩევთ მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც საქართველოში ამ საქმის წამოწყება სურთ? ღირს გარისკვა?

- გეტყვით, რა შემთხვევაში არ ღირს: თუ ამ საქმეს სესხით აკეთებთ; თუ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთებას ადგილზე ყოფნის გარეშე შეძლებთ და თუ არ გაქვთ საკითხის გარშემო ელემენტარული ცოდნა.

შორენა ლაბაძე