როგორ ხდება საქართველოში ვადაგასული პროდუქტის კონტროლი და რა ხდება ვადის გასვლის შემდეგ - გზაპრესი

როგორ ხდება საქართველოში ვადაგასული პროდუქტის კონტროლი და რა ხდება ვადის გასვლის შემდეგ

ამბები.გე-სთან საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აცხადებს, რომ ამ მხრივ პრობლემები როგორც მაღაზიებში, ისე ბაზრობებზეა. მისი თქმით, სამწუხაროდ ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია დღესაც აქტუალურია და ეს პრობლემა დღესაც დგას. მადონა კოიძე ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის გზას კონტროლთან ერთად თავად მომხმარებლის გააქტიურებაშიც ხედავს.

"მოხმარებელი როდესაც ნახავს მარკეტსა თუ ბაზარში ვადაგასულ პროდუქციას, უნდა მიადევნოს თვალი, რომ ვადაგასული პროდუქცია დახლიდან აიღონ. თუ მენეჯერმა არ გაითვალისწინა მისი პროტესტი, მან უნდა მოგვმართოს ჩვენ ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მივიღებთ შესაბამის ზომებს. რაც შეეხება თვითონ ობიექტებს, რომლებიც ეწევიან ვადაგასული პროდუქციის რეალიზებას, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, რომელიც არის კანონით განსაზღვრული და მათ დააჯარიმებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ერთადერთი მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც აქვს უფლება აღასრულოს კანონი", - განაცხადა კოიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, ვადაგასული პროდუქცია ძირითადად ფიქსირდება რეგიონებში, თბილისში ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა დედაქალაქის გარეუბნებში მაინც რჩება პრობლემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვადაგასული პროდუქტის რეალიზებასთან ერთად ხდება ასევე პროდუქტის რეალიზაციის პირობების დარღვევა, რაც სპეციალისტების განცხადებით, არა ნაკლებ საშიშია რადგან არასწორად შენახული პროდუქცია მომხმარებლისთვის ვადაგასულ პროდუქციაზე არა ნაკლებ საშიშია.

კოიძის შეფასებით, ძალიან დიდი პრობლემაა გარევაჭრობა. მომხმარებელთა ფედერაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის საკრებულოსთან ერთად მუშაობს. საკრებულოში იგეგმება კონკრეტული ინიციატივით მიმართვა, რაც გულისხმობს, რომ გარევაჭრობის მოვაჭრეები საქმიანობას უკვე ბაზარში გააგრძელებენ შეღავათიან ფასებში.

"დეზერტირების ბაზარი მზად არის სამ თვიანი საშევაღათო პერიოდი მისცენ იმ ხალხს, ვინც ბაზარში გარევაჭრობის შემდეგ შევა და მინიმალური გადასახადი დაუწესონ სამი თვის შემდეგ", - აცხადებს კოიძე და დასძენს, რომ ვადაგასულ პროდუქციასთან დაკავშირებით პრობლემები რა თქმა უნდა არის მაღაზიებსა და მარკეტებში, რის გამოც არაერთი ბიზნესოპერატორია დაჯარიმებული.

ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ როგორ ხდება კონტროლი და მონიტორინგი ვადაგასულ პროდუქციაზე სავაჭრო ქსელებში. ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით "ნიკორას" მივმართეთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა პროცედურის დაცვის შედეგად ვადაგასული პროდუქციის რეალიზება არ ხდება. მათივე თქმით, ქსელის მიერ წარმოებული პროდუქცია ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება. საკითხზე "ნიკორას" შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ანი გახარია გვესაუბრება:

- როგორ ხდება მონიტორინგი ვადაგასულ პროდუქციაზე?

- პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ყველა მომწოდებელი, ვისაც შემოაქვს პროდუქცია ნიკორას ქსელში იცის, რომ მკაცრად კონტროლდება შეფუთვა, ვადები და თვითონ მომწოდებელიც ცდილობს, რომ დაიცვას სტანდარტი, რისი დაცვაც აუცილებელია. ჩვენთან ნაკლებად მოხვდება მომწოდებლებისგან პროდუქტი, რომელსაც ვიზუალი დაზიანებული აქვს, ვადა გასდის და ა.შ.

პროდუქტის ვადაზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვასხვავოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროდუქცია. გრძელვადიანი არის პროდუქტი, რომელსაც ვადა აქვს რამდენიმე თვე, მოკლევადიანს - კი მაქსიმუმ ერთი კვირა.

გრძელვადიან პროდუქციასთან მიმართებაში ჩვენი მიდგომა ასეთია: არსებობს სპეციალური ჟურნალი, სადაც ფიქსირდება პროდუქტის ვადა. მაღაზიის მენეჯერი და კონკრეტული სექციის კონსულტანტი ამოწმებენ ვადებს და ერთი თვით ადრე ვალდებულები არიან, რომ კონტროლზე აიყვანონ ის პროდუქტი, რომელსაც ვადა გასდის. ვადის გასვლის მოახლოებასთან ერთად, ინფორმაციას თუ რა პროდუქტი არის ამოსაღები, მენეჯერი უტოვებს ღამის ცვლის პერსონალს და ხდება ამ პროდუქტის ამოღება. დილით, მენეჯერი ვალდებულია გადაამოწმოს შესრულდა თუ არა დავალება. ასე რომ პროდუქტის ამოღება ხდება ვადის გასვლამდე. მოკლევადიან პროდუქტთან მიმართებაში კი ასეთი მიდგომა გვაქვს. მოკლევადიანი პროდუქტები არის ძირითადად ჩვენი წარმოებული პროდუქცია, ასევე პური, რძის ნაწარმი... ყოველ საღამოს ხდება მოკლევადიანი პროდუქტის გადახარისხება, ინფორმაცია ღამის ცვლას გადაეცემა და ისინი უკვე თუ შესაცვლელია, ცვლიან პროდუქციას. შესაბამისად ვადაგასული პროდუქტი თაროზე გასაყიდად არ რჩება.

- კონტროლსა და მონიტორინგს ვინ ახორციელებს? ამისთვის შესაბამისი ჯგუფები თუ არსებობს კომპანიაში?

- ჩვენთან არსებობს სპეციალური ჯგუფები, მერჩანდაიზერები, რეგიონალური მენეჯერები, მონიტორინგის სპეციალისტები. სამივე სამსახური, სხვადასხვა პერიოდულობით, ახორციელებს ნიკორას სუპერმარკეტების სავაჭრო ობიექტების პერსონალის კონტროლს, თუ რამდენად ხდება ვადაგასულ პროდუქციასთან დაკავშირებული სტანდარტების შესრულება მაღაზიებში, რომ რაიმე მცირე შეცდომაც კი არ გაიპაროს.

- ასევე საინტერესოა, ვადაგასული პროდუქცია სად მიდის?

- ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვადის გასვლის დროს ხდება პროდუქტის სპეციალურ კონტეინერებში მოთავსება, საწარმოში დაბრუნება, სპეციალური წესით ჩამოწერა და შემდეგ ეს პროდუქცია ნადგურდება. ხოლო ის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ გვაწვდიან სხვა კომპანიები, ისინი ახდენენ ამ ვადაგასული პროდუქციის მიბრუნებას და შემდეგ თვითონ წყვეტენ თუ რა მოიმოქმედონ ამ პროდუქციის მიმართს.