ქამრების შემოჭერა "ქვედა დონეზე"... - გზაპრესი

ქამრების შემოჭერა "ქვედა დონეზე"...

და ამის პარალელურად, მინისტრებისა თუ მათი მოადგილეების არარეალურად (მე ვიტყოდი - უნამუსოდ) მაღალი ხელფასებისა და პრემიების შესახებ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნეს მედიასაშუალებებმა, გადავწყვიტე, ახლა მაინც მეთქვა სახალხოდ ის, რაც მაწუხებდა...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ერთ-ერთმა "შეფმა" კაბინეტში გამომიძახა და თხოვნაზე უფრო, მომთხოვა, ახალგაზრდა პოლიციელს განყოფილებაში გავყოლოდი: ბევრი არაფერი საქმეა, აზერბაიჯანის მოქალაქე დაუკავებიათ და რუსული ენის მცოდნე სჭირდებათ მის დასაკითხად. გამომძიებელს დაეხმარები და როგორც მორჩებით საქმეს, სადაც ეტყვი, იქ მიგიყვანენ, სხვა ყველა საქმისგან კი დღეს თავისუფალი ხარო...

მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი არ მქონდა, განყოფილებაში წასვლა მაინც მომიხდა და რომ მეგონა, მაქსიმუმ ერთ საათში მოვრჩებოდი ყველაფერს, ხუთ საათზე მეტხანს მომიხდა სიგარეტის კვამლით გაბოლილ, ციცქნა ოთახში ჯდომა. არც გამომძიებელს მორიდებია ჩემი და არც - დამნაშავეს: ჩაუქრობლად აბოლებდნენ სიგარეტს მანამდე, ვიდრე არ ვუთხარი, რომ თუ მოწევას გააგრძელებდნენ, საქმეს შუა გზაში მივატოვებდი და გავიქცეოდი... ამის შემდეგ მოსაწევად გარეთ გადიოდნენ და კიდევ უფრო გაიწელა დაკითხვის პროცესი. საქმე მაინც ყოფილიყო საინტერესო, რომ როგორც ჟურნალისტს, რამეში გამომდგომოდა. "დამნაშავე აზერბაიჯანელი" მძღოლი იყო, რომელსაც უცხოელი ტურისტები ექსკურსიაზე ჩამოუყვანია. ქუთაისთან ახლოს, ავტოგასამართ სადგურზე მის მგზავრებს ადგილობრივებთან ჩხუბი მოსვლიათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მოგვიანებით იჩივლა, - მორალურად და ფიზიკურად დამაზიანესო და რადგან ტურისტებს ვეღარ მისწვდებოდა ქუთაისის პოლიცია, მძღოლი დააკავეს, როგორც კი იპოვეს საქართველოს ტერიტორიაზე. მისგან ითხოვდნენ "სიმართლის აღიარებას". ეკითხებოდნენ: ვინ იყო დამნაშავეო? ჰოდა, ასჯერ მაინც მოვისმინე მისგან ერთი და იგივე: არ ვიცი, არაფერი დამინახავს, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. არც მომხდარა ალბათ რაიმე განსაკუთრებული, რადგან იმ წუთში დაზარალებული არავინ მინახავს. ვითარება რომ არ გამწვავებულიყო, როგორც კი ჩემი მგზავრები მანქანაში ჩასხდნენ, იქაურობას სასწრაფოდ გავეცალეო...

ჰოდა, სწორედ "გაქცევას" აბრალებდნენ მძღოლს და... სიმართლე გითხრათ, მაშინ ისიც კი მომეჩვენა, რომ სულელური საქმის გარჩევით იყო პოლიცია დაკავებული.

რაც მთავარია, გამომძიებელი საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა რუსულად და ამანაც გამაღიზიანა: ვერ ვხვდებოდი, რატომ მათარგმნინებდნენ იმას, რასაც პოლიციელიც გასაგებად უხსნიდა დამნაშავეს, და შესაბამისი კითხვაც დავსვი. აღმოჩნდა, რომ კანონი მოითხოვს უცხო ენაზე მოლაპარაკე დამნაშავის დაკითხვისას, ამ ენის დიპლომირებული სპეციალისტის დასწრებას, რაც შესაბამისი ოქმითა და ხელმოწერებით ფორმდება. მეც მომიხდა ხელმოწერით დაკითხვაში მონაწილეობის დადასტურება. ბოლოს, როცა წასვლის ნება დამრთეს, გადაქანცულმა სამართალდამცავს ვუთხარი: მეორედ მსგავს საქმეში ჩემი დახმარების იმედი არ გქონდეთ-მეთქი.

- ვინც ერთხელ მოვიდა, ყველა ასე ამბობს და აღარ ვიცით, რა ვქნათ! - ამოიხვნეშა პოლიციელმა.

ბუნებრივია, დავინტერესდი, სად ეძებენ ხოლმე დამხმარეებს ასეთ შემთხვევაში და აღმოჩნდა, რომ საკუთარი არხებით ცდილობენ სპეციალისტების მოძიებას და ეს ძირითადად, სკოლის რუსული ენის პედაგოგების ხარჯზე ხდება. სწორედ ამ ინფორმაციამ გამიჩინა პროტესტის გრძნობა: ხუთი საათი დავკარგე ფაქტობრივად, არაფერში და ალბათ, სხვა პედაგოგებიც ჩემნაირად განიცდიდნენ გაფლანგულ დროს.

- თუ ასეთი საჭიროა, მაშინ უნდა გყავდეთ მუდმივი თარჯიმანი, რომლისთვისაც თუ ხელფასი არ გემეტებათ, საათობრივად მაინც აუნაზღაურებთ ნაშრომს. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან.

- ეგ საქმე მე ყველაზე ნაკლებად მეხება! - უხერხულად შეიშმუშნა ახალგაზრდა გამომძიებელი: - ხომ იცით, გაჭირვებაა ქვეყანაში და ასეთი ფუფუნების საშუალებას ნამდვილად აღარ იძლევა სამინისტრო, რომ ყველა განყოფილებას პერსონალური თარჯიმანი ემსახურებოდეს. ისედაც, სულ შემცირება აკერიათ პირზე...

მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და ამიტომაც მოვამზადე ეს მასალა: თუ საქმეს სჭირდება თარჯიმნის პროცესზე დასწრება, ე.ი. ეს მომენტი სულაც არ არის უმნიშვნელო და რაღა საწყალი პედაგოგების ხარჯზე აკეთებს ქვეყანა ეკონომიას, რომლებსაც სხვისი საკეთებლის საკუთარ თავზე აღება სულაც არ ეპიტნავებათ, მით უმეტეს - პოლიციის შენობაში ყურყუტი?.. რატომ ხდება, რომ "ქამრების შემოჭერა" ყოველთვის დაბალ დონეზე და იმ ხალხის ხარჯზე ხდება, რომელსაც ისედაც ყულფივით აქვს კისერში წაჭერილი მაღალჩინოსნების უნიათობით გაკოტრებული ქვეყნის მოქალაქეობა?!.

ინგა ჯაყელი