ივანიშვილის მართვის სტილი - "მიდი, მიუშვი" - გზაპრესი

ივანიშვილის მართვის სტილი - "მიდი, მიუშვი"

ზოგის მოლოდინი გამართლდა, ზოგი გაწბილდა, მაგრამ ფაქტია - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი შეკრება პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილეებისთვის გარკვეული დასკვნების გამოტანის საფუძველი გახდება. სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული შეფასებებით ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე შესაძლოა, მავანთ სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმაროს. ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ, ხოლო მის სრულ ვერსიას "ინტერპრესნიუსის" საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

- ბატონო ნოდარ, "ნაცმოძრაობის" 21 მარტის აქციის შეფასებებს აკეთებს ყველა, ვისაც არ ეზარება და თანაც იმისდა მიხედვით, ვის მიმართ აქვს სიმპათია. ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი სიმპათიების მიხედვით მსჯელობაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური პროცესის უფრო ფართოდ დანახვაა, მინდა გთხოვოთ, ჩვენი საუბარი აქციის გამართვამდე ხელისუფლებისა და "ნაციონალების" მოქმედებების შეფასებით დავიწყოთ.

GzaPress- ბატონი ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკურ სარბიელზე მკაფიო მიზნით - სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი - და ამისთვის ყველა რესურსს იყენებდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა. ივანიშვილს სამართლიანად სურდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ხელისუფლების უსამართლობა, ნაკლოვანებები, რაც მათ ჰქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმის ფონზე, რომ დემონტაჟის ობიექტი ასევე ცდილობდა მოწინააღმდეგის დემონტაჟს. ეს გახლავთ ორთაბრძოლა, როცა მხარეები ერთმანეთის ოპონენტები კი არ არიან, არამედ - დაუნდობელი მეტოქეები, მტრობაში რომ გადადიან. ამ ფონზე ქვეყანაში განვითარდა სიძულვილის ენა, რომელიც ორივე მხრიდან ისმოდა. იქამდე მივედით, რომ მეორე მხრიდან გაჩნდა ლოზუნგი - "წადი!" მოწოდება წასვლის გარდა, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობასაც გულისხმობს. პოლიტიკური ოპონენტები მარტო ერთმანეთის კრიტიკას კი არ სჯერდებიან, ერთმანეთს, როგორც პოლიტიკურ ძალას, გამორიცხავენ. ორივენი ორიენტირებული არიან ურთიერთლიკვიდაციაზე. პარადოქსულია ისიც, რომ ეს პროცესი ორივე მხარეს უნარჩუნებს პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის შესაძლებლობას. ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ "ოცნება" მუშაობს "ნაციონალებზე", ხოლო "ნაციონალები" - პირიქით. ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში ისინი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ინარჩუნებენ პოზიციებს. ეს რომ ასეა, მიანიშნებს ისიც, რომ შს მინისტრმა აქციის წინ მხარეები მიიწვია და თამაშის წესებზე შეთანხმდნენ. ანუ განისაზღვრა, როგორ გაგრძელდება მათ შორის მკაცრი და დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა. ანუ მხარეები შეთახმდნენ იმაზე, როგორ იმუშავებენ ერთმანეთის წინაააღმდეგ, ერთმანეთის ლიკვიდაციისათვის. ამას ლოგიკაში ჩონტრადიცტიონ ინ ადჯეცტო -ს პრინციპი ჰქვია. ჩემი აზრით, ისინი შეთანხმდნენ თამაშის ისეთ წესებზე, როცა ორიდან ერთი კი არ უნდა მოისპოს, არამედ ორივე უნდა შენარჩუნდეს.

- 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა მეტ-ნაკლებად ჩაცხრა. ალბათ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მთავარ გზავნილებზე, რაც "ნაციონალების" აქციაზე ითქვა. ყველა გამომსვლელი ამტკიცებდა, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაში მალე დაბრუნდებიან, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მათ მიერ აქციაზე გახმოვანებულ მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს?

- მთავარი პოლიტიკური გზავნილი არის ის, რომ "ოცნების" მთავრობა უნდა წავიდეს. მე გამიკვირდა, რომ "ნაციონალებმა" შეტევა მიიტანეს მხოლოდ მთავრობაზე და საერთოდ არ იყო ნახსენები პარლამენტი და "ოცნების" ის ნაწილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია. დარტყმის ობიექტი იყო მხოლოდ მთავრობა. გარდა ამისა, გაცხადდა, რომ "ნაციონალები" თვითმმართველ ქალაქებსა და რეგიონებში გახსნიან ანტიკორუფციულ კომიტეტებს. ნაკლოვანებების მოძიება და სააშკარაოზე გამოტანა იოლია და მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში საუკეთესო ხერხია. ეს მათ საშუალებას მისცემს, გაიმყარონ პოზიციები პოლიტიკურ სივრცეში და ეფექტიანად ებრძოლონ პოლიტიკურ ოპონენტებს. მხილება საზოგადოებაზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა. "ნაციონალების" გზავნილებში მნიშვნელოვანი იყო შერიგებასა და ტოლერანტობაზე, ასევე ეკონომიკურ ამნისტიაზე ორიენტირებული ინიციატივა. ასევე, იმის მტკიცება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში შურისძიებას არ მიმართავენ. სხვათა შორის, ეს ორივე იდეა საკმაოდ ბევრი მოქალაქისთვის ძალიან მომხიბლავად გამოიყურება. ჩემი აზრით, მათ მესიჯები კარგად დაალაგეს.

- "ნაციონალებმა" მაქსიმალურად გამოიყენეს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და საზოგადოებას ესაუბრნენ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ აშკარად გადაამლაშეს ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრისას. შეუძლებელია, არ იცოდნენ, რომ როცა ჩვენი სამეზობლოს ქვეყნებში ეკონომიკა ცუდ დღეშია, საქართველოს ეკონომიკა და ეროვნული ვალუტა ჯანმრთელი ვერ იქნება...

- მოსახლეობასთან საუბრისას ლარის კურსი თვალსაჩინო არგუმენტია. მოგეხსენებათ, მასთანაა დაკავშირებული ფასების მატება და ბევრი სხვა რამ. ამ თემით ოპერირება მარტივია და კარგად გამოიყენეს. სინამდვილეში, ლარის სიმყარე ხელოვნურად ნარჩუნდებოდა. მისი რეალური ნიშნული ისაა, რაც ახლაა. ანუ, სამწუხაროდ, ახლანდელი კურსი არის მისი რეალური "წონა". შესაძლოა, ლართან დაკავშირებით განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. თავიდან მეც აჟიტირებული ვიყავი. მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო. ცუდია, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება. როცა პოლიტიკურ ბრძოლაში მასებზე გაქვს ორიენტაცია და გინდა, მათზე მოახდინო ზემოქმედება, ყველაზე ნაღდია იმაზე ილაპარაკო, რაც თვალსაჩინოა.

- "ნაციონალების" სამოქმედო გეგმაში დიდი ადგილი უკავია ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლს, რაზეც სატელევიზიო გამოსვლებში ხშირად უსაუბრია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს. ანუ, რისკენაც ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, "ნაციონალები" პოლიტიკურ ცხოვრებაში ამის დანერგვას ქალაქებსა და რეგიონებში შორეულ პერსპექტივაში კი არ აპირებენ, არამედ - უახლოეს მომავალში...

GzaPress- დიახ, გეთანხმებით. ისიც ცხადია, რომ მათ ხელისუფლებას ამ თვალსაზრისითაც დაასწრეს გააქტიურება, მაგრამ მთავარია თავად ივანიშვილის პერსონაჟის როლი საზოგადოებაში. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და მალევე თქვა, - ხელისუფლებიდან მივდივარო. ის ხელისუფლებიდან კი წავიდა, მაგრამ მართვის ის სტილი შეიმუშავა, რასაც ჰქვია Laissez-Faire, რაც ფრანგულად ნიშნავს - "მიდი, მიუშვი!" მართვის 3 სტილი არსებობს: 1. Laissez-Faire - "მიდი, მიუშვი!" ("მიდი, მიუშვი" სიტუაცია თვითდინებაზე და თავისით დალაგდება) 2. ავტოკრატია და 3. დემოკრატია. ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი, რომ "მიდი, მიუშვი" სიტუაცია ყოფილიყო - გარკვეული ვითარება შექმნა და შემდეგ წავიდა, მაგრამ რეალურად, არ წასულა და მივიღეთ კულისებიდან მართვის სისტემა.

- დიდია ალბათობა, რომ "მიდი, მიუშვის" მართვის სტილს "ქართული ოცნება" თავად წამოეგოს?

- დიახ. უფრო მეტსაც გეტყვით: "მიდი, მიუშვის" მართვის სტილი ივანიშვილს უბრუნდება. ამ დაბრუნებას ერთი მხარე პოზიტიური, მეორე - ნეგატიური აქვს. პოზიტიური ისაა, რომ ხალხი, ბოლოს და ბოლოს, შეიგნებს, რომ მას მილიარდერი ვერ უშველის და ყველამ თავის თავს თვითონ უნდა უშველოს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კარგი სიტუაცია შეიქმნა საიმისოდ, რომ მართლა დალაგდეს ცხოვრება ისე, რასაც ცხოვრების თავისთავად დალაგება ჰქვია. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ხალხი თვითორგანიზებით დაკავდება და თავად დაიწყებს სერიოზულად ფიქრს. ვფიქრობ, ამ აქციის შემდეგ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ადამიანებს შორის პოლარიზაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ ვამბობ: ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საზრუნავი უახლოეს მომავალში სამოქალაქო დაპირისპირების აცილება იქნება. ამ თვალსაზრისით, კარგი პოზიცია ჰქონდა შს მინისტრს, მაგრამ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებაზე რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა ვიზრუნოთ.

- აქციაზე ხელისუფლების მისამართით საკმაოდ ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. ახლა მთავარია, აქვს თუ არა მოქმედ ხელისუფლებას რესურსი, რომ ყოველდღიური საქმიანობით, ადეკვატურად და ეფექტიანად უპასუხოს ოპონენტების კრიტიკას?

- მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ ოპონენტების ყველა კითხვას პასუხი არ უნდა გასცეს, რადგან პასუხს მოჰყვება პასუხის პასუხი და ა.შ. თუ ხელისუფლებას რამე სამოქმედო გეგმა აქვს, იმოქმედოს და ნაკლები დრო დაუთმოს ოპონენტების განცხადებებზე პასუხების გაცემას. მრჩება შთაბეჭდილება, "ოცნება" ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანა ცუდ დღეშია და თავადაც ცუდ დღეში არიან. ცუდად მენიშნა დეპუტატ საგანელიძის სურვილი, დაეტოვებინა უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა. ეტყობა, ეგ ჭკვიანი კაცია და უნდა, ვითარებას მანამდე გაერიდოს, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო აირევა. ჩემი აზრით, "ოცნებას" კარგი მომავალი არა აქვს, თუ არ დაიწყებენ სწორი ნაბიჯების გადადგმას. კოალიციის ლიდერების მხრიდან სხვადასხვა საკითხზე ტელევიზიებით გაკეთებული განცხადებები კომიკურია და კიდევ უფრო კომიკური გახდება. ვიმეორებ, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ოპონენტების კრიტიკაზე პასუხს სწორი ქმედებებით გასცემს. დანარჩენი კი - კომედიაა...

- სამწუხაროდ, ყველა კომედია კარგად არ მთავრდება...

- დიახ, ხანდახან კომედია ტრაგედიით მთავრდება.

კობა ბენდელიანი