"აპასნი" ქალაქია თბილისი ანუ უბრალოდ "ბოტოქსი" თუ ქუჩის შეცვლილი ისტორიული იერი? - გზაპრესი

"აპასნი" ქალაქია თბილისი ანუ უბრალოდ "ბოტოქსი" თუ ქუჩის შეცვლილი ისტორიული იერი?

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე მერიის გადაწყვეტილებით, ქვაფენილის ნაცვლად მოდიფიცირებული ასფალტის საფარი დააგეს.

ამ ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხუმრობით იმასაც ამბობენ, რომ ქუჩას "ბოტოქსი" გაუკეთეს... მძღოლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვაფენილი ქუჩის ინდივიდუალურ იერს ქმნიდა და თანაც, გარკვეულწილად, მოძრაობას უფრო უსაფრთხოს ხდიდა, რადგან შეუძლებელია, ქვაფენილზე მაღალი სიჩქარის განვითარება. გარკვეული ნაწილი კი ამბობს, რომ ასფალტის დაგებამ მოძრაობა გაამარტივა.

"ქუჩის წარსული"

ამ ქუჩას მართლაც აქვს თავისი ისტორია. სხვადასხვა მიზეზით, მას ორჯერ შეეცვალა სახელი. თავდაპირველად, ვერის დაღმართად წოდებულ ქვაფენილს 1923 წელს ბოლშევიკებმა ელბაქიძის დაღმართი უწოდეს, 1999 წლიდან კი მას მიხეილ ჯავახიშვილის სახელი დაერქვა. ელბაქიძის დაღმართს რამდენიმე საინტერესო ისტორიული ფაქტიც უკავშირდება.

GzaPressრაჭველი ბოლშევიკი და ჩეკისტი, არკადი ელბაქიძე კომპარტიის წევრი 1905 წლიდან გახდა. მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებასა და 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში, როდესაც პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას 150 000 მანეთი გაიტაცეს. არკადი ორჯერ დააპატიმრეს, თუმცა, ორჯერვე შეძლო გაქცევა. 1912 წელს, ქალაქ ნოვოჩერკასკში მუდმივი კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გათავისუფლდა და კვლავ აქტიურ საქმიანობას დაუბრუნდა. ერთ წელიწადში რაჭა-ლეჩხუმის გლეხების აჯანყებაში ჩაერთო, აჯანყების დამარცხების შემდეგ კი გეგეჭკორის რაზმს შეუერთდა და ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრა. ამ რაზმთან ერთად მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. ამავე წელს დააპატიმრეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაასახლეს.

1919 წლის შემოდგომაზე არკადი ელბაქიძე არალეგალურად დაბრუნდა თბილისში, სადაც დენიკინის რწმუნებული, გარუსებული ქართველი გენერალი, ბარათოვი იყო ჩამოსული. ის საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან დენიკინის თეთრგვარდიული ბანდებისთვის დახმარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. დენიკინელთა მიერ შევიწროებულმა, ჩრდილოეთ კავკასიიდან განდევნილმა და საქართველოში სხვადასხვა გზით შემოღწეულმა ბოლშევიკებმა ბარათოვის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დაგეგმეს. თავდასხმა, ბოლშევიკთა გეგმის მიხედვით, 1919 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ამ ფაქტის შესახებ იუწყებოდა: "13 სექტემბერს დღის 12 საათზე და 55 წ. ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილს, ნომერი 20, რომლითაც რუსთაველის ქუჩისაკენ მიდიოდნენ შიგ მსხდომნი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი ამიერავკასიაში კავალერიის გენერალი ბარათოვი, საქართველოს ჯარის გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ბოროტ-განმზრახველებმა ესროლეს ერთი მეორეზე ორი ყუმბარა. ორივე ჩასკდა ავტომობილის ქვეშ, ავტომობილის წინა ნაწილი ნაფოტებად აქცია და მოკლა პოლკოვნიკი ალხავი, შოფერი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე, დაჭრილია ფეხებში გენერალი ბარათოვი და სახეზე - გენერალი ოდიშელიძე. ჭრილობა ბარათოვისათვის საშიში არ არის. ბოროტმოქმედს დაედევნენ მილიციონერები. იგი გაიქცა ყორგანოვის ქუჩით, მიირბინა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიამდე, ჩაეშვა ხევში მტკვრისკენ ვერის ხიდზე გასაქცევად, მაგრამ შეხედა თუ არა, რომ მას პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის ერთი აგენტთაგანი, გადახტა წყალში. ნავით იგი გამოიყვანეს ნაპირზე. აღმოჩნდა, რომ იგი მილიციელს დაეჭრა მძიმედ; გონსმოუსვლელად იგი იქვე გარდაიცვალა. გამოირკვა, რომ იგი არის რაჭის მაზრის, სოფ. წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე (ცნობილი ბოლშევიკი)". ამ თავდასხმიდან 2 წელიწადში საქართველოში დამკვიდრებულმა ბოლშევიკებმა ვერის დაღმართს ელბაქიძის სახელი უწოდეს.

GzaPressვერის დაღმართმა 1922 წლის 14 ივლისის ღამეს კიდევ ერთი ბოლშევიკის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიოში ცნობილმა ბანდიტ-რევოლუციონერმა, სიმონ ტერ-პეტროსიანმა, იგივე კამომ ამ დაღმართზე დაასრულა სიცოცხლე. ველოსიპედით სახლისაკენ მიმავალი კამო ხიდისაკენ მიმავალ მოსახვევში ავტომობილს დაეჯახა და ქვაფენილზე დაცემულმა გონება დაკარგა. მილიციის თანამშრომლებმა ბოლშევიკი ამავე ავტომობილით მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2 საათის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

"ქუჩის აწმყო"

ელბაქიძის ქუჩის სავალი ნაწილი ელბაქიძის აღმართზე 12 იანვარს ჩაინგრა. მერიამ ნგრევის მიზეზების მოკვლევა თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას დაუკვეთა. ლაბორატორიის დასკვნით, ავარიის გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საყრდენი კედლის ზონაში ტექნოგენური წყლების მოხვედრა, სადრენაჟე სისტემის მოშლა და წყალსაწრეტი მილების გაბიდვნა იყო, რამაც საყრდენი კედლის შეტოკება და საძირკვლის წაცურება გამოიწვია.

ქუჩის სარემონტო სამუშაოებისთვის 3 043 000 ლარია გათვალისწინებული და ქვაფენილი მოდიფიცირებული ასფალტით უკვე შეცვალეს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, მოდიფიცირებული ასფალტის დაგება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ის უფრო მდგრადია და ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, ბევრად უკეთესი დრეკადობის მოდული აქვს. შესაბამისად, ასეთი საფარი უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი და ექსპლუატაციის მეტი ვადა აქვს, თანაც, უახლოესი 50 წლის განმავლობაში ასფალტზე არანაირი დამატებითი სამუშაო არ ჩატარებულა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასევე უსაფრთხოებას ასახელებენ. წვიმასა და თოვლში მოდიფიცირებულ ასფალტთან შედარებით, ქვაფენილს ნაკლები მოჭიდება აქვს. შესაბამისად, ახალი საფარი უფრო უსაფრთხო და მდგრადია.

გზის აღდგენითი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ლაბორატორიის უფროსის, დიტო დეკანოსიძის თქმით, მოდიფიცირებული ასფალტი უფრო მაღალი ხარისხისა და გამძლეობის საფარია, რომლის მიღებაც ბიტუმზე პოლიმერული მასალის დამატებით ხდება. გარდა ამისა, ახალი საფარი ქუჩას ნაკლებად ხმაურიანსა და ავტომობილების გამტარიანს გახდის. დეკანოსიძის განცხადებით, მოდიფიცირებული ასფალტის დაგება უფრო ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული.

GzaPressქვაფენილის ასფალტით შეცვლა ქუჩის ისტორიული იერის შეცვლასაც გულისხმობს. "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" განცხადებით, ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება დაუშვებელია. გარდა იმისა, რომ ქვაფენილი გაცილებით მეტად ამშვენებს ქალაქს, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტის საფარი, ეს ისტორიული ქუჩაა და მისი მთელი ხიბლი სწორედ ქვაფენილში იყო. ასოციაცია არაკომპეტენტურობად მიიჩნევს კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ მიზეზს, რომლის მიხედვითაც ასფალტი, ქვაფენილთან შედარებით, გამძლეა. მათი თქმით, პერიოდული შეკეთება ყველა გზას ესაჭიროება. მით უფრო, თუ საქმე თავდაღმართს ეხება - უხვი ნალექის პირობებში წყალი საფარს ხშირად ჩარეცხავს. კარგად დაგებული ხარისხიანი ქვაფენილი კი, თუნდაც ხშირი ნალექისას, პრაქტიკულად, მუდმივია. ღამის საათებში, როცა მოძრაობა მეტ-ნაკლებად თავისუფალია, ავტომობილები გაცილებით სწრაფად მოძრაობენ. თავდაღმართში კი რთულია საჭის დამორჩილება, რაც თავისთავად, ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. ქვაფენილი კი მაღალი სიჩქარის განვითარების ერთგვარი შემაფერხებელია. ასევე მცდარად მიიჩნევენ ასოციაციაში მოსაზრებას, რომ ზამთარში ქვაფენილს ასფალტი სჯობს. არსებობს სპეციფიკური ზედაპირის მქონე ქვაფენილის ტიპი, რომელიც მოყინვისას ასფალტზე გაცილებით უპირატესია.

თბილისის ისტორიულ იერზე მზრუნველი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ქალაქის ისტორია იცვლება და ახალ დროებას ახალი გარემო პირობები, მათ შორის, ქალაქის იერის ცვლილება მოაქვს. აქედან გამომდინარე, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ქვაფენილის მოდიფიცირებული ასფალტით შეცვლის ფაქტსაც. იქნებ ეს სიმბოლურიცაა და ძველ საფარს ამ ქუჩის საბჭოური ისტორიაც გაჰყვეს?! თუმცა, აგერ უკვე 16 წელია, ჯავახიშვილის ქუჩას თბილისელები მაინც "საბჭოურად", ელბაქიძის დაღმართად მოიხსენიებენ...

"აპასნი" ქალაქია თბილისი, სად რა დაგეცემა თავზე და სად მიწა გაგისკდება, არ იცი!" - წავიკითხე ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე.

შორენა ლაბაძე